ჭალაში ერთმა "მერცხალამ" "გაზაფხული" მოიყვანა - კვირის პალიტრა

ჭალაში ერთმა "მერცხალამ" "გაზაფხული" მოიყვანა

სოფელი ჭალა საქართველოს ბევრ კუთხეშია. ჩვენ მაღალმთიანი აჭარის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის შესახებ გიამბობთ.

როცა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის უფროსს, ბატონ ავთანდილ კაკალაძეს ვკითხე, შუახევში რა სიახლეებია-მეთქი, არც დაფიქრებულა, ისე მომიგო - ჩვენი სოფელი ერთადერთია მთელ ქვეყანაში, რომლის გლეხობამ სოფლის მეურნეობის ბრენდი შექმნა, თანაც ისე, კაციშვილი არ დახმარებიაო. თურმე აქაურებს მოუყვანიათ უნიკალური ბულგარული წიწაკა, რომლის გასაყიდად ჭალელებს არსად წასვლა არ სჭირდებათ, მყიდველები სახლებში აკითხავენ.

ავთანდილ კაკალაძე: - დაახლოებით, 20 წლის წინ, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე წლებში, როცა ხალხი თავის სარჩენად ლუკმაპურს დაეძებდა, ერთმა ჭალელმა გლეხმა თამაზ ჭაღალიძემ ბულგარული წიწაკის თესლი დათესა, ჩითილები გამოიყვანა და ნაკვეთში გადარგო. წიწაკის ნერგები გალაღდა, აყვავდა და იმდენი დაისხა, ოჯახი გააოცა. ზაფხულის ბოლოს ისეთი მოსავალი მოიყვანეს, ბათუმის ბაზარში ჩატანილი დახლამდეც არ მიატანინეს გადამყიდველებმა. ოჯახმა ამოისუნთქა და მეორე წელს უფრო მეტი წიწაკა მოიყვანა, მერე კი თამაზმა ნათესები გააფართოვა და თესლი მთელ სოფელს დაურიგა. ასე გავრცელდა თამაზ ჭაღალიძის ბაღის წიწაკა სოფელში და იქცა ბრენდად, რომელსაც უკვე მთელ საქართველოში იცნობენ.

- მანამდე სოფელში ბულგარულ წიწაკას არ თესავდნენ?

- როგორ არა, ჩვენებური მწარე წიწაკაც ბევრი ჰქონდათ და ე.წ. ბულგარულიც, მაგრამ არც ერთი არ მოდიოდა ისეთი ხარისხიანი, როგორიც "მერცხალაა" (ჭალაში ამ წიწაკას ყველა ასე ეძახის). როგორც ჩანს, სწორედ ამ სოფელში დახვდა თესლს ისეთი ნიადაგი, როგორიც სჭირდებოდა. ეს წიწაკა სხვაგანაც დათესეს, მაგრამ ისეთი ვერ მოვიდა. დღეს ჭალაში 200 ტონა წიწაკა მოდის. გლეხს სეზონზე 10 000 ლარზე მეტი რჩება და როცა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაც მოგყავს და პირუტყვიც გყავს, ეს კარგი შემოსავალია. ახლა ფიქრობენ, რომ ჭალაში წიწაკის გადამმუშავებელი საკონსერვო ქარხანაც აშენდეს.

- სადაც ასეთი დიდი მოსავალია, მისი განადგურების საშიშროებაც არსებობს - მავნებლები, რომლებიც რაც უფრო დიდია პლანტაცია, მით მეტად მრავლდებიან და პლანტაციასაც ანადგურებენ.

- ჩვენი სამსახური სწორედ ამისთვის არის. წიწაკის ნათესებს წლების მანძილზე მავნებელი არ მიჰკარებია, მაგრამ როგორც კი გაჩნდა, სპეციალური პროგრამები შევიმუშავეთ, ხალხს დავუძახეთ და ავუხსენით, მათთან როგორ ებრძოლა.

- "მერცხალას" მოყვანის სურვილი სხვა სოფლებშიც გაუჩნდებოდათ.

- როცა დაინახეს, რომ ჭალელები მოსავალს კარგად ყიდიან, მისი მოყვანა სხვა სოფლებშიც მოინდომეს. ჭალა ჭვანის თემშია. ამ თემიდან წიწაკა მიმდებარე სოფლებში - ზამლეთისა და უჩამბას თემებში - გავრცელდა და კარგი მოსავალიც მიიღეს, სხვა სოფლებში კი წიწაკის მოსავალი ისეთი ხარისხიანი ვერ არის, როგორიც ჭალაში.

თამაზ ჭაღალიძემაც გვიამბო, როგორ დააყენა მისმა "მერცხალამ" ფეხზე სოფელი: - წიწაკის თესლს თებერვლის ბოლოს პატარა ყუთებში შინ ვთესავ. "მერცხალაც" ასე დავთესე და ჩითილები აპრილში 1 000 კვმ ფართობზე გადავრგე. წინასწარ, სანამ დავრგავდი, ნიადაგში გადამწვარი ნაკელი შევიტანე (ერთ ჰექტარზე 40-60 ტონა გადამწვარი ნაკელი შეგვაქვს), დარგვის წინ კი - მინერალური სასუქებიც. ჩითილის დარგვიდან 4-5 კვირის შემდეგ "მერცხალამ" დაიყვავილა და მოსხმა დაიწყო. 3 ტონა მოსავალი მივიღე. მეორე წელიწადს უფრო მეტი დავთესე, მესამე წელს კი უკვე 5 000 კვადრატულ მეტრზე დავთესე. მეზობლებმა რომ დაინახეს, წიწაკამ ამომასუნთქა, თესლი მთხოვეს.

- კონკურენციის არ შეგეშინდათ?

- რომელი კონკურენციის?! ჩვენი ბაზარი ღარიბია ჯანსაღი პროდუქტით!

- ერთი ძირი "მერცხალა" რამდენს ისხამს?

- ნახევარი კილოგრამიდან 800 გრამამდე და ნელ-ნელა მწიფდება. აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე ვკრეფთ. წინასწარ გვირეკავენ ქალაქიდან, გვეუბნებიან, ამდენი და ამდენი მოგვიკრიფეთო და ჩვენც ვუკრეფთ. მერე მოდიან და მიაქვთ.

ბულგარული წიწაკა გამძლე ბაღჩეულია, 10 დღე უძლებს მაცივრის გარეშე ტრანსპორტით გადატანას.

- თქვენ რამდენი "მერცხალა" მოგყავთ?

- დაახლოებით 6-7 ტონა. ნაკვეთს მე და ჩემი მეუღლე ვამუშავებთ. ჩვენი შვილები სწავლობენ, მაგრამ როცა სოფელში არიან, ისინიც გვეხმარებიან. სხვა ოჯახებს უფრო მეტიც მოჰყავთ.

- რა შემოსავალს იღებთ წელიწადში?

- 10 000 ლარს და მეტს. გააჩნია, როგორი წელიწადია. წელს, მაგალითად, სიცხემ ძალიან შემოგვიტია, წიწაკაც დაგვეწვა, მაგრამ დიდი ნაწილი გადავარჩინეთ. ჩვენდა საბედნიეროდ, სოფელში ძველი სარწყავი არხი გვაქვს, რომელსაც თვალისჩინივით ვუვლით და ვუფრთხილდებით.

- ბედნიერებაა, რომ სოფელს ასეთი შემოსავლის წყარო გაუჩნდა...

- მართლაც ბედნიერებაა. მიხარია, როცა ჩემი მეზობლები სახლებს აშენებენ და მანქანებსა და ავეჯს ყიდულობენ. ღმერთმა ქნას, ასეთი სიმდიდრე მთელ ჩვენს ქვეყანას მიეცეს.