"რბილი ოქროს" მტაცებლები
26-10-2015
"რბილი ოქროს" მტაცებლები
ძვირფასბეწვიანი ცხოველები გადაშენების პირას

ბუნებრივი, ლამაზი ბეწვი საუკუნეების განმავლობაში იყო სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლო, ამიტომ მას მხოლოდ მაღალი წრის ადამიანები იყენებდნენ. არასდროს შეწყვეტილა ნადირობა ძვირფასბეწვიან ცხოველებზე. ამის გამო ბევრი მათგანი გადაშენდა, ბევრი კი გადაშენების პირასაა. ბინადრობენ თუ არა საქართველოში ძვირფასბეწვიანი ცხოველები და რა მდგო­მარეობაში არიან ისინი?­ - ვკითხეთ ქალაქ თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს­.

- საქართველოში ძვირფასბეწვიან ცხოველებს ერთი თავისებურება ახასიათებთ: მათი ბეწვი მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. კლიმატური პირობების გამო
ჩვენს განედზე გავრცელებულ ცხოველებს მაინცდამაინც ძვირფასი ბეწვი არ აქვთ. სხვა მდგომარეობაა ჩრდილოეთის ქვეყნებში. ვინაიდან ბეწვის ხარისხი, ძირითადად, ტემპერატურაზეა დამოკიდებული, იმ ცხოველებს, რომლებიც ჩვენთანაც ბინადრობენ და ჩრდილოეთშიც, განსხვავებული ხარისხის ბეწვი აქვთ. ბეწვი ცხოველს გადაცივებისგან იცავს. რაც უფრო დაბალ ტემპერატურასა და მკაცრ პირობებში ცხოვრობს ის, ბეწვიც უფრო
ხშირია. ის ცხოველს ყინვისა და სიცივისგან იცავს, ჩვენთან კი ეს საჭირო არ არის. პირიქით - თუ ცხოველს ხშირი ბეწვი ექნება, სიცხე შეაწუხებს. სწორედ ამიტომ ვერ დაიკვეხნიან სამხრეთული ცხოველები ბეწვის ხარისხით. მართალია, ვეფხვისა და ჯიქის ბეწვი ძალიან ძვირად ფასობს, მაგრამ მათ ბეწვეულის მომცემ ცხოველებს ვერ ვუწოდებთ.

ჭრელტყავა

- ზამთარში მთებში ჩვენთანაც ხომ ცივა?

- არა ისე, როგორც ჩრდილოეთის ქვეყნებში. მაგალითად, ციმბირის მინუს 40 ან 50 გრადუსი ჩვენს მინუს 4-ს ან 10-ს რომ შევადაროთ, განსხვავება აშკარაა.

- და მაინც, რომელი ძვირფასბეწვიანი ცხოველი ბინადრობს საქართველოში?

- უპირველესად, კვერნისნაირები უნდა დავასახელოთ, რადგან მათ ძალიან ძვირფასი ბეწვი აქვთ, თუმცა, ჩვენი პოპულაციის კვერნები ამით ვერ დაიკვეხნიან. საქართველოში კვერნის ორი სახეობაა­ გავრცელებული - ქვის კვერნა და ტყის კვერნა. მათი გავრცელების არეალი ფართოა. ქვის კვერნას ქვიანი ადგილები მოსწონს, ხოლო ტყის კვერნა ხშირად ცხოვრობს ხეებზე. ესენი მცირე ზომის ცხოველები არიან, ჩვეულებრივ - მტაცებლები. ეს ორი სახეობა საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. კვერნა მრავალრიცხოვანია სწორედ იმიტომ, რომ ბეწვი არ უვარგა. ჭრელტყავა კი, რომელსაც ძვირფასი ბეწვი აქვს, გადაშენების პირას არის. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა ტურისტმა კარწახთან ახლოს გადაიღო ერთი ჭრელტყავა. ეს გამონაკლისი შემთხვევა გახლავთ, რადგან ეს ცხოველი საქართველოში ყველა სპეციალისტს უკვე გადაშენებული ეგონა. საქართველოში ბინადრობდა ევროპული წაულაც (რუსულად მას "ნორკა" ჰქვია და ხალხიც ამ სახელით იცნობს). ის ძირითადად ჯავახეთის პლატოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ბინადრობდა, ამჟამად კი გადაშენებულია. წაულაც ძვირფასბეწვიანი ცხოველია, რომელიც ჩვენში XX საუკუნის დასაწყისიდან აღარ გვხვდება. მისი გაქრობის მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა, ამ ცხოველს ტყავის მისაღებად მოიპოვებდნენ და მისი გადაშენების ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ეს იყო.

- თუ უცდიათ ჩვენში ძვირფასბეწვიანი ცხოველების უცხოეთიდან შემოყვანა?


ყარყუმი

- დიახ, იყო ასეთი მცდელობა 1970-იან წლებში: გამრავლების მიზნით ჩვენს ქვეყანაში სპეციალურად შემოიყვანეს ამერიკული წაულა, ნუტრია, ენოტისებური ძაღლი და ენოტი. ამერიკული წაულა მალევე გადაშენდა, დანარჩენების ბეწვი კი უხარისხო იყო. ნუტრიებსაც ამრავლებდნენ, მაგრამ წარმატება არც ამ მცდელობას მოჰყოლია. ამით დადასტურდა, რომ ჩვენი კლიმატი ბეწვეულისთვის შესაფერისი არ არის. მერე ეს ცხოველები ბუნებაში გაუშვეს. ონდატრაც ბეწვის გამო შემოიყვანეს და ჯავახეთის დაბლობზე, ტბებში გაუშვეს. ისინი ახლა ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც ცუდია, რადგან ადგილობრივ სახეობებს უწევენ კონკურენციას. მართალია, ონდატრა მღრღნელია და თავს არავის ესხმის, მაგრამ საკვებს ხომ მოიპოვებს? ზოგიერთმა შემოყვანილმა ცხოველმა ჩვენს კლიმატთან ადაპტაცია მშვენივრად შეძლო, მაგრამ მათი ბეწვის ხარისხი გაუარესდა. კიდევ ერთი ცხოველი, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს, არის ქრცვინი. ისიც ცოტა ხნის წინ ყაზბეგთან იპოვეს, რაც ძალიან გაგვიკვირდა, რადგან ქრცვინი საქართველოში გამქრალი გვეგონა. გამორიცხული არ არის, ეს ერთი ინდივიდი საიდანღაც იყო შემოსული. გადაშენებული ცხოველია თახვი, რომელიც გადმოცემის მიხედვით, წინათ კოლხეთის დაბლობზე ბინადრობდა. მისი გადაშენების მიზეზიც უცნობია. ძირითადი მიზეზი მაინც ჭაობების დაშრობა უნდა იყოს და არა - ბეწვეულის მოპოვება. იყო ყარყუმიც, რომელსაც უძვირფასესი ბეწვი ჰქონდა. სავარაუდოდ, მისი გავრცელების არეალში საქართველოც შედიოდა, თუმცა, ეს საკითხიც არ არის შესწავლილი. ჩვენთან ის დიდი ხანია, აღარ ბინადრობს. ისიც კი არ ვიცით, როდის გაქრა. ყარყუმის ბეწვის სამოსს მეფეები იცვამდნენ და მათი გაქრობის მიზეზი სწორედ ნადირობა გახდა. ყარყუმის ბეწვი ძალიან ლამაზია და განსაკუთრებული შეფერილობა აქვს.

- ჩვენებური მელიის ბეწვიც აღარ ვარგა?

- კარგი ბეწვი ჩრდილოეთის მელას აქვს, ჩვენთან კი მელიის, მგლისა და ტურის ბეწვი ერთნაირი ხარისხისაა. ჩრდილოეთის ცხოველებთან მათი შედარებაც არ შეიძლება.

- ცნობილია, რომ ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ ყოფაში დათვის ტყავსაც იყენებდნენ...
- დღეს ჩვენთან დათვზე ნადირობა აკრძალულია, თუმცა, ადრე მასზე მხოლოდ ტყავის მოპოვების მიზნით როდი ნადირობდნენ. ტყავი რჩებოდათ და იატაკზე ფენდნენ, ან კედელზე კიდებდნენ. ცხოველებზე ხშირად უმიზეზოდაც ნადირობდნენ.
ევროპული წაულაც გადაშენების პირას არის. მისი გადაშენების მიზეზი სწორედ ბეწვეულის მოპოვება იყო. ასევე - სიასამური, რომელსაც ისეთი ძვირფასი ბეწვი აქვს, რომ "რბილ ოქროსაც" ეძახიან. ერთი სიასამურის ბეწვი ზოგჯერ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს. განსაკუთრებით ძვირფასია ციმბირული სიასამურის ბეწვი, ის ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე სიასამურის ბეწვზე უკეთესია. სამაგიეროდ, ამერიკულ წაულას უფრო ხარისხიანი ბეწვი აქვს, ვიდრე ევროპულს. ასევეა ამერიკული თახვიც.

- დღეს მსოფლიოში ცხოველთა უფლებების დამცველი უამრავი საზოგადოება არსებობს. ნუთუ ამ ცხოველებს წითელ წიგნში შეტანამაც ვერ უშველა?

- სამწუხაროდ, ვერა. უამრავი ცხოველია დედამიწაზე, რომელთა გადაშენების მთავარი მიზეზი ბეწვეულის მოპოვება გახდა, თუმცა, ყველაზე ბეწვისთვის არ ნადირობდნენ. ზოგზე - ხორცისთვის ნადირობენ, ზოგზე - რქებისთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე
ლექსო
19 დეკემბერი 2016 20:20
სამწუხაროდ ადამიანები ტავისი სულელური გემოვნებისტვის უამრავ ცუდ რამეს აკეტებენ ეს უფრო მდიდრების გასაგონადაა. სულელური ბეწვის ქურქების გულისტვის უამრავი ცხოველი იხოცება

რედაქტორის რჩევით