კუპრაშვილიანთ 150-წლოვანი მარანი - კვირის პალიტრა

კუპრაშვილიანთ 150-წლოვანი მარანი

ქართველი კაცი და მარანი განუყოფელია ერთმანეთისგან და ამას ვერაფერი შეცვლის, - თუ მარანში ღვინით სავსე ქვევრში ჩაიხედავ, ამაღელვებელი სურნელება ამ მარადიულ კავშირს მაშინვე გაგრძნობინებს;

თუ ორშიმოთი ღვინოს დალევ, მით უმეტეს, მერე მარნიდან გამოსვლაც აღარ მოგინდება. თუმცა ყვარელში კუპრაშვილების მარნიდან გამოსვლა კიდევ სხვა რამის გამო არ მინდოდა, - ჩემდა უნებურად, 150 წლის მარანი აღმოვაჩინე, რომლის მსგავსი საქართველოში, ალბათ, არც არის - ყოველ შემთხვევაში, დღეს ყველაზე ცნობილ და ყველაზე კარგად შენახულ თადეოზ გურამიშვილის მარანში, საგურამოში, მხოლოდ 17 ქვევრია ჩაყრილი და მათ შორის ყველაზე დიდი 3-ტონიანია.

კუპრაშვილის 150-წლოვან მარანში კი 4-ტონიანი ქვევრის თავთან ვიდექი, გარშემო კი თუ მისი ტევადობის არა, ბევრით არც ნაკლები კიდევ 29 ქვევრი იყო ჩაყრილი. ირგვლივ წინაპართა ხელშენავლები საუკუნოვანი ნივთები ეწყო. ამ ყველაფერმა ღვინის გარეშეც იმდენად გამაბრუა, კარგა ხანს საუბრის დაწყებას თავი ვერ მოვაბი. ნუკრი კუპრაშვილმა, - შენი რა მიკვირს, აქ რომ შემოვდივართ, ოჯახის წევრებიც ლამის ფეხაკრეფით დავდივართო. მერე, როგორ მოხდა, რომ ქვეყანას ასეთი რელიკვია აქვს და მის შესახებ არავინ იცის-მეთქი? - კაცო, რაც მთავარია, ჩვენმა ყვარლელებმა ხო იციანო, გაეცინა მასპინძელს.

"კევრზე მევაჭრებოდნენ, მაგრამ ვერ გავყიდე და მარანში უკანვე შევიტანე"

- ყვარელი და ჩემი მარანი, მალე საუკუნე-ნახევარი შესრულდება, ერთად მოდიან და ამიტომაც, თუ უცხო სტუმარი გამოუჩნდათ, ამ მარნისკენ მიუთითებენ ხოლმე, - წადით და კუპრაშვილიანთ მარანი ნახეთო. მეც მიხარია, რაც მეტი უცხოელი ნახავს, ქართველები რანაირ საფუძველზე ვდგავართ, მით მეტს ეცოდინება, რომ ხელწამოსაკრავი ხალხი არა ვართ. ეს მარანი ჩემს პაპისპაპას, ნიკოს მხოლოდ იმის საჩვენებლად კი არ აუგია, ჩემოდენა ღვინოს ვერავინ წურავთო! ალბათ, ესეც იქნებოდა, ისე, ქართველი რა ქართველია, ერთმანეთს ღვინო თუ არ მოაწონეს, მაგრამ ოჯახის სიმდიდრისთვისაც ააგო, - დურუჯის გარშემო ვაზი დიდ მიწებზე ჰქონდა გაშენებული და ღვინოსა და არაყს ყიდდა. ამით ირჩენდა თავს. ჩვენი ღვინო გარშემო ყველა კავკასიელ ხალხს გაჰქონდა, ყველაზე მეტი სომეხ ვაჭრებს; უცხოელებიც ყიდულობდნენ, გერმანელები გინდა თუ ინგლისელები. იმიტომაც იყო, პაპამ 2-ტონიანი საწნახელი რომ დადგა და ტონიანი ქვევრები ჩაყარა. ზოგში ახალდაწურული ყურძნის წვენს ასხამდა, დანარჩენი დადუღებული ღვინის გადასაღებად იყო საჭირო. ყველა გლეხმა იცის, - რაც უფრო მეტჯერ გადაიღებ ღვინოს ჭურჭლიდან ჭურჭელში, მით მეტად კამკამა და საამო დასალევი ხდება.

- ყველაზე მეტად 2-ტონიანი საწნახლისა და 4-ტონიანი ქვევრის ამბავი მიკვირს, ან როგორ მოიტანა, ან როგორ უვლიდა?

- ეგ რა გასაკვირია! ჩვენს მეზობელ თელავში, სოფელ ვარდისუბნელებს რაც თავი მოსდგამთ, სულ ქვევრის ოსტატები იყვნენ. გადავიდოდა ჩემი პაპისპაპა და დაამზადებინებდა ქვევრებს. უფრო მეტსაც გაუკეთებდნენ, მაგრამ ქვევრს მართლაც დიდი მოვლა სჭირდება და პაპაც 4 ტონის ზემოთ აღარ წავიდა. ჩვენი 4-ტონიანი ქვევრიცა და სხვა ტონიანი ქვევრებიც ხარებითაა გადმოტანილი. რამდენიმე წყვილ ხარს ერთდროულად, ერთმანეთის მიყოლებით ჩააბამდნენ უღელში და სიმძიმეც ერთნაირად გადაუნაწილდებოდათ. ჩვენს 4-ტონიან ქვევრს, ალბათ, 4-5 წყვილი ხარი მაინც დასჭირდებოდა, თუმცა არც დანარჩენებია ბევრად ნაკლები და მათ მოტანასაც არ ეყოფოდა ერთი უღელი. ტყიდან სასაწნახლე ხეც რამდენიმე წყვილი ხარით მოჰქონდათ. რამდენიმესაუკუნოვანი ვარჯია საჭირო რაც შეიძლება მეტი სიღრმის ამოჭრისა და რაც შეიძლება მეტი ყურძნის დასაწურად.

ჩვენი საწნახელი, ალბათ, ორი საუკუნის მაინც იქნება, მამიდან შვილზე გადავიდა; ასე ვიცი, რომ ჩემს პაპისპაპა ნიკოსაც მამისეული საწნახელი დარჩა.

ღვინით სავსე ახდილი ქვევრი ხომ ისეთ სურნელს აფრქვევს, რის აღწერაც არ შეიძლება, საწნახელსაც ასეთი სურნელი დასდევს, - წინაპრების დაწურული ღვინით გაჟღენთილი ხისა.…იმიტომაც დგება მარანში შესული კაცი სულ სხვა ხასიათზე, განა მარტო ღვინის სმით. იმიტომაც ითვლებოდა მარანი წმინდა ადგილად. ჩემს პაპისპაპა ნიკოს ჩვენი მარნისთვის ორი კარი ჰქონდა დატანებული: ერთში თავად შედიოდა და სტუმარი შეჰყავდა, მეორე კიდევ საგანგებოდ, ყურძნით სავსე გოდრების შესატანად - იმ კედელთან, სადაც საწნახელი იდგა. მიაყენებდნენ იმ კარს ურემს, ყურძნით სავსე გოდორს რამდენიმე კაცი გადმოიღებდა და საწნახელში ჩაყრიდა. 4-ტონიანი ქვევრის გასავსები 30 გოდორი ყურძენი 5 წყვილ ხარს მოჰქონდა. თითოზე 6 პირთამდე სავსე გოდორი იდგა. მერე მოვიდნენ ბოლშევიკები, კუპრაშვილებს ეს მარანი წაჰგლიჯეს და ყვარლის საერთო მარნად აქციეს. იმხელა იყო, რატო მთელი ყვარლის ყურძენი აქ არ იწურებოდა.

- აფსუს, რა კარგი იქნებოდა საუკუნე-ნახევრის წინ თქვენს მარანში ყოფნა!

- ეგ მეც ბევრჯერ მინატრია. ისიც მიფიქრია, ღვინო იმდროინდელივით რომ იყიდებოდეს, მეც ხომ ავავსებდი ამ ქვევრებს-მეთქი. მე რაც ვენახი მაქვს, სტუმარ-მასპინძელს გვყოფნის და ეგ არის; ახალშენის გაშენებასაც ვაპირებ, მაგრამ ჩემს დიდ პაპასთან მაინც ვერ მივალ. ისე, მადლობა ღმერთს, რომ ვაზის ფასი ხალხმა ისევ გაიგო. დურუჯის გარშემო ახლა ბიზნესმენებმა იყიდეს მიწები და ვაზიც ჩაყარეს. ამ მიწაზე მირონივით ღვინო დგება. ამბობენ, ამას დურუჯის მოტანილი ლამი შვრება, ის აძლევს შეუდარებელ გემოსო.

- მიკვირს, რომ აქამდე ამ მარანს არავინ შეგევაჭრათ. დღეს ასეთი ისტორიული რელიკვია ტურისტული ბიზნესის განძად ითვლება.

- რომც შემვაჭრებოდა, ვის მივცემდი! პაპისპაპის ნაქონი ნივთების მიყიდვაც მომთხოვეს, მაგრამ ვერ დავთმე. მახსოვს, კევრს რომ მევაჭრებოდნენ, - "მაია წყნეთელიდან", ალბათ, ყველას ემახსოვრება, ხორბალს რომ ლეწავს, - მარნიდან გამოვიტანე, ხელი გადავუსვი და უკანვე შევიტანე! იმ კევრს როგორ გავყიდდი, რომელზეც ჩემს პაპისპაპასა და იმის პაპას ჰქონდა ფეხი დაბიჯებული?! თუმცა გული მართლა მწყდება, რომ წინაპრებმა სიმდიდრე დამიტოვეს და შთამომავალი უსახსრობის გამო ვერ ვუვლი, - ჭერიც კი იმსისხო და ისეთი ოსტატის ნათალი მორებით არის დახურული, ახედავ და უღვინოდაც ძალა გემატება, ნახეთ, ჩემს წინაპარს რა შესძლებიაო. მის მერე ამ მარანს რა გამაყიდვინებს!

ის კი გამიხარდა, ჩვენებური ბიზნესმენი მოვიდა და მითხრა, მარანს არ გართმევ, მაგრამ ისე აღვადგენ, რომ ყვარელში ტურისტი არ ჩამოვა, აქ არ მოვიდეს, ამ შემოსავლით შენც ფეხზე დადგები და მეც სარგებელი მექნებაო, მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ დააცალეს. რას ვიზამ, იქნებ ისეთი დროც დადგეს, როცა მარნის აღდგენას თავად შევძლებ, ან ჩემი შვილი და შვილიშვილი. ეს მარანი ჩვენ, კუპრაშვილებს, გვმატებს ძალას. აქ ჩემმა პატარა შვილიშვილმა უნდა იაროს, როცა ჩემი უმცროსი ქალიშვილი ლიზა აქ, ქვევრების თავზე მღერის, მარტო მარნის კი არა, ჩემი სახლის ჭერიც მაღლდება.

- მარანში პატეფონი გქონიათ...

- ასეთი, პატეფონივით ძველი და წინაპრების ხელშენავლები ნივთები მარანში სხვაც ბევრი გვაქვს. პატეფონიც საუკუნის არის. ლიზი სწორედ იმიტომ მღერის, რომ ბავშვობიდან გამოიტანდა მაგ პატეფონს, ჩამოჯდებოდა ჩვენი მარნის კიბეზე და ზედ დაჰყურებდა, ჩვენ კი იმ წინაპარზე ვუყვებოდით, ვინაც ეს პატეფონი იმიტომ იყიდა, რომ შრომით დაღლილს ამოესუნთქა. მაგრამ იმას კი ვერ ვიტყვი, რომ ისინი ამ პატეფონს ქვევრების თავზე, ხელში ყანწებითაც უსმენდნენ. მაშინ რა დროს პატეფონი იყო, დააგუგუნებდნენ "მრავალჟამიერს" და მათი ხმა ცას სწვდებოდა.