"ამ გზით შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება!" - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან
02-11-2015
"ამ გზით შესაძლებელია სიღარიბის დამარცხება!" - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან
"კოოპერაცია არის გონივრული გზა, რომლის მეშვეობითაც მცირე ფერმერების პროდუქცია ბაზარზე გავა და მათი შემოსავლებიც გაიზრდება"

"თქვენ უცხოეთიდან შემოგაქვთ ძირითადი პროდუქცია - ხილი, ბოსტნეული, ამ ყველაფრის მოყვანა კი აქვე შეიძლება"


2013 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს 5-წლიანი, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD), რომელიც ამ სფეროს გამოცოცხლებას ემსახურება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ბიუჯეტი 52 მლნ ევროს შეადგენს, რომლის გავრცობაც დამატებითი თანხებით იგეგმება. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წინასწარ განსაზღვრული
ვალდებულებები შეასრულა, რისთვისაც ევროკავშირისგან 8 მლნ ევროს ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. "კვირის პალიტრა" საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს ესაუბრა.

- რა სახით გაეწევა მონიტორინგი 8 მლნ ევროს საბიუჯეტო დახმარებას? მიღწეულია თუ არა შეთანხმება ევროკავშირსა და მთავრობას შორის საერთო სამოქმედო გეგმის შესახებ ამ თანხის განკარგვასთან დაკავშირებით?
-
სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩვენ მუდმივად გვყავს ადგილებზე სოფლის მეურნეობის სფეროს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუშაობენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეგიდით. ეს გუნდი სამინისტროს მუდმივად აწვდის რჩევებსა და ექსპერტიზას.

ყოველდღიური მხარდაჭერის გარდა, რეგულარულად ჩამოგვყავს უცხოელ ექსპერტთა მისია მდგომარეობის შესაფასებლად - ისინი გადიან კონკრეტულ ლოკაციებზე, ხვდებიან ფერმერებს, სამინისტროს თანამშრომლებს და ამ სექტორში ჩართ­ულ ადამიანებს. რაც შეეხება სულ ახლახან განხორციელებულ საბიუჯეტო დახმარებას, საქართველომ ყველა პუნქტი გადაჭარბებით შეასრულა. მაგალითად,
ადგილობრივ ფერმერთა 34 საკო­ნსულტაციო ცენტრის ნაცვლად შეიქმნა 54 ცენტრი, სადაც­ სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევით ყოველდღიურად 300-ზე მეტი ექსპერტი მუშაობს. ისინი ყოველდღიურად უზიარებენ ფერმერებს გამოცდილებას და ინფორმაციას აწვდიან სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული­ სიახლეების­ შესახებ. მსგავსი სისტემა მანამდე საქართველოში არ არსებობდა.
2016 წელს 6,5 მლნ ევროს ტრანშის მისაღებად არსებობს პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. მაგალითისთვის: პირობა მოიცავს მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას ფერმერული კოოპერატივების მხარდასაჭერად, აგრეთვე საკონსულტაციო ცენტრების კიდევ­ უფრო განვითარებას.

- ყოველივეს გათვალისწინებით, რამდენად­
წარმატებული შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა საქართველოში და რა ეტაპზე ვართ?
- სამწუხაროდ, საქართველოს სოფლის მეურნეობა არასახარბიელო მდგომარეობაშია. მოსავლიანობა ძალიან დაბალია, ფერმერთა შემოსავალი კი მწირი. კვლავაც პრობლემატური საკითხია მიწის რეგისტრაცია, ფერმერების უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია სათანადო სათესლე მასალები და მიწის გამანოყიერებელი საშუალებები.

ამ სფეროს საწყისი პოზიციები ENPARD-ის პროგრამის დაწყებისას ნამდვილად რთული გახლდათ. ნაყოფიერი ქართული სოფლები უმეტესწილად წლობით უყურადღებოდ იყო დარჩენილი. სოფლის მეურნეობის სფეროს, სხვა დარგებთან შედარებით, ცვლილებებისთვის მეტი დრო სჭირდება. ვერც სწრაფი გამოსავალი მოიძებნება. წლები, შესაძლოა, ათწლეულებიც კი დასჭირდება მის გაჯანსაღებას. წინ უდიდესი ამოცანაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში პოლიტიკის უწყვეტად და სწორხაზოვნად წარმართვას მოითხოვს, ისევე როგორც დიალოგს ფერმერებთან, რადგან მათი აზრი გახლავთ უტყუარი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხორციელდება პოლიტიკა პრაქტიკაში.
მაგრამ არსებობს საწყისი, იმედისმომცემი ნიშნები და მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. 2014 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შთამბეჭდავი 10%-იანი ზრდა აღინიშნა. მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის და ეს არის გადამწყვეტი. აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირი ძალ­იან ეხმარება მას წარმატების მიღწევაში.

- სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით რას შეიძლება მიენიჭოს პრიორიტეტი? როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით?
- მეტი ინვესტირება და ცვლილებები მთლიანად სფეროს სჭირდება და აქ მხოლოდ ერთი მიმართულების გამოყოფა არ იქნებოდა მართებული. იმაზეა საჭირო ფიქრი, თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან ზოგადად ფერმერები, რა უშლით ხელს მოსავლიანობის ზრდაში.
ყოველ ქართველ ფერმერს სჭირდება ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი ვეტერინარიისა და პესტიციდების კუთხით. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია საბაზრო ფასებზე.

რაც შეეხება პროდუქციას: გადამწყვეტი მნიშვნელობა გასაღების ბაზარს აქვს. არსებობს ორი უმთავრესი შეკითხვა: რა პროდუქციაზეა ბაზარზე მოთ­ხოვნა და რა პროდუქციის წარმოებისას აქვს ქართველ ფერმერს უპირატესობა? პასუხი ნათელია - საუკეთესო და ყველაზე­ ხელმისაწვდომი სივრცე საქართველოს შიდა ბაზარი გახლავთ.­ თქვენ უცხოეთიდან შემოგაქვთ ძირითადი პროდუქცია - ხილი, ბოსტნეული, ამ ყველაფრის მოყვანა კი აქვე შეიძლება.

- რას გვეტყვით ქართულ რთველსა და ღვინოზე?
- რთველი და ქართული ღვინო ძალ­იან მომწონს, მაგრამ ჩემს პირად აზრს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტულ ბაზარზე პროდუქციას მომხმა­რებლის გემოვნების დაკმაყოფილება ამკვიდრებს, მომხმარებელს კი სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემოვნება აქვს, განსაკუთრებით ღვინოსთან დაკავშირებით. ამიტომ ზოგჯერ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად საუკეთესო გზა მომხმარებლისთვის იმის მიწოდებაა, რაც მას უკვე მოსწონს.

- სად ხედავთ ყველაზე დიდ გამოწვევებს?
- თუ ერთი კონკრეტული გამოწვევის­ დასახელებას მთხოვთ, მცირე მიწების პრობლემას გამოვყოფდი. ფერმერების უმე­ტ­ესობა­ აქ ფლობს 1 ჰა-ზე ცოტა მეტ ნაკვ­ეთს, სამწუხაროდ, ისიც შორი-შორსაა მიმ­ოფანტული. სოფლის მეურნეობა, ნებისმიერი სხვა ბიზნესის მსგავსად, კონკრეტულ ეკონომიკურ გათვლებს მოითხოვს. თუ ფერმერი მუდმივად ვერ აწარმოებს პროდუქციას ერთი და იმავე­ მოცულობით, თანამედროვე ბაზარზე თავს ვერ დაიმკვიდრებს და იძულებული იქნება, საკუთარი პროდუქცია სეზონურად, მინიმალურ ფასად და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს.

ამ შემთხვევაში ფერმერი უდიდესი რისკების წინაშე სრულიად მარტოა და წარმოებისას­ უამრავი სირთულე ეღობება, იქნება ეს კრედიტების თუ ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობა; ხოლო როცა წარმოება გამსხვილებულია, რისკებთან გამკლავებაც იოლდება, საჭირო ტექნიკის გამოყენებაც უფრო ადვილია და შესაძლებელი ხდება მეტი და უკეთესი პროდუქციის წარმოება ნაკლები დანახარჯებით. ამიტომაც
ბევრ ქვეყანაში მცირე ფერმერები­ კოოპერატივებს ქმნიან, ხშირად არაერთს, სხვადასხვა მიზნებისთვის.­ ეს მათ ეხმარება ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა მარკეტინგი, შემნახველი მეურნეობები,­ ტექნიკა-დანადგარებზე წვდომა...

სწორედ ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ, ევროკავშირი, ასე აქტიურად ვუჭერთ მხარს თანამედროვე, ბიზნესზე ორიენტირებულ კოოპერატივებს საქართველოში. კოოპერაცია არის გონივრული გზა, რომლის მეშვეობითაც მცირე ფერმერების პროდუქცია ბაზარზე გავა და მათი შემოსავლებიც გაიზრდება. ამ გზით შესაძლებელია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება, არამედ სიღარიბის დამარცხება. საქართველოში დაახლოებით 10 ათასი ფერმერი არის ბიზნესზე ორიენტირებული კოოპერატივის წევრი. მჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

- სოფლის მეურნეობის სფეროში თქვენი გამოცდილებით რა რეკომენდაციები გექნებათ?

- წარმოშობით უნგრეთიდან ვარ, მაგრამ დიდი ხანია მის საზღვრებს გარეთ ვცხოვრობ. ნაკვეთი არ მაქვს, მაგრამ მიყვარს მებაღეობა. ჩემი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე მისდევს სოფლის მეურნეობას და პროდუქტების ექსპორტსაც წარმატებით ეწევა.
1990-იან წლებში საბაზრო რეფორმებმა, მიწის პრივატიზაციამ და გლობალურმა კონკურენციამ ისინი რთული გამოწვევების წინაშე დააყენა. თუმცა ეს წარსულს ჩაჰბარდა ჩვენი ურყევი კურსის გამო ცვლილებების დასანერგად და ევროკავშირის დახმარებით. ზოგიერთმა ქვეყანამ უკეთ გაართვა თავი ამ გამოწვევებს, მაგალითად პოლონეთმა, ესპანეთმა, ბალტიის ქვეყნებმა, სხვებმაც. საქართველო მოგვიანებით შეუერთდა ამ პროცესს, მაგრამ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. თქვენ ამჟამად­ შესაძლებლობა გაქვთ, დაასკვნათ, რამ იმუშავა ყველაზე კარგად და რამ არ გაამართლა სხვა ქვეყნებში, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ისეთივე პრობლემების წინაშე იდგნენ, რომელთა გადაწყვეტაც თქვენ ახლა გიწევთ.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით