ხელოვნური განაყოფიერება პირუტყვს ჯიშს გამოუკეთებს - კვირის პალიტრა

ხელოვნური განაყოფიერება პირუტყვს ჯიშს გამოუკეთებს

"მოსახლეობას საძოვარზე ჰყავს პირუტყვი გარეკილი, სადაც გამრავლება ველური, ნათესაური გზით ხდება - უახლოესი ხაზის გენეტიკის პირუტყვი ერთმანეთს ეჯვარება. ასეთი გამრავლება კი, როგორც ადამიანებში, პირუტყვის დამცრობას და სიმახინჯეს იწვევს, წველადობაში ერთ ლიტრ რძეს აკლებინებს"

წარსულში ქვეყნის განვითარების შეფერხებამ მეცხოველეობის დარგის განვითარებაც გააჩერა... დუშეთის მუნიციპალიტეტი ჩვენი მეცხოველეობის უპირველეს კერად ითვლებოდა, ამ სიტუაციამ კი რეგიონის დაცლის საშიშროება შექმნა. საჭირო გახდა საგანგებო სქემის შემუშავება, რომელსაც სამი ძირითადი მიმართულება აქვს - მაღალი წველადობის პირუტყვის გამრავლება; პირუტყვის საკვების გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა და სასაკლაოს დაარსება, რომელიც პირუტყვს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ადეკვატურ ფასებში შეისყიდის. ამ ყველაფრის ამუშავებას არცთუ ცოტა დროს დასჭირდა, თუმცა ახლა ყველაფერი მოგვარებულია და დუშელებსაც ფეხზე დადგომის იმედი გაუჩნდათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ზურაბ სეხნიაშვილიც მომავალს იმედით უყურებს...

- სხვა ქვეყნებში ხალხი მეცხოველეობით მდიდრდება. ჩვენს რაიონში კი პირუტყვის მოშენების საქმე სავალალოა. ჩვენი პირუტყვი პატარა ტანისაა, წველადობაც ნაკლებია. მათი სიკვდილიანობისა თუ გამრავლების სტატისტიკა საფუძვლიანად შევისწავლეთ და საგონებელში ჩავვარდით...

დუშეთის მუნიციპალიტეტი ქვეყანაში ყველაზე დიდია და მხოლოდ 30 000 სული ცხვარი გვყავს. 286 სოფლიდან გლეხობა სულ 24 000 სულ მსხვილფეხა პირუტყვს უვლის. ღორის ჭირმა ერთ წელიწადში 4 473 ცხოველიდან ნახევარი გაგვიწყვიტა. ან 4 473 ღორი რა არის დუშეთისთვის, რომ იმის ნახევარი რაიმეს ნიშნავდეს! თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა სოფლები, სადაც 100 ძროხას დაითვლი.

ჩვენი პირუტყვის დამცრობის მთავარი მიზეზი ჯიშიანობის დავარდნაა. სოფლები რომ მოიარო, შეიძლება ბუღაც კი ვერსად იპოვო. არადა, ჯიშიანი პირუტყვის გასამრავლებლად, ჯიშიანი ბუღა უნდა აირჩიო. საქართველოს ყველა კუთხეში თითო ასეთი ბუღა მაინც ჰყავდა მოსახლეობას და, შესაბამისად, არც ხალხს ჰყავდა ურიგო მეწველი პირუტყვი. ახლა კი ბუღას თუნდაც იმ მოსაზრებით აღარ იჩერებენ, რომ ბევრი საკვები სჭირდება. მოსახლეობას საძოვარზე ჰყავს პირუტყვი გარეკილი, სადაც გამრავლება ველური, ნათესაური გზით ხდება - უახლოესი ხაზის გენეტიკის პირუტყვი ერთმანეთს ეჯვარება. ასეთი გამრავლება კი, როგორც ადამიანებში, პირუტყვის დამცრობას და სიმახინჯეს იწვევს, წველადობაში ერთ ლიტრ რძეს აკლებინებს.

ზოგიერთი ცდილობს, პირუტყვის გამრავლება თვითდინებაზე არ მიუშვას და არსებული ჯიშიდან საუკეთესო პირუტყვი ჰყავს. დუშეთის რაიონში გავრცელებულია უმეტესად კავკასიური წაბლა და ხევსურული ძროხა. ხევსურული იწველება 7-8 ლიტრს, კავკასიური წაბლა კი ოდნავ მეტს. საჭიროა, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი ჯიშები, რომელიც ახლა დაკნინებულია, მაგრამ გარემოზე მორგებული უნიკალური თვისებები აქვს. ადგილობრივ ჯიშებთან საუკეთესო უცხოური ჯიშის პირუტყვი უნდა შეჯვარდეს. ამის შედეგად გაუმჯობესდება წველადობაც და მეხორცულობაც, რაც ხალხს მოგებას მოუტანს. ამ მხრივ, ჩვენ ავირჩიეთ შვედური ჯიშის პირუტყვი. მისი ნაწველი წელიწადში 4-5 ათასი ლიტრი რძეა, ანუ დღეში 15 ლიტრს იწველის. ხევსურული ძროხა, ზამთრიდან გაზაფხულამდე, მაკეობის გამო, წველას წყვეტს და როცა იწველება, დღეში 7-8 ლიტრს იძლევა.

- მაგრამ ამ შემთხვევაში ადგილობრივი ჯიშის გადაშენების საფრთხეც ჩნდება.

- ხევსურული ჯიში შვედურთან შეჯვარებით შეინარჩუნებს და გაიუმჯობესებს თავის საუკეთესო თვისებებს - ცხიმიანობას, ადგილობრივ პირობებთან შეგუების უნიკალურ უნარს, აიმაღლებს წველადობას. მომთაბარეობისა და ადგილობრივ მთაგორიან რელიეფთან შეგუების უნარი, შვედურ ჯიშსაც აქვს განვითარებული - წელიწადში 6 თვე მომთაბარეობს. ჩვენ ჯერსის ჯიშის ძროხაზეც შევაჩერეთ ყურადღება. ეს ერთ-ერთი ყველაზე პატარატანიანი ძროხაა, პირველ ხბოს 21-23 თვის ასაკში იგებს და რძე გამოირჩევა ცხიმისა და ცილის მაღალი შემცველობით... ჩვენ გლეხებს მაღალი წველადობისა და მეხორცული ჯიშების გამოყვანაზე ვესაუბრებით... თუ სოფელში რაიმე პრობლემა გაჩნდა, საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები ვალდებული ვართ, ხალხს დავეხმაროთ. ფშავ-ხევსურეთი, სამწუხაროდ, ძნელად მისასვლელ და დასაკავშირებელ ზონად რჩება, ამიტომ დუშეთის 286 სოფლიდან ჯერ 265 შემოვიარეთ. ძალიან მოსწონთ ღორების ხელოვნური განაყოფიერების თემა - ღორების გამოყვანის შემთხვევაში მოგება უფრო სწრაფად და მოკლე დროში შეიძლება, ვიდრე მსხვილფეხა პირუტყვისაგან. სად 10 გოჭს რომ მოიგებს ღორი და სად 16-ს!

- 16-გოჭიანი ღორიც არსებობს?

- არსებობს. მას შემდეგ, რაც დუშეთის მეცხოველეობის სტატისტიკა გამოვიკვლიეთ, დავასკვენით, რომ უნდა გახსნილიყო ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი, რომელიც მცხეთა-მთიანეთს მოემსახურებოდა. მართლაც გაიხსნა ცენტრი, რომელსაც გასანაყოფიერებელი სპერმა კახეთიდან, კერძოდ, სოფელ ოზაანის ლაბორატორიიდან ჩამოაქვს.

როცა ადამიანს დაარწმუნებ, რომ ჯიშის გაუმჯობესებით მისი ძროხის რძე და ხორცი 30-40%-მდე მოიმატებს, ამ სიკეთეს როგორ არ მოინდომებს!

ამასთან, ცენტრის ვეტერინარი პროფესიონალია, რომელსაც ხალხი ენდობა. უკვე განაყოფიერებულია 70 ფური და 103 ღორი.

- რა ღირს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა?

- 50 ლარი. თუ ერთხელ არ მოხდა შეჯვარება, მეორედ უფასოდ კეთდება, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, უფრო იოლი გზა მოგვენახა, რომ ჯიშების გაუმჯობესება მასობრივი გამხდარიყო, - მოველაპარაკეთ მუნიციპალიტეტს და გაისიდან გლეხი პირუტყვის შეჯვარებაში მხოლოდ 10 ლარს გადაიხდის, დანარჩენ 40 ლარს კი მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი: თუ პირუტყვი ჯეროვნად ვერ კვებე, რაც უნდა საუკეთესო ჯიშისა იყოს, ვერაფერს მოგვცემს. ამიტომ სოფელ შარახევში 2014 წელს აშენებული პირუტყვის საკვების დამამზადებელი საწარმო ძალიან მნიშვნელოვანია - უკვე 5 000 ტონა საკვები დაამზადა ადგილობრივი თივისა თუ სხვა მარცვლეულისგან, რომელიც არ არის გაჯერებული ჰორმონებით. ამასთან, საკვები უცხოეთიდან შემოტანილზე ბევრად იაფია.

დუშეთში იხსნება რძის მიმღები საწარმოც. ვიმედოვნებ, მისი ამუშავების შემდეგ გლეხს მეტი მეწველი პირუტყვის ყოლის სურვილი გაუჩნდება.

- ხორცს როგორღა ჩააბარებენ, ბარისახოში სასწორიც კი არ არის, ისე ყიდიან პირუტყვს გლეხები ჩალის ფასად - სავაჭროდ მისული შეათვალიერებს, იტყვის, დაახლოებით ამდენი კილოგრამი იქნებაო, და ფულსაც "თვალის შევლებით" იხდის.

- სწორედ ამის გამოსწორების გზად გვესახება დუშეთში პირუტყვის სასაკლაოს გახსნა, სადაც 1 კგ ხორცს 8 ლარად ჩაიბარებენ. სასაკლაო ახლახან გაიხსნა სოფელ წითელსოფელში და ბევრი მომხმარებელიც ჰყავს. ერთი-ორჯერ ადგილობრივმა გლეხებმა გვისაყვედურეს - 8 ლარი ცოტაა, არ გვიღირს ამ ფასად სასაკლაოსთვის პირუტყვის ჩაბარებაო, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ბაზარში ხორცის გაყიდვა ნაკლებ შემოსავალს მოიტანს; ამასთან, სასაკლაო იმ მოვაჭრეებს, რომლებიც "თვალით წონიან" პირუტყვს, კონკურენციას გაუწევს, - თუ ფასს არ მოუმატებენ, გლეხი პირუტყვს სასაკლაოს ჩააბარებს. დუშეთში გაიხსნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვილი ვეტლაბორატორიაც ცხოველთა დიაგნოსტიკისთვის.

მომავლის დიდი იმედი გვაქვს, გვინდა, დუშეთის რაიონი კვლავ იქცეს წარმატებული მეცხოველეობის მხარედ.