სტიოპას ბაღში ზეთისხილი დაიხუნძლა
30-11-2015
სტიოპას ბაღში ზეთისხილი დაიხუნძლა
"მოვლას მცენარეებიც გრძნობენ, ოღონდ ყველაფერი გულით უნდა გააკეთო"

სტეფანე მღებრიშვილს ყველა იცნობს, როგორც მუსიკოსსა და პროდიუსერს, მებაღეობით გატაცების შესახებ კი, ალბათ, მხოლოდ ახლობლებს სმენიათ. ავლაბარში, საკუთარ სახლში ცხოვრობს და ეზოში გაშენებულ პატარა ბაღში საქმიანობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს... გასულ კვირას სტეფანეს თავის ბაღში ვესტუმრეთ.

- ამ სახლის ადგილას, რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ იდგა ძველი შენობა, რომელიც ბაბუაჩემის ბაბუას 1900 წელს ჰქონდა ნაყიდი. მიყვარს ეს ადგილი, ჩემი სახლის ვერანდიდან მთელი ქალაქი
ჩანს.

- სახლს არც ისე დიდი, მაგრამ გამწვანებული ეზო აქვს და ყველა კუთხე მაქსიმ­ალურად ათვისებულია.
- ეს სახლი მამაჩემმა ააშენა. ათიოდე წლის წინ გავარემონტე და იმ დროიდან დავიწყე ეზოს მოვლაც. მართალია, მიწის უმეტესი ნაწილი ფილებით მოვაპირკეთე, მაგრამ რაც დარჩა, ყველგან რაღაც გავახარე. გარშემო სიმწვანეა. ვრწყავ,
ვბარავ, ბუჩქებს ვკრეჭ, თუმცა მიმაჩნია, რომ მცენარის გაზრდისთვის მორწყვა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

- ეზოში ყინვაგამძლე და მარადმწვანე ნარგავები ჭარბობს.

- 90% მარადმწვანე­ მცენარეა. უპირატესობას ამათ ვანიჭებ. წლების წინ 800 წლის ბზა ვიყიდე (ყოველ შემთხვე­ვაში, ასე მითხრეს), ულამაზესი ხე იყო, მშრალ ხიდთან რომ მცენარეებს ყიდიან, იქ შევიძინე. ძალიან ძვირი დამიჯდა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ფასს აღარ დავ­ეძებდი. მოვიდა ჯგუფი, დიდი ორმო ამოიღეს, ძირი დიდი საბარგოთი მოიტანეს და ამწეთი ჩასვეს. 2 წელიწადს მშვენივრად იყო, მაგრამ მერე მოიწყინა და სპეციალური სასუქებითაც ვერ გადავარჩინეთ.
ვინც მომყიდა, ახლის მოტანას შემპირდა და დაიკარგა... ახლა მხოლოდ ერთი ბზა მაქვს, 200-წლიანია.
ეს მაჰაგონის ხე ძალიან მიყვარს. 10 წლის მაინც არის და ყველას უკვირს, რომ უკვე ამხელაა. მგონი, ჩემს ეზოში კარგი­ მიწაა. მეორე მხარესაც დავრგე იგივე ხე და ვერც მას დავუწუნებ რამეს, მშვენივრად გაიზარდა. აქეთ ვარდებია, სხვადასხვა­ ვარდი მაქვს.

- მარადმწვანეებს ხეხილიც გამორევია. ლეღვი ისხამს?
- ეს ლეღვი ჩემი ბავშვობიდან აქ დგას და პირველად წლეულს დაისხა. არ მოვჭერი და ასე გამახარა. ვაზი მამაჩემის დარგულია, გაზაფხულზე გასხვლა უნდა და ცოტა უკეთ უნდა მოვ­უარო. ხანდახან საქმეს ის აფუჭებს, რომ საქართველოში არა ვარ... სუფრის ჯიშია, ამისგან ღვინოს არ ვწურავთ, ხილად გვაქვს. დაფნის გვერდით კი ნეკერჩხალია, ამ დროს უწითლდება ფოთლები.

- მარადმწვანე ბუჩქებიც ძალიან უხდება აქაურობას.
- კი, აქ აუკუბაა, არის ჟასმინიც, გაზაფხულზე თეთრი სურნელოვანი ყვავილები აქვს.
ერთი პატარა, ლამაზი ხე თავისით გაიზარდა, ოღონდ, არ ვიცი, რა მცენარეა. არ ვჭრი, მეცოდება.
აგავა ძალიან მიყვარს. ბროწეული ჩემმა დამ მაჩუქა, 2 წელიწადში ერთხელ ისხამს. მის გვერდით როზმარინია, სურნელოვანი ბუჩქი.

- ყველაზე მაგარ ხეს, ზეთისხილს მივადექით.
- 7-8 წლის წინ ჩავრგე. ნაყოფი პირვ­ელად 3 წლის წინ დაისხა, აქა-იქ ება მარ­ცვლები. წლეულს კი საოცრება მოახდინა­, მთლიანად დაიხუნძლა და ცოტა ხნის წინ დავკრიფეთ. ვისაც აქვს ამის ნერგი საქართველოში, იშვიათად ისხამს. ჩვენ კი ასეთი მოსავალი მივიღეთ და ძალიან მიხარია. ესეც უცნაურად სწრაფად გაიზარდა. ზაფხულში, დაღლილიც რომ მოვდივარ, რაც უნდა მეზარებოდეს, ვდგავარ და აქაურობას ვრწყავ. მცენარეები გიფასებენ შრომას. ზეთისხილის ფესვები საკმაოდ ღრმად არის და ცხადია, წყალიც მეტი უნდა. მის გვერდით იაპონური ხეა, "ირმის რქას" ეძახიან, ლამაზი ყვავილები აქვს.

კედელზე სურო მქონდა და მოვჭერი, უშნო იყო... ეს ვარდი ჩემმა შვილმა, ფანიმ გაახარა და ჩემთვის ძალიან ძვირფასია...
ეს საქმე ქმედითი ანტიდეპრესანტია, საკუთარ თავთან დარჩენის, ფიქრის კარგი საშუალებაა. მცენარეებიც გრძნობენ, რომ მოვლას არ აკლებ და გიფასებენ, კარგად ხარობენ, ოღონდ ეს ყველაფერი გულით უნდა გააკეთო.

- ეს კატა თქვენია?
- არა, შემოგვეჩვია და ფანი აჭმევს, "მთვარიანა" დაარქვა. ეს სახელი მე მოვიგონეო, - ამბობს. ახლა ძაღლს ვეძებთ. ფოქსტერიერი მინდა. მყავდა ჰასკი, მაგრამ მომიკვდა. ახლა ფოქსტერიერის მოლოდინში ვართ...

ლალი ფაცია
თინა
09 დეკემბერი 2015 22:00
სტეფანე თეთრი შურით მშურს თქვენი. ბედნიერებაა პატარა ნერგს რომ ჩარგავ და ყოველდღიურად აკვირდები,თუ ნელნელა როგორ იკრებს ძალას და გული სიამაყით გევსება, რომ მისი სიცოცხლე შენი დამსახურებაა. გამომიცდია და უბედნიერესი ვიყავი... ახლა კი 20 წლიანი ემიგრაციის ლაბირინთში გახლართულს მხოლოდ ოცნება შემიძლია ასეთ სიამოვნებაზე.
maria
07 დეკემბერი 2015 13:25
ნამდვილად ბაგი მოვლას საჯიროებს,მეც მაკვს ეზოსი ზეტის ხილი და მანაც დაიწკო ნაკოფის გამოგება,ვიმედოვნებ ტკვენსავიტ გამახარებს.

რედაქტორის რჩევით