მესხური ფურნის უპირატესობა
02-11-2015
მესხური ფურნის უპირატესობა
"რაც მეტი სტუმარი შემოვა ჩემს ოჯახში და გაიგებს მესხური ფურნის მადლს, უფრო გამიხარდება. მადლის გემოს კი ვერასოდეს დაივიწყებენ და ერთ დღესაც თავადაც მოინდომებენ მესხური ფურნის აშენებას..."

მესხური საცხობი, ანუ ფურნე, როგორც მესხეთში ეძახიან, უნიკალურია იმ ნაკეთობათა შორის, რაც წინაპრებმა გვიანდერძეს. თუმცა, როგორც ბევრი რამ წინაპართაგან ნაანდერძევი, დღეისთვის აქტუალურობას მოკლებულია და ამიტომაც შეიძლება დავიწყებას მიეცეს. არადა, უეჭველად დადგება დრო, რომლისთვისაც ფასეულობები აუცილებელი გახდება. ეს მესხმა გიორგი ნარიმანიშვილმა თავისი ასაკისა და გამოცდილების
წყალობით კარგად იცის, ამიტომ 4 წლის წინ გადაწყვიტა ბავშვობის დროინდელ ცნობიერებაში გაუხუნრად შენახული მესხური თონე აეშენებინა; ამით კი თავისი ოჯახიც ეხეირებინა და მომავალიც, - მის ფურნეს ახლა ახალციხეში იმდენი მომწონებელი ჰყავს, იმედია, აშენებას სხვაც მოინდომებს.
80 წლის კაცი თბილისში რომ არ ჩამოსულიყო და რედაქციაში არ
მოსულიყო­ მესხური ფურნის, წინაპართა მიერ დატოვებული ამ განძის შესახებ, ვინ იცის, როდის შევიტყობდით.

- მესხური ფურნის აშენება იოლი არ იყო. ჯერ ერთი, იმდენად მძიმე ქვისგან არის აშენებული, რომ თუნდაც მხოლოდ ერთი ფურნის ასაშენებლად მის ამოტეხას, ადგილიდან სახლამდე მიტანას 3-4 კაცის ჯაფა მაინც სჭირდებოდა. ჩვენი ფურნის ქვა ახალციხის მთიან ტერიტორიაზე მხოლოდ 3 სოფელში მოიპოვება, მათ შორის ხეოთში, ერუშეთის ქედზე. აქ ფურნის საშენ მოწითალო ქვას ყველგან იპოვი, მაგრამ დამუშავებაა ძნელი. ზოგჯერ იმხელა ლოდებად არის გაწოლილი, კლდიდან მის ამოღებას ექსკავატორიც ვერ ახერხებს, ამიტომ თავად უნდა ამოტეხო.

მუშაობისას ხელსაწყოებიც ნაპერ­წკლებს­ ყრის, ქვაც და კაციც - ძნელი და მძიმე­ საქმეა. ყველა ქვა მძიმეა, მაგრამ ჩვენი თონის მოწითალო ქვა სხვებზე მეტად, ამიტომაც უძლებს ყველანაირ ტემპერატურას.

- ამას რომელი ხელსაწყოები უძლებს?
- მესხური ტარაღი და ჭერა. ტარაღი ცულის მსგავსი სატეხია, მაგრამ ორივე მხრიდან აქვს პირი. ჭერა იგივე სოლია, არც იდრიკება და არც ტყდება. მსგავსი ხელსაწყოები ახლა აღარ გამოდის.

- მესხური ფურნის ქვას რა ჰქვია?

- მესხური ბაზალტის სახელით იცნობენ. იმდენად მძიმეა, რომ უეჭველად ადგილზევე უნდა დაამუშაო საჭირო ზომებზე. მერე შინ ზუსტად იმ ზომაზე გაითლება, რაც ფურნის საძირკვლისთვის არის საჭირო, მერე ქვებს დანომრავ და საძირკველს ამ დანომრილი ქვებით ამოაშენებ. ეს არის მთავარი - ცეცხლი მასზე ინთება, მთელ თონეს ის ამუშავებს. თაღი რიყის ქვითაც შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ ორმაგი უნდა იყოს. სითბოს შენახვისთვის შიგ აუცილებლად 100 კილომდე მარილი უნდა ჩაიყაროს. ეს ორმაგ ფანჯარასავით არის. მასში­ ჩაყრილი მარილი თონის ტემპერატურას ისე ინახავს, რომ გახურების შემდეგ თონეში სამ წყებად, სამი სხვადასხვა კერძის მომზადება შეიძლება 2-2 საათის შუალედით. მაგალითად, შეიძლება ჯერ 15 ცალი პური გამოაცხო, გამოალაგო და 3 გოჭი შეწვა, გოჭს კი ქადები მიაყოლო.

- მაშ, ამაზე უკეთესი არაფერი ყოფილა.
- მეც რომ მაგას ვფიქრობ, ფურნეც იმიტომ ავაშენე. ჩვენს ფურნეს სულ 3 იღლია შეშა სჭირდება გასახურებლად. ­შეშას ოჯახისთვის ყოველთვის ფასი ედო, მაგრამ რახან ფურნე ყველას არ ჰქონდა,­ ერთი ოჯახის ფურნეს მთელი უბანი მოიხმ­არდა.
შეშის ჩაწვისა და ფურნის გახურების შემდეგ ფურნე საგულდაგულოდ უნდა გამოასუფთაო, ნაკვერცხალიცა და ნაცარიც გამოიღო.
ჩვენს ფურნეში ყველაფრის შეწვა შეიძლება. ცომი ფურნეში ხის ნიჩბით იდება და ნიჩბითვე გამოგვაქვს - მხოლოდ ამ პროცესის ყურებაც კი დიდი სიამოვნებაა.

- თქვენს ფურნეში გამომცხვარი ყველაზე გემრიელი ალბათ მესხური ქადაა.

- ჩვენებური ქადის ცომი მაგარია, მარილიც გემოზე ეტყობა. ასე მოზელილ ცომს რამდენიმე საათი აჩერებენ - დაისვენოსო და მაშინ დაიწყებენ ჯოხით გაბრტყელებას, როდესაც ფურნეში ცეცხლი შენთებულია და მალე უნდა მიინავლოს. ცომს ღორის ქონს გადაუსვამენ. ეგ ქონი ისეთი გემრიელია, რომ ღორის ერბოსაც კი ვეძახით. დაახვევენ, შუაზე გაჭრიან და გუნდებად გადაახვევენ, თავზე კვერცხის გულს გადაუსვამენ და ფურნეში შეაწყობენ. სულ ეგ არის, მაგრამ ისეთი გემრიელია, ჭამით ვერ გაძღები. როდის იყო, ქართველი კაცი სტუმარს ლუკმას უთვლიდა, მაგრამ 2011 წლის გიორგობას, როცა ჩემი ფურნე ავამუშავე, დილით, ნაღვინევზე, ჩემმა სტუმარმა მითხრა, - ეს რა გემრიელი ქადები­ გამოცხვა შენს ფურნეში, სამი მთლ­იანად შევჭამე, სხვა საჭმლისთვის პირი არ დამიკარებიაო.

- ფურნეს ხშირად ანთებთ?
- აბა, რისთვის ავაშენე! იმ ხნისა ვარ, რომ ახლა ჩემი მთავარი საქმე წინაპრის დატოვებული ქონების შთამომავლობისთვის დატოვებაა. რაც მეტი სტუმარი შემოვა ჩემს ოჯახში და გაიგებს მესხური ფურნის მადლს, უფრო გამიხარდება. მადლის გემოს კი ვერასოდეს დაივიწყებენ და ერთ დღესაც თავადაც მოინდომებენ მესხური ფურნის აშენებას. ეს ქონება მესხეთში არ დაიკარგება და მაგით ვალიც მოხდილი მექნება.


ბადრი
11 აპრილი 2016 09:57
ნამდვილად კარგი ადამიანი ბრძანდები,ღმერთმა გაგიმარჯოს.
marine
04 ნოემბერი 2015 21:15
საქართველოს დიდება და გადარჩენა თქვენნაირ ადამიანებს შეუძლია.წარმატებებს გისურვებ მადლიანო .დიდხანს იცოცხლე დიდხანს.

რედაქტორის რჩევით