ატენი - წარსულისა და მომავლის სადღეგრძელო
04-01-2016
ატენი - წარსულისა და მომავლის სადღეგრძელო
"ატენში თავს იყრის წარსულის მშვენიერება და მომავლის იმედიანობა"

"ღვინო აქაურობის გვირგვინია და მცირემიწიანობის პირობებში, არც ერთი გოჯის დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომ მინდა, ვენახს ძველი ჯიშებიც შევმატო და ეს ყველაფერი საბოლოოდ არის ის, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ყველას გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება"


წლეულს არაერთი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის მამულსა და მათ საქმიანობაზე მოგითხრეთ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ისტორიკოსის, ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ ნიკა ვაჩეიშვილის მამული ატენის ხეობაში გამორჩეული აღმოჩნდა. რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში
კითხულობს ლექციებს და მამულში შრომასაც ასწრებს, საკუთარი ცოდნა და ადგილობრივების გამოცდილება ერთმანეთს და თანამედროვეობას შესანიშნავად შეუხამა. ვაჩეიშვილების ოჯახი იქ 2010 წელს დაფუძნდა და მესამე წელია, რაც საკუთარ მამულში მოწეულ ყურძენს წურავს.

"ატენი ბავშვობიდან მიყვარდა. საქართველოს გარდა, ბევრი მშვენიერი ქვეყანა ვნახე, მაგრამ ეს სიყვარული არ გამნელებია.
როცა ატენში მიწის შეძენა რეალური გახდა, ოჯახის წევრები უსიტყვოდ დამეთანხმნენ. მამაჩემი, რომელიც ცოტა ხანში 81 წლის ხდება, მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იქ არის ხოლმე და ხშირად მარტოც რჩება... ზამთარშიც ძლივს ვაჩერებთ თბილისში, ატენისკენ იწევს..."

- 2010 წელს, იღბლიანი შემთხვევის წყალობით, დიდი ხნის ოცნება ამიხდა და ატენში მიწის ნაკვეთი შევიძინე. ზამთარი იდგა, ატენის სიონში უნდა შევსულიყავი, როცა შორს, ფერდობზე, მეველის ჯიხური დავინახე, თოვლის სიმძიმისგან გვერდზე გადახრილიყო. რა კარგი ადგილია-მეთქი, ჩავილაპარაკე. იმ ნაკვეთს ყიდიანო, - მითხრეს. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე შევიძინე. ამგვარად, ატენში დავფუძნდი. ჯიხური ავიღეთ და მის ადგილას ატენური ქვით სახლი ავაშენეთ. საძირკველი მოვხსენით, ქვეშ ნასახლარი დაგვხვდა. საოცარი იყო, რომ პროექტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ შევიმუშავეთ, ზუსტად ძველი ნასახლარის გაბარიტებისა გამოდგა. იქვე წავაწყდით თიხის საღვინე ჭურჭელსა და ზეთის ლამპას, რომელიც XIII საუკუნისა აღმოჩნდა. მას ბუხრის გვერდით საპატიო ადგილი მივუჩინეთ. ჩემთვის ეს ტრადიციებსა და წინაპრებთან კავშირის უწყვეტობაა.
ატენის გარეშე უფროსებიც და ბავშვებიც ვეღარ ვძლებთ. მაგალითად, ახლახან ჩვენმა შუათანა შვილმა, თინათინმა (3 წლის არის), ბაღში ისეთი რამ დახატა, რომ თავიდან მასწავლებლებმა ვერ გამოიცნეს, მერე ატენის ფოტოები რომ ნახეს, მიხვდნენ - სწორედ ის კლდეები, მდინარე, ჩანჩქერი და ხიდი იყო გამოსახული, რომელიც ჩვენს სიახლოვეს არის.

2015 წელი ჩემთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოცდილების დაგროვების წელი იყო. ამ დარგში ისეთი ნიუანსებია და განსაკუთრებით, მევენახეობაში, იმდენი ინტუიციური გამოცდილებისა და ცოდნის შეზავება გჭირდება, რომ ხშირად ვაჟას მინდია მაგონდება... ამ დარგში ბრმად და გრაფიკს მიყოლებულად ვერაფერს გააკეთებ. უნდა უყურო ამინდს, მდინარეს, ცას, მზეს, დილას, შუადღეს, საღამოს...

- გამოდის, ბევრი რამის შესწავლა მოგიხდათ...
- ვინც სოფელს მივუბრუნდით, ბევრი რამის გაკეთება თავიდან გვიწევს. შარშან პირველად გავიგე ვაზის გასაჭირი. მაგალითად, როგორ უნდა ვუმკურნალო ნაცრით დაავადებულ ვაზს... ასევე მივხვდი, რას ნიშნავს სეტყვა მამულში. მოკლედ, შარშან, როგორც მევენახე, უფრო გავიზარდე.

- ცნობილია, რომ სხვადასხვა ჯიშის ყურძენს უვლით.
- ჩემი ვენახი სულ 1 ჰექტარია, მაგრამ სხვადასხვა ტერასაზეა გადანაწილებული, რაც სხვადასხვაგვარ მიდგომას მოითხოვს, ამასთან, თითოეულს განსხვავებული ელფერის ნიადაგი აქვს და სხვადასხვა ექსპოზიციის მქონეა მზისა თუ ქარის მიმართ. ამას ახალჩაყრილი ვენახიც ემატება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველა ტერასის ყურძენი ცალკე უნდა დაიწუროს და დაყენდეს, თითოეულს თავისი ნიუანსი აქვს.
მარანი ატენური კირით ავაშენე. სუფთა ღვინო ტემპერატურის ცვალებადობაზე რეაგირებს და ფუჭდება. კირით ნაგებ შენობაში კი სტაბილური ტემპერატურაა. ზამთარში თბილია, ზაფხულში - გრილი. როცა იატაკის დაგებაზე მიდგა საქმე, ადგილობრივი თიხით დავტკეპნეთ, ზემოდან კი ქართული აგური დავაგეთ.
ღვინო იქაურობის გვირგვინია და მცირემიწიანობის პირობებში არც ერთი გოჯის დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომ მინდა, ვენახს ძველი ჯიშებიც შევმატო და ეს ყველაფერი საბოლოოდ არის ის, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ყველას გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება.

- ატენი თქვენთვის რა არის?
- სტუმრების მისაღები ალაგი. ის დღე, ფაქტობრივად, არ მიგვაჩნია ხიბლიან დღედ, თუ ვინმე არ გვესტუმრა. იქაურობა ისეთი სამოთხეა, რომ ყველამ უნდა ნახოს, ამასთან, ისიც შეიტყოს, როგორ უნდა ააშე­ნო მარანი.

- აგარაკებს ახლა ისე არ აშენებენ, როგორც თქვენ...
- გადაყრილი ფული მგონია, როცა აგარაკზე მეტისმეტად დიდი და უგემოვნო სახლია წამოჭიმული. ყველაფერი ისევ ნიუანსებამდე და ცოდნამდე მიდის: უნდა იცოდე, როგორ მოუფრთხილდე რელიეფს, მდინარეს, რომ შენი ინიციატივა არ დაუპირისპირდეს გარემოს. ჩემს სტუდენტებსაც სულ ამას ვეუბნები და ატენში თვალნათლივ ვანახებ კიდეც გარემოს, რომელიც ისტორიით არის დაყურსულ-გაჟღენთილი, განსაკუთრებით ის კლდეები, რომლებიც გარს გვაკრავს.
მნიშვნელოვანია, რომ გლეხურ ცხოვრებას ზურგი კი არ შევაქციეთ, არამედ წავედით, ახალი ფურცლები გადავშალეთ და ახალ თავგადასავალს შევეჭიდეთ. ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, საქართველოს მომავალია.

- თავის დროზე მეგობრებმა როგორ შეაფასეს თქვენი ატენის ხეობაში დასახლება?
- მეუბნებოდნენ, სალ კლდეებზე როგორ შეიძლება რამის აშენებაო! უკვირდათ ისიც, ბლოკით რატომ არ ვაშენებდი სახლს, გალავანს რატომ არ ვუკეთებდი.

- მართლა, გალავანი რატომ არა აქვს თქვენს ეზო-კარს?

- რომ ვუყურებ ხოლმე გალავნებში ჩასმულ უშველებელ სახლებს, მიკვირს. ერთი სახლის ფასი, თუ მეტი არა, გალავანი უჯდებათ. გალავანი, ნებისმიერ შემთხვევაში, შეზღუდვაა, ამიტომ ჯობია, ბუნებას მოუსმინო და ამასთან, სულ უნდა გქონდეს კონტაქტი სოფლის გამოცდილებასთან, იქაურ ადამიანებთან - სად გააშენო ვაზი ან რამე დამხმარე სათავსი...

- ვიცი, რომ ამ საქმეში ოჯახის წევრებიც მხარში გიდგანან.

- ჩემი ოჯახი ტრადიციულია, ყველა წევრი (მე, ჩემი დები, მამაჩემი) საკითხებს ერთნაირად ვუდგებით. ატენი ბავშვობიდან მიყვარდა. საქართველოს გარდა, ბევრი მშვენიერი ქვეყანა ვნახე, მაგრამ ეს სიყვარული არ გამნელებია. როცა ატენში მიწის შეძენა რეალური გახდა, ოჯახის წევრები უსიტყვოდ დამეთანხმნენ. მამაჩემი, რომელიც ცოტა ხანში 81 წლის ხდება, მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იქ არის ხოლმე და ხშირად მარტოც რჩება... ზამთარშიც ძლივს ვაჩერებთ თბილისში, ატენისკენ იწევს...

- მეუღლეც მხარში გიდგათ.
- რა თქმა უნდა. იმ დღეს ზამთრის ყვავილებიც კი დარგო... უფროს გოგონას, ელენეს, ატენში ხშირად თანაკლასელები დაჰყავს. თინათინი, ხომ გითხარით, იქაურობას ხატავს, გიგუნია ჯერ პატარაა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ენას ამოიდგამს თუ არა, ატენზე დაიწყებს ლაპარაკს...

- ოჯახს საახალწლოდ რა ტრადიცია გაქვთ?
- უმეტესად ასე ხდება - ახალ წელს თბილისში შევხვდებით, მეორე დღეს კი ერთი კვირით ატენში ამოვდივართ. ბედობას ყოველთვის აქ ვხვდებით.
ჩვენს სახლთან ერთი პატარა ნაძვი ხარობს და საახალწლოდ მოვრთეთ. მარანთან დიდი ხის ოთახი გვაქვს, სადაც ბუხარიც არის. ისეთი თბილია, მოგინდება, რომ იზეიმო და მოილხინო. ერთი ეგ არის, რომ სოფელში გაზი არ არის, შეშით ვთბებით, ამიტომ განსაკუთრებით გამძლე ხალხი უნდა წამოვიდნენ ჩვენთან ერთად.

- ატენის ხეობაში ახალ წელს რა სადღეგრძელო შესვით?
- წარსულისა და მომავლის სადღეგრძელო, რადგანაც აქ ხედავ წარსულს და აბიჯებ მომავალში. ატენი ინვესტიციაა მომავალში, აქ საოცრად შრომისმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, წინაპრებისგან ბევრი რამ შეინარჩუნეს. აქ თავს იყრის წარსულის მშვენიერება და მომავლის იმედიანობა.

- თქვენს საახალწლო სუფრაზე რას გვეტყვით?
- სუფრა დაამშვენა ჩვენს თონეში გამომცხვარმა სურნელოვანმა თონის პურმა. ამისთვის სპეციალურად ჩამაქვს არაჩვეულებრივი დოლის ფქვილი და პური უსაფუვროდ ცხვება. გვესტუმრნენ ატენის სიონის მორჩილი და მოძღვარი, ფაქტობრივად, ჩვენი უახლოესი მეზობლები, ერთმანეთთან, როგორც იტყვიან, ხახვისა და პურის სასესხებლად დავდივართ. გვქონდა ჩვენი ატენური ღვინო, ნამდვილი ცეცხლი. წლეულს ახლობლებმა მეგრული და იმერული ყველი მოგვართვეს, იქაური მთის პროდუქტები - ჩემი ჭკუის მეგობრები იმერეთსა და სამეგრელოშიც მყავს. მამულში ბევრი სტუმარი გვყავდა, წლეულს - უცხოელებიც, ქართველებიც. მათ გამოხმაურებაში შევნიშნე, - უპირველესად ჩემი მეუღლის ნახელავ კერძებს აქებენ და მერე ჩემს ღვინოს, რაც მიხარია.

- რას ისურვებდით გაისისთვის?
- ვისურვებდი, რომ ჩვენი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ვიმოქმედოთ, ვიშრომოთ, არ ვიზარმაცოთ, სირთულეებისა არ შეგვეშინდეს და ისინიც, როგორც კეთილ ზღაპარშია, თავისით დაგვანებებენ თავს. ნუ დაველოდებით სხვას, ჩვენი საკეთებელი თავად ვაკეთოთ. თუკი გვექნება დავარცხნილი ვენახი, კარგი ღვინო, თუ სტუმარს ჩვენთან მოსვლა უხარია, ეს ჩვენი სიძლიერეა. ბედნიერი ვარ, რომ ატენსა და საქართველოში ძლიერ ოჯახებს ვიცნობ. გვახსოვდეს, ჩვენმა მარჯვენამ უნდა გაგვიყვანოს სამშვიდობოს და ეს შეუძლია საქართველოს.

ატენი

ატენი მდინარე ტანის ორივე ნაპირზე, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის სოფლის ტერიტორიაზეა გაშენებული. მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით, ქალაქი ატენი XI საუკუნის შუა წლებში აშენდა. იმ დროისთვის ატენის ხეობა სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი იყო, ამიტომ ატენსა და ხეობაზე გამავალ გზებს მკაცრად იცავდნენ. XIII-XVII საუკუნეებში ატენი მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა, მაგრამ დაღესტნელი ფეოდალების განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, XVIII საუკუნისთვის ქალაქი დაკნინდა და სოფლად იქცა. თუმცა, წარსული დიდების ნაკვალევი დღემდე არ გამქრალა და ატენის თითოეული გოჯი, იქ არსებული სიძველეები, წარსულის მაჯისცემა თანამედროვე ცხოვრებას ერწყმის.

ლალი ფაცია
ნინო ქვლივიძე
04 იანვარი 2016 17:34
ატენი ჩემი დედულეთია. ბავშობის ულამაზესი წლები ატენში მაქვს გატარებული... მიყვარს! უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი მტკივა!!! ძალიან მტკივა!!! სოფელი დღეს თითქმის ცარიელია. საუბარია იმ უბანზე სადაც მეშვიდე საუკუნეში ააშენეს ის დიდებული ტაძარი რომლითაც ასე ვამაყობთ. ატენის სიონი.   ჯერ კიდევ ათი წლის წინ სოფელი სავსე იყო ხალხით.. დიდი ატენის უბსნს რომ გასცდებოდა ავტობუსი თუ მანქანა და სიონის გუმბათს მოვკრავდი თვალს გული ლამის ამომხტარიყო საგულედან..  გზის ქვემოთ დამარმარებულ ბაღ ვენახებს მოვავლებდი თვალს..  ბებია პაპას ვეძებდი საკარმიდამო ნაკვეთსა და ეზოში. მათი დანახვა აუწერელი გრძნობა იყო ჩემთვის.  გაჩერებიდან სულ ფრენით  გავდიოდი სოფელში. ბარგის ზომა წონასაც კი ვეღარ ვგრძნობდი.. თვითონ უბანი ულამაზესი დასანახია მდინარის გაღმა,კლდის ძირზე შეფენილი ორმოცამდე სახლი, ყველგან ფუსფუსებდნენ კაცი თუ ქალი; მოხუცი თუ ახალგაზრდა; რძალი თუ დედამთილი..  თითქმის ყველა ოჯახში იყო პატარა. ზაფხულობით ჩამოსულებიანად 40 - 50 ბავშვი ვგროვდებოდით.. პირადად ჩემთვის ეს იყო ამქვეყნიური სამოთხე..  თავისი სიონით, მდინარე ტანათი, ულამაზესი ბუნებით და უკეთილშობილესი ხალხით.  დასაწყისში ვახსენე ატენი ჩემი დიდი ტკივილია მეთქი. მტკივა... მართლა ძალიან მტკივა!!!!! იმიტომ რომ სოფელი დაცლილია. ხალხი "უკეთესი" ცხოვრების შესაქმნელად ქალაქებში გაიქცა! ზოგმა საზღვარგარეთ "უშველა" თავს. დიახ გაიქცნენ! სწორედაც რომ გაიქცნენ!  მიწაზე მუშაობს აღარავის უნდა.. რომ იტყვიან მტერს აეტირება მიტოვებული და უპატრონო ნაკვეთების დანახვაზე.. ნეტავ ხვდებიან მაინც რა ძვირფას დროს კარგავენ ამაოდ ამ მართლაც ამაო ცხოვრებაში მატერიალური თუ სნობური სურვილების დასაკმაყოფილებლად..

ახალი წელიც განსაკუთრებული იყო ხოლმე..  ყველა ოჯახიდან ჟრიამული ისმოდა...
ახლა?
ცარიელია სოფელი ხუთიოდე ოჯახიდან თუ ამოდის ბოლი.. რაც იქ ცხოვრებას ნიშნავს.. და იმ კერასაც მოხუცები აფოჟოლებენ.. ბატონო ნიკა როცა გავიგე ვაჩეიშვილმა ნაკვეთი იყიდა ატენში და სახლს აშენებსო გამეხარდა.. ის გამეხარდა რომ აქაურობა ჯერ კიდევ მიაჩნია ვიღაცას სამოთხედ.. იქნებ იქაურებმა სხვანაურად შეხედონ თავიაანთ სოფელს და დააფასონ წინაპრებისა თუ ბუნების მიერ შექმნილი ამქვეყნიური სამოთხე.. დაუბრუნდნენ და ააყვავონ ისე როგორც რამდენიმე წლის წინ იყო.
ეს არის ჩემი საახალწლო ნატვრა...

რედაქტორის რჩევით