ერთხელ "დათესავ", ოთხჯერ "მოიმკი" - გელოვანების ჩაი წალენჯიხიდან
11-01-2016
ერთხელ "დათესავ", ოთხჯერ "მოიმკი" - გელოვანების ჩაი წალენჯიხიდან
"დღეს შიდა ბაზარზე უკვე ქართული ჩაის დეფიციტია"

2015 წელს შოთა გელოვანი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ყველაზე ხანდაზმულ წარმატებულ ფერმერად დაასახელა


შოთა გელოვანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის უხუცესი მეწარმეა. 82 წლის მოხუცი ოჯახის წევრებთან ერთად შრომობს. ოჯახს აქვს შპს და ჩაის მიღება-გადამუშავე­ბაზე მუშაობს. ძირითადად, შავი ბაი­ხის ჩაის უშვებს - დაფასოებულსაც­ და ერთჯერად პაკეტებშიც. ყოველწლ­იურად 5 ტონა მზა პროდუქციას აწარმოებენ და ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან. საწარმოს აქვს კივის სადემონ­სტრაციო­ ნაკვეთიც და ყოველ­წლიურად­ 20-30
ტონა პროდუქციას იღებს. მასვე­ ეკუთვნის კივის ნაყოფის­ ღია ცის ქვეშ შენახვის ტექნოლოგიის იდეა.

შოთა გელოვანი: - 1999 წელს მე და ჩემმა შვილებმა შპს ჩამოვაყალიბეთ და დღემდე შეუფერხებლად ვმუშაობთ.­ თავიდან დავიწყეთ, როგორც მცირე მეწარმეებმა, თანდათანობით საწარმო­ გავაფართოეთ...

- 1999 წელს არცთუ ადვილი იყო საქმის დაწყება, მით
უფრო - მცირე საწარმოს შექმნა...

- ჩაის კულტურის მიმართ სახელმწიფო გულგრილი იყო, მაგრამ ჩვენს ოჯახს ჩაის წარმოებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი და - თამარ გელოვანი პირველი­ შრომის გმირი იყო. მას 1951 წელს მიანიჭეს ეს წოდება. ჩაი ადრიდანვე იყო ჩვენი ოჯახის შემოსავლის წყარო. მერე, როცა ეს კულტურა ქვეყანაში აღარავის აინტერესებდა, გადავწყვიტეთ, ისევ ამ საქმისთვის მოგვეკიდა ხელი, მან კი წარმატება მოგვიტანა.
სამეგრელოს ეკონომიკას ფეხზე მხოლოდ ჩაი დააყენებს, ჩაის კულტურის აღორძინებით ამ მხარეს ეშველება.

- როგორ დაიწყეთ, ახალი ნერგები დარგეთ­ თუ ძველი პლანტაციები განაახლეთ?
- ჩაი მიტოვებული იყო და გადავწყვიტეთ, გაველურებისკენ წასული ბუჩქები გამოგვეცოცხლებინა. წლების განმავლობაში 15 ჰექტარი აღვადგინეთ და კიდევ 5 ჰექტარის მიმატებას ვაპირებთ.

შოთა გელოვანი: "1999 წელს მე და ჩემმა შვილებმა შპს ჩამოვაყალიბეთ და დღემდე შეუფერხებლად ვმუშაობთ"

- ტერიტორია, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროს კოლმეურნეობას ეკუთვნოდა...

- დიახ, მაგრამ მანამდე ჩემმა წინაპრებმა­ აფაქიძეებისგან, ანუ სოფლის თავადებისგან შეიძინეს ეს მიწა და ახლა ჩაი, ფაქტობრივად, იმ ფართობზე მოგვყავს.

- 5 ტონა ჩაის სად ყიდით?
- ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე­ (სამეგრელო, გურია, აჭარა, ქუთაისი), თუმცა,­ ზოგჯერ უცხოეთშიც გადის.

- მუშაობაში ხელს რა გიშლით?
- კარგი იქნება, თუ სასუქით დაგვეხმარებიან, რომ ნიადაგი გავანოყიეროთ. განოყიერებულ ნიადაგზე მოყვანილი ჩაის დუყები უფრო ხარისხიანია. ამ საქმეში ვინმე თუ წაგვეშველება, უკეთეს შედეგს მივიღებთ.

- მთავრობა არ გეხმარებათ?

რობერტ გელოვანი (შოთა გელოვანის­ ვაჟი): - ადრე პროგრამებსაც ვწერდით, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ახლა ჩაის აღორძინებით მთავრობაც დაინტერესდა და ვნახოთ...

- პლანტაციაში რამდენი ადამიანია დასაქმებული?
- კრეფისას 60-მდე ადამიანი მუშაობს, ყოველდღიურად კი დაფასოებას, აწონასა და სხვა სამუშაოებს 10 ადამიანი სჭირდება­. ჩაის ნედლეულის მოკრეფისთვის ჩვენსავით 1 კგ ნედლეულზე 50 თეთრს არავინ იძლევა.

- ანუ 50 თეთრს უხდით მკრეფავებს?
- დიახ, რათა ხარისხიანი ნედლეული დაიკრიფოს. არ გვინდა რაოდენობის ხარჯზე ხარისხის გაფუჭება. ისე, 1 კილოგრამი ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად 4 კილოგრამი ნედლეულია საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, თავის დროზე რატომ შეწყდა ამ კულტურის წარმოება.
- წინათ ქართული ჩაი მთელ საბჭოთა­ კავშირში იყიდებოდა, სადაც ნებისმიერი ხარისხის ჩაი გადიოდა. როგორც კი საბჭოთა კავშირი და ეკონომიკური ურთიერთობები მოიშალა, ამ პროდუქციის შემსყიდველი აღარავინ იყო, ვერ საღდებოდა, ამიტომ აიცრუეს გული ჩაის წარმოებაზე. დღეს კი შიდა ბაზარზე უკვე ქართული ჩაის დეფიციტია.
საზღვარგარეთიდან რომ არ შემოდიოდეს ჩაი და ამხელა რეკლამა არ ახლდეს, უფრო დიდი წარმატება­ გვექნებოდა. ფაქტობრივად, საღებავი შემოაქვთ, ეს შეგვიძლია, ნებისმიერს დავუმტკიცოთ. ნამდვილმა ჩაიმ ფერი რომ გამოსცეს, 4-5 წუთი უნდა, იმ უცხოურ ჩაის კი წყალს დაასხამ თუ არა, მაშინვე ფერს უშვებს. მოკლედ, რადგანაც უცხოურმა პროდუქციამ ქართული ჩაანაცვლა, აღარავინ ფიქრობდა, ქართული ჩაი ეწარმოებინა.

- იქ, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო გაშენებული, ახლა ალბათ ტყეებია?
- პლანტაციების ნაწილში ხალხმა თხილი გააშენა და ძველი ბუჩქები ამოძირკვა. მაგრამ თხილი ვერასდროს ჩაანაცვლებს ჩაის, რადგან ის ერთხელ იძლევა ნაყოფს და ისიც - გაზაფხულზე, ადრეულ გაზაფხულზე წაყინვების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მთელი მოსავალი დაიკარგოს. ჩაი კი სეზ­ონზე ოთხჯერ იკრიფება, პირველი მოსავლის დაკარგვის შემთხვევაში, მეორედ, მესამედ და მეოთხედ მაინც მიიღებ მოსავალს. ასე რომ, ხალხის დასაქმებაც მეტია აქ და უკეთესი შემოსავალიც მოაქვს.

- რომელ თვეებში კრეფთ?
- მაისში იწყება პირველი კრეფა და­ ნოემბრამდე გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ხარისხის მიხედვით­ დაიკრიფოს. მაის-ივნისსა და აგვისტოში უკეთესი ჩაი იკრიფება, შემოდგომით - ცოტა უხეში, მაგრამ იმასაც თავისი ბაზარი აქვს - შუა აზიაში სწორედ ასეთი­ ჩაი მოსწონთ.

- შუა აზიის ბაზრისთვისაც მუშაობთ?
- არა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა კერძო პირები ჩამოდიან და გააქვთ.

- სოფელში ჩაის მხოლოდ თქვენ აწარმოებთ?­
- თავის დროზე სხვადასხვა ოჯახის თაოსნობით, აქ ოთხი მცირე ფაბრიკა გაიხსნა, მაგრამ მალევე შეწყვიტეს საქმიანობა. რაიონში კი არის ორი მოზრდილი­ ფაბრიკა, მაგრამ უმეტესად მწვანე ჩაის აწარმოებენ.

- თქვენს პროდუქტზე - შავი ბაიხის ჩაიზე - რას გვეტყვით?

- ჩინური და იაპონური ჩაის შეჯვარებით არის მიღებული. იაპონურის ყინვაგამძლეობა და ჩინურის ხარისხი შეერწყა ერთმანეთს და გაამართლა.

- რაც შეეხება კივის, თქვენს სადემონსტრაციო ნაკვეთში, როგორც შევიტყვე, ყოველწლიურად 20-30 ტონა პროდუქციას იღებთ. ცნობილია ბატონი შოთას იდეაც - კივის ნაყოფის ღია ცის ქვეშ შენახვის თაობაზე, არადა, დაკრეფის შემდეგ მას ტრადიციულად ბნელსა და გრილ სარდაფში ინახავენ.
- როცა კარგი ამინდებია, კივი ამართ­ლებს­, ნორმალური მოსავალი და შემოსავალიც გვაქვს. რაც შეეხება შენახვის მეთოდს, ადრე ჩვენც სარდაფში ვინახავდით, მაგრამ გაფუჭების მეტი შანსი იყო, ვიდრე თივისა და ღია ცის ქვეშ შენახვისას. ტექნოლოგია თანდათან დაიხვეწა. აქამდე რაღაც შემთხვევის წყალობით მივედით და მერე აღმოჩნდა, რომ ასე შენახვა უკეთესია, თანაც უდანაკარგო. ჰოდა, უკვე მესამე წელია, ქვემოთ თივას ვუფენთ, მერე ზემოდანაც ვაყრით და ისე ვინახავთ. განსაზღვრული სინოტივე სჭირდება, თივა მთლად მშრალი არ უნდა იყოს. ასე ნაყოფის 98% ინახება.

- ახლა თქვენთან თოვლია, ამ პირობებსაც უძლებს?
- თოვლი მაცივრის როლს ასრულებს.­ ყინვას კიდევ თოვლი სჯობია.

- კივი უფრო ძნელად მოსავლელია თუ ჩაი?
- ჩაი ნაკლებად პრეტენზიულია. დაბალ ტემპერატურას უკეთესად უძლებს, ვიდრე კივი. კივის პრობლემა ის არის, რომ გვიან წაყინვის შემთხვევაში შეიძლება მთელი წლის მოსავალი დაიკარგოს. ჩაი კი უდანაკარგო კულტურაა.

- გვიან წაყინვას რას ეძახით?
- ეს არის აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისი. შარშან 5 მაისს მინუს 2 გრადუსი იყო და კივის მოსავალი მთლიანად დავკარგეთ. როცა ვეგეტაციის პროცესი დაწყებულია, ყინვა ძალიან საშიშია.

- შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მამათქვენი წლის ყველაზე ხანდაზმულ, წარმატებულ ფერმერად დაასახელა. რას ისურვებდით სამომავლოდ?
- გაფართოების სურვილი გვაქვს, მით უმეტეს, რომ ჩვენი დაპაკეტებული ჩაი ბაზარს იპყრობს და მოთხოვნაც გაიზარდა. კვირიდან კვირამდე სადაც მივიტანთ, მალევე იყიდება და კვლავ ითხოვენ. ხარისხიც მოსწონთ და გემოც.

ლალი ფაცია
მეგზური
07 თებერვალი 2016 19:13
ბატონებო, ჩაის სპეციალისტი არ ვარ მაგრამ ზოგიერთი
რამ ვიცით... ვერ დავეთანხმები იმას რომ სეზონზე 4-ი
მოსავალი მოდის ჩაის ბუჩქისაგან.. ავხსნი რატომ:
თუ ჩვენ ჩაის ვჭრით (არა აქვს მნიშვნელობა რით) მაშინ
იგივე პლანტაციაში შესვლას მართლა სჭირდება 1-ი თვე,,
მაგრამ თუ გავიხსენებთ მჟავანაძის დროს ჩაის კრეფას და მისი მოვლის მეთოდებს გაგახსენდებათ რომ ვეგეტაციის პერიოდი იყო უფრო ნაკლები და მორიგი კრეფა იგივე ფართობზე ხდებოდა 10-14 დღის შემდგომ..
ჩაის კულტურას ძალიან უყვარს წყალი.. იმის იმედად
რომ რომ წვიმა მოვა და გვეშველება არ არის სწორი ამიტომ უნდა იფიქროთ იმაზე რომ ჩაი დაკრიფოთ და არ სჭრათ.. ასევე როგორ მოაწყოთ სარწყავი საშუალებები, მითუმეტეს სურათზე ნაჩვენები პლანტაციები ვაკე ადგილებში
გქონიათ... ყოველივე არ ჯდება ძვირი და ყველაფერი იშოვება... მთავრობის იმედად ნუ დარჩებით მათი დაპირება
ყოველთვის ფუჭი იყო.
მიშას მთავრობას 2004-ში რომ ჩაის რეაბილიტაცია დაეწყო
ეხლა ბევრად უკეთესი შედეგები გვექნებოდა..
რაც შეეხება თქვეს დაწყებულ საქმეს მშვენიერია ოღონდ
ცოტა მეცნიერულად მიუდექით საქმეს და გამახვილდით იმაზე
რომ ჩაის კრიფავენ და არ სჭრიან... თუ ჩემი არ გჯერათ
პლანტაციის კარგად მოვლილი რიგის პატარა მონაკვეთზე
ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახავთ სხვაობას..
გისურვებთ წარმატებებს ამ ძნელ საქმიანობაში.........
ჯავახელი
20 იანვარი 2016 14:51
გაიხარეთ მშრომელებო..უფალმა დაგლოცოთ და ბარაქა მოგცეთ!
emigranti
16 იანვარი 2016 23:38
მარჯვენა დაგელოცოტ მşრომელო ხალხო,

რედაქტორის რჩევით