"მცენარე თუ გიყვარს, მის მოსავლელად დრო ყოველთვის გაქვს" - კვირის პალიტრა

"მცენარე თუ გიყვარს, მის მოსავლელად დრო ყოველთვის გაქვს"

"ხანდახან ყვავილებს ვუბრაზდები - მასწავლეს, თუ არ ყვავილობს ან ნაყოფს არ ისხამს, ნაჯახით უნდა დაემუქრო, - ახლა მოგჭრი, იცოდეო! ჩინურ ვარდზე არ გაჭრა. მცენარემ მაჯობა..."

"მცენარეების მოვლა საოცარ ენერგიას იძლევა. ერთს რომ გაახარებთ, ნახავთ, როგორი სტიმული მოგეცემათ და იქნებ, ეს საქმე თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს"

"ქოთანში პიტნა მოგვყავს, ქინძი და ოხრახუშიც მოგვიყვანია, - ეს ხომ ადვილი საქმეა? თანაც პიტნა იოლად მრავლდება", - ამბობს ბავშვთა საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი მაკა მახარაძე, რომელიც მოყვარული მებაღე და მეყვავილეა. ეს გატაცება დედისგან, მსახიობ მედეა ჩახავასგან მოჰყვება, მან კი ნატოს, უფროს ქალიშვილს გადასცა. ნატო მურვანიძის მებაღეობაზე "მამულ-დედულში"ვწერდით კიდეც. ამ ოჯახში ქალბატონებს მცენარეები განსაკუთრებულად უყვართ, სილამაზეს დიდად აფასებენ და იმ გარემოში, სადაც იმყოფებიან, საოცარ მიკროკლიმატს იქმნიან.

მაკა მახარაძე: - მცენარეები დედამ შემაყვარა. ჩემს ბავშვობაში ასე გავრცელებული არ იყო ქოთნის ყვავილები, არც იშოვებოდა. დღეს კი ისეთი არჩევანია, თვალები აქეთ-იქით გაგირბის...

მცენარე სულიერივითაა, როცა მიკვდება, ძალიან ვდარდობ. ჩემი დიდი მონსტერა ჭერამდე იყო, 30 წლის მაინც იქნება, ახლა დაბერდა და... ახლახან თამრიკო ხონელიძემ მაჩუქა მონსტერა, თუმცა, ჯერ ვერ ვაღირსე შინ მოტანა. თამრიკოს ერთ-ერთ ტელეგადაცემაში შევხვდი, სადაც ორივე მოყვარულ მებაღეებად მიგვიწვიეს. თუმცა, ის ნამდვილი სპეციალისტია.

- ალბათ, თქვენი ქალიშვილის, ნატო მურვანიძის მსგავსად, ხომ?

- ნატო ჩემზე შორს წავიდა, ყველაფერს მეცნიერულად მიუდგა. მე მაინც მოყვარულის დონეზე ვარ, დედაც მოყვარული იყო. მცენარეებს ეფერებოდა, დიდი სიყვარულით უვლიდა. ულამაზესი ბეგონია ჰქონდა, ჭრელფოთლიანი, დაწინწკლული. დიდი ჩინური ვარდიც გაახარა, ერთხელ გაკრიჭა და მცენარე გაუბრაზდა, კარგა ხანს აღარ იყვავილა. ჩინური ვარდი მეც გამიბრაზდა, რადგან მეც გავკრიჭე. მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყო ყვავილობა. დედას თავისი დედამთილის (მამაჩემის დედის), ბარბარე ვეკუას ნაჩუქარი ქლოროფიტუსიც ჰქონდა. მისგან ნაზარდი მეც მაქვს. აივანზე დიდი პალმაც ედგა, ზამთარში სახლში შეჰქონდა. ერთხელ ცოტა ადრე გაიტანა აივანზე, ყინვამ მოუჭირა და დაიღუპა. ძალიან განიცადა...

ყვავილების გამრავლება თავიდან პატარა ყლორტებით დავიწყე და ძალიან გამიტაცა. ჩვენი ბინა ცოტა ბნელია, ამიტომ ყვავილები უფრო აივანზე გვაქვს... შუშაბანდზე სუროა გაშვებული.

- მცენარეებს ადამიანებივით ელაპარაკებიან და ეფერებიანო, ამბობენ.

- მე ასე არ ვიქცევი, თუმცა ხანდახან ვუბრაზდები - მასწავლეს, თუ არ ყვავილობს ან ნაყოფს არ ისხამს, ნაჯახით უნდა დაემუქრო, - ახლა მოგჭრი, იცოდეო! ჩინურ ვარდზე არ გაჭრა. მცენარემ მაჯობა...

- მათ მოსავლელად დრო გრჩებათ?

- მცენარე თუ გიყვარს, მის მოსავლელად დრო ყოველთვის გაქვს.

- ზოგიერთი მცენარე შხამს შეიცავს.

- დიახ, თუნდაც დიფემბახია. ოლეანდრი საწამლავს შეიცავს, მაგრამ მისი ფოთლების დამტვრევას ვინ გვაძალებს, ფრთხილად უნდა მოიქცე. ლეღვის ფოთოლიც არ არის სასარგებლო... ორქიდეა ძალიან მიყვარს, რაც მაქვს, ნაჩუქარია. რას არ ვუკეთებ, მაგრამ რომ ჩამოყრის ყვავილებს, აღარ უნდა ყვავილობა. ლონდონში ახლობლებთან ვიყავი, ორქიდეები ჰქონდათ. როგორ უვლით-მეთქი? ვერაფერს ვუხერხებთ, თუ ფუჭდება, ახალს ვყიდულობთო.

მცენარეები ჩემს უმცროს ქალიშვილს, ანუკასაც უყვარს, მაგრამ ნატო პროფესორია. უფრო გრუნტის მცენარეები უყვარს და ამიტომ აგარაკზე პოვებს ნეტარებას, უხელთათმნოდ რგავს და უვლის. ჩვენს აგარაკზე, წეროვანში, მაინცდამაინც კარგი მიწა არ არის, ამიტომ დიდ ენერგიას ხარჯავს იქ, რომ ყველაფერი ააყვავოს. ჩემთვის ყვავილებთან ურთიერთობა სილამაზესთან ურთიერთობაა. სტუდიაშიც მოვამრავლეთY მცენარეები.

- მამათქვენს, კოტე მახარაძეს არ უყვარდა მცენარეების მოვლა?

- ჩვენთან მამაკაცებს ეს საქმიანობა არ იზიდავთ. არც მამაჩემი იყო დიდად ხელმარჯვე და არც თემურია. ჩემს სიძეს, ნიკუშა თავაძეს კი ბევრი რამ შეუძლია.

- რას ურჩევთ დაინტერესებულ ადამიანებს?

- ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ მცენარეების მოვლა დიდ თანხებს უკავშირდება. სად მაქვს საშუალება, ესა თუ ის ყვავილი ვიყიდოო? მთლად ასე არ არის, - მოტეხე ტოტი, ღერო, ფოთოლი ჩადე წყალში, დააფესვიანე, - ამას ფული რად უნდა? თუ სილამაზე გიყვარს, გააკეთებ.

ერთხელ დიღმის ბაზარში მოხუცი ქალი ყვავილებს ყიდდა, გვერდით ქოთნით ულამაზესი მცენარე ედგა. ამის პატრონი შინ არის წასულიო და მისამართი მიმასწავლა. არ დამეზარა და მივაკითხე. იქ მოხუცი დამხვდა, ნამდვილ სამოთხეში ცხოვრობდა. წამლის მუქ ბოთლებში პატარა მცენარეები დასაფესვიანებლად ჰქონდა ჩაწყობილი. გაოცებული დავრჩი. არადა, სულაც არ იყო იმ ყველაფერში ფული დახარჯული. იმ ქალის სიცოცხლე, სიამოვნება და ბედნიერება იყო. მცენარეების მოვლა საოცარ ენერგიას იძლევა. ყვავილს მაინცდამაინც მზეზე ნუ დადგამთ, ნათელ ადგილას განათავსეთ, წყალი ყველას უყვარს. მზე მხოლოდ ფერადფოთლიანებს სიამოვნებთ.

ერთს რომ გაახარებთ, ნახავთ, როგორი სტიმული მოგეცემათ და იქნებ, ეს საქმე თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს.

ლალი ფაცია