მიწათმოქმედთა ადათი - კვირის პალიტრა

მიწათმოქმედთა ადათი

საქართველოში მიწის მოვლისა და დამუშავების წეს-ადათი თაობიდან თაობას გადაეცემოდა

სწორედ ასე შემოგვინახეს წინაპრებმა უდიდესი ცოდნა, რომლითაც ნებისმიერი ხალხი იამაყებდა. გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოგრაფი ლიანა ბერიაშვილი.

- საქართველო ხორბლის უძველესი ჯიშების სამშობლოდ არის მიჩნეული. მსოფლიოში ცნობილი პურეულის 19 სახეობიდან საქართველოში 14-ია წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყანა თავისებური მუზეუმია ხორბლის ჯიშებისთვის, განსაკუთრებულია მახა და ზანდური - უძველესი, იმუნურად მდგრადი ჯიშები.

საქართველოს მიწა-წყლის ნაყოფიერებაზე არა მარტო უცხოელი მოგზაურები და მკვლევრები, არამედ ქართული ისტორიული წყაროებიც მოგვითხრობენ. ივანე ჯავახიშვილის აზრით, მიწის მოსავლიანობა აღმოსავლეთ საქართველოში რვაჯერადი ყოფილა, ხოლო პური იმდენი მოჰყავდათ, რომ საზღვარგარეთაც კი გაჰქონდათ. ისიც ცნობილია, რომ თამარ მეფის ეპოქაში საქართველო მარცვლეულის ნამდვილი ბეღელი იყო. ქართველმა მეურნემ იცოდა ნიადაგის დაცვისა და გამდიდრების მრავალფეროვანი ხერხები, შეიძლება ითქვას, ჩვენი წინაპრები აგროტექნიკურ ღონისძიებებსაც წარმატებულად იყენებდნენ.

- ყველაზე ხშირად რომელ ხერხს მიმართავდნენ?

- ნიადაგის გადაღლა იწვევს მის გამოფიტვას, ამიტომ ძველად სახნავ ნაკვეთებს მონაცვლეობით ითვისებდნენ, რასაც მიწის დასვენება ერქვა. ხორბალიც მხოლოდ ნასვენ ანეულზე ითესებოდა, ზოგიერთი ნაკვეთი კი რამდენიმე წლის განმავლობაში რჩებოდა დაუმუშავებელი. ხშირად მიმართავდნენ თესლის შენაცვლების პრაქტიკასაც, როგორც სარწყავ, ასევე ურწყავ მიწებზე. მაგალითად: სარწყავ მიწებში პურეულ კულტურებს სიმინდი ენაცვლებოდა. იქ, სადაც 3-4 წელიწადს ქერი იყო დათესილი, მომდევნო 2-3 წელიწადს თივას თესავდნენ. ხშირად ქერსა და ხორბალს მრავალწლიან ბალახსაც უნაცვლებდნენ. ამ მონაცვლეობით ნიადაგს ამდიდრებდნენ და თუ საჭირო იყო, ასვენებდნენ კიდეც. ნიადაგის თვისებების გაუმჯობესების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მის გასუფთავებასაც - ქვა-ღორღისგან გაწმენდას, ბუჩქნარის ფესვების ამოყრას, განსაკუთრებით ეფექტიანი იყო მიწის ნაკელით განოყიერება. ეს წესი საქართველოს ყველა კუთხეში არსებობდა. ამისთვის იყენებდნენ საქონლის, ასევე ფრინველისა და ცხვრის ნაკელსაც. მას მთელ წელიწადს აგროვებდნენ და ნაკვეთებში ზამთრის დასაწყისში შეჰქონდათ.

- ხვნა-თესვის დროს რა წესს იცავდნენ?

- საგაზაფხულო თესვა მარტიდან იწყებოდა, ხოლო შემოდგომისა - სექტემბრის შუა რიცხვებიდან (ძველი სტილით). სათესლე მარცვალი წინასწარ ჰქონდათ შემზადებული - მზეზე კარგად გამშრალი, მინარევისა და ქვისგან გაწმენდილი. მთესველი თავისი საქმის მცოდნე უნდა ყოფილიყო, რადგან უცოდინარი მარცვალს სწორად ვერ მოაბნევდა და ყანაც "აჭრელდებოდა". უკვე დათესილ ნაკვეთს დიდი გულისყურით უვლიდნენ, განსაკუთრებით, საშემოდგომო ნათესებს, ზუსტად იყო დადგენილი სათესლე მასალის რაოდენობაც. დიდთოვლობის დროს ყანის პატრონი ნაკვეთში გადიოდა და დიდი კომბლით თოვლს ჩიჩქნიდა, რომ ჰაერს მიწამდე ჩაეღწია. რაც შეეხება მორწყვას, წყლის რესურსების სიმცირის გამო ძირითადად, საგაზაფხულო ნათესებს რწყავდნენ. ნიადაგის ხვნა-თესვა, მორწყვა, მოსავლის აღება, გადაზიდვა, გამოფშვნა, დაუნჯება, დაფქვა, სამიწათმოქმედო იარაღების მოვლა - ჩამოთვლაც კი ნათელ წარმოდგენას ქმნის, რაოდენ რთული და შრომატევადი იყო მიწათმოქმედის შრომა. ამას ემატებოდა წეს-ჩვეულებათა და სარიტუალო ქმედებათა მთელი რიგი, რომლის მიხედვითაც ძალიან საინტერესო სამიწათმოქმედო ხალხური კალენდარი შეიქმნა.

- რას ითვალისწინებდა ეს კალენდარი?

- დაგისახელებთ ეთნოლოგ ნელი ბრეგაძის მიერ შესწავლილ რაჭა-ლეჩხუმის ხალხურ კალენდარს, მაგალითისთვის მხოლოდ შემოდგომის თვეების კალენდარს მოვიყვან, საიდანაც ჩანს, როგორ ჰქონიათ ძველად გლეხებს დაგეგმილი და განაწილებული თავიანთი საქმე.

სექტემბერი (ენკენისთვე) - იწყება სიმინდის აღება, ღომის კრეფა, რთველი, საშემოდგომო ხვნა-თესვა. ღვთისმშობლობა, ჯვართამაღლება.

ოქტომბერი (წიფობისთვე, ღვინობისთვე) - სიმინდისა და ყურძნის მოსავლის აღება, პურის თესვა, შეშის დამზადება, მოსავლის დაუნჯება, მოწამეთობა.

ნოემბერი (გიორგობისთვე) - პურის თესვა, შეშის და ხარდნის მომარაგება, შემოდგომის გიორგობა, მთავარანგელოზობა.

ჩვენს წინაპრებს მთელი წელიწადი ასე ჰქონდათ დაგეგმილი. შრომასთან ერთად რელიგიური დღესასწაულებიც არ ავიწყდებოდათ და საკადრის პატივს მიაგებდნენ.

"ეს უნდა აღდგეს..."

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლედან:

"საქართველო ყოველთვის იყო ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებითაც უვლიდა. ეს უნდა აღდგეს. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით... რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ამაში არ შედის ჩვენი ტრადიციული, ადგილობრივი ჯიშები, მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ. მრავალ ტრანსნაციონალურ კომპანიას სურს თავისი გავლენის სფეროდ და მათ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ საქართველო, შეაფერხონ ადგილობრივი, ბუნებრივი პროდუქტების წარმოება... ამ ტენდენციას ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. ამ მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება: დაიწყონ მიწის დამუშავება, შექმნან მცირე საწარმოები, მით უმეტეს, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნილება და ფასი ყოველწლიურად იზრდება... ამიტომ, თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ეს რეალობად აქციოს".

ხათუნა ჩიგოგიძე