ქართული დისტანციური მართვის დანადგარი ფერმერს საგრძნობლად გაუადვილებს შრომას
07-12-2015
ქართული დისტანციური მართვის დანადგარი ფერმერს საგრძნობლად გაუადვილებს შრომას
მანქანაზე შეიძლება დამაგრდეს, მაგალითად, 200-ლიტრიანი ავზი, რომელშიც ვენახის შესაწამლავი სითხე ჩაისხმება და წამალი წნევით მიესხურება ვენახს


წლევანდელ 26 მაისს, საქართველოში წარმოებული ტექნიკის დემონსტრირებისას­, ჩვენთან შექმნილი სასოფლო ტექნიკაც გამოიფინა და ალბათ, ბევრ ფერმერს ეგონა, რომ ეშველა. თუმცა, ჯერჯერობით, ეს ტექნიკა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში ისე დგას, როგორც მხოლოდ საჩვენებელი.

რატომ­ უნდა იყოს ჩვენი გლეხი სხვისი ტექნიკის შემყურე, თუ აგერ, მისი თანამემამულე უკეთესს ამზადებს?! ეს კითხვა უპასუხოდ რჩება ამ ინსტიტუტში მოღვაწე აკადემი­ური დოქტორის,
რომან კენკიშვილისთვისაც.

- ალბათ, ყველამ იცის, როგორ დარჩნენ ჩვენი მეცნიერები ულუკმაპუროდ იმ წლებში, რომლებიც გავიარეთ. თუმცა, მძიმე პირობებშიც კი, როცა მეცნიერები ტრანსპორტის ფულსაც ვერ იღებდნენ, მუშაობა არ შეგვიწყვეტია. 5 წლის წინ, როცა სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "დელტა" შეიქმნა, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაგვიყვანეს.
პირველი დავალება იყო სოფელ სკრასთან
აგვისტოს ომის დროს რუსების მიერ სამხედრო საწყობის აფეთქების შედეგად ქანებში მოყოლილი ნარჩენების გაუ­ვნ­ებლება. დამუშავდა პროექტი, რომლის ნაწილი იყო დისტანციური მართვის, მცირეგაბარიტიანი, მაღალი გამავლობისა და მანევრულობის მანქანების შექმნა.
პროექტის ჩვენი ვარიანტი აღარ დაფინანსდა, მაგრამ უკვე დამუშავებული გვქონდა ორი კონსტრუქცია... გამოცდებმა ცხადყო მანქანების როგორც მაღალი გამავლობა, ასევე მანევრირების უნარი. ამის შემდეგ დამუშავდა მობილური მანქანის კიდევ­ ორი ახალი, ორიგინალური მოდელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ფართო სპექტრისთვის.
ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის შეიქმნა დისტანციური მართვის ტექნოლოგია, რომელიც შრომას ძალიან გააადვილებს.

ამ მანქანებით შესრულებული სამუშაო ასეც შეიძლება წარმოვიდგინოთ:
ფერმერი ზის მანქანაზე ან შორიახ­ლოს მიჰყვება და დისტანციურად მართავს. ამოცანის შესაბამისად (ვენახის შეწამვლა, თესვა თუ სხვა) მანქანა­ სათანადო იარაღებით აღიჭურვება.­ ფერმერს აღარ სჭირდება დიდი ძალისხმევა მძიმე სამუშაოს შესასრულ­ებლად. დღეს ფერმერის ოცნებაა მოტობლოკის შეძენა, რათა თავისი ყანა თვითონ მოხნას. ვისაც მოტობლოკი გამოუყენებია, იცის, რა ძნელია ეს, განსაკუთრებით - თუ მიწა ყამირია. ჩვენს მანქანას კი ფერმერი თავად ან დისტანციურად მართავს და მანქანას მიბმული სამუშაო იარაღებიც თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს... ამ დანადგარის სატვირთო დანიშნულებით გამოყენებაც შეიძლება. ფერმერი 7-8 ტომარა მოსავალს გადაიტანს...

ასეთ მანქანას შეიძლება დაუმაგრდეს 200-ლიტრიანი ავზიც, რომელშიც ვენახის შესაწამლი სითხე ჩაისხმება და წნევით მიესხურება ვენახს. ერთი ავზი რამდენიმე რიგს ჰყოფნის, და არც წამლის ყუთის ზურგზე მოკიდებაა საჭირო. მისი გამოყენება შეიძლება ხეხილის შესაწამლავად და სარეველა მცენარეების გასანადგურებლადაც.

- სათესი დანადგარები როგორ უმაგრდება მანქანას, ან ეს დანადგარები როგორ თესავს?
- ეს მარტივი მოწყობილობაა - ღერძს ბოლოში დამაგრებული აქვს თვლები. თესლის ჩასაყრელი პატარა ყუთი მოთავსებულია ღერძის შუა ნაწილზე... ამასთან, დანადგარი თესლს მიწითაც ფარავს. მთავარი ის არის, რომ ნათესები ერთმანეთს საჭირო მანძილით შორდება. ზოგი ბოსტნეულის თესლი, მაგალითად, სტაფილოსი, ისეთი პატარაა, ისე ვერ დათესავ, რომ აღმონაცენთა შორის საჭირო მანძილი დაიცვა, ამიტომაც მერე უნდა გამოხშირო, ჩვენი მანქანა კი ზუსტად იმდენს და იმ მანძილზე თესავს, რამდენიც საჭიროა. მეტიც - თუ ორ ასეთ მოწყობილობას შევაწყვილებთ, ერთდროულად ორი კულტურის დათესვა შეიძლება, ან ერთის დათესვა და თან სასუქის შეტანა.
მაგალითად, ადგილის მოსაგებად, თუ მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, სიმინდსა და ლობიოს ერთდროულად და გვერდიგვერდ თესავენ. ჩვენი მოწყობილ­ობით სიმინდისა და ლობიოს თესლების პროპორციების ზუსტი დაცვა შეიძლება. მაგალითად, დედაჩემი ერთ სიმინდის მარცვალთან 5 ლობიოს მარცვალს თესავდა. მეც ასე დავაყენე ეს სათესი - ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, გადააწყოს.

- თქვენი მოწყობილობა ჩვენს ფერმერებს მართლაც გამოადგებათ...
- სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაოები მოიწონეს, მაგრამ ასეთი პროექტების განხორციელების საშუალება მათ არა აქვთ.
სერიული წარმოება რომ დაიწყოს, ჩვენი დანადგარი მოტობლოკზე ნაკლები ეღირება და უფრო ეფექტური იქნება. სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიც ექნება, რადგან ადგილობრივი მუშახელის დასაქმების გარდა, კვალიფიციური პერსონალის რაოდენობაც გაიზრდება და მეცნიერთა შრომაც დაფასდება.

სიმართლე გითხრათ, ყველაფერი იმიტომ დავიწყეთ, რომ ქართველ მეცნიერთა შესაძლებლობები გამოგვევლინა. სხვათა შორის, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტთან ერთად ვგეგმავთ მუშაობას ახალ ტექნოლოგიაზე - ელექტროჰიდროიმპულსურ დანადგარზე. დღესაც კვლევის საგანია მცენარეული ნედლეულიდან ექსტრაქტების გამოტანა. თუ აქტიური მცენარეული ნივთიერებების მიღებას, ჩვეულებრივ, 12-14 დღე სჭირდება, ამ დანადგარის გამოყენებით ვადა ძალიან შემცირდება. ამის თქმის საფუძველს წინასწარი სასინჯი სამუშაოები გვაძლევს. ამ სამუშაოების დროს საგულისხმო იყო, რომ ნებისმიერი მცენარის ფოთლიდან გამოხდილ ექსტრაქტს ფუძე-მცენარის ნაყოფის გემო და არომატი დაჰკრავდა.
ყველა ჩამოთვლილი სამუშაო შრომატევადია და მათ განხორციელებას დიდი თანხა სჭირდება, თუმცა, ამას ჩვენი მწირი ბიუჯეტითაც ვახერხებთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით