დუდუკის ჰანგები
21-12-2015
დუდუკის ჰანგები
"დღეს, თუკი ვინმე ახალგაზრდა დუდუკს უკრავს საქართველოში, 98 პროცენტი ჩემი მოსწავლე იყო"


დუდუკი ძველი საკრავია. ამ ინსტრუმენტის შექმნის ტრადიცია ოდითგანვე ჰქონიათ თბილისში, გორში, დირბსა და იყალთოში. სოფელი დირბი ამ საქმის მნიშვნელოვანი ცენტრია, სახელმოხვეჭილი მედუდუკ­ეები: გოლა, ციგანა, ტიღა, დავით ზუბიაშვილი და სხვებიც სწორედ დირბიდან ყოფილან. ცნობილი მედუდუკე მიხეილ ადამაშვილი­ წერს: "წინაპრების გადმოცემით, დუდუკი ჩვენი საკრავია, ხალხს ხშირად ერევა­ ერთმანეთში დუდუკი და ზურნა. ეს უკანასკნელი მართლა არ არის აქაური.­ ბევრი ქვეყანა შემოვიარე,
მაგრამ დუდუკი არსად მინახავს. ზურნა კი, რამდენიც გინდათ, ყველგან იყო". თანამედროვე მედუდუკეებიც ფიქრობენ, რომ დუდუკი ქართული საკრავია. მუსიკოსი ზაურ მერებაშვილი 50 წელზე მეტია, ამ საქმეს ემსახურება. ის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მედუდუკეთა წრეს ხელმძღვანელობს, სუხიშვილების ანსამბლშიც უკრავს დუდუკზე, გუდასტვირზე, ჭიბონსა და სხვა ხალხურ საკრავებზე.

- ბატონო ზაურ,
ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ დუდუკი სომხური საკრავია. რა შეიძლება ითქვას ამის გასაბათილებლად?

- ეს იმის ბრალია, რომ დუდუკი კარგად შეითვისა ქალაქურმა მუსიკამ, მასზე­ ქართველებიც კარგად მღეროდნენ, სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. ახლა კი დუდუკს აზერბაიჯანშიც ამზადებენ და სომხეთშიც. 1907 წელს საქართველოში ინგლისელები იყვნენ ჩამოსული და ადგილობრივ ფოლკლორულ ნიმუშებს აგროვებდნენ. მაშინ ჩაიწერეს ვანო სარაჯიშვილის, აკაკი წერეთლის ხმა, ზუბიაშვილების დუდუკის დაკვრა და ცნობები ამ ინსტრუმე­ნტის შესახებ. ეს ჩანაწერები ინგლისში ახლაც ინახება და ნანახი აქვს ცნობილ ფოლკლორისტს, ანზორ ერქომაიშვილს.

სომხეთში ეს ინსტრუმენტი ცოტა მოგვიანებით მიიღეს და შეითვისეს, ისევე როგორც აზერბაიჯანში. დუდუკის ხმა არც ერთ სომხურ ჩანაწერში, არც ერთ ძველ ფირფიტაზე არ ჟღერს, ქართულ ჩანაწერებში კი ხშირად გვხვდება. ამას სომეხი მუსიკოსებიც ადასტურებენ. მაგალითად, სერგო მარტიროსოვი ამბობდა: როცა ირანის შაჰს დუდუკის მოსმენა სურდა, აუცილებ­ლად თბილისში გზავნიდა ხალხს, რომ ჩაეყვანათ მედუდუკეები ირანშიო. თუკი ეს ინსტრუმენტი ერევანშიც ჰქონდათ, ეს ქალაქი უფრო ახლოს არ არის ირანთან? იქიდან წაიყვანდნენ, თუკი იქ დუდუკის დაკვრის ტრადიცია არსებობდაო, დასძენს იგი. ასე წაიყვანეს თბილისიდან დათა ზუბიაშვილი, მისი შესრულებით მოხიბლულმა შაჰმა­ ის გულუხვად დაასაჩუქრა. იყო ასეთი მუსიკოსი და მკვლევარი, ბუხუტი შალამბერიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ დუდუკზე ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ უკრავდნენ, როდესაც ამ ტერიტორიაზე არ ცხოვრობდნენ, რომ ეს ძირძველი ქართული საკრავია.

- თქვენ როდის გადაწყვიტეთ ამ უძველესი საკრავის შესწავლა?
- დუდუკის სიყვარულმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ ინსტრუმენტზე აუცილებლად უნდა დამეკრა. მაშინ 16-17 წლისა ვიქნებოდი, ახლა კი 74 წლისა ვარ და მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული მუსიკისა და ხალხური საკრავებისთვის არ მიღალატია. წარმოშობით კასპიდან ვარ. ამ ინსტრუმენტს თავდაპირველად ცნობილი ოსტატი მიშა ადამაშვილი მიმზადებდა­. მე თვითონ პირველი დუდუკი 1962-1963 წლებში გავაკეთე. ამის მერე დავიწყე უკვე მასალების შეგროვება და ჩარხის შეძენაზე ფიქრი. პირველი ჩარხი ჩემმა მეგობარმა მაჩუქა, დავიწყე დუდუკების დამზადება და ახლა ყველას ვამარაგებ, ვისაც კი მისი შეძენის სურვილი აქვს. რთული და შრომატევადი პროცესია. დუდუკის ძირითადი ნაწილებია ლულა, ყამიში და ხუფი. ლულაზე ზედა მხარეს ამოჭრილია 8-9, ხოლო ქვემოთ - ერთი ნახვრეტი ანუ თვალი, მასში ჩადგმულია ლელის ბრტყე­ლი ღილაკი, რომელსაც ყამიშს ეძახიან.

- ლულას ცალკე ამზადებთ და ყამიშს - ცალკე?
- დუდუკს საერთოდ ასე ამზადებენ. მე ყველა ხე მაქვს მოსინჯული, მაგრამ ყველას ჭერამი სჯობს. მისგან ყველაზე ჟღერადი და ტკბილხმიანი ინსტრუმენტი მზადდება. გამოვცადე კომში, კოპიტი, მუხა, წაბლი, მაგრამ ჭერამი ყველაზე უკეთესია.

ჯერ მოგითხრობთ, როგორ მზადდება დუდუკის ტარი, ანუ ლულა: ჭერმის ხის შტამბს, რომელიც მიწიდან იწყება და განტოტებასთან მთავრდება, ქერქს შემოვაცლი, მერქანს დავამუშავებ, დავხერხავ და დიდი ხნით დავაწყობ. ლულის სიგრძე 34,5-35 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოლო შიგნითა სივრცის, ანუ მენზურის დიამეტრი - 11 მილიმეტრი. დუდუკის გარშემოწერილობა­ 22 მილიმეტრია. დუდუკის ტარი ჩარხზე­ დამუშავების შემდეგ უფრო ლამაზდება და საბოლოო სახეს იძენს. შემორჩენილია ცნობები, როგორი იყო პირველყოფილი დუდუკი - მას თავიდან ბოლომდე ამზად­ებდნენ ჭაობის მცენარისგან - ლელისგან, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ყამიში მზადდება. სხვათა შორის, ერთი ასეთი დუდუკი მეც გავაკეთე.

- ყამიში როგორ კეთდება?
- ყამიში დუდუკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომლის გარეშე ვერც დაუკრავს და ვერც ხმას გამოსცემს. მას ლელისაგან ვამზადებ: ჭაობში ვარჩევ 20 მილიმეტრი დიამეტრის მქონე მცენარეს. ლელს აქვს მუხლთშორისები, მათ შორის ყველა კარგია - პირველიდან მესამე მუხლის ჩათვლით, თუმცა შეიძლება მეოთხე მუხლმაც ივარგოს. ვარჩევ საუკეთესო მცენარეს და იწყება დამუშავება, კერძოდ, გულის გამოსუფთავება, ქერცლის გაცლა, გარედან ზედმეტი ქერქის გადაცლა, რომ ძალიან უხეში არ იყოს. ამის შემდეგ ვალბობთ წყალში, ხანდახან ცხელ წყალშიც ვდებთ, რომ არ გასკდეს, რადგან მასალა ძალიან მყიფეა. შემდეგ ყამიშის მასალას დავწნეხთ, ბოლოს კი ტარდება პროცესი, რომელსაც სპეციალისტები "დახრჩობას" ვეძახით: ლელის ღერო ისე უნდა დავიწროვდეს, რომ დუდუკის ყელში ჩავიდეს. საბოლოოდ, ყამიშის სიგრძე დაახლოებით 13 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოლო სიგანე - 11-13 მილიმეტრი. როცა ყამიში გაშრება, მერე ვიწყებთ მის დადაღვას, ანუ შეწვას. ძველი ოსტატები უთოს ნაკვერჩხლით გაახურებდნენ და იმაზე წვავდნენ ხოლმე, დღეს კი ელექტროღუმელს ან გაზს ვიყენებთ. თითქმის გამზადებულ ყამიშს ცეცხლზე ვატრიალებთ, რომ კარგად გამოიწვას და სასურველი ფერი მიიღოს. ოსტატობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს ყამიში არ დაწვა და არ დააზიანო. ზემოდან ყამიშს ეცმება­ ხუფი, რომელმაც დუდუკი უნდა დაკეტოს, რომ მის შუაგულში ჰაერმა არ იმოძრაოს და ინსტრუმენტი უხეში არ გახდეს. მუსიკოსებმა და შემსრულებლებმა კარგად იციან, რომ დუდუკის მაშინვე დაკვრა სასურველი არ არის. დაკვრამდე წყალი უნდა ჩავასხათ და ცოტა ხნით გავაჩეროთ. წყალი გარეთ რომ გამოვა, მერე უკვე დუდუკის დაკვრაც შეიძლება.

- როგორც ჩანს, ყამიში დუდუკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია...
- დიახ, ასეა, რადგან დუდუკის ტარი ადამიანს მთელი ცხოვრება მოემსახურება,­ მთავარი ყამიშის გაკეთებაა. მე ყამიშის გაკეთებამ საქმე ძალიან გამიადვილა. მანამდე ან ვყიდულობდი, ან სხვებს ვთხოვდი. ახლაც, ჩემს მოსწავლეებს სულ ვურჩევ, რომ თავიანთი ინსტრუმენტის გაკეთება თვითონ უნდა შეძლონ.

- ბევრი მოსწავლე გყოლიათ?
- დღეს, თუკი ვინმე ახალგაზრდა დუდუკს უკრავს საქართველოში, 98 პროცენტი ჩემი მოსწავლე იყო. ახლაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სპეციალური წრე მოქმედებს, სადაც ბავშვებს დუდუკის დამზადებას ვასწავლი. ყოველ გაზაფხულზე მივდივარ და ვისაც სურვილი აქვს, მიმყავს, რომ იცოდეს, რომელი მცენარე უნდა მოჭრას, ან როგორ დაამუშაოს, რომ კარგი ინსტრუმენტი გამოუვიდეს. მიხარია, რომ ეს საქმე ძალიან აინტერესებთ. სულ ვეუბნები, მხოლოდ ქართული მელოდიები დაუკრან. რასაკვირველია, ქალაქური მელოდიებიც უნდა იცოდნენ, მაგრამ ჯერ ძველი ქართული ფოლკლორი უნდა შეისწავლონ.
დუდუკი ძალიან ტკბილხმიანი საკრავია და მასზე ქალაქური სიმღერების შესრულებაც შეიძლება და ტრადიციული ქართული ფოლკლორისაც.

ხათუნა ჩიგოგიძე

რედაქტორის რჩევით