სასარგებლო მენიუ "მოქეიფე" ჩიტებისთვის - კვირის პალიტრა

სასარგებლო მენიუ "მოქეიფე" ჩიტებისთვის

ფრინველებს პური კი არა, ქონი ჰყვარებიათ

ზამთრის ცივ ამინდში მობუზული ფრინველების დანახვისას, ალბათ, თქვენც გაგჩენიათ მათი დახმარების სურვილი. როგორ დავეხმაროთ ამ ლამაზ არსებებს ზამთრის გადატანაში? - ამის შესახებ ორნითოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ.

- ფრინველები ადვილად იტანენ ტემპერატურის ცვლილებას - სიცხესაც და სიცივესაც. ზოგი ციმბირშიც კი რჩება და მთელ ზამთარს იქ ატარებს. ფრინველებს სხეული დაფარული აქვთ, რაც სიცივის ყველაზე ცუდი გამტარია. ამიტომაც არის მიჩნეული ბუმბულის ქურთუკები ყველაზე თბილ სამოსად. ზამთარში ფრინველების მთავარი პრობლემა საკვების მოპოვებაა. მათ ენერგიისა და სითბოს შესანარჩუნებლად ზამთარში სჭირდებათ მეტი საკვები, რაც ძნელი მოსაპოვებელია. ამიტომაც უჭირთ ამ სეზონის გადატანა.

- დიდი ფრინველები ზამთარში თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, აქ კი სუსტები რჩებიან. ეს რით აიხსნება?

- ამის მიზეზიც საკვებია. მიფრინავენ ის ფრინველები, რომლებიც, ძირითადად, მწერებით ან ხილით იკვებებიან. აქ დარჩენილები კი მცენარეებითა და თესლით იკვებებიან.

- ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია ფრინველების მოვლა და მათი გამოკვება.

- უპირველესად, საგანგებო საკვებურებს ამზადებენ თავიანთ საცხოვრებელთან ახლოს. ბერდვოჩინგი ანუ ფრინველების შესწავლა-დაკვირვება მათი გატაცებაა. ეს ვეებერთელა ინდუსტრიაა: იყიდება საკვები, მზა საკვებურები, წიგნები ფრინველების მოვლაზე და მილიარდებიანი ბრუნვა აქვს. ეს დარგი განვითარებულია დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სკანდინავიის ქვეყნებში.

- თბილისის მოსახლეობის უმეტესობა კორპუსებში ცხოვრობს. ისინი როგორ შეძლებენ ფრინველის გამოკვებას?

- კორპუსებთანაც არის პატარა ბაღები, სადაც შეიძლება საკვებურების მოწყობა.

სხვადასხვა სახეობის ფრინველს სხვადასხვა საკვებური სჭირდება. ბეღურებს, მტრედებს, შაშვებს ან გვრიტებს უფრო დიდი საკვებური მოსწონთ. მათთვის მიწაზეც შეგიძლიათ შეარჩიოთ ადგილი. ასეთი საკვებურის მოწყობა აივნებზეც შეიძლება, ხოლო თუ სადმე ახლოს პარკია, შეიძლება შაშვებიც მოფრინდნენ დასანაყრებლად.

ფრინველებს არ მოსწონთ, როცა საკვებური ზემოდან არის დახურული. უბრალო საკვებურის დამზადება ადვილია: შეჭედავთ ბრტყელ პლატფორმას და მასზე საკვებს დაყრით. თუ კორპუსში ცხოვრობთ, საკვებური შეიძლება აივანს მიაკრათ, ან ფანჯრის რაფასთან გააკეთოთ.

საკვებურის დამზადება ხისგან ან ფანერისგანაც შეიძლება, მაგრამ მერქანი წვიმისა და თოვლისგან ზიანდება, ამიტომ ლითონის სჯობს.

არსებობს გადახურული საკვებურიც - წვიმისა და თოვლისგან დასაცავად. ისეთივე პლატფორმას აკეთებენ, ოღონდ გადახურავენ. კორპუსის აივანზე თოვლის გადაწმენდა ადვილია, მაგრამ თუ საკვებური ბაღში ან პარკშია, მისი მოვლა ძნელია.

- კიდევ რა ტიპის საკვებურები არსებობს?

- მსოფლიოში პოპულარულია მილის ფორმის საკვებური. უცხოეთში ასეთ საკვებურებში მიწის თხილსა და ნიგოზსაც ყრიან. როგორც წესი, მილის ტიპის საკვებური ჩამოკიდებულია. ხშირად მას ხეებზეც კიდებენ. ეს უფრო წივწივებისა და ჩიტბატონებისთვის განკუთვნილი საკვებურია, რომლებიც ხეებზე ცხოვრობენ.

მილის ტიპის საკვებური იმით არის კარგი, რომ მასში ჩაყრილი მარცვლეული არ იბნევა. ასეთი საკვებურის დამზადება კუსტარულადაც შეიძლება 1-1,5-ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლისგან. არის გალიის ტიპის, ლითონის ბადისაგან დამზადებული საკვებურებიც, რომელშიც ქონის ნაჭერს ათავსებენ.

ფრინველებს ქონი ძალიან უყვართ, განსაკუთრებით, წივწივებსა და კოდალებს. კარგ საკვებურებს აკეთებენ მორისგან - მას ბევრ ნახვრეტს უკეთებენ და შიგნით ქონს ტენიან. ისიც მინახავს, როგორ ჰკიდებენ ქონის ნაჭერს ხეზე ფრინველების დასაპურებლად. უცხოეთში იყიდება სპეციალური გუნდები, რომელსაც ქონისა და მარცვლეულის შერევით ამზადებენ. ამ გუნდებს პლასტმასის ბადეში დებენ და ფრინველებს კვებავენ.

საკვებურების მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ უნდა დავასახელო საკვებური, რომელშიც შაქარწყალს ანუ ნექტარს ათავსებენ. თუმცა, ის ჩვენთან არ გამოდგება, რადგან საქართველოში ნექტრის მჭამელი ფრინველები არ ბინადრობენ. ის უფრო კოლიბრებისთვის არის განკუთვნილი.

- მართებულია თუ არა ფრინველებისთვის პურის ნამცეცების დაყრა?

- პურის ნამცეცები არ არის სასარგებლო ფრინველისთვის, სჯობს მზესუმზირა, ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვ. დიდ ფრინველებს, მაგალითად, მტრედებს, ძალიან მოსწონთ სიმინდი, პატარა ჩიტები კი წვრილ მარცვლეულს ამჯობინებენ. მზესუმზირა არის უნივერსალური საკვები, რომელსაც ყველა ფრინველი სიამოვნებით მიირთმევს. მით უმეტეს, რომ ეს მცენარე ზეთოვანია და მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით გამოირჩევა. არანაკლებ სასარგებლოა ხორბალი და ქერი. ამ საკვებზე ჩვენი პატარა მეგობრები უარს არასოდეს ამბობენ.

ხათუნა ჩიგოგიძე