მთავარი მაშველი ახლა მამულს შველის
14-12-2015
მთავარი მაშველი ახლა მამულს შველის
"ჭეშმარიტი მონადირე უძაღლოდ ვერ ძლებს"

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი­ თემურ გიორგაძე ერთი წლის წინ სამსახურიდან გათავისუფლდა. როგორც ამბობს, ამ სისტემაში 25 წელიწადს მუშაობდა, ახლა კერძო სამშენებლო ბიზნესში გადაინაცვლა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სტუმრობის მიზეზი. შინ იმისთვის ვეწვიეთ, რომ საკუთარ კარ-მიდამოზე მოეთხრო და იმაზეც, თუ როგორ შრომობს იქ ხელებდაკაპიწებული... მიწის ნაკვეთზე, რომელიც თბილისში, მონადირის ქუჩაზე (თემქაზე გაშენებული კერძო დასახლება) მდებარეობს, ჩვენი რესპონდენტი, დედასთან ერთად, მონდომებით შრომობს. ეზოში
შესულებს ორი მეძებარი გამოგვეგება, მასპინძელმა გვითხრა, როგორც ჭეშმარიტი მონადირე, უძაღლოდ ვერ გავძლებ, ესენი, ჩემთან ერთად სანადიროდ დადიანო... ეზოს დათვალიერება იმ ნაწილით დავიწყეთ, სადაც ოჯახს ყველანაირი შინაური თუ გარეული ფრინველი ჰყავს მოშენებული: ფარშავანგი, ხოხობი, ბატი, იხვი, ქათამი...

"აქ სტუმარი არ ილევა. იყო დრო, მეგობრებს მამლის ყივილამდე
გვილხენია, ბოლოს, მამლის სადღეგრძელო დაგვილევია. ეზოში საცურაო აუზის გაკეთებას ვაპირებ, სტუმრებს რომ მომსახურების "სრული პაკეტი" ჰქონდეთ. იცურაონ და გაირუჯონ კიდეც. აუზში თევზებიც მყავს"

თემურ გიორგაძე:
- ფარშავანგები­ კახეთიდან ჩამომიყვანეს, მამიდაშვილმა ერთი კვირის წინ მაჩუქა. მითხრა, ეზოს ძაღლივით პატრონობენო. თურმე მღრღნელებსა და ქვეწარმავლებსაც ერევიან და არ აჭაჭანებენ. პატრონს რომ ეჩვევიან, მერე უცხო ადამიანის დანახვისას კივიან. მოკლედ, აქაურობის ახალი მობინადრეები და მცველები არიან. ცოტა ხანში ფრთებს დავაჭრი და ეზოშიც ივლიან. ჯერჯერობით, სანამ კარგად გაგვიცნობენ, გალიაში გვყავს.

- დიდი ხანია, აქ ცხოვრობთ?

- 14 წელიწადია. ამ ხნის განმავლობაში ფრინველი არ გამოლეულა, არც გამოვლევ. თავდაპირველად ოთხი მოსახლე ვიყავით, ახლა მჭიდრო დასახლებაა. ადრე აქაურობას ავშნიანს ეძახდნენ და მცხეთა-მთიანეთს ეკუთვნოდა. ავშანი ბალახია, რომელიც უხვად შეიცავს მარილს და ცხადია, თოვლს არ იჩერებს, ამიტომ 90-იან წლებში აქ ყაზბეგიდან და თიანეთიდან საქონელი, ცხვარი ჩამოჰყავდათ და აზამთრებდნენ. მამა მშენებელ-ინჟინერი იყო და სახლიც თვითონ ააშენა, სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა... ჩვენს ოჯახში ოდითგანვე ყველა შრომობდა, დღესაც ასეა... მე და ჩემს დას, 10-11 წლისანი ვიყავით, მშობლებმა სოფელში ხელში თოხი რომ დაგვაჭერინეს. ზესტაფონშიც გვაქვს სახლ-კარი, ზაფხულობით დედა იქაურობასაც უვლის...
გადავდივართ ხეხილის ბაღში, სადაც სეზონის მიხედვით, ყოველგვარი ხეხილი ხარობს. მასპინძელი გვეუბნება, - 1 ტონამდე­ ატამს ვკრეფო.

- დამხმარე არავინ გყავთ?

- სანამ ჯანზე ვართ, ვუვლით. ყოველდღე 6 საათზე ვდგები და მუშაობას ვიწყებ. როცა აქ არ მაქვს დილის საქმე, მაშინ ზღვაზე ავდივარ სავარჯიშოდ.

- ამხელა ეზოს მოვლას მარტო თოხი და ბარი არ ეყოფა, ტექნიკაც სჭირდება.

- გვაქვს კიდეც... ამ ბაღში ვენახიც არის და ბოსტნეულიც მოგვყავს: კიტრი, პამიდორი, სიმინდი, კომბოსტო, ნესვი.
დონარა გიორგაძე, თემურის დედა: - მარწყვი გვაქვს და წელიწადში ორჯერ ისხამს. თუ კარგი ამინდები იქნა, მესამედაც მოასწრებს. ძლივს ვიშოვეთ ეს ჯიში... ვენახსაც მე ვსხლავ. ამ ყურძენს უსახელო ჰქვია, აქედან წლეულს 300 კილო ყურძენი მოვკრიფეთ, ამის გარდა, ქვედა ეზოშიც გვაქვს ალადასტური და იზაბელა, იქიდანაც 500 კილომდე ჩამოდის. ზაფხულში აქაურობა ნამდვილი ედემის ბაღია.

"მაქვს სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის ფიტული, სვანების ნაჩუქარი წვიმაგაუმტარი ნაბადი და ჩემი არსენალი"

თემურ გიორგაძე:
- ატამი იმდენი მოდის, რომ არაყსაც ვხდი. მოკლედ, არაყიც და ღვინოც ჩვენი გვაქვს. ყურძენი ზესტაფონის ვენახიდანაც ჩამოგვაქვს.

- მეტად საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმე გქონდათ, ამ ყველაფერს იმის პარალელურად როგორ უძღვებოდით?

- მაგაზე ლეგენდები დადის, ისეც ყოფილა, ხანძარი ჩამიქრია შემთხვევის ადგილას, იქიდან წამოვსულვარ და მიმუშავია.
ერთხელ გვიან დავბრუნდი და ღამის პირველ საათზე დავიწყე თოხნა ისე, რომ დედაჩემს არც შევხმიან­ებივარ - ეძინა და აღარ გავაღვიძე. მეზობელს ხმაური რომ შემოესმა,­ დედას დაურეკა, - ბაღში ვიღაც არის შეპარულიო. დედა დანით ხელში გამოიქცა (ნახევრად მთიულია) და ქურდის ნაცვლად მე შევრჩი.

დონარა გიორგაძე:
- ჩვენი დიდი ეზო ისეა დაყოფილი, რომ ნახევარი "სოფ­ელია" და ნახევარი - "ქალაქი".
ახლა ცოტა სიმინდი მაქვს მოსატეხი, საგანგებოდ დავტოვე, ჩალაა მოსაჭრელი, უნდა გასუფთავდეს აქაურობა და მერე დაიხნას, რომ ზამთარში მიწა უკეთ განოყ­იერდეს, ცოტა ხანში ნაკელსაც შევიტანთ.

თემურ გიორგაძე: - ეზოში საცურაო აუზის გაკეთებას ვაპირებ, სტუმრებს რომ მომსახურების "სრული პაკეტი" ჰქონდეთ. იცურაონ და გაირუჯონ კიდეც. პატარა აუზში თევზებიც მყავს.

- რას ურჩევდით სხვებს. რა რეკომენდაციის მიცემა შეგიძლიათ.

- ადამიანს 10 კვადრატი ნაკვეთიც რომ ჰქონდეს, უნდა ეცადოს, მაქსიმალურად გამოიყენოს. მიწასთან კონტაქტით ბევრ სასარგებლო რამეს მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი მოყვანილი ხილი თუ ბოსტნეული დიდად გაახარებს და ასიამოვნებს.
მამული მართლა დიდია, მოვლაც არ არის ადვილი, მაგრამ იმდენად ვართ ამ საქმეში ჩართული, რომ დაღლას ვერც ვგრძნობთ. დედა მაინც სულ მუშაობს.

დონარა გიორგაძე: - მარტო ეზოს დაგვას მიაქვს 4 საათი. ახლა ხმელი ფოთლებისგან ვასუფთავებ აქაურობას. ხელი რომ არ გავანძრიო, განადგურდება.
თემურ გიორგაძე: - მარანში, ღვინის გარდა, ზამთრის მარაგს ვინახავთ. ერთი ოთახი მხოლოდ ღვინოს ეთმობა, სადაც იმერული წესით სამი ჭურია ჩაყრილი. მარანში ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე ტემპერატურაა და გამოდის, რომ ზამთარში თბილა და ზაფხულში - გრილა.

- ღვინო წლევანდელია?
- კი, შარშანდელი 40 ლიტრიღა შემოგვრჩა, აქ სტუმარი არ ილევა. იყო დრო, მეგობრებს მამლის ყივილამდე გვილხენია, ბოლოს, მამლის სადღეგრძელო დაგვილევია.

- კახური თონეც გქონიათ.
- ამ თონესთან ბევრ უცხოელს გადაუღია ფოტო და ცომის გუნდაც ჩაუკრავს.

- თქვენი სახლი ეთნოგრაფიულ მუზეუმს მაგონებს.

- თქვენ მესამე სართული უნდა ნახოთ, სადაც მართლა მუზეუმი მაქვს. იქ სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის ფიტულია, დიდი ნაწილი ნაჩუქარია, ზოგი - ჩემი შეძენილი... იქ მაქვს სვანების ნაჩუქარი წვიმაგაუმტარი ნაბადი და ჩემი არსენალი.

ლალი ფაცია

ზესტაფონელი
21 დეკემბერი 2015 11:23
ც ო ლ ი არაფერში ეხმარება?
ზესტაფონელი
21 დეკემბერი 2015 10:22
ც ო ლ ი არაფერში ეხმარება?
ლუხო
14 დეკემბერი 2015 12:40
საქართველოს მთავრობის თავჯდომარეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ თემურ გიორგაძის მამული ნანახი აქვთ?

რედაქტორის რჩევით