როგორ დავუშვათ "ჰაერში გამოკიდებული" მებაღეობები მყარ ნიადაგზე
21-12-2015
როგორ დავუშვათ "ჰაერში გამოკიდებული" მებაღეობები მყარ ნიადაგზე
ხალხი წლებია იბრძვის, რომ თავის ნაშრომს თავისი სახელი დაარქვას და ვერაფერს მიაღწია. ამ მებაღეობებში ცოტა შრომა კი არ არის ჩადებული. კაცი იმას რომ ფიქრობს, ეს ნაშრომი ჩემი არ არისო, როგორ გუნებაზე დადგება? ვინც ამ ნაკვეთებს არ დაუბრუნდა, ფიქრობს, რა აზრი აქვს, წასართმევად რატომ დავამუშაოო

"ქალაქგარეთ მებაღეობის ნაკვეთების უმრავლესობა უპატრონოდ არის მიშვებული, რადგან ნახევარი საუკუნის წინ მებაღეობათა წევრებისთვის მიკუთვნებულ მიწას სახელმწიფო არ ურეგისტრირებს. ამის გამო ნაწილი ეკალბარდს მიაქვს, ნაწილს კი მებაღეობათა
წევრები მაინც ამუშავებენ. აქ სახლებიც აქვთ და მრავალწლოვანი ნარგაობაც, მაგრამ არ იციან, როდის წაართმევენ. აუცილებელია, იმ ხალხის სახელზე დარეგისტრირება, ვინც ამ მიწაზე ოფლს ღვრის", - მითხრა საქართველოს მებაღეთა ასოციაციის დამფუძნებელმა ნუგზარ კოხრეიძემ.

- ხალხს ეს ნაკვეთები გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დაურიგეს და ვინც შემორჩა, კარგად
იცის, რა ხრიოკები დახვდათ. ზოგმა ათეულობით მანქანა ქვა-ღორღი გაიტანა და ასევე ათეულობით მანქანა მიწა შეიტანა. ვიცნობ ადამიანს, რომელმაც თავის ნაკვეთში 100 მანქანა მიწა შეიტანა და ბაღნარად აქცია. მეც მათ შორის ვარ, 50 მანქანა მიწა მაინც შევიტანე ჩემს ნაკვეთში. საბჭოთა სახელმწიფომ მებაღეობის კულტურა უცხოეთიდან შემოიტანა, კერძოდ, გერმანული მეთოდით ისარგებლა­ და ამით შეეცადა ქალაქების დაკმაყოფილებას სოფლის მეურნეობის­ პროდუქციით. მებაღეობის კულტურა განვითარებულ სახელმწიფოებში უმაღლეს დონეზეა. შორს რომ არ წავიდეთ, საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში, ქალაქგარეთ, ინდივიდუალური­ მებაღეობების პარალელურად, ხალხმა საერთო მებაღეობები შექმნა, ანუ საერთო ბოსტნები გაიჩინა და ვისაც როგორ შეუძლია, საერთო ნაკვეთის დამუშავებაში ისე მონაწილეობს. თავდაპირველად, სახელმწიფო აქტიურად ვერ მონაწილეობდა და ზოგან ხალხმა თავისი ხარჯით შეიყვანა ელექტროენერგიაც და წყალიც. მერე სახელმწიფოც ჩაერთო და მებაღეებს ნაწილობრივი­ დაფინანსებით ეხმარებოდა, მათ შორის, სახლების აშენებაში. შედეგად, ამ ნაკვეთებზე არა მხოლოდ მებაღეობა და მებოსტნეობა განვითარდა, არამედ მეცხოველეობაც აღორძინდა, ხალხმა ძროხები, კურდღლები და ღორები მოაშენა. აქ მოწეული პროდუქციით ხალხი გამოფენებშიც მონაწილეობდა, იქიდან კი ბავშვთა სახლებში იგზავნებოდა.

დღესაც არსებობს კონკრეტული მონაცემები, საქართველოში რა ფართობი უჭირავს საბაღე მეურნეობებს. ეს არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით 7 300 ჰექტარი მიწა, მათ გარეშე კი - 5 000 ჰექტარი. აქედან დარეგისტრირება მფლობელების მხოლოდ 20-25%-მა მოასწ­რო, მიწების 60%, ანუ მათი მფლობელი 50-60 ათასი კაცი ჰაერშია გამოკიდებული. ამ მიწების უმეტესობას ხალხი ამუშავებს, ზოგი კიდეც ცხოვრობს, მაგრამ სულ იმის განცდაშია, რომ სახლი და მიწა მისი არ არის. ხალხი წლებია იბრძვის, რომ თავის ნაშრომს თავისი სახელი დაარქვას და ვერაფერს მიაღწია. ამ მებაღეობებში ცოტა შრომა კი არ არის ჩადებული. კაცი იმას რომ ფიქრობს, ეს ნაშრომი ჩემი არ არისო, როგორ გუნებაზე დადგება? ვინც ამ ნაკვეთებს არ დაუბრუნდა, ფიქრობს, რა აზრი აქვს, წასართმევად რატომ დავამუშაოო. ქალაქის მცხოვრებნი რომ მიუბ­რუნდნენ ამ მებაღეობებს, ვის სახელზედაც თავის დროზე გაიცა, ამ ნაკვეთებიდან ქალაქში იმდენი შემოსავალი შემოვა, ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება. ესეც ხომ საქმეა!

მიზეზად იმას იდებენ, რომ ის ორგანიზაციები აღარ არსებობენ, რომლებმაც ეს ნაკვეთები თავიანთი თანამშრომლებისთვის გასცეს. ანუ მებაღეობის მფლობელებს არ გააჩნიათ ოფიციალური დოკუმენტაცია, რომ ეს მიწები მათია. შესაბამისად, ძალადაკარგულად ითვლება ის ძველი დოკუმენტაცია, რომელიც მფლობელობას ადასტურებდა. როცა ნაკვეთების გამცემი დაწესებულებები ნელ-ნელა უქმდებოდა, სახელმწიფო მებაღეობებს ისე ექცეოდა, როგორც მოეპრიანებოდა. ერთი სამინისტრო აიღებდა და მეორეს გადასცემდა. 1993 წელს მებაღეობის ინსტიტუტის მთელი ქონება ქალაქის "აგროსერვისს" გადაეცა. ამ ორგანიზაციას კი მებაღეობის დასახმარებლად თითიც არ გაუნძრევია... წლების შემდეგ "აგროსერვისში" შსს და პროკურატურა შევიდნენ და გააუქმეს. დარჩნენ მებაღეობები და მათი წევრები ჰაერში. ამასობაში ხალხმა ნაკვეთებზე სიარული შეწყვიტა. თავის დროზე, მებაღეობებში სახელმწიფომ ქალაქიდან ტრანსპორტი დანიშნა, მაგრამ მძიმე წლებში ტრანსპორტIიც გაჩერდა. ვერც კერძო პირები შოულობდნენ საწვავს მებაღეობებში მისასვლელად, რომც ეშოვათ, წასვლასაც არ ჰქონდა აზრი, მოსავალს ყაჩაღები დამწიფებამდე აყოლებდნენ ხელს. ასე რომ, სიარული რომ შეწყვიტეს, იქაურობაც განადგურდა.

მერე ქვეყანა, ასე თუ ისე, გონს მოვიდა­ და ხალხი მიწას მიუბრუნდა, მაგრამ ახლა მიწას ვეღარ ირეგისტრირებენ. განადგურებულია ელექტრო- და წყალგაყვანილობაც. ერთადერთი მებაღეობა შემორჩა კუმისში,­ სადაც რკინიგზა გადის და გაჩერებაც არის და საცხოვრებლადაც დამკვიდრდნენ, მაგრამ იქაც წყლის პრობლემა იყო. მერე ბევრი ვიბრძოლე და ღვთის მადლით, გასარწყავების პროექტში მსოფლიო ბანკმა­ კუმისიც ჩართო. ასევე ვიბრძოლე, რომ შაბათ-კვირას მაინც ტრანსპორტი დანიშნულიყო. ქალაქის მერია შემპირდა და ველით.

- რას ამბობს ხელისუფლება, როცა ნაკვეთების დარეგისტრირებისთვის მიმართავთ?
- მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტსა და საპატრიარქოსაც. თითქოს ყველას უნდა დახმარება, მაგრამ როცა საქმე პარლამენტის დადგენილებამდე მივა, არაფერი გამოდის. ალბათ, ვიღაცას არ აძლევს ხელს, რომ ნაკვეთები დარეგისტრირდეს. ეს ნიშნავს, რომ მიწას შეიძლება გასაყიდის სტატუსიც დაედოს. ეს კი დანაშაულია! მებაღეობების აღდგენა მარტო ჩემი და ჩემი შვილიშვილის ან თუნდაც კუმისელების თუ ბროწეულელების საქმე კი არა, ქვეყნის სამომავლო საქმეა - თუ მეურნეობები აღდგება, ქალაქი დასაქმდება, სასოფლო-სამეურნეო ბაზარი შეივსება და ქალაქი გაძლიერდება.
მებაღეობები სამომავლო საქმედ რომ არ ითვლებოდეს, მებაღეობებით მთელი ევროპა არ იქნებოდა დაქსელილი. ევროპელები ჩვენთან ჩამოდიან იმის სასწავლად, მებაღეობის ნაკვეთებში რა დათესონ და დარგონ, ჩვენ კი ამ აწყობილ სისტემას ვანადგურებთ. საშველი დააყენონ ამ საქმეს და ხალხს მიწები დაუკანონონ!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით