ოფთალმოლოგის უსახელო თოჯინები
04-01-2016
ოფთალმოლოგის უსახელო თოჯინები
"ჩემი ნამუშევრების შთაგონების წყარო თამარის ჯვარია"

"თითოეულ ხატს მთელი წელი ვქარგავდი, რამდენიმეზე 2-3 წელიც კი მაქვს ნამუშევარი. ჯერ ხატის ესკიზი იქმნება, მერე თანამიმდევრულად იქარგება თვალები, სახე, თმა და სამოსი, შემდეგ - შარავანდედი"


საქართველოში "ოქროსხელება", გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ქალბატონებს რა გამოლევს... ისინი ცდილობენ, მამაპაპური ტრადიციებიც არ დაივიწყონ და თავიანთ ნამუშევრებში თანამედროვე ხელოვნების მიღწევებიც გამოიყენონ. მათ შორისაა თვითნასწავლი ოსტატი ნანა ყაულაშვილი, რომელიც თავის ნამუშევრებზე დიდი სიყვარულით მოგვითხრობს.

- პროფესიით ექიმი ვარ, ოფთალმოლოგი,
თუმცა ხელსაქმე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მამა ცხინვალის რაიონის სოფელ კეხვიდან იყო და იქ არის დაკრძალული. სკოლა თბილისში დავამთავრე, მაგრამ ზაფხულობით სულ იქ ვიყავი. ამიტომ, საქართველოს ეს უძველესი მხარე ჩემთვის სულ სხვა გრძნობებსა და განცდებთან არის დაკავშირებული. ქართული ხელსაქმისა და ტრადიციების სიყვარულიც სწორედ იქიდან გამომყვა.

- როგორც ვიცი, კარგა ხანს ქარგავდით ქართულ ხატებსა და ჯვრებს.

- დიახ, ხატებს 10 წელიწადზე მეტ­ხანს ვქარგავდი, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ვთქვა - რომელიმე ეს ხატი ჩემი შექმნილია-მეთქი. ამიტომ, სულ ვამბობ, რომ ეს ძველი ქართული ხატების ასლებია.

თითოეულ ხატს მთელი წლის განმავლობაში ვქარგავდი, რამდენიმეზე 2-3 წელიც კი მაქვს ნამუშევარი. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და ამავე დროს, შრომატევადი საქმეა: ჯერ ხატის ესკიზი იქმნება, მერე თანამიმდევრულად იქარგება თვალები, სახე, თმა და სამოსი, შემდეგ - შარავანდედი.
ძველი ქართული ტრადიციების შესაბამისად, შარავანდედში ვსვამ თვლებს, რომლებიც ხატს კიდევ უფრო ამშვენებს და ალამაზებს. შობის სცენა მაქვს ამოქარგული ილია II-ის ესკიზის მიხედვით, დაქარგული მაქვს ივერიის ღვთისმშობლის ხატიც. როცა ხატებზე ვმუშაობდი, მოძღვრის კურთხევაც მქონდა.
10 წელიწადში მხოლოდ ცხრა ხატი დამიგროვდა, იმდენად ძნელი და შრომატევადი საქმეა.

- ხატების ქარგვა რატომ შეწყვიტეთ?
- ვფიქრობ, ამ მხრივ ჩემი თავი ამოვწურე. ამჟამად უფრო მსუბუქ თემატიკაზე ვმუშაობ - ვაკეთებ სამკაულებს, რომლებიც ძირითადად ქართული, ეროვნული ორნამენტებით არის შემკული.

- ამ სამკაულების შექმნის დროს თქვენი შთაგონების წყარო რა არის?

- როცა ხელოვნების მუზეუმის "ოქროს ფონდში" დაცული თამარ მეფის ჯვარი ვნახე, გაოგნებული დავრჩი. ეს დიდი ხნის წინ, სასკოლო პერიოდში მოხდა, მაგრამ ეტყობა გონებაში დაილექა და მოგვიანებით ჩემს ნამუშევრებში აისახა. მეც სწორედ ამ ჯვრის მსგავსად ვსვამ ქვებს, ადრე ხატებსა და ჯვრებსაც სწორედ ამ სტილში ვქარგავდი. ძირითადად ოქროს ძაფებითა და ბუნებრივი ქვებით ვმუშაობ. სამაჯურები, ბეჭდები, კოლიეები, პანოები - ყველაფერი ამ სტილში მაქვს გაკეთებული.

ძირითადად ტყავზე ვქარგავ, მერე თვლებს რკინის მავთულებით ჩავამაგრებ და ამის შემდეგ თვლებსაც ამოვქარგავ ხოლმე.
ჩემი ექსკლუზიური მეთოდი მაქვს, რომლითაც ვმუშაობ, ხშირად მეუბნებიან, იქნებ გვანახო ან გვასწავლოო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საიდუმლოა. ერთი სამკაულის დამზადებას დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირამდე მაინც უნდა.
სუფთა ქართული ორნამენტებით ვმუშაობ და მხოლოდ მარგალიტის, ფირუზის, ძოწის თვლებს ვიყენებ, ბიჟუტერია არ მიყვარს. ძვირფას ქვებს გამუდმებით ვეძებ, რაც მქონდა, უკვე დავხარჯე, სამეგობროში ვისაც ჰქონდა, იმათაც დამითმეს, ამიტომ სულ ძიების პროცესში ვარ. განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩემი შთაგონების წყარო თამარის ჯვარი და მისი ორნამენტებია. ახლახან ჩეხეთში მქონდა გამოფენა, სადაც ჩემი სამკაულები ძალიან მოეწონათ.

- თქვენი ნაძვის ხის სათამაშოებიც ძალიან ლამაზია. მათ როგორ ქმნით?
- ნაძვის ხის სათამაშოებს მხოლოდ წინასაახალწლო პერიოდში ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სერიოზული ნამუშევრები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო და საშობაო გამოფენებზე კარგად იყიდება და ფინანსურადაც საკმაოდ მეხმარება. ამ სათამაშოებს ჩვეულებრივი პენოპლასტის ბურთებისგან ვამზადებ, ამ მასალას კიდეც ვღებავ, ხოლო ნახატებს ან დავაწებებ, ან ზემოდან ვახატავ - ასე იქმნება ჩემი საახალწლო ბურთები.

- ხშირად მონაწილეობთ გამოფენებში?
- ნოემბრის დასაწყისში ბაქოში გამართულ გამოფენაში ვმონაწილეობდი, ნოემბერში ვიყავი პრაღაში, ხოლო უფრო ადრე, 2015 წლის აპრილში - გერმანიაში. სასიამოვნოა, რომ ჩემი ნამუშევრები ევროპაში ძალიან მოეწონათ. ამ გამოფენებიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით: ავტოგრაფებს გვთხოვდნენ, სურათებს გვიღებდნენ. პრაღაში საქართველოდან ოთხნი წავედით, ხოლო ბაქოში გამართულ გამოფენაში ჩემს გარდა კიდევ ერთი ქართველი ოსტატი მონაწილეობდა.

- როგორც ვიცი, ამ გამოფენებზე განსაკუთრებით თქვენი თოჯინები მოეწონათ. მოგვიყევით ამ გატაცებაზე.
- თოჯინებს ძირითადად ევროპულ სტილში ვაკეთებ. ეს ჩემი ახლანდელი გატაცებაა, რომელიც ძალიან მომწონს. პირველი თოჯინა ჩემი შვილისთვის შევკერე და იქიდან დაიწყო ყველაფერი. მასალა, რომლითაც ახლა ჩემს თოჯინებს ვქმნი, საქართველოში არ იშოვება. სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ინფორმაციას, რომ მას იაპონიაში ამზადებენ. ეს არის სპეციალური მასალა, რომლითაც ძალიან ლამაზი თოჯინების შექმნა შეიძლება. თავიდანვე თოჯინის ესკიზი არასოდეს მაქვს, ჯერ თავს ვაკეთებ და სახეს რომ მოვხატავ, მერე უკვე ვხვდები, ვინ უნდა იყოს ეს თოჯინა, რა უნდა ჩავაცვა და სხვ. მერე ვამზადებ თმას, ქუდს, ფეხსაცმელებს, სკამს, რომელზეც ჩემი თოჯინები სხედან. სახელებს კი არასოდეს ვარქმევ, სულ მეკითხებიან, რატომ არ არქმევო, მაგრამ რატომღაც, ასე მირჩევნია.

- ქართულ თოჯინებს თუ აკეთებთ?
- ერთი-ორი ცალი ქართული თოჯინაც მაქვს, რომელიც ამჟამად გერმანიაშია, გამოფენაზე. საქმე ის არის, რომ ტრადიციული ქართული სამოსი სტანდარტულია და მასში ცვლილებებს ვერ შეიტან. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, შენს თოჯინას ქართველი ქალის სამოსს რომ აცმევ, მაგრამ სიახლის შეტანა ამ სამოსში ნაკლებად არის შესაძლებელი. უნდა გაიმეორო ის, რაც საუკუნეების განმავლობაში უკვე დადგენილია.

გაცილებით სასიამოვნო პროცესია, როცა ახალ პერსონაჟს ქმნი, იქ უკვე სხვადასხვა ინტერპრეტაციაც შეიძლება, ამიტომაც ყველა ნამუშევარში თავისი შინაარსი დევს. ბოლო ხანებში თოჯინებსაც ვაქარგავ ძველებურ ორნამენტებს, მაქვს იდეა, რომ მათი სამოსი უფრო მეტად ამოვქარგო და ქართული ორნამენტებით შევამკო, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი უცხოეთშიც ძალიან მოსწონთ.

ყველაზე დიდი ნაქარგობა მსოფლიოში



მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაქარგობა შეასრულა ჯოანა ლოპიანოვსი-რობერტსმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ქსოვდა სიქსტის კაპელის ჭერის მოხატულობის ასლს. თვით ჭერს 4 წელიწადს ხატავდა გენიალური მიქელანჯელო XVI საუკუნის დასაწყისში. მზა ნაქარგობის ზომებია 203 X 90 სმ-ზე. 41 წლის ქალმა მასზე სულ 2872 საათი დახარჯა, გამოიყენა 1809 ფერადი კომბინაცია და 628 296 გვირისტულა. ნაქარგობა გინესის რეკორდების წიგნშიც შეიტანეს.

ხათუნა ჩიგოგიძე
ekaterine 55
08 იანვარი 2016 13:41
ძალიან მომეწონა ეს თოჯინები, მშვენიერია!
დარიკო
04 იანვარი 2016 22:44
ყოჩაღ ნანა მიხარია შენი წარმატებებიი. უნიჭიერესი ხარ!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა