წოდორეთის მარნის კარი თბილისელებმა ააჭრიალეს - კვირის პალიტრა

წოდორეთის მარნის კარი თბილისელებმა ააჭრიალეს

"რადგანაც ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ჩვენს ეზოში ახლა, ფაქტობრივად, ძეგლს ვუვლით და სხვაგვარი განცდა და პატივია, როცა ისტორიას აცოცხლებ"

სახლი თბილისშიც გვაქვს, თუმცა უკვე დიდი ხანია, ასფალტისა და კორპუსისგან თავის დაღწევას ვცდილობთ და აი, გავთავისუფლდით", - ამბობს ჩემი რესპონდენტი, ჟურნალისტი ესმა კუნჭულია, რომელმაც მეუღლესთან, მოქანდაკე ირაკლი ჟვანიასთან ერთად, სოფლად ცხოვრების რიტმს ფეხი აუწყო და წოდორეთში დასახლდა.

- სახლიც დიდი გვაქვს და ეზოც... ახლა ჩვენს ეზოში დიდი ფუსფუსია, წლეულს პირველად დაწურა ირაკლიმ ყურძენი და ქვევრებში ჩააბრძანა... მე საცხობს მიშენებს, სადაც შეშაზე გამოვაცხობ პურს. დავიწყეთ პატარა წარმოებაც - მამაჩემის ბებიის რეცეპტით, გურულ, უგემრიელეს აჯიკას ვამზადებთ და დარწმუნებული ვარ, მარკეტებში კარგად გაიყიდება.

- ქალაქელები მიწაზე მუშაობას გაურბიან და მიზეზად გამოუცდელობას ასახელებენ. თქვენ გაქვთ გამოცდილება?

- არა, გამოცდილება არც ჩვენ გვქონია. მე და ირაკლი ვაკეში, ჭავჭავაძის პროსპექტზე გავიზარდეთ და ქვევრი ახლოდან წლეულს პირველად ვნახეთ. გამოუცდელობა არ არის გადაულახავი დაბრკოლება, სურვილია მთავარი. ირაკლი მოქანდაკეა, მაგრამ წელს პირველად ფანტასტიკური ღვინო დაწურა. ისეთი გამოცდილება მიიღო, ვერც კი წარმოიდგენდა. აქ ბევრად მეტი შრომა გვიწევს, ვიდრე ქალაქში, მეტად ვიღლებით, მაგრამ ის სილაღე ვიგრძენით, რომელიც დიდი ქალაქების ნაცრისფერ ქუჩებში არ არსებობს.

- ქვევრები ჩაგიყრიათ... ღვინის დაწურვისა და შენახვის ტრადიციამ გიხმოთ?

- საოცარი განცდა ყოფილა ქვევრების ჩაყრა. ჯერ მათი ჩამოტანა იყო საინტერესო, შემდეგ ჩაყრა. ეს მეტად შთამბეჭდავია, ვიდრე ტელევიზორში ნანახი. ჩემი თვალით ვხედავდი და ჩემი ხელით ვაკეთებდი ამ ყველაფერს და ვხვდებოდი, როგორ ვუახლოვდებოდი ისტორიას, ტრადიციას. მოგვინდა, ეს განცდა სხვისთვისაც გაგვეზიარებინა. ასე დაიბადა იდეა - ჩვენი მარანი მიიღებს სტუმრებს, სადაც უგემრიელესი ქვევრის ღვინითა და ჩემ მიერ შედგენილი ისტორიული მენიუთი გავუმასპინძლდებით. ის აუცილებლად გახდება საინტერესო უცხოელი ტურისტებისთვის - თბილისთან ახლოს ღვინით სავსე ქვევრებია და მეც არასოდეს დავიღლები ისტორიული კულინარიის შესახებ თხრობით.

- ქვევრები სად შეიძინეთ? როგორი უნდა იყოს, რომ მიწაში შენახულმა წლებს გაუძლოს?

- გვირჩიეს, ხარაგაულში გვეყიდა, მაინცდამაინც ზალიკო ბოჟაძის ნახელავი (ამ ოსტატის შესახებ "კვირის პალიტრა" 2013 წელს წერდა). ჩვენი ქვევრები ხარისხიანი მთის თიხით არის დამზადებული და ღვინოც გემრიელი უნდა გამოვიდეს. რადგანაც ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ჩვენს ეზოში ახლა, ფაქტობრივად, ძეგლს ვუვლით და სხვაგვარი განცდა და პატივია, როცა ისტორიას აცოცხლებ და განაგრძობ.

- რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც მსგავსი რამის გაკეთება უნდა?

- გავა წლები, ბევრი ოჯახი მიატოვებს კორპუსებს და სოფელში დაბრუნდება. თუმცა მთავრობამ სოფლებში ცხოვრების დონე უნდა გააუმჯობესოს.

წელიწადია, წოდორეთში ვცხოვრობთ და ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავაკითხეთ მცხეთა-მთიანეთის რაიონის ხელმძღვანელებს პრობლემებით. სამწუხაროდ, უყურადღებობას გადავაწყდით, გზა კვლავ შეუკეთებელია, გარე განათება არა გვაქვს და ეს ხდება აქვე, თბილისთან ახლოს... მთავრობამ სოფლებში ცხოვრების პროპაგანდა უნდა დაიწყოს და ამასთან, საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოს. ამის შემდეგ ბევრ ოჯახს გაუჩნდება სურვილი, სოფლად გადავიდეს საცხოვრებლად, სადაც გამოცდილებასაც შეიძენენ და ცხოვრებითაც დატკბებიან.

ლალი ფაცია