ჭიაურელები კიტრმა ამოასუნთქა - კვირის პალიტრა

ჭიაურელები კიტრმა ამოასუნთქა

"ადრე დათესილ კიტრს ფასიც უფრო მეტი აქვს და ორი მოსავლის მოყვანასაც ასწრებ..."

"კიტრი ფაქიზი მცენარეა და ფაქიზადაც უნდა მოიკრიფოს, - არ შეიძლება კიტრის გამოქაჩვა და გადაგრეხა მოწყვეტისას..."

რომ არა ლაგოდეხელი კიტრის მწარმოებლები, ჩვენს ბაზარს უცხოური კიტრი დაიპყრობდა. არადა, ლაგოდეხის კიტრის ისტორია ვერ შეიქმნებოდა, რომ არა საჩხერელი მიგრანტები, რომლებიც 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ სახელმწიფომ საჩხერიდან ლაგოდეხში გადაასახლა. თანანა ხვედელიძე მაშინ მხოლოდ 6 წლის იყო, როცა საჩხერიდან ლაგოდეხში გადავიდა და ნათლად ახსოვს ადგილობრივი რუსი ბებიები, რომლებმაც ახალდასახლებულ ოჯახს კიტრის სათბურის დადგმაც ასწავლეს. დღეს თანანა მეუღლესთან ერთად მამის დატოვებულ იმ კიტრის სათბურებს უვლის, რომლის შენება სტიქიისგან ფუძედანგრეულებმა ეჭვითა და იმედით დაიწყეს.

თანანა ხვედელიძე: - ჭიაურში ძირითადად რუსი მოსახლეობა დაგვხვდა, დაახლოებით საუკუნის წინ ჩამოსახლებული. ამ ხალხმა ტვირთი შეგვიმსუბუქა. მას შემდეგ სოფელი ჭიაური ბევრმა დატოვა, მხოლოდ რამდენიმე ბებოღა შემორჩა. არ შემიძლია მადლიერებით არ გავიხსენო ის ხალხი, რომლებმაც მამაჩემს კიტრის სათბურის გაკეთება ასწავლეს. ადგილობრივებს პატარა ხის სათბურები ჰქონდათ, რომელსაც თხელი ცელოფანი ჰქონდა გადაფარებული. ქარი რომ ამოვარდებოდა, მთლიანად გლეჯდა. მერე კერავდნენ ნემსითა და ძაფით. სათბურებს ახლაც ცელოფანებს ვაფარებთ, მაგრამ ეს არც ისე ადვილად იხევა...

ჩამოსახლებიდან ერთ წელიწადში უკვე სათბურს ვაშენებდით და თებერვალში კიტრის თესვაც დავიწყეთ. თესვა 10 თებერვალს არ უნდა გადაშორდეს, - ადრე დათესილ კიტრს ფასიც უფრო მეტი აქვს და ორი მოსავლის მოყვანასაც ასწრებ... სათესად ნეშომპალიანი მიწა ტყიდან მოგვაქვს. ზოგჯერ კიტრის ჩასათესად ცელოფანის ყალიბებსაც ვაკეთებთ და შიგ ერთ ან 2 მარცვალს ვთესავთ. გააჩნია რა ჯიშის კიტრია, მთავარია, ღერო საჩითილედ მყარი გაიზარდოს. სწორედ მასზე უნდა გაიკეთოს კიტრმა წამონაზარდები და ბევრი დაისხას...

თესლი გადარგვამდე 20-25 დღით ადრე ითესება და ბავშვივით ვუვლით, როცა ყინვებია, საჩითილეში შეშის ღუმელს ვანთებთ, რომ არ გაიყინოს. მორწყვით კი შედარებით თბილი წყლით ვრწყავთ.

- თქვით, რომ ცელოფანის ყალიბში მხოლოდ ერთ ან ორ კიტრის თესლს თესავთ... რატომ ასე ცოტას? ბაღჩის კიტრის თესლი მიწაში რამდენიმე ითესება, ასე განსხვავდება სათბურის კიტრის თესლი ჩვეულებრივისაგან?

- რა თქმა უნდა. სათბურის კიტრის ერთი მარცვალი ზოგჯერ იმდენს დაისხამს, შეიძლება რამდენიმე ვედროც გაავსოს. ზომით კი ჩვეულებრივ კიტრზე 2-3-ჯერ მეტია.

მარტის შუა რიცხვებიდან ჩითილები სათბურებში გადაგვაქვს. თუმცა, ვიდრე გადავიტანდეთ, სათბურის მიწას გასანოყიერებლად ნაკელს ვაყრით.

- ზოგი ამბობს, სათბურში კიტრი მხოლოდ შხამიანი სასუქებით იზრდება.

- ასე არ არის... ჩვენ პირველები ვსინჯავთ სათბურში მოყვანილ მოსავალს. ზოგადად, მავნებელი რომ გაუჩნდეს, კიტრსაც სჭირდება შეწამვლა. თუკი ჭრაქმა თუნდაც ერთ ძირს გადაუარა, სათბური შეიძლება ერთ დღე-ღამეში გაანადგუროს...

რაც შეეხება კიტრის მორწყვას, ის წყლის მოყვარული მცენარეა და 2 დღეში ერთხელ მაინც სჭირდება მორწყვა. თანაც, აუცილებლად დილით ადრე უნდა მოირწყას, რათა არ "მოიხარშოს"... გვალვიან ზაფხულში ხშირად რწყავენ, წვიმიანში - ნაკლებად. კიტრის ნორჩი ყლორტი შედარებით მცირე წყალს შეიწოვს, ზრდასრული - უფრო მეტს. მორწყვის შემდეგ რიგთაშორისებს ხშირად აფხვიერებენ, რათა წყალი ნიადაგმა კარგად შეიწოვოს.

- პირველ მოსავალს როდის იღებთ?

- კიტრი ნაყოფის დასხმას დათესვიდან 50-60 დღის შემდეგ იწყებს. ანუ კიტრის კრეფა დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება. როცა იხუნძლება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავკრიფოთ და მცენარე ნაყოფის სიმძიმისაგან გავათავისუფლოთ. ვკრეფთ არა მხოლოდ გასაყიდ, არამედ დეფორმირებულ და დაზიანებულ კიტრებსაც, ესეც ზედმეტი ბარგია მცენარისთვის. კიტრი ფაქიზი მცენარეა და ფაქიზადაც უნდა მოიკრიფოს. არ შეიძლება გამოქაჩვა და გადაგრეხა მოწყვეტისას...

პირველ მოსავალს დაახლოებით ივნისის ბოლომდე იძლევა. შემდეგ სათბურს ვასუფთავებთ, ვანოყიერებთ და კიტრს ისევ ვთესავთ. მეორე მოსავალი, თუ ყინვები არ დაიჭირა, ნოემბრის ბოლომდეც მიდის...

- ესე იგი, ჩვენს ბაზრებზე დეკემბერ-იანვარში გამოტანილი კიტრი მაცივრებში ინახება.

- დიახ. ეს მაცივრები თბილისში აქვთ. ჯერჯერობით კიტრის მწარმოებლებს ასეთი მაცივრები არ გვაქვს, მაგრამ კიტრმა მაინც მოგვათქმევინა სული. როცა კიტრის მწარმოებელი სოფლები ფეხზე დადგნენ, ხალხმა სულ უფრო მეტი სათბურის მოწყობა მოინდომა. მაგალითად, ჩვენს სოფელში ყველა ოჯახს აქვს სათბური, ჰყავს "მარშრუტკა" და ბაზარს კიტრს აწვდის. ამასთან, ხალხი ახალ-ახალ სათბურებს აწყობს და ჩვენი კიტრი კილოგრამი 30 თეთრზე მეტად აღარ იყიდება. შეიძენენ გადამყიდველები და ყიდიან ძვირად. ეს იმას ნიშნავს, რომ კიტრის შესანახი მაცივრების შეძენა და მისი საზღვრებს გარეთ გატანაა საჭირო, რაზეც მოთხოვნილება ნამდვილად არის. თუ ასე მოხდა, ამოვისუნთქებთ, რადგან ჩვენს შრომას შესაბამისი ნაყოფი ექნება.