"მე ვარ და ჩემი ნაბადი" - კვირის პალიტრა

"მე ვარ და ჩემი ნაბადი"

"ნაბადში მწოლიარე კაცი წვიმისგან დაცულია, არც ქვეწარმავალი დაკბენს და არც კოღოები ეკარებიან"

"კარგი თოფი, კარგი ხმალი, კარგი ცხენი და ნაბადი" - აკაკი წერეთლისეული "ფორმულა" აჩვენებს, რა როლი ენიჭებოდა ძველ საქართველოში ნაბადს, და არა მხოლოდ საქართველოში, ის უაღრესად პოპულარული იყო მთელ კავკასიაში. ნაბადი მხედრის ჩაცმულობის განუყოფელი ატრიბუტი გახლდათ და მას მთელ საქართველოში ამზადებდნენ - საინგილოში, კახეთში, სამეგრელოში, სამურზაყანოში და სხვ. სამწუხაროდ, დღეს კარგი მენაბდეები თითზე ჩამოსათვლელი დარჩნენ, ნაბდის დამზადების ტექნოლოგიაც შეიცვალა, თუმცა მაინც შემორჩნენ ადამიანები, რომლებმაც ნამდვილი ქართული ნაბდისა და მენაბდეობის ფასი იციან. მათ შორის არის ეთნოგრაფი ნანული აზიკური, რომელიც მენაბდეობის დიდი ქომაგია.

- მენაბდეობა უძველესი დარგია, რომელიც მატყლის თელვით მიღებული ნაწარმისგან სხვადასხვა ნივთის შეკერვას გულისხმობს. ამაში შედის მწყემსური ნაბადი, თექა, პაჭიჭები, ქუდები, საკარვე ნაბდები, რომელსაც მგზავრობისას იყენებდნენ. ძველად სახელდახელოდ გაწყობილ ქოხის გადასახურავ მასალასაც ნაბადს ეძახდნენ: უზარმაზარ ნაჭერს მოთელავდნენ და იმასაც ნაბადი ერქვა. ზოგჯერ ხეებს დაასობდნენ და გარშემო საკარვე ნაბადს შემოახვევდნენ - ასეთი სახელდახელო სადგომი მწყემსებს წვიმისა და ქარისგან იცავდა. ყველაზე მეტად კი გავრცელებული იყო სამწყემსო ნაბდები, რომელთაც სამოსად იყენებდნენ. მთებში მოგზაურობისას, ვისაც ჭკუა აქვს, ნაბადს დღესაც იყენებს. ის კარავსაც ცვლის - ადამიანი შეიძლება ნაბადში ისე კარგად გაეხვიოს, რომ სხეულის არც ერთი ნაწილი არ უჩანდეს...

ორნაირი ნაბადი ითელებოდა: ბოჭკომაღალი, ანუ ხაოიანი, გრძელბეწვიანი ნაბადი იყო, რომელსაც თუშები ჭავლიანსაც ეძახდნენ, მეორე კი უხაოო, ანუ მოკლებეწვიანია. ძალიან კარგ ბოჭკომაღალ ნაბდებს თუშები ამზადებდნენ. საბედნიეროდ, მე მოვესწარი ქალებს, რომლებიც ნაბადს ძველი, ტრადიციული მეთოდით თელავდნენ.

თარგის მიხედვითაც ნაბადი ორნაირია: მხრიანი და რკალისებური. რკალისებური ნაბადი არის უძველესი ტიპის, რომელიც მოგზაურთა ჩანაწერებში წინააზიურ ქლამინდთან არის შედარებული. ნახევარწრისებრი ფორმის ნაბადს მოთელავდნენ, მერე ცენტრში საყელურს ამოჭრიდნენ, ტყავის თასმას მიაკერებდნენ და ნაბადიც მზად იყო. ის ჩვენმა ხალხმა მე-19 საუკუნის ბოლომდე შემოინახა. რკალისებურ ნაბადს სამეგრელოშიც ამზადებდნენ, მერე კი მისი ადგილი თანდათან დაიკავა მხრიანმა ნაბადმა, რომელიც მთელ კავკასიაში იყო გავრცელებული. მხრიანი ნაბადი შეიძლება იყოს მხრებგაკერილიც და მხრებგაუკერავიც. სამეგრელოში, მხრებგაუკერავ ნაბდებსაც ამზადებდნენ, ისევე როგორც მეზობელ დაღესტანში. ზოგიერთ ნაბადს მხრები სწორი აქვს, ზოგს კი ოდნავ ზეაქნილი. მეფის რუსეთის დროს ნაბდის დამზადების დიდი ცენტრები იყო ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში, დონის კაზაკთა შენაერთისთვის საქართველოში 100 ათასი ცალი ნაბადი მზადდებოდა, დაღესტანი კი ამ საქმის ცენტრად იყო მიჩნეული. ასეა დღესაც.

- ნაბადი მწყემსის ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ მას ყოველდღიურ ყოფაშიც მოიხმარდნენ. რატომ?

- ნაბადი უაღრესად მოსახერხებელია, მწყემსისთვის მოსასვენებელიც არის და ქარ-წვიმისგან დაცვის საშუალებაც. ამიტომ ნაბდებს იყენებდნენ მეომრები, მონადირეები, შორ გზაზე მიმავლები... ცხენის უნაგირზე დაკრული ნაბადი მუდამ თან დაჰქონდათ და თუ წვიმაში მოხვდებოდნენ, ნაბადი ცხენსაც იფარავდა და მხედარსაც. ღამითაც გადაიფარებდნენ და თავს დაცულად გრძნობდნენ.

რაც უნდა ნესტიან ადგილას დაწვე, ნაბადი ნესტსა და სიგრილეს შენამდე არ მოუშვებს. თავსხმა წვიმაშიც კი ნაბადი ადამიანს ერთ ღამეს მშრალად ინახავს. ამავე დროს, ნაბდის ხაოს ქვეწარმავლები და კოღოებიც ერიდებიან და არც ნაბადში მწოლიარე კაცს დაკბენენ.

ძველად ჩალიან ტახტებზე ნაბდებს გადააფენდნენ და ისე იძინებდნენ. იცით, ეს რა კარგი იყო ჯანმრთელობისთვის? ამიტომაც ურჩევენ სუფთა მატყლის სამოსის ტარებას, ვისაც ფილტვების დაავადება აქვს. თუ ადამიანს ფილტვში წყალი აქვს, სუფთა მატყლის პერანგი შიშველ სხეულზე უნდა ჩაიცვას, მატყლს სინესტე უექიმოდ და უნემსოდ გამოაქვს ორგანიზმიდან, ოღონდ ხელით უნდა იყოს დაჩეჩილი და არა მექანიკური საჩეჩლით, რომელიც ბოჭკოს აზიანებს. მატყლის სამოსი ძალიან კარგია რადიკულიტის, იშიაზის, ღვიძლის დაავადებების დროსაც. მატყლის წინდებიც კარგია ჯანმრთელობისთვის.

- როგორ მზადდება ნაბადი?

- საუკეთესოა ზაფხულის მატყლი, განსაკუთრებით, კრავისა, ანუ კრაველი. ბატკანი პირველად რომ გაიპარსება, მისი მატყლი საუკეთესო მასალაა ნაბდისთვის. საუკეთესოდ ითვლება შემოდგომის, ახალგაზრდა დედალი ცხვრის მატყლიც. ჯერ ცხვარს გაპარსავენ და ერთ კვანძად შეკრავენ, მერე ზედმეტი მინარევებისგან გაასუფთავებენ, კარგად გაარჩევენ, დაახარისხებენ და გარეცხავენ. გარეცხვა ცივ წყალში უკეთესია. პირველად წყალი თხელ ყინულს რომ მოიდებდა, მაშინ რეცხავდნენ, მერე კი გააშრობდნენ. მოთელვისთვის საუკეთესო დრო იყო გაზაფხული, თუ არ ჩქარობდნენ, შემოდგომით ნაბადს არ თელავდნენ. გარეცხილ მატყლს საჩეჩელზე გაჩეჩავდნენ და რამდენჯერმე კარგად რომ დავარცხნიდნენ, ძირწვერიანად ამოწეწავდნენ. უკვე გამშრალ მატყლს დააწყობდნენ და შინდის წკეპლებით გაპენტავდნენ. კარგად მახსოვს, როგორ პრიალებდა წკეპლები მრავალგზის გამოყენებისგან. მატყლს სულ ჰაერში ისროდნენ და შინდის ჯოხებს ერთმანეთს ურტყამდნენ. გაპენტილ მატყლს თანაბარი სისქით დააფენდნენ მოსათელ ფონზე. ამას ნაბდის დაგება ერქვა. ეს ტერმინი საინგილოდან გავრცელდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. უკვე დაგებულ მატყლს ცხელ წყალს დააპკურებენ, წყალი ძალიან ცოტა უნდა იყოს, ფრთხილად უნდა დაინამოს ქაფქაფა წყლით ისე, რომ მატყლმა შეისრუტოს. ამის შემდეგ გადაახვევდნენ და დიდხანს თელავდნენ, ზოგჯერ ფეხითაც კი. მატყლის მოსათელად საუკეთესო მასალაა ჭილოფი, თუმცა ძველ ფარდაგსაც იყენებდნენ. ახლა ბრეზენტსაც იყენებენ და სხვა მასალებსაც. თუ შეატყობენ, რომ კარგად მოთელილი არ არის, ან თხელია, კიდევ მოთელავენ, რომ სისქე შეიძინოს. ამბობენ, სანაბდე მასალა ისე უნდა იყოს მოთელილი, რომ გასროლილი ნაბადი ფეხზე დადგესო. კარგი ნაბადი არ უნდა იკეცებოდეს. კარგად მოთელილი ნაბადი არც წვიმას ატარებს და კვეთასაც უძლებს. ძველად ნაბდის ქუდებით მტერსაც კი იგერიებდნენ, სატევარს იჭერდნენ.

ნაბდის მოთელვას რომ მორჩებიან, გულმკერდის არეში სატინის სარჩულს უკეთებენ და საყელოს ტყავის ყაითნით შემოქობავენ, რომ ლამაზი იყოს. გული მტკივა, რომ ეს ძველი ტექნოლოგია დაიკარგა, ახლა წებოსაც იყენებენ, რომ ნაბადი არ იკეცებოდეს. სხვა ხერხებსაც მიმართავენ.

იმავე ტექნოლოგიით ითელება ბოჭკომაღალი, ანუ ხაოიანი ნაბადი, ოღონდ აქ უკვე მატყლის გადარჩევაა საჭირო. თუ პირველ შემთხვევაში მატყლს ერთიანად ჩეჩავდნენ, ხაოიანისთვის გრძელბეწვიან მატყლს გადაარჩევდნენ ცალკე, დაჩეჩავდნენ და მას პირველ ფენად იყენებდნენ, შემდეგ კი ისე თელავდნენ, როგორც უხაოო ნაბადს, ოღონდ მატყლს დიდხანს ვარცხნიდნენ, რომ ბოჭკო მაღლა ამოსულიყო. გამზადებული ნაბადი მზეზე არ უნდა გაშრეს, რადგან მოჩვარული და რბილი გახდება. მზეზე ნაბდის ქსოვილი არ უნდა დააფინოთ, არც გადაფინოთ, რადგან როცა სველია, ჩამოიწელება და გაწყდება. ნაბადს ჩრდილიან ადგილას აშრობენ, რომელიც კარგად ნიავდება. მატყლის ფთილებს აქვს უნარი, მოთელვის შედეგად ერთმანეთს მიეწებოს.

- რომელ კუთხეში ამზადებდნენ ყველაზე ხარისხიან ნაბდებს?

- დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. სამეგრელოში, დაბა ჯვარში, ჭანტურიების ოჯახი ამზადებდა ძალიან მაღალი ხარისხის ბოჭკომაღალ ნაბდებს, შავსაც და თეთრსაც. დღეს ნაბდებს თელავენ ზემო ალვანში, დიმიტრი არინდაულის სახელოსნოში, ასევე პანკისის ხეობაში, ქვემო ალვანშიც. მენაბდეობა ჩვენ უხსოვარი დროიდან, ჯერ კიდევ III-IV ათასწლეულიდან გვქონდა, ახლა კი რატომღაც გადასძალა ტერმინმა "თექამ". თექა ნაბდის ნაწარმია - მოთელილი მატყლისგან ნაბადიც მზადდება და თექაც იკერება. შევთავაზე, ტერმინი "მენაბდე" შემოვიღოთ-მეთქი, მაგრამ რატომღაც ეხამუშათ, ძველებურად ჟღერსო.

საქართველოში უხსოვარი დროიდან არსებობს ეს დარგი და არის სპეციალობა - მენაბდე. თექა მოთელილი ნაბდის ნაჭრისგან იკერება და არ შეიძლება, ეს ტერმინი ყველაფერზე განზოგადდეს. "თექის ოსტატი" არ არსებობს. ის ჩემ თვალწინ, 21-ე საუკუნეში შეიქმნა და ამ ტერმინების აღრევის გამო ძალიან მწყდება გული. ქართველებს თავისი სიტყვა აქვთ ნათქვამი უძველეს დარგში - მენაბდეობაში და რატომ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს, არ მესმის!

ხათუნა ჩიგოგიძე