"ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი"
28-12-2015
"ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი"
"სურებში ჩვენი სახლის სურნელი ჩემთვის განსაკუთრებული და საკრალურია"

"ნატანებში ჩემი ბებია ცხოვრობს, მინდა მივულოცო ახალი წელი თქვენი გაზეთის ფურცლებიდან"


ლიტერატორი, ეროვნული ბიბ­ლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, როცა თავის გურიაზე ლაპარაკობს, უცებ გადასხვაფერდება, თითქოს ბავშვობაში, თავის დედულ-მამულში გადადის. იქ გატარებულ ტკბილ დღეებსა და ახალი წლის დღესასწაულებზე ბევრი აქვს გასახსენებელი.

- ოზურგეთში ვცხოვრობდი, მაგრამ მამაჩემის სოფელი ჩოხატაურის რაიონში, ზემო სურები იყო, დედაჩემისა კი ნატანებია - ოზურგეთის რაიონში. ცხოვრების დიდი ნაწილი, თუ არ ჩავთვლით
სასკოლო პერიოდს, ძირითადად, მამულ-დედულში გავატარე. როცა იქ მივდიოდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჯადოსნურ ადგილებს ვუახლოვდებოდი.

ნატანებში ხშირად დავდიოდი, ბებიასთან ერთად ვატარებდი დღეებს, ვერთვებოდი სოფლის ცხოვრებაში - ვუვლიდი­ ძროხებს, ღორებს, ქათმებს, ბოსტანში­ ვსაქმ­იანობდი, მანდარინის ხეებსაც ვუვლიდი, მოკლედ, ნებისმიერ სამუშაოს ვასრულებდი.

სურებში უფრო იშვიათად მიწევდა ჩასვლა. იმ
სახლის სურნელი დღემდე ჩემთვის განსაკუთრებული და საკრალურია. თხილსაც ვუვლიდი, ფუტკრებსაც, თუმცა სულ დაკბენილი მოვდიოდი, მთლად დიდოსტატიც არ ვიყავი ამ საქმის. ხშირად დაკარგულ ძროხებსაც ვეძებდი, შუაღამისას კვარით ხელში მივლია.

"ნატანებში ჩემი ბებია ცხოვრობს, მინდა მივულოცო ახალი წელი თქვენი გაზეთის ფურცლებიდან"

- ამბობენ, ასაკთან ერთად ადამიანებს თავისი კუთხის სიყვარული უმძაფრდებათო.

- რა თქმა უნდა, ეს მიზიდულობა იმატებს. ძალიან მინდა სოფლის მეურნეობაში ჩავერთო. თხილის ბაღები და ციტრუსი გავაშენო. ზაფხულიდან აქტიურად უნდა მოვეკიდო ამ საქმეს და მოვუწოდებ ყველას, ვისაც სოფელი აქვს, მიაბრუნოს მზერა უკან, რადგან ყველანი იქიდან მოვდივართ და სხვანაირად არ შეიძლება.

ხშირად ადამიანები არ ვაფასებთ გლე­ხის გარჯას, თუმცა როცა შენ თვითონ მოიწევ, ნახავ, რომ ყველაფერი ბევრად ტკბილი და გემრიელია. ლობიო, ცერცვი, ყაბაყი, კიტრი, პომიდორი, სიმინდი გურიაში ყველა ოჯახში მოჰყავთ... ჩვენთან განსაკუთრებით პოპულარული მწვანილეულია - აკიდო, ანუ ოხრახუში და კამა. ბებია გვეტყოდა ხოლმე, საღამოობით ჭის წყალი დაასხით, რომ არ დაჭკნესო. ჭიდან წყლის მოტანა უმცროსების საქმე იყო. მიყვარს ჭის წყალი. უფროსებს ვეხმარებოდი პირველი ადესის დაკრეფაში, სიმინდის მოტეხასა და კარტოფილის ამოღებაში.

- ახალი წელი თუ გაგიტარებიათ­ თქვენს ჯადოსნურ მამულ-დედულში?
- სურებში - არა, პატარა სახლია და თან ზამთარში იქ ძალიან ცივა, ნატანებში კი რამდენჯერმე შევხვდი ახალ წელს. დიდ თოვლში ციტრუსის ბაღები ძალიან ლამაზი სანახავია. ადრე გურულები ოჯახში ჩიჩილაკს დგამდნენ, ნაძვის ხესაც ვრთავდით. პირველ იანვარს მაინცდამაინც არ ვაღიარებდით, 14-ში ვზეიმობდით კალანდობას. მეკვლე ხშირად ვყოფილვარ. "ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი", - ამბობენ გურიაში და ქათმებს სიმინდს უყრიან. ეს მოსავლიანობისა და ბარაქიანი წლის სიმბოლოა. "მოჩხოროზი" შთამომავალს ნიშნავს.

ახლა ეს ტრადიციები განათამედროებულია. სურებში ახლახან ვიყავი, პატარა ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. მინდა ჩვენი სახლი აღვადგინო და მოვუარო.
ნატანებში ჩემი ბებია ცხოვრობს, მინდა მივულოცო ახალი წელი თქვენი გაზეთის ფურცლებიდან. ასევე, მთელ საქართველოს ვულოცავ ამ საყვარელ დღესასწაულს.

სოფლის გიჟი

ამონარიდი გიორგი კეკელიძის პროზაული ჩანაწერებიდან - "გურული დღიურები".

სოფლის გიჟად წოდებული ალისტრახოვიჩი, სახელად ავთონა, მამის მხრიდან ტყის ყაჩაღების შთამომავალი იყო. მე ვუყვარდი. მეუბნებოდა, ბუძია, მე სპორტსმენი კაცი რუსებმა გამაგიჟეს და შენ უნდა ასახელო ეს ქუჩა, ჩემს მაგიორშიო.

...ალისტრახოვიჩს არ უყვარდა ფირალი წინაპრები, სძულდა სტალინიც, რადგან რეპრესირებული ოჯახის ქალი უყვარდა თურმე. სახლში, უკანა ეზოში, სიმბოლური საფლავი ჰქონდა, რომელზეც სტალინის სურათს წვავდა წელიწადში ერთხელ. რამდენიმე ძველი, ბაბუაჩემის გადამალული ისტორიის წიგნი მეც მომპარა და ამოხია ფურცლები იოსების სურათით. წვავდა და ხმამაღლა ყვიროდა: - შენ, დამპალო სატანავ, ანტიქრისტევ! შენ, ანტიზვიადო! შენ, მკვლელების უფროსოო!.. დედამისი აწყნარებდა. გამძლე ქალი იყო, ძალიან გამძლე.

...ალისტრახოვიჩი ბევრს ლოცულობდა. ამბობდა, იქ რომ წავალ, გიჟი აღარ ვიქნებიო. ამის იმედი ჰქონდა. სულ მეუბნებოდა, სპორტს მისდიე და არ მოწიო და რუს გენერლებთან არ იმეგობროო. დადიოდა ქუჩაში და ყვიროდა: "ცოლი რომ ვერ მევიყვანე, შენი ბრალია, სტალინ! სტალინ, გაგანაწილებ ახლა მეშვიდეში! მანდ ამოგხდება შენ სული! მეიტანე კარაქი? ბევრი კარაქი?!" - და თანდათან უფრო ერეოდა გონება და ბოლოს სადმე იძინებდა.
იპოვეს ლაშეს "კანაოში". მოგრძო თხრილში. იწვა თავჩაბრუნებით. ეცვა ნათესავის ნაჩუქარი "პუმები".
ცხელი დღე იყო...

ეკა სალაღაია
lia
30 დეკემბერი 2015 14:13
კარგი ბიჭი ყოფილა, უფალი შეეწიოს... ვიტირე მის ჩანახატზე... ასეთებმა მოიტანეს აქამდე საქართველო...
რამაზი
30 დეკემბერი 2015 10:58
ეხ ჩემო გიორგი არ ვიცი როგორ მოგისამძიმრო მამა,ამ წუთს გავიგე მენდო ბებია,ცხონდეთ მათი ლამაზი სული,უფალი ფარავდეთ თქვენს ოჯახს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა