იასამანი მეორედ აყვავდა!
16-11-2015
იასამანი მეორედ აყვავდა!
ლანჩხუთის რაიონში აკეთი ლამაზი ისტორიული სოფელია. 1841 წლის გურიის აჯანყების მოთავეები სწორედ აკეთელი გლეხები გახლდნენ. სოფელში თიხნარი ნიადაგია და აქაურებიც ოდითგანვე განთქმული იყვნენ თიხის ნაკეთობებით...

გასულ კვირას კი ჩხაიძეების ოჯახში იასამანი მეორედ აყვავდა. ასეთ ფაქტს სოფელში ვერავინ იხსენებს.

ნანა ჩხაიძე, ჟურნალისტი: - აკეთელი ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობ. მშობლები ახლაც იქ არიან. ყვავილები ძალიან გვიყვარს და ჩვენს ეზოში უამრავი ყვავილია. ჩემს ბავშვობაში მამას გორიდან ვარდის ლამაზი ჯიშები ჩამოჰქონდა, რომლებსაც ვამყნობდით და
სულ გვქონდა სურნელოვანი ყვავილები, არადა, მცენარისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი ნიადაგი არ გვაქვს - აქ, ძირითადად, თიხნარია, ამიტომ მიწას მდინარის ნაპირიდან მოტანილი შავი მიწითა და სხვა მინერალებით ვანოყიერებდით.
ერთი უზარმაზარი კაქტუსიც გვქონდა, 6 კვმ ფართობი ეკავა, მაგრამ პატარები ეზოში რომ დარბოდნენ, ეჯახებოდნენ და დედამ ახლახან მოჭრა. არადა,
მისგან შესანიშნავ ტეკილას აყენებდა. თანაც, ყველა ფოთოლზე სხვადასხვა ფერის ყვავილი გამოჰქონდა.
ჩვენს ეზოში ყვავის მინდვრის ყვავილები, გაზაფხულის პირველი მახარობლები - ენძელა, ნარცისი, ია, ტიტა, ვარდი, კალა, ქრიზანთემა. იასამანიც კარგად ხარობს.

- წლეულს ნოემბერში თქვენმა იასამანმა­ სიურპრიზი მოგიწყოთ - მეორედ აყვავდა.
- მან ნამდვილი სასწაული მოახდინა. ეს ამბავი ყველაზე მეტად მე მახარებს, რადგან 14 წლის ვიყავი, ეს ნერგი საკუთარი ხელით რომ დავრგე. ძალიან პატარა იყო, როცა პირველი ყვავილი გამოიტანა. იმის მერე გამრავლდა, ფესვები გაუძლიერდა და ყოველ წელს ახალ ნერგს ამოიყრიდა ხოლმე.
გასულ კვირას დედამ დამირეკა და მახარა - ჩვენს ეზოში იასამანი აყვავდა, ისეთი სურნელი ტრიალებს,­ გაზაფხული გეგონებაო.
ყვავილი მეც გამომიგზავნა. მართლაც ისეთივე ფერი და სურნელი აქვს, როგორიც გაზაფხულზე. რაც მთავარია, ხასხასა მწვანე ფოთლები აქვს. ასეთი რამ ჩვენს სოფელში არავის ახსოვს.
დარგვიდან 20 წლის შემდეგ ჩემმა იასამანმა ისეთი სიხარული მომანიჭა, მგონია, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახლისა და კარგის ნიშანი უნდა იყოს.
ჩვენ სპეციალისტსაც დავუკავშირდით, რომელსაც ვკითხეთ, რას შეიძლებოდა გამოეწვია შემოდგომაზე იასამნის აყვავება.

მაია ქურდაძე, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სპეციალისტი:
- ზოგჯერ ზაფ­ხულში მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსის ფარგლებში) 2-3 კვირაზე მეტხანს გრძელდება. ამ დროს სასიცოცხლო პროცესები­ ნელდება და მინიმუმამდე ეცემა. მაღალ ტემპერატურას თუ გვალვაც დაერთო, მცენარეები განსაკუთრებით ითრგუნებიან. შესაბამისად, როცა შემოდგომისას ტემპერატურა და მზის მცხუნვარება იკლებს, მცენარე იღვიძებს, სასიცოცხლო პროცესები აქტიურდება და იწყება განმეორებითი ყვავილობა... ასეთ დროს ყვავილი შედარებით სუსტი და მეჩხერია.

- მაგრამ აკეთში აყვავებულ იასამანს არ აქვს სუსტი ყვავილი...
- ალბათ, რაღაც გამორჩეული შემთხვე­ვაა. ჩვენს პირობებშიც აყვავებულა შემოდგომით იასამანი, ვარდი, ცხრატყავა, მაგნოლია. წლეულს არღავანსაც გამოაჩნდა კვირტები. ორიოდე წლის წინ კი ზამთრის პირამდე მთელ თბილისშAი ზამბახები ყვაოდა.

ლალი ფაცია
ნია
18 ნოემბერი 2015 09:50
ჩემს ბავშვობაში აყვავდა ჩვენს ეზოში იასამანი შემოდგომით... ოღონდ მაშინ უფრო თბილი შემოდგომა იყო, ვიდრე წელს.

რედაქტორის რჩევით