ცხოველთა "დღეგრძელობის" საიდუმლო - კვირის პალიტრა

ცხოველთა "დღეგრძელობის" საიდუმლო

ქართველი ოსტატის ნამუშევარი ჰოლივუდშიც ინახება

ბევრისთვის, ალბათ, უცხოა ტერმინი "ტაქსიდერმია", რომელიც ფიტულების დამზადების მეთოდიკას აღნიშნავს. ის ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც "ტყავის წესრიგში მოყვანა". ფიტულებს, ძირითადად, სამუზეუმო ექსპონატად ამზადებენ, მაგრამ ტაქსიდერმისტებს ხშირად მიმართავენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთ დაღუპულ ცხოველთან განშორება უჭირთ. ტაქსიდერმისტებმა შექმნეს ისეთი ცნობილი ცხოველების ფიტულები, როგორიც იყვნენ ბელკა და სტრელკა - ძაღლები, რომლებიც კოსმოსში პირველად გაუშვეს. საქართველოში ფიტულებს ერთეულები ამზადებენ, მათ შორის არის ქალაქ მცხეთის მკვიდრი პაატა კობიაშვილი, რომელიც უკვე 40 წელია ამ საქმით არის გატაცებული.

- 70-იან წლებში, დოლიძის ქუჩაზე იყო ზოოტაქსიდერმიული ლაბორატორია, რომელიც მონადირეთა კავშირთან არსებობდა. იქ 1978 წელს მივედი, 19-20 წლისა. მართალია, მანამდეც მქონდა რაღაც იდეები, მაგრამ ლაბორატორიაში ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ ფიტულებს და თანდათან შევისწავლე ყველაფერი. თითქმის ოთხი ათეული წელია ამ საქმეში ვარ.

- ძირითადად, ვინ გიკვეთთ მათ დამზადებას?

- იყო დრო, შეკვეთები მეზობელი ქვეყნებიდანაც მოდიოდა. ფოტოგრაფებიც მიკვეთდნენ ფიტულებს, რადგან მათ სურათების გადასაღებად იყენებდნენ. ახლა კი, ძირითადად, მუზეუმები და კერძო პირები მიკვეთენ. ამერიკელები რომ იღებდნენ "აგვისტოს 5 დღეს", მაშინ დამიკვეთეს დაბომბვის შედეგად დაჭრილი ძაღლის ფიტულის გაკეთება. გადაიღეს და თურმე მერე აღარ დაწვეს. რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდა გადამღები ჯგუფის წევრი და მითხრა, შენი ძაღლი ჰოლივუდის საწყობში ინახება, შეებრალათ და დასაწვავად ვერ გაიმეტესო.

- საიდან შოულობთ მასალას ფიტულისთვის?

- ადრე ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ხელშეკრულება ზოოპარკთან - დაცემულ ცხოველს ამ სასწავლებელს აძლევდნენ. გადაგდებასა და დაწვას ფიტულების დამზადებას ამჯობინებდნენ და ამ საქმეს მე მანდობდნენ. იქ ახლაც უდგათ ჩემი ხელით დამზადებული ფიტულები. ადრე ზოოპარკსაც ვუმზადებდი ფიტულებს. როცა ეგზოტიკური ცხოველი მოუკვდებათ, გადასაგდებად ენანებათ და ფიტულებს ამზადებინებენ. ზოოპარკში ახლაც აქვთ ჩემი გაკეთებული ვეფხვისა და ანტილოპის თავი. ზოგჯერ მონადირეები მამარაგებენ: როცა მონადირეს ლიცენზია აქვს და უნდა, რომ მისი ნანადირევისგან ფიტული დარჩეს, ტაქსიდერმისტს მიმართავს. ზოგ მონადირეს ხარის ტყავი უნდა, ან ცხვრის, ამასაც ვამუშავებ. ამას წინათ ოქროს საწმისი დამიკვეთეს, დავუმზადე და ახლა ერთ-ერთ კერძო კოლექციონერს აქვს. ზოგჯერ თეატრებსაც სჭირდებათ ფიტულები, რესტორნებსაც, ეზოს ან ინტერიერის გასალამაზებლად.

- რამდენად ძნელია ფიტულის დამზადება და რა ღირს?

- შეკვეთას გააჩნია. კეთდება ბამბისგან ან სკულპტურული. პირველი შედარებით ადვილი და იაფია. სკულპტურულისთვის ქანდაკების აგებაა საჭირო და უფრო ძვირი ღირს.

ფრინველის ფიტულის დამზადება მისი გატყავებისთანავე უნდა დაიწყოს. ის ბამბისა და მავთულისგან კეთდება. ტყავს შიგნიდან სპეციალური წამალი ესმება, მე დარიშხანს ვუსვამ. ტყავი ჯერ მარილში უნდა გავაჩეროთ, რომ ბუზებმა ან სითბომ არ გააფუჭოს, სწრაფად უნდა დამუშავდეს. თუ ჩემამდე მთლიანი ცხოველი მოდის, ჯერ შიგნეულობას ვაცლი, ვასუფთავებ, ზომებს ვიღებ... შემდეგ მავთულებზე ავაწყობ, შუაში ბამბას ჩავტენი, ფორმას მივცემ და შევკერავ.

სკულპტურა ხისა და მავთულებისგან კეთდება. შემდეგ გააჩნია, ცხოველის რა მოძრაობა უნდა გამოისახოს ან როგორი ფორმა მიეცეს - ეს უკვე დამკვეთზეა დამოკიდებული. თვალებს ძირითადად, პლასტმასისგან ვაკეთებ. თუ თავის ქალაა საჭირო, იხარშება, რომ მარტო ძვალი დარჩეს. მერე უკეთდება ენა, სასა... ჩლიქებსა და რქებს მხოლოდ გასუფთავება უნდა, ენასა და სასას კი სილიკონისგან ვამზადებ.

ახლახან რესტავრაცია გავუკეთე ნიანგისა და ლეოპარდის ფიტულებს, რომლებიც თავისუფალ უნივერსიტეტში ჰქონდათ. ფიტულს კარგი მოვლა უნდა, რადგან იმტვერება, სისტემატურად უნდა გაიწმინდოს. თუ ხშირად გაწმენდ და სათანადოდ მოუვლი, საუკუნეები შეინახება.

- თქვენი ძირითადი სპეციალობა რა არის?

- სამხატვრო სკოლა მაქვს დამთავრებული მხატვარ-კერამიკოსის სპეციალობით და ფიტულების დამზადებისას ძალიან გამომადგა. 15 წელი სკოლაში ვმუშაობდი, ბავშვებს ხელოვნებას ვასწავლიდი. ტაქსიდერმია ძალიან ახლოს დგას ხელოვნებასთან, ამიტომაც ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები ლამაზი და დახვეწილი იყოს.

ხათუნა ჩიგოგიძე