"ოქროს" მკურნალი ხარისხის ნიშნით - კვირის პალიტრა

"ოქროს" მკურნალი ხარისხის ნიშნით

"ევროპული ბაზარი ჩვენთვის ჩაკეტილია, აკრძალულია იქ ჩვენი დედა ფუტკრის გაყვანა, ის თურქ მომხმარებლებს გააქვთ"

"ბოლო დროს ათასობით გრძელხორთუმიან დედა ფუტკარს ინტენსიურად ვამრავლებთ და მისი რაოდენობის გაზრდაც იგეგმება. თურქეთში მილიონობით ასეთი "დედა" გაჰყავთ. ვამარაგებთ როგორც გარე ბაზარს, ასევე - შიდას"

ფუტკარი სამყაროში უხსოვარი დროიდან, ადამიანის მოდგმამდე გაჩნდა და სწორედ ის არის დედამიწაზე ეკოსისტემის მდგრადობის გარანტი. გვესაუბრება როლანდ ზირაქაშვილი, მეფუტკრეობის სპეციალისტი და ამ დარგის სწავლული ზოოტექნიკოსი.

- 2013 წელს ჩამოვაყალიბეთ სააქციო საზოგადოება "აპი ფიტო" ("აპი" - ფუტკარი, "ფიტო" - მცენარე). დღეს ამ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მსხვილი აქციონერი გახლავართ. თავიდან 8 მეფუტკრე ვიყავით, 100 ოჯახზე მეტი ფუტკარი გვყავდა და იმ წელს კარგი შემოსავალიც მივიღეთ. ცოტა ხანში ფუტკრის რაოდენობა გავაორმაგეთ და მეფუტკრეობა გავაძლიერეთ, მაგრამ მომდევნო ორი წელი ვერ იყო ისეთივე მოსავლიანი და მესამე წელიწადია, გაზაფხულის თაფლს (მაისის თაფლს) ვერ ვიღებთ.

- მიზეზი რა არის?

- ბუნებაში არსებობს მოსავლიანი და მოუსავლიანი პერიოდები, ისინი ერთმანეთს ენაცვლება, რასაც მზეზე მიმდინარე პროცესები, რადიაცია, ციური სხეულები და კიდევ ბევრი რამ განსაზღვრავს.

- ამას როგორ ებრძვით?

- სარეალიზაციო სისტემა შევქმენით, გავხსენით რამდენიმე ცენტრალური ობიექტი, რომლებიც მომხმარებელს ჩვენს პროდუქციას სთავაზობს. ორგანიზაცია მდგრადია, ფუტკრის ოჯახებს საშიშროება არ ემუქრება. 700 ოჯახზე მეტია და გაისად 800-900 ოჯახამდე გვეყოლება. ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი საზოგადოებრივი მეურნეობაა და ქართულ ნედლეულზე დაფუძნებულ, ნატურალურ პროდუქტებს ვაწარმოებთ.

- თქვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება, როგორც ვიცი, სამკურნალოა...

- მეფუტკრეობის შვიდივე პროდუქტი, რომლებსაც ვაწარმოებთ, სამკურნალოა. მოსახლეობა უძველესი დროიდან იყენებდა მათ ხალხური მედიცინის კომპონენტებისთვის. ესენია: თაფლი, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, ჭეო (ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს, ფიჭის უჯრედებში ინახავს და თაფლთან ერთად აკონსერვებს), ფუტკრის შხამი, პროპოლისი.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიურმა მრეწველობამ თანამედროვე პრეპარატები ჩაანაცვლა, ხალხურ პროდუქტებზე მოთხოვნილება და ფასებიც ყოველწლიურად იზრდება.

- თქვენ დედა ფუტკრის ექსპორტსაც ეწევით...

- დედა ფუტკრების გამრავლებას საქართველოში თითქმის საუკუნის ისტორია აქვს. ამ დარგში მომუშავე უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, პირველ რიგში, ქართულ ფუტკარს სწავლობდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს და მერე ქართველმა მეცნიერებმა დააზუსტეს, რომ

ქართული დედა ფუტკარი და ფუტკრის ოჯახი ღალიანობის დროს (ბუნებაში თაფლის მოპოვება) ყველაზე მაღალპროდუქტიულია. ის ყველაზე გრძელხორთუმიანია (ჩვენს ბუნებრივ პირობებში ჩამოუყალიბდა ასეთი ხორთუმი). ეს მსოფლიომ აიტაცა, ამიტომაც ჩვენს ფუტკარზე მოთხოვნა კომუნისტების დროსაც კი არსებობდა და დღესაც ასეა.

მასზე მუშაობენ თურქეთისა და რუსეთის საფუტკრეები. ბოლო დროს ათასობით გრძელხორთუმიან დედა ფუტკარს ინტენსიურად ვამრავლებთ და მისი რაოდენობის გაზრდაც იგეგმება. თურქეთში მილიონობით ასეთი "დედა" გაჰყავთ. ვამარაგებთ როგორც გარე ბაზარს, ასევე - შიდას.

ევროპული ბაზარი ჩვენთვის ჩაკეტილია, აკრძალულია იქ ჩვენი დედა ფუტკრის გაყვანა, ის თურქ მომხმარებლებს გაჰყავთ.

- რამდენ ხანს ცოცხლობს დედა ფუტკარი?

- 5-დან 8 წლამდე. ეს დამოკიდებულია მისი გამოყვანის ტექნიკაზე, რაც მხოლოდ მეფუტკრეობის კვალიფიციურ სპეციალისტებს ხელეწიფებათ.

- თაფლი სად იწარმოება?

- ჩვენი საფუტკრეები მთელ საქართველოშია გაშლილი. მოპოვება ადრე გაზაფხულიდან იწყება და შემოდგომამდე გრძელდება. მაგალითად, ახლა, გვიან შემოდგომით, ოქროწკეპლის სეზონია - ასეთი თაფლოვანიც არსებობს, რომელიც დასავლეთ საქართველოს ზონებში, ზღვისპირეთში ოქროსფრად ყვავის. 3,5 მეტრი იზრდება და 2 თვის განმავლობაში იძლევა ნექტარს, რომელსაც ფუტკარი გადაამუშავებს. უძვირფასესი თაფლია. მასზე მოთხოვნა დიდია, ბევრი იყიდება, პრაქტიკულად, არ რჩება.

- ციტრუსისა და დეკის თაფლიც გაქვთ - ეს ბევრისთვის სიახლეა.

- გაზაფხულზე, როცა პირველი ღალიანობა იწყება, სუბტროპიკულ ზონებში ვიწყებთ საქმიანობას. იწყება ციტრუსებით, მერე მოსდევს აკაცია, ცაცხვი, წაბლი. როცა ღალიანობა მდელოზეც იწყება, საფუტკრეები ყვარელსა და ლაგოდეხის რაიონის ზონაში გადმოგვაქვს, რადგანაც უხვღალიანი ადგილებია. წაბლის თაფლი ზღვისპირეთსა და იმერეთის ზონაშია ჭარბად, დეკა - დუშეთის მაღალმთიან ზონებში მოიპოვება. მიკროზონებია და უმნიშვნელო რაოდენობითაა, თუმცა, წლეულს პირველად ვაწარმოეთ დეკას თაფლი და მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ყველაზე ძვირად ღირებულია.

- მიმდინარე ინფლაციური პროცესები საქმიანობაში ხელს არ გიშლით?

- ეს პროცესები პირდაპირ აისახა ჩვენი პროდუქციის მომხმარებელზე. მაგრამ მას თანამედროვე ტექნოლოგიებით ვუპირისპირდებით, რომლებსაც საფუტკრეებში იმისთვის ვნერგავთ, რომ წარმოება გავაიაფოთ და ჩვენი პროდუქცია ძალიან არ გავაძვიროთ. მართალია, ბაზარზე მომხმარებლის რაოდენობა შემცირდა, მაგრამ ამას ახალი ობიექტების გახსნით, ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებითა და ახალი პროდუქტებით დავუპირისპირდით.

ზაზა ბააზოვი, "აპი ფიტოს" მარკეტმენეჯერი და ერთ-ერთი აქციონერი:

- ჩვენი საზოგადოება ბევრი მიმართულებით საქმიანობს, ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოვარჩევდი ხარისხის კონტროლსა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ მეფუტკრეობა მრავალსაუკუნოვანი დარგია, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას სრულად არ აქვს გაცნობიერებული ამ პროდუქტის სპეციფიკა. ხშირად არ ვიცით, თაფლი როგორ მივიღოთ და რა რაოდენობით.

მეფუტკრეობის დანარჩენ პროდუქტზე ხომ ლაპარაკიც არ არის - ბევრი მათ არც კი იცნობს, ამიტომ მომხმარებლისთვის ამ პროდუქტებზე ინფორმაციის მიწოდება და ამის თანამედროვე ფორმის მოძებნა გვინდოდა. ეს ნაწილობრივ მოვახერხეთ, ნდობის მოპოვებაც შევძელით...

ახლა ჩვენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ეყრება საფუძველი. ეს არის ხარისხის ნიშანი - "ოქროს ფუტკარი", რომელიც ხარისხიან პროდუქციაზეც გაიცემა. მომწოდებელთანაც გვექნება ურთიერთობა და მასაც გადავცემთ.

ვისაც ჩვენთან თანამშრომლობა სურს, ჩვენი ნედლეულითა და ბრენდით, შეგვიძლია, საწარმოს აწყობაც შევთავაზოთ. ყველაფერს თვალყურს მივადევნებთ და პროდუქციას ჩვენვე გავიტანთ ბაზარზე. ამ შემთხვევაშიც "ოქროს ფუტკრის" ნიშანი იმუშავებს. ცუდი ის არის, რომ ვერ მოვხვდით დაფინანსების პროგრამაში, რაც კოოპერატივების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. კოოპერატივების კანონი სააქციო საზოგადოების მხარდაჭერას არ ითვალისწინებს, არადა, დახმარება მართლაც გვჭირდება.

ლალი ფაცია