ხევსურულ ძროხას... ბოსელი თავზე ექცევა - კვირის პალიტრა

ხევსურულ ძროხას... ბოსელი თავზე ექცევა

ბოსლების უმეტესობა 60-70 წლის წინ ადგილობრივი ქვით არის ნაგები. ახლა ამ ბოსლებს ვადა გაუვიდა, წაიფერდა და წაქცევაზეა. ხანდახან იქ ცოლ-შვილის შეშვებისაც კი მეშინია, რომ არ წაიქცეს და შიგ არ მოიყოლოს. ახალია ასაშენებელი, მაგრამ ვერ ვაშენებ და ბოღმით გულზე ვსკდები. ჩემს დღეში სხვაც ბევრია. ქვის მოტანასა და 20 სული პირუტყვისთვის სადგომის აშენებას თავისი მუშახელითა და ცემენტით 10.000 ლარი მაინც უნდა და საიდან ამდენი ფული?!

მესაქონლეობა ხევსურეთში სოფლის მეურნეობის თითქმის ერთადერთი დარგია, რომელსაც ამ კუთხის შენარჩუნებაში შეუცვლელი როლი აკისრია. ასე იყო ყოველთვის. დღევანდელი ხევსურეთიც, ძირითადად, მესაქონლეობით ირჩენს თავს, - იმის მიხედვით, რა საშუალება აქვს მეპატრონეს პირუტყვის გასამრავლებლად. თუმცა დღევანდელი მაღალი ტექნოლოგიების ფონზე ხევსურეთში მესაქონლეობა ბევრ ცვლილებას მოითხოვს. ტრადიციულ ხევსურულ ბოსლებში 20 სულ პირუტყვს მაინც აზამთრებენ. ხევსურული ძროხა კვლავაც ხევსურების მარჩენალი პირუტყვია.

ოთარ ჭინჭარაულს 20 სული ძროხა ჰყავს, - ჭინჭარაულები რძითა და ყველით ვაჭრობენ და მრავალსულიან ოჯახს არჩენენ.

გოგი ჭინჭარაული: - ჩვენში ყველა ოჯახს ხევსურული ძროხა ჰყავს. ხშირად გვეკითხებიან, რატომ მაინცდამაინც ხევსურული, რატომ უკეთეს ჯიშს არ იყოლიებთ, რომელიც უფრო მეტს იწველება და მეტი მოგებაც ექნებაო, მაგრამ მაგას პასუხი საუკუნეებმა გასცა - ხევსურული ძროხა შეგუებულია ადგილობრივ მთა-გორებს და ფეხი იშვიათად თუ წაუცდება ციცაბო ადგილას. ამასთან, მისი რძეც ღალიანია - ბევრს არ იწველება, მაგრამ რძე ნოყიერი და ცხიმიანი აქვს. უცხო ჯიშის მოყვანა ხევსურეთში ცოტა საფრთხილოა, მაგრამ თუკი დიდი წველადობის ისეთ ჯიშს გამოიყვანენ, რომელიც ადგილობრივ პირობებს შეეგუება, კი ბატონო, მეტი რძე და შემოსავალი არ გვაწყენს. არა ვართ დალხინებული. ხევსურმა განა რამდენი ძროხა უნდა იყოლიოს, რომ ოჯახის ხარჯებს აუვიდეს. მეც მყავს 20 სული პირუტყვი, მაგრამ მათგან ზოგი იწველება და ზოგი არა, ზოგი კიდევ ბოჩოლაა. ხევსურეთში რძის პროდუქტის გაყიდვა დამსვენებლებისა და ტურისტების ჩამოსვლაზეა დამოკიდებული, თუ ისინი არ არიან, მოსახლეობას ქალაქში რძის პროდუქტი გასაყიდად ვერ მიაქვს, - გზაც დიდია და ხარჯიც; შინაც უამრავი საქმეა, რომელიც პირუტყვის პატრონს ქალაქში იოლად როდი უშვებს.

- რა ფასად ყიდით რძის პროდუქტს ადგილზე?

- ყველაზე მეტად ყველი იყიდება, კილოგრამი 4 ლარად. ამიტომაც უნდა ჩამოყალიბდეს ხევსურეთში რძის ნაწარმის გადამმუშავებელი საწარმოები და ქარხნები, რომლებიც გლეხებისგან რძეს ჩაიბარებენ. ასეთი ქარხნების გახსნა, როგორც ვიცი, სხვა რაიონებში სახელმწიფომ უკვე დააფინანსა, მაგრამ ჩვენებურებმა ტყუილად შეიტანეს პროექტი, არ დაუფინანსებიათ.

არადა, რძის ქარხნებიცა და მისი მეწარმეებიც ხევსურებს ჰაერივით სჭირდებათ - ხევსურეთში, ხევსურის გარდა, არავინ იცხოვრებს და რაც უფრო მეტი სტიმული ექნება ხალხს, მით მეტად გაიშლება ჩვენი მხარე მხრებში. სამწუხაროდ, ქარხანა კი არა, სოფელს ხორცის ასაწონი სასწორიც არა აქვს. ზაფხულში პირუტყვით მოვაჭრეები რომ ამოდიან და ძროხებს ყიდულობენ, აუწონავად მიჰყავთ.

- კი მაგრამ, ფულს რის მიხედვით იხდიან?!

- თვალის ზომით... ჩვენც სხვა გზა არა გვაქვს, ყაბულს ვართ. მკაცრ ზამთარში პირუტყვის შენახვა ჭირს, პირუტყვი გარეთ მხოლოდ წყლის დასალევად გადის და, ძირითადად, ბოსელშია. ბოსელს ყოველდღე უნდა დასუფთავება და ეს მძიმე შრომაა. ძროხების გამოსაკვებადაც ფულია საჭირო. ნოემბრის ბოლოსთვის რძის ნაწარმს უკვე ვეღარ ვყიდით, - პირუტყვი ხბოიანდება და რძე ხბოსაც სჭირდება, ისე ჯანმრთელი ვერ გაიზრდება.

- საინტერესოა ხევსურული ყველის ამოყვანის ტექნოლოგია, რომელიც ლამაზად აფუებული და დაჩვრეტილია.

- ხევსურული ყველი ცხიმიანი და გემრიელია. აბუჟბუჟებული და დაჩვრეტილი ყველის ტექნოლოგიაც არ არის რთული - როცა ამოიყვანენ, მზეზე ერთი დღე დადებენ და მზე აბუჟბუჟებს. ადრე ყველს ხის კასრში დებდნენ და ხე სულ სხვა გემოს აძლევდა, ახლა ხე სხვა ჭურჭლით შეიცვალა, მაგრამ თუკი ხევსურული ყველით მეტი დაინტერესება იქნება, ალბათ, ხის კასრიც დაბრუნდება...

- ერთი ძროხისგან რამდენი ჩაბუჟბუჟებული ყველი კეთდება?

- თვეში დაახლოებით 50-60 კილოგრამი. წელიწადში იმის მიხედვით, რამდენ თვესაც მოიწველის.

- ხევსურებს ზაფხულობით პირუტყვი მთიდან საძოვრებზე მიჰყავდათ.

- ვისაც აქვს ამის საშუალება, მათ ახლაც აქვთ გომურები მთის საძოვრებზე, სადაც პირუტყვს თავადაც მიჰყვებიან. ღამით თუ არავინ უდარაჯა, ან მგელი დაგლეჯს, ან დათვი, პირდაპირ სადგომში შეუვარდება. ზოგი მიმბარებლებს აბარებს, მათ პირუტყვი მთაში მაისის ბოლოდან ოქტომბრის 10 რიცხვამდე ჰყავთ. ჩვენ კი თითო-ოროლა ძროხას ვიტოვებთ, რომ ოჯახებს ყველი და რძე სანატრელი არ გაუხდეთ.

- მიმბარებლები რას იღებენ გასამრჯელოდ?

- თითო სულ პირუტყვზე მესაკუთრეს 30 კილოგრამ ყველსა და ვედრო ერბოს აძლევენ. დანარჩენს თავად იტოვებენ. ამას ცოტა შრომა კი არ სჭირდება, თავისი ნაშრომი კი ყველაზე ალალია. მაგალითად, ძეძეურთამდე გზა არ მიდის და მიმბარებელ ქალს ეგეც ძალიან უძნელებს საქმეს. პირუტყვის მოვლა იოლი საქმე არ არის, განსაკუთრებით, ზამთარში. ბოსელში დილის 6 საათზე შესულები, საღამომდე მის მოვლას ვუნდებით, მაგრამ ეს ჩვენი სარჩოა და თავს ვერაფრით დავანებებთ. ჩვენი შრომა მხოლოდ ოჯახების გადარჩენისთვის შრომა როდია - ხევსურეთს ვინარჩუნებთ და შთამომავლობას ვზრდით... თუმცა პირუტყვი წელს ჩალის ფასად გავყიდეთ - თითო 100 კილოგრამამდე ძროხა 500 ლარად, ბაზარზე კი კილოგრამი ხორცი 12-დან 15 ლარამდე ღირს... ხევსურებს ქვეყანაც უნდა ამოგვიდგეს მხარში, პირველ რიგში, მესაქონლეობის პროექტების დაფინანსებითა და გლეხობის დახმარებით. ხევსურული ბოსლების უმეტესობა 60-70 წლის წინ ადგილობრივი ქვით არის ნაგები. ახლა ამ ბოსლებს ვადა გაუვიდა, წაიფერდა და წაქცევაზეა. ხანდახან იქ ცოლ-შვილის შეშვებისაც კი მეშინია, რომ არ წაიქცეს და შიგ არ მოიყოლოს. ახალია ასაშენებელი, მაგრამ ვერ ვაშენებ და ბოღმით გულზე ვსკდები. ჩემს დღეში სხვაც ბევრია. ქვის მოტანასა და 20 სული პირუტყვისთვის სადგომის აშენებას თავისი მუშახელითა და ცემენტით 10.000 ლარი მაინც უნდა და საიდან ამდენი ფული?! იქნებ სახელმწიფო ამოგვიდგეს მხარში და ბოსლები გაგვამართვინოს. საჩუქრად არ გვინდა, მაგრამ ვერც ბანკის პროცენტების გადამხდელები ვართ და ეგებ ისეთი სესხი მოგვიხერხონ, რომელიც ზურგზე არ დაგვაწვება და არ გაგვსრესს.