"ცხენის ენა" პროფესორმა იცის - გიგი თევზაძის უცნაური გატაცება - კვირის პალიტრა

"ცხენის ენა" პროფესორმა იცის - გიგი თევზაძის უცნაური გატაცება

"ცხენებს ძალადობის გარეშე ვხედნი. ცუდი ხასიათის ცხენი არ არსებობს. თუ ის ჭირვეულია, ადამიანია დამნაშავე..."

1986 წელს იპოდრომზე პირველად მივიდა... დღეს ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, 4D კვლევის ინსტიტუტის დირექტორი გიგი თევზაძე ცხენებსა და მათთან ურთიერთობის თითქმის 30-წლიან გამოცდილებაზე დიდი ინტერესით საუბრობს. ცხენების გამორჩეულმა სიყვარულმა შეაქმნევინა ქართული უნაგირის თანამედროვე ვერსიაც, რომელიც ქართველმა ცხენოსნებმა არაერთხელ გამოცადეს და სანდოდ და მოხერხებულად მიიჩნიეს.

გიგი თევზაძე: - ცხენი სულ მყავდა, თუმცა, საცხენოსნო სპორტს არასოდეს მივდევდი, რადგან ვფიქრობ, რომ ცხენებს, ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ ის ძირითადი თვისებები, რის გამოც ისინი ადამიანმა მოიშინაურა (დოღის ცხენებს ვგულისხმობ).

დოღის ცხენების დღევანდელი სახით სელექცია ამ ცხოველზე ძალადობად მიმაჩნია.

ცხენები ტურიზმისთვის, მოგზაურობაში, თერაპიის დროს უნდა გამოიყენო, როგორც იყენებდნენ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში.

- დოღის ცხენი ძალიან ლამაზია...

- დოღის ცხენი ლამაზი კი არის, მაგრამ ის უფრო ფულის საჭრელი ლამაზი მანქანაა, ვიდრე ცხენი, რომელიც ადამიანმა 6 000 წლის წინ მოაშინაურა. ცხენის გამოყენების ტრადიცია და დღევანდელი წესები ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაგალითად, ულაყის გამოყენება სამგზავროდ ან საჯირითოდ მართებული არ არის. არც ერთ ძველ ერს, მათ შორის - არც ქართველებს, რომლებიც ცხენების მოშენებას ოდითგანვე მისდევდნენ, არ გამოუყენებიათ ულაყი არც მოგზაურობისას და არც ბრძოლისას, რადგან ამის გაკეთება შეუძლებელია. ეს მხოლოდ ცირკში, წარმოდგენისას შეიძლება. ულაყების გამოყენება დოღში მას მერე დაიწყეს, რაც დოღების სპეციალიზაცია მოხდა და დოღი ბიზნესად იქცა.

7-8 წლის წინ, სხვადასხვა გარემოების დამთხვევის გამო, ცხენოსნობას დავუბრუნდი და გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად საქართველოს ისტორიულ გზებზე გვევლო. საქარავნო გზებით თბილისიდან ბათუმში, გონიოში, გურიაში ჩავსულვარ.

- სად არის ეს ისტორიული გზები?

- ისინი ჯერ კიდევ არსებობს, ოღონდ უნდა იცოდე, სად წახვიდე და როგორ იპოვო. დიახ, ეს ძველი საქარავნო გზებია, რომლებზეც არა მარტო ქართველები დადიოდნენ, არამედ, ყველა, ვინაც აღმოსავლეთიდან შავი ზღვის გავლით დასავლეთისკენ და პირიქით მოგზაურობდა. იქ ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება, რისთვისაც მანამდე ყურადღება არც მიგიქცევია. მაგალითად, შესაძლოა, წააწყდე ძველ ციხე-ქალაქს, რომელზეც ახლა სოფელია გაშენებული და არც იციან, რომ სოფელი ციხე-ქალაქზე დგას.

ზოგიერთი გზა დღესაც ინარჩუნებს საცხენოსნო "პროფილს". მაგალითად, ზემო აჭარიდან გურიაში გამავალ გზაზე დღესაც ისეა წყაროები მოწყობილი, რომ მხედარმა ცხენიდან ჩამოუსვლელად დალიოს წყალი. ამ მოგზაურობებისას შევამჩნიე, რომ, საქართველოში პოპულარულია უბელო (უუნაგირო) ცხენებზე ჯდომა.

- რატომ?

- იმიტომ არა, რომ კარგია და უფრო მოხერხებული - წესიერი უნაგირები არ არსებობს. სადღაც სოფლებში ძველი უნაგირები კი არის შემორჩენილი, მაგრამ პატარებია, რადგან ჩვენი წინაპრები გაცილებით მომცრო ტანისა იყვნენ, ვიდრე ჩვენ. იმ უნაგირებზე დაჯდომა დღეს ან შეუძლებელია, ან - ძალიან ძნელი.

- და სად გაქრნენ უნაგირების ოსტატები?

- საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მანუფაქტურები, რომლებიც უნაგირებს ამზადებდა, მოისპო. საბჭოთა კავშირის დროს კი აკეთებდნენ რაღაც მიმსგავსებულს, მაგრამ ასეთივე არაკომფორტულსა და არამდგრადს. სოფლებში კუსტარული წესით დამზადებულ უნაგირებსაც ნახავთ, მაგრამ ისეთი მძიმეა, გული გაგისკდებათ. ამიტომაც ერთხელ იდეა გამიჩნდა - ბოლოს და ბოლოს, უნაგირის გაკეთება ისეთი რა არის, რომ ვერ შევძლო-მეთქი და გადავწყვიტე, უნაგირის თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩამეხედა. ვნახე, რომ თანამედროვე უნაგირის კეხი, ანუ ის ნაწილი, რასაც შეიძლება ტყავი გადააკრა, ისხმება.

- რისგან ისხმება კეხი?

- პოლიესტერისგან - ეს სპეციალური კომპოზიტია. ამ მასალისგან მზადდება თანამედროვე ნავები, სერფინგის დაფები, ავტომობილის ზოგიერთი ნაწილი. მერე თბილისში ვიპოვე საინტერესო ადამიანი - გოჩა ქსოვრელი, რომელიც პოლიესტერისგან სხვადასხვა ნაწილს აკეთებს და ჩემი დიზაინით მასთან ერთად უნაგირის კეხი დავამზადე. პატარა მოდიფიკაცია გავაკეთე, ისეთი, როგორიც 100 წლის წინ ქართველებს არ შეეძლოთ პოლიესტერის არარსებობის გამო: ქართული უნაგირის ბალიშის წინა ნაწილი კეხის ფორმად გადავაქციე. ადრე უნაგირის კეხები ხისგან მზადდებოდა, მაგრამ ხე არ არის ისეთი მდგრადი, როგორიც პოლიესტერი.

- მეგობარმა მხედრებმა ნახელავი როგორ შეგიფასეს?

- ყველა ამბობს, რომ ძალიან მოხერხებულია, ამ უნაგირით შეგიძლია მთაში იარო და ტურიზმისთვის გამოიყენო. ვფიქრობ, ის კარგი იქნება ცხენბურთის სათამაშოდაც.

ქართული უნაგირის კეხი 6 ნაწილისგან შედგება, გარდა ამისა, არის ბალიში და მოსართავები. თითოეული კომპონენტი (კეხი, ბალიში, მოსართავი) ცალ-ცალკე კეთდებოდა და ყოველ მათგანს თავისი ოსტატი ჰყავდა. რამდენიმე პროფესია იყო საჭირო.

დღეს პროფესიონალურად მხოლოდ სამი ცხენოსანი ვაკეთებთ უნაგირებს - რატი ერაძე, ირაკლი სუთიძე და მე. რატი გამოცდილი ცხენოსანია, ოღონდ, რუსული სამხედრო უნაგირის ანალოგიით მუშაობს. მან ბევრი რამე მასწავლა. ირაკლი კარგი მხატვარი და მხედარია და უფრო კოვბოის სტილის უნაგირებს ამზადებს.

- ანუ ჩვენთან პროფესიონალურად ამ საქმეზე სხვა არავინ მუშაობს და დანარჩენი კუსტარულად კეთდება?

- ასეა. მე ჩემი უნაგირის ყველა ნაწილის დამზადებაში მივიღე მონაწილეობა - ტყავის გადაკვრაშიც, რაშიც ჩემით გავიწაფე, რადგან ვერავინ ვიპოვე ამ საქმის მცოდნე. ტყავის გამოყვანაც ვისწავლე. უნაგირის ბალიშის კეთება დიდ ყურადღებას, მოთმინებასა და დროს ითხოვს. მთელ პროცესში კი ყველაზე რთული ბალიშის უნაგირზე მორგებაა.

- უნაგირების დამზადების გარდა, კოლექციაც გაქვთ...

- თბილისის ზღვაზე არის თავლა, რომელიც თბილისის მერიასა და ზოოპარკს ეკუთვნის. ის თავის დროზე ჩემი მონაწილეობით არის გახსნილ-აღდგენილი და ცხენები სწორედ იქ მყავს ხელშეკრულებით. ჩემს ცხენებს გამოყენების სანაცვლოდ ინახავენ. ჩემი უნაგირების კოლექციაც იქ არის.

ცხენებს ძალადობის გარეშე ვხედნი. ცუდი ხასიათის ცხენი არ არსებობს. თუ ის ჭირვეულია, ადამიანია დამნაშავე... მე და ჩემი მეგობრები არ ვიყენებთ ლაგამს, რადგან ლაგამი გვიანდელი, კავალერიის ინსტრუმენტია და თუკი ცხენს დიდ დროს უთმობ, ლაგამი საჭირო არ არის. ლაგამი ცხენს მხოლოდ ტკივილს აყენებს. ვიყენებთ მხოლოდ ავშარას, რაც ცხენს მიმართულებას აძლევს. ამ დასკვნამდე ჩვენით და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით მივედით, მერე კი გამახსენდა - ახალგაზრდობაში თუშეთში რომ დავდიოდი, ცხენებს პირში ლაგამს არც თუშები უდებდნენ. არ სჭირდებოდათ და იმიტომ.

რაც შეეხება ჩემი უნაგირების კოლექციას, მათ რიცხვში არის ავსტრალიური, ამერიკული სამხედრო, ამერიკულ-კოვბოური, ინგლისური სპორტული უნაგირები. ერთი ჩემი "საავტორო" უნაგირი კი სულ მანქანაში მიდევს, რა იცი, რა ხდება...

ლალი ფაცია