კარგ მებაღეს ბაღი ზამთარშიც აუყვავდება
07-12-2015
კარგ მებაღეს ბაღი ზამთარშიც აუყვავდება
"უმთავრესია მცენარეების ასორტიმენტის ზუსტად შერჩევა... ეტაპობრივად აყვავდება და არც ზამთარში იქნება ჩვენი ბაღი მოწყენილი და უსახური"

ზოგს ჰგონია, რომ ზამთარში, როცა ყველა მცენარეს სძინავს და ხეები­ გაშიშვლებულია, ბაღში სამუშაო არ არის. არადა, ჩვენი ბაღი რომ ზამთარშიც მშვენიერი იყოს, ბევრი საქმეა გასაკეთებელი ახლაც და გაზაფხულზეც. მებაღეები დეკემბრის დღეებშიც შრომობენ, ბაღს საგაზაფხულოდ ამზადებენ და ცდილობენ, მცენარეებმა ზამთარი იოლად გადაიტანონ. ეს ეხება ღია ცის ქვეშ გაშენებულ ბაღს, და არა - ორანჟერეას ან ზამთრის
ბაღს, დახურული სივრცის ოაზისებს.

ზურა ჩალათაშვილი, მებაღე: - მებაღეს ნებისმიერ სეზონზე აქვს საქმე. ახლა ბაღში დეკორატიული მცენარეები მსუბუქად უნდა გაისხლას, ანუ ტოტები ცოტა დაუმოკლდეს, რათა თოვლის დადების შემთხვევაში არ ჩამოიმტვრეს. ტოტი თუ გრძელია, მცენარეს ნიადაგიდან მეტი საკვები სჭირდება, მისი დამოკლებით კი ნივთიერებათა ცვლის პროცესიც გაუმჯობესდება.

ახლა ვარდების მსუბუქი­ გასხვლა მიმდინარეობს, მებაღეები ამ საქმით ვართ დაკავებული. ასევე საჭიროა დაზიანებული ტოტების მოჭრა, რათა იქ მავნებელმა არ დაიბუდოს.
უნდა დამუშავდეს ნიადაგიც და სარეველებისგან გასუფთავდეს, რათა თოვლისა და წვიმის შედეგად დაგროვილი ნალექი ნიადაგში ადვილად ჩავიდეს. ამასთან, გაადვილდება გაზაფხულის სამუშაოებიც.

- სამუშაოები როდის უნდა დაიწყოს?

- ოქტომბერ-ნოემბერში. დეკემბრის პირველ რიცხვებში კი უნდა დასრულდეს. თუმცა, ამინდსაც გააჩნია.

- რა სამუშაოები უნდა ჩავუტაროთ, მაგალითად, აუკუბას, იელს, კამელიას?

- აუკუბა, ჯობს, გაზაფხულზე გაი­სხლას. ის ნახევრად სუბტროპიკული და ნახევრად ტროპიკული მცენარეა. აღმოსავლეთ საქართველოში, მკაცრი ყინვისას, ფოთლები ეყინება, ამიტომ ნახევრად სუბტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების გასხვლა გაზაფხულზეა სასურველი, რადგან შემოდგომით არ ვიცით, როგორი ზამთარი გველის.
იელიც სუბტროპიკული მცენარეა, მჟავე ნიადაგის მოყვარული. დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთში რომ ჩამოაქვთ, დიდხანს ვერ ძლებს - სუსტდება, ბუჩქი უზიანდება და აღარც ყვავილობს. ამ თვისებების გამო მას ბაღში არ ვისურვებდი, რადგან აღმოსავლეთში, ღია გრუნტში, 2 წელზე დიდხანს ვერ გაძლებს.
კამელიაც სუბტროპიკულია და იელისგან განსხვავებით, უფრო ადვილად ფუჭდება.

- მთავარია, მცენარეებს შესაბამისი მიკროკლიმატი შევუქმნათ.

- დიახ, პირველი ეტაპი ადგილის სწორად შერჩევაა. სუბტროპიკულებისთვის სასურველია ნახევარჩრდილი, მთელი დღის განმავლობაში მზე არ უნდა უყურებდეს. ნიადაგი უნდა იყოს კარგად განოყიერებული, წყალი არ უნდა მოაკლდეს, ოღონდ ზომიერად უნდა დავუსხათ, რადგან მცენარე ფუჭდება როგორც უწყლოდ, ისე გადამეტებული ტენისგან. უმთავრესია მცენარეების ასორტიმენტის ზუსტად შერჩევა.

- რას გულისხმობთ?
- უნდა ჩაირგოს როგორც ფოთლოვანი ბუჩქები, ასევე მარადმწვანე ფოთლოვანი და წიწვოვანი ბუჩქები. თანამიმდევრულად უნდა მივყვეთ მცენარეებს, როდის რომელი ყვავის. გაზაფხულის მცენარეებით უნდა დავიწყოთ, მივაყოლოთ ზაფხულის, მერე ერთწლიანი მცენარეები და ბოლოს - ვერცხლისფერი ნაძვი,­ სოჭი, ტუია, ღვია. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფდეკორატიული მცენარეების ჩარგვას. მაგალითად, პირაკანტას წითელი ნაყოფი აქვს, შინდისფერი ნაყოფი აქვს სადაფოთლება აუკუბასაც. მთავარია, ბაღის გაშენებისას კონცეფცია არ დავარღვიოთ, შედეგად, ყველა მცენარე ეტაპობრივად აყვავდება და არც ზამთარში იქნება ჩვენი ბაღი მოწყენილი და უსახური.
კლიმატური პირობებიც სწორად უნდა შეირჩეს. ამიტომ მებაღე ეკოკლიმატურ პირობებშიც უნდა ერკვეოდეს.

- იანვარ-თებერვალში რა უნდა გავაკეთოთ ბაღში?
- მშრალი ყინვების დროს მორწყვა სჭირდება, როგორც მარადმწვანე წიწვოვან, ისე მარადმწვანე ფოთლოვან მცენარეებს.
თუ თოვლი მოვიდა, მებაღემ მცენარეებიდან აუცილებლად უნდა გადმობერტყოს თოვლი, თორემ გაზაფხულისთვის უფორმო მცენარეს მივიღებთ და ამის გამოსწორებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. გაზონი აუცილებლად უნდა გასუფთავდეს ხმელი ფოთლებისგან, რადგან აფუჭებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზონი საგაზაფხულოდ ხასხასა ვერ იქნება. ხოლო ნიადაგზე, რომელსაც შემდგომ­ მცენარეების დასარგავად ვამუშავებთ,­ ფოთლები თუ დაიყრება, არა უშავს, მეტიც, ეს ნიადაგს ანოყიერებს კიდეც.

- საგაზაფხულო სამუშაოებს როდის უნდა შევუდგეთ?

- ხშირად მარტში ვიწყებთ, ხან -აპრილში. ეს ამინდის მიხედვით განისაზღვრება. საჭიროა დაბარვა, გასხვლა, შეწამვლა, სასუქის შეტანა.

- ზამთარშიც ხომ შეიძლება ნიადაგში სასუქის შეტანა?

- ახლაც შეიძლება და გაზაფხულზეც. ყველას ვურჩევ ორგანული სასუქის გამოყენებას, ქიმიურს მოერიდონ. შეიძლება, ეს თავიდან ვერ აიცილონ, მაგრამ ეცადონ, იშვიათად გამოიყენონ. კარგად გასხლული და ფორმირებული ხეხილის ნერგიც დეკორატიული ბაღის კომპონენტია, მაგალითად, ბროწეულის, ალუბლის, ქლიავის, ვაშლის. ყველანაირი ხეხილის გამოყენება შეიძლება ისე, რომ მოერგოს იმ დეკორატიულ გარემოს, სადაც ვრგავთ.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით