ბუნტურების ძროხები რეკორდულად იწველებიან - კვირის პალიტრა

ბუნტურების ძროხები რეკორდულად იწველებიან

"აქ ასე ამბობენ, ძროხამ თუ მოიგო, 1 თვეში გაშრებაო. თუ კარგად მოუვლი, არ გაშრება!"

"პირუტყვი მთელი დღე მშიერია, უკეთეს შემთხვევაში, ნახევრად მშიერი, ამიტომ გადაგვარდა ძროხაცა და ღორიც"

ნანა და კახა ბუნტურებმა ოთხი წლის წინ გადაწყვიტეს თბილისიდან კასპში, მამაპაპისეულ ადგილ-მამულში დაბრუნება. ჯერ 10 ათასი ძირი პომიდორი დარგეს, მერე ღორები გაზარდეს, მაგრამ მოგება ვერ მიიღეს. არც ინდაურის, ქათმის, იხვის მომრავლება გამოდგა რენტაბელური, რადგან 200-300 სული ფრთის გაზრდა ხარჯს ვერ ფარავდა. ბოლოს ძროხების ყიდვა გადაწყვიტეს. როგორ აეწყო საქმე და რა ხდება ახლა? რამ მისცა ბიძგი ამ რთული საქმის დაწყებას?

კახა: - ჩემი დიდი პაპა, სოლომონ ღვინიაშვილი, ვაჭართა გილდიის წევრი იყო და შეძლებული ოჯახი ჰქონდა. ილია ჭავჭავაძე მისი ხშირი სტუმარი ყოფილა. სოლომონმა ვენახი საუკუნეზე მეტი ხნის წინ გააშენა. რქაწითელი და ჩინური ვაზია დარგული, რომელსაც ნელ-ნელა ვაახლებთ. ჩვენთვის უცნობი ჯიშებიც არის. მათი დასახელება აგრონომებმაც არ იციან.

- თქვენამდე მოსასვლელი გზით ვერ დაიტრაბახებთ...

- 3 წლის წინ ხიდი მდინარემ დააზიანა, მანქანა ვეღარ გადის. შეგვპირდნენ აღდგენას, მაგრამ ამაოდ. ხრეში უნდა დაიყაროს, არც ასფალტს ვითხოვთ და არც ხიდის გამაგრებას. როცა ლეხურა დიდდება, საერთოდ მოწყვეტილი ვართ. სასმელი წყალიც არ არის, ყველას ჭა აქვს. ეს ადგილი კასპის გარეუბანია და ზემო ჭალებს ეძახიან.

- რა ჯიშის ძროხები იყიდეთ?

ნანა: - კარგი ჯიშის ძროხა 3.000-3.500 ლარი ღირს. კასპში და საერთოდ, ქართლში, არის მხოლოდ 1.000-ლარიანი ძროხები, რომლებიც 1,5-2 ლიტრ რძეს იწველიან.

როცა 25 წელიწადს ნახირში ერთი და იგივე საქონელი დადის, არ ემატებათ ახალი ძროხა ან ბუღა და ერთმანეთში მრავლდებიან, უკვე გადაგვარების პირას არიან - ხორცი არ უვარგათ, არც იზრდებიან და აღარც იწველებიან. ძროხების შესარჩევად თითქმის ყველა რეგიონში ვიყავით.

მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში გერმანელი სელექციონერი ჩამოვიდა. მან შვეიცარიული ჯიშის შვიცები ადგილობრივ ძროხებთან შეაჯვარა და 10-15 წელიწადში გამოიყვანა კარგი ჯიშის ძროხები, რომლებსაც შვიცნარევს ეძახიან. ის საკმაოდ დიდია (ტონა და მეტიც) და 25 ლიტრამდე იწველის. ორი ასეთი ძროხა თელეთში ვიყიდეთ. საბჭოთა კავშირის დროს რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს ჰყავდათ საუკეთესო ძროხები. ჩვენც გვყავდა, მაგრამ საქართველოში სელექცია 25 წელია აღარ არსებობს.

შვიცი დიდი წველადობის ძროხაა და კვებაც კარგი უნდა: ერთ ჭამაზე ერთი შეკვრა დაპრესილი თივა (20-25 კგ) სჭირდება, დღის განმავლობაში 5 შეკვრა, 100 ლიტრი წყალი და 10 კილოგრამამდე კომბინირებული (ქატო, ქერი, სიმინდი) საკვები...

12 ძროხა და 5 ხბო გვყავს. ახლა გადავედით ხელოვნურ განაყოფიერებაზე. ძროხები ჯერსისა და სიმენტაილერის ჯიშებით გავანაყოფიერეთ. მარტისთვის ხბორებს ველოდებით და მერე ავირჩევთ, რომელი ჯიში დავიტოვოთ. ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული სახარე ხბო უკვე გვყავს.

- იმ პირველ ორ ძროხას სახელები დაარქვით?

- ერთმა გლეხმა მითხრა, სასაკლაოზე წასაყვან საქონელს სახელი თუ ექნება, ის მუდმივად გემახსოვრება, ამიტომ არ დაარქვაო. ისე, მოფერებით, ბოჩის ვეძახი.

- სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული რეფორმები დაგეხმარათ?

კახა: - კასპში უზარმაზარი ტრაქტორი გამოყვეს დაბარვისთვის, ისე ატრიალებს მიწას, მერე იმ ადგილას ვერც დარგავ და ვერც დათესავ. ვაუჩერით 1 ტომარა გვარჯილა და შხამქიმიკატები ავიღეთ. ამბობენ, იაფი კრედიტით შეგიძლიათ ისარგებლოთო, თუმცა ჩვენ ვერაფერი გავაწყვეთ. თივის შესაძენად 4.000 ლარი დაგვჭირდა და ბანკმა 23%-იანი კრედიტი მოგვცა.

ნანა: - შეიძლება ვინმე კმაყოფილია რეფორმებით და რაღაცით ისარგებლეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. ვერ გავიგეთ, გრანტს ვის აძლევენ? ყველის ამოსაყვანი მოწყობილობა გვჭირდება, მაგრამ ჯერ ვერ შევიძინეთ, თანხა არა გვაქვს. კოოპერატივების დაარსება უნდათ, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ, რომ მატერიალურად სუსტი გლეხი ძლიერ კოოპერატივს ვერ შექმნის. აქ ნახირში ძროხები დადიან, დღეში 1,5 ლიტრ რძეს იწველიან, ჩვენი ყველაზე ნაკლები წველადობის ძროხა კი - 22 ლიტრს. ახალი ჯიშები რომ გვეყოლება, 36-ლიტრს მოიწველიან. ვისთან გავერთიანდეთ?

- საქართველოში მსგავსი მეურნეობა არავის აქვს?

- სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ მიხეილ სვიმონიშვილს აქვს. ვიყავით მის ფერმაშიც. სუპერშვიცები ჰყავს, 40 ლიტრს იწველიან. მისი ძროხების ფასი 5.000 ლარიდან იწყება. აბაშაშიც ჰყავდათ კარგი ძროხები.

- როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე?

- დილის 5 საათზე ვდგები და ღამის 12 საათზე ვიძინებ. ჯერ ძროხები უნდა მოვწველო, მერე ყველი ამოვიყვანო, საქონელს დღეში 3-ჯერ კომბინირებულ საკვებს ვაჭმევთ და 4-5-ჯერ თივას ვუყრით. ვათენებ და ვაღამებ ბოსელში. ჩვენნაირ მძიმე შრომას ბევრი გლეხი გაურბის. ურჩევნიათ, ნახირი ხრიოკ მდელოზე გააგდონ და არ დაეძებენ, რას მოიწველის. პირუტყვი მთელი დღე მშიერია, უკეთეს შემთხვევაში, ნახევრად მშიერი, ამიტომ გადაგვარდა ძროხაცა და ღორიც.

ჩვენთან რჩევისთვის ხშირად მოდიან კასპისა და გორის რაიონების სოფლებიდან ან გვირეკავენ, 3 დღის წინ სოფელ რენედან იყვნენ. ყველას ვეუბნები, ძროხებს უნდა აჭამოთ (ეს ღიმილს იწვევს), აცრები სჭირდებათ, წელიწადში ერთხელ ბრუცელოზზე გასინჯვა აუცილებელია, მიეცით ვიტამინი 3 თვეში ერთხელ, ხბოს - თვეში ერთხელ. ხშირად გვეკითხებიან, როგორ ინარჩუნებთ დიდ წველადობასო. საქონელს არაფერს ვაკლებთ და იმით. ჩემმა ძროხამ 6 თვის წინ მოიგო და დღემდე 22 ლიტრს იწველის. მათთვის ეს აღმოჩენაა. აქ ასე ამბობენ, თუ ძროხამ მოიგო, 1 თვეში გაშრებაო. თუ კარგად მოუვლი, არ გაშრება!

არაპროფესიონალიზმს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ძროხებს ჭირის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს და მაკედ რომელიც იყო, ყველამ ხბო დაკარგა. აცრამ ხელოვნური აბორტი გამოიწვია. არ უნდა სცოდნოდათ, რომ მაკე ძროხის აცრა არ შეიძლება?

- პროდუქტს სად ყიდით?

- ყველს თბილისში იაფად ვაბარებთ, არადა, ნატურალური პროდუქტი ძვირი ღირს. მომავალში მაღაზიის გახსნაც დაგეგმილი გვაქვს... ჩვენი რძის ცხიმიანობა 3,9%-ია. ყველს ისე ვამზადებთ, ცხიმს არ ვხდით.

- ორნი როგორ უძღვებით ამდენ საქმეს?

კახა: - ორი ვაჟი გვყავს, უფროსი საზღვარგარეთ საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს. უმცროსი შარდენზე მუშაობს შეფმზარეულად. როცა დრო აქვთ, ჩამოდიან.

ნანა: - ძროხები ზაფხულში ნახირში დადიან, სოფელში მენახირეს ვერ იშოვი. ვეუბნებით, თვეში 450 ლარს გადაგიხდით, კვებითა და ტანსაცმლითაც უზრუნველგყოფთ, მაგრამ მუშაობა არავის უნდა, სოციალური დახმარების აღება ურჩევნიათ. ხალხი გააფუჭა ამ დახმარებამ, მუშაობას გადააჩვია. ქართლში მიწებს არ ამუშავებენ. მიგდებული აქვთ... მინდა, საქართველოში ამ დარგის განვითარებას სწორი მიმართულება ჰქონდეს. ჯიშების განახლება უნდა დაიწყოს, ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია ეს იქნება...

ვნახოთ, ხელოვნური განაყოფიერება როგორ გაამართლებს. რამდენიმე ხბოს გაყიდვას ვაპირებთ, მსურველები უკვე რიგში დგანან.A ამას წინათ, ამერიკელი სტუმარი გვყავდა. ჩვენი ნაცნობია ნიუ-იორკიდან, ედემში ცხოვრობთო, გვითხრა. მერე დაამატა, ამერიკაში რომ იყოთ და ასე შრომობდეთ, მილიონერები იქნებოდითო. იმედია, მალე ჩვენს ქვეყანაში მიწასაც და შრომასაც ფასი დაედება.

ნანული ზოტიკიშვილი