ლაგოდეხში ბოსტნეულის მოსავალს ფუზარიოზული ჭკნობა შეეყარა
02-11-2015
ლაგოდეხში ბოსტნეულის მოსავალს ფუზარიოზული ჭკნობა შეეყარა
ბოლო წლებია, ლაგოდეხელი გლეხი ბოსტნეულის მოსავალს ვერ იწევს. გოგროვანი და ძაღლყურძენასებრი ოჯახების კულტურებს მძიმე დაავადება - ფუზარიოზული ჭკნობა შეეყარათ.

მოსავლის მოწევამდე ნადგურდება პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, კიტრი, ნესვი, საზამთრო - ფაქტობრივად გლეხის ძირითადი საარსებო ბოსტნეული. მცენარე ნაყოფის დამწიფებამდე ჭკნება და უვარგისი ხდება. აგრარიკოსთა მოძრაობის წარმომადგენელი ანდრო ხეთერელი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა რთულია, თუმცა, ბრძოლა­ შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ გლეხი ვერაფერს გახდება.

- სამწუხაროდ, ამ დაავადებას მარტო პესტიციდებით ვერ მოერევი. საჭიროა კომპლექსური­ ღონისძიებები, რის
შესახებაც ფერმერს დაწვრილებითი ინფორმაცია რომც ჰქონდეს, მაინც ვერაფერს გააწყობს. პრობლემა სპეციალისტების ზუსტ მოქმედებას ითხოვს. ამიტომაც მუშავდება პროექტები­ და ექსპერტების მონაწილეობით ვცდილობთ ლაგოდეხში ფუზარიოზის დაძლევას.

- რა მასშტაბის პრობლემას ქმნის ფუზარ­იოზი?
- თითქმის იმგვარს, როგორიც დასავლეთ საქართველოში
ამერიკულმა თეთრმა პეპელამ შექმნა, მაგრამ რატომღაც კახელები უხმოდ იტანენ ამ სატკივარს. გლეხი, ფერმერი ფიქრობს, წლეულს კიტრი გამიხმა, ე.ი. აქ კიტრის დათესვას აზრი არ აქვს, გაისად პომიდორს, ბადრიჯანს, ნესვს, საზამთროს, ანუ კახური მეურნეობისთვის ჩვეულ კულტურებს დავთესავო. სამწუხაროდ, კვლავ დაზარალდება, მაგრამ თუ ეცოდინება, რომ სხვა ოჯახის წარმომადგენელი კულტურებით, მაგალითად, სიმინდით ან ლობიოთი უნდა ჩაანაცვლოს გოგროვანი და ძაღლყურძენასებრი მცენარეები, მოსავალს მოიწევს.
ჩვენი ორგანიზაცია მეორე წელია, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს. პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, ის ალბათ 3-4 წლის წინ გაჩნდა.

- საიდან უნდა შემოსულიყო?
- საკმარისია, თუნდაც დაინფიცირებული ნიადაგის ნაწილაკების გავრცელება, დაზიანებული მცენარის ან მისი ნაყოფის სადმე, სხვა ნიადაგზე დაგდება, რომ იქაც იქმნება დაავადების გავრცელების რისკი.

- რა მეთოდებით მარცხდება ფუზარიოზი?
- სხვა ქვეყნებში აპრობირებულია, მაგალითად, დაავადებული ნიადაგის მთლი­ანად შეცვლა, ძირითადად სათბურებში.­ ანდა, გოგროვანი და ძაღლყურძენასებრი მცენარეების სხვა კულტურებით ჩანაცვლება, რათა ამ ვირუსს მომდევნო წელს მასპინძელი მცენარე არ ჰყავდეს და განადგურდეს, ნიადა­გის დეზინფექცია, საღი სათესლე მასალა, ასევე შესაძლებელია ბიოლოგიური მეთოდის, სოკო ტრიქოდერმას გამოყენება, რომელიც კულტურის ფესვში ბლოკავს ფუზარიოზის გამომწვევ ორგანიზმს, მაგრამ მას სჭირდება ზუსტი და სწრაფი მოქმედება. ამასთან, დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან.

- მყნობის მეთოდმა თუ გაამართლა?
- დიახ, კიტრის გოგრაზე დამყნობით­ მსხვილღეროიანი კიტრის მწვანე მასა მივიღეთ, რომელიც არ დაავადდა, ისევე როგორც ბადრიჯნისა და წიწაკის ნამყენი მცენარეები.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება კარანტინი­ გახდეს აუცილებელი?
- მცენარის გამო კარანტინს არავინ გამოაცხადებს, სახელმწიფო ამას არ დათან­ხმდება, რადგან ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს. კარანტინი მხოლოდ მაშინ ცხადდება, როცა ადამიანები იღუპებიან.
ვფიქრობ, პრობლემა მტკივნეულად შე­იცვ­ლება, ხალხი იძულებული გახდება კულტურული ნათესების სახეობები შეცვალოს, რაც, ეკონომიკურად მათთვის არახელსაყრელი იქნება.

მცენარეს ჯერ ცალი მხარე უყვითლდება და ჭკნება...

დაავადების გამომწვევია სოკო Fusarium oxysporum ( Schlecht), რომელიც ხანგრძლივად ბინადრობს ნიადაგსა და მცენარეულ ნარჩენებში. სოკო ჯერ მცენარის ფესვს­ აზიანებს, შემდეგ კი წყლის გამტარ ღეროს, ამიტომ მცენარე უწყლობით კვდება. დაავადება განსაკუთრებით აქტიურდება ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურისა და ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობის დროს.

დაავადების გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორებია: 1. დაინფიცირებული სათესლე მასალა; 2. დაინფიცირებულ ნიადაგზე მოყვანილი ჩითილები; 3. დაინფიცირებულიდან სუფთა გარემოში მოძრავი ადამიანები; 4. დაინფიცირებულ ტერიტორიაზე გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო იარაღი და აღჭურვილობა.

დაავადებულ მცენარეს ჯერ ცალი მხარე უყვითლდება და ჭკნება, დროთა განმავლობაში კი სიყვითლე და ჭკნობა მთელ სხეულს ედება. დაზიანებული ფოთლებიც ჭკნება და ცვივა. შესამჩნევია ფოთლების აჭრელებაც...

საქართველოში გავრცელებულია სიმინდის ფუზარიოზი, რომელიც ტაროებს მშრალად ალპობს. დაავადებული მარცვლები სოკოს პიგმენტებისგან მოწითალო შეფერილობას იღებს. ცნობილია ხორბლის ფუზარიოზიც - სოკოს მიცელიუმი მარცვალში ვითარდება და გამოყოფს ტოქსინს, რაც ადამიანსა და ცხოველს წამლავს. ამის გამო მას "მათრობელა პურს" უწოდებენ.
?????
05 ნოემბერი 2015 21:34
სხვატა შორის ამერიკაშიც ასე მოხდა. არ შევწამლე და კიტრი ასე დამიჭკნდა . მორწყვა აუცილებელია განსაკუტრებიტ გვალვიან დგესს . მიწაც ტუ ნოყიერი არ არის წყალი უცბად ორტქლდება სიცხეში ნიადაგიდან და მალე ჯკნდებიან . ასეტ სოკოს კი შეწამვლა ესაჯიროება
ზაზა
04 ნოემბერი 2015 10:37
ეკუნა მებოსტნეობაზე როდის აქეთ დაიწყე ,სტატიების მომზადება. რატომ კარგად არ ჩაეკითხე გოგრაზე კიტრს როგორ ამყნობენ ? ჰა

რედაქტორის რჩევით