ხემ მოისხა სამშვენისი
21-12-2015
ხემ მოისხა სამშვენისი
"ტყეში ნაპოვნი ბუნებრივი მასალა თქვენს კომპოზიციებს გაალამაზებს ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური საახალწლო სამშვენისებით"


საახალწლო სამზადისი დაიწყო, ყველა სახლის მორთვას ცდილობს. ბინა მხოლოდ ხელოვნური სამშვენისებით რომ არ გაფორმდეს, შესაძლებელია, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნივთ­ებითაც გაიწყოს. ამაში კი ფლორისტები დაგვეხმარებიან, რომლებიც უკვე თვე-ნახევარია, თავდაუზოგავად შრომობენ. მათთან მისული რას არ ნახავს კაცი: დაჭრილ-დანაკუწებულ ტოტებს, გირჩებს, ნუშის, კაკლის, თხილის მარცვლებს, ხავსს, ასკილს, ბაღისა და მინდვრის მცენარეებს, გამხმარ ფორთოხალსა და ლიმონს - ამ მას­ა­ლებით ულამაზესი კომპოზიციები
იქმნება.…

სათამაშო მაიმუნი

"კვირის პალიტრა" ერთ სალონს ეწვია. ფლორისტი ნანა თაყაიშვილი გვეუბნება, რომ მასალის მოგროვება ჯერ კიდევ ზაფხულიდან უნდა დაიწყოს, ხოლო როცა ყველაფერს თავს მოვუყრით, ნოემბრის შუა რიცხვებიდან საახალწლო სამშვენისებზე უკვე შეიძლება მუშაობის დაწყება.

- ტყიდან უამრავი რამ მოგვაქვს, რომლებიც თვითონ გვიხსნიან ფანტაზიას... ვცდილობთ, სამშვენისები
არ გამეორდეს და ახალ-ახალ ვარიაციებს ვქმნით.

- მოთხოვნა არის?

- რა თქმა უნდა, შეკვეთებსაც გვაძლევენ.

- ამის გაკეთება ნებისმიერს არ შეუძლია?

- სასურველია, ფლორისტი იყოს, რადგანაც იცის, ზაფხულსა და შემოდგომაზე­ სად რომელი მცენარე მოიპოვოს, რა რასთან დააკავშიროს. თუმცა, თუ ვინმე მოინდომებს, თავსაც მშვენივრად გაართმევს. ჩვენთან კეთდება ყველაფერი, ნაძვის ხეებით დაწყებული, სათამაშოებით დასრულებული. ამ ცოცხს შეხედეთ, გადაჭრილია და მასზე დამაგრებულია სხვადასხვა რამ, მათ შორის, გამხმარი თავთავიც.

სიუხვის რქა

- ასე პატარა ზომაზე უნდა გადაიჭრას?

- გადაჭრით თქვენთვის სასურველ ზომაზე. თუ ნაძვის ხის ფორმას მისცემთ, სათამაშოებსაც დაამაგრებთ.

- ანუ ცოცხის ნაძვის ხედ გადაქცევაც შეგვიძლია.

- კი, შეგვიძლია მოვრთოთ თხილით, კაკლით, ნუშით და ბრჭყვიალა მასალით დავფეროთ. მაგალითად, ნუშის ერთმანეთთან შეწებებით ულამაზეს გირჩას ვიღებთ. შემდეგ ლაქით ვფერავთ.

- გვირგვინებიც ძალიან ლამაზია...

- გვირგვინების შიგნით მხოლოდ საშობაო ყვავილიც რომ ჩაუსვათ, საახალწლო მაგიდას გაალამაზებთ.

- ეს ზღარბი რისგან არის შექმნილი?
- ეს ვაზის განასხლავია, ანუ წალამი, რომელიც დაჭრილია თანაბარ ნაწილებად და შემდეგ ჩასმულია ფლორისტულ ოაზისში (ფლორისტიკაში ასეთი ტენდენციაა - ცოცხალი ყვავილებისთვის კომპოზიციის გასაკეთებლად ე.წ. ოაზისს ვიყენებთ). ეს არის ერთგვარი აგური, ფლორისტიკულ ქაფსაც ვეძახით. წყალში სველდება, სინოტივეს დიდხანს ინარჩუნებს და ლარნაკის მაგივრობას გვიწევს. თაიგულის შესაქმნელად ოაზისზე უკეთესი ჯერ არაფერი გამოუგონებიათ. ზემოდან ხან ხავსით იფარება, ხან ყვავილებით და ასეთი რამ გამოდის.
აქვე გვაქვს ხმელი მცენარეები. მაგალითად, ვარდი, ასკილის ნაყოფი თავისი ტოტებით, ჰორტენზია, ლავანდა და მშვენიერი კომპოზიციები იკვრება. ეს გოდრებიც წნელისგან არის დაწნული, რომელსაც შეიძლება სადღესასწაულო დატვირთვა შევძინოთ.

- ორიგინალური ნაძვის ხეები გაქვთ...

- კი, ამ ნაძვს ტანი ხავსით აქვს შემოსილი, დაკრული აქვს მუხის ­ფოთლები, ხის ქერქი, თხილი, გამხმარი ლიმონის ნაჭრები, კედრის გირჩები... ხავსი ვახსენეთ და აი, კიდევ ხავსისგან დამზადებული რქა (ბარაქის სიმბოლოა) და გვირგვინი.

ფინჯანისა და ლამბაქის კომპოზიცია

- ამ პატარა მორებზე თოვლის იმიტაციას რა ქმნის?

- ეს მარმარილოს ფხვნილია, თოვლს ძალიან ჰგავს... ამ საახალწლო კომპოზიციისთვის კი ლამბაქი და ჭიქაა საჭირო, ერთმანეთთან ღერძით უნდა დამაგრდეს, ჭიქასა და ლამბაქს შორის ღერძი კი მცენარეებით, გირჩებით, ტოტებით დაიფაროს, მერე ბრჭყვიალა პუდრიც თუ მიეყრება, ასეთი სილამაზე გამოდის. გასაწყობად წითელი კენკრაც ძალიან უხდება, რაც მთავარია, ის გახმობისას ფერს ინარჩუნებს.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- ზაფხულსა და შემოდგომაზე ლამაზი ფერადი ფოთლები შეაგროვონ. ამ პერიოდში ბუნება საოცარია, უხვად არის ხილიც. ეს ყველაფერი შევაგროვოთ და გავახმოთ. შემდეგ უკვე კომპოზიციებზე თამამად შეიძლება მუშაობა. გამოგივათ ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური საახალწლო სამშვენისები. ტყეში ნაპოვნი ყოველი ბუნებრივი მასალა თქვენს კომპოზიციებს მხოლოდ დაამშვენებს.

- ჩიჩილაკის გაფორმება თუ შეგვიძლია?
- რა თქმა უნდა. ამ ტრადიციული საახალწლო ატრიბუტის მორთვა შეიძლება კაკლით, თხილით, წაბლით, წითელი კენკროვანებით, ლიმონის ნაჭრებით, გირჩებით. ჰო, ფუჩეჩისგანაც მშვენიერი სამშვენისები გამოდის.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით