როგორ გავილამაზოთ ცხოვრება მეორეული მასალებით
11-01-2016
როგორ გავილამაზოთ ცხოვრება მეორეული მასალებით
მეორეული მასალების ლანდშაფტში გამოყენება გამოკვეთილი ტენდენციაა მსოფლიოში.

საღი გონებით უნდა მივუდგეთ ყველაფერს - მაგალითად, სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოების ნარჩენები კი არ უნდა გადავყაროთ, ეზო-ბაღებში გამოვიყენოთ და იქაურობა განუმეორებელ გარემოდ ვაქციოთ. ამ თემაზე გვესაუბრება ლანდშაფტის არქიტექტორი ნინო შენგელია.

- თუ ნივთს შემოქმედებითად მიუდგები, შთაგონების წყაროდ გექცევა და შეიძლება მისგან განუმეორებელი რაღაც შექმნა. საკუთარ პრიზმაში დანახული ნივთის ახალი სიცოცხლე ძალიან საინტერესოა. განვითარებული მსოფლიო ამ სფეროშიც წინ ისწრაფვის... ამ დარგის სპეციალისტების რჩევა ყოველთვის
გასათვალისწინებელია. ლანდშაფტის არქიტექტორებმა შევქმენით ფედერაცია "კრეატოპია" (კრეა - შექმნა, ტოპია - პეიზაჟი) და აქტიურად ვსაქმიანობთ.

- და ეს სულაც არ არის უტოპია?
- ჩვენს პირობებში ამის კეთება ზოგ­ჯერ მართლაც უტოპიაა, რადგან ეკოლოგიური ლანდშაფტის შექმნა აქ ჯერჯერობით წარმოუდგენელია, თუმცა, მთავარი მაინც მონდომებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ
ახალი ლანდშაფტი, პეიზაჟი შეიქმნას და ბუნებასთან სრული თანხვედრით, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას ხელი შეეწყოს. რაც მთავარია, ეს ეკონომიურიც უნდა იყოს. სარწყავი წყლის, ელექტროენერგიის, ღამის განათების და სხვ. ეკონომიისთვის უნდა გამოვიყენოთ ბუნების ძალა - ქარი, მზის სინათლე, წვიმის წყალი. განვითარებულ ქვეყნებში ქარის გენერატორების გარეშე პეიზაჟს ვერ ნახავთ - ის ადამიანის მიერ განახლებადი ენერგიის გამოყენების სიმბოლო გახდა. წვიმის წყალს დიდ რეზერვუარებში აგროვებენ და მერე სარწყავ სისტემაში მიედინება. ხდება ლანდშაფტის მელიორაცია, ირწყვება დეკორატიული მცენარეები მაშინ, როცა წვიმების სეზონი არ არის. ასევე, იყენებენ გამჭოლ ქვაფენილებს. ესეც მდგრადი ლანდშაფტის ერთ-ერთი პირობაა - წვიმის წყალი უნდა ჩადიოდეს ნიადაგში, რათა გრუნტის წყლებს უკვე გაფილტრული შეუერთდეს. ქვაფენილი, ბილიკი, მანქანის სადგომი უნდა იყოს გამჭოლი. ამისთვის ფილა სპეციალური მასალით კეთდება - მყარია, მაგრამ ფორებიანი. კარგი იქნება, თუ ასეთი ქვაფენილების პოპულარიზაცია ჩვენთანაც მოხდება, ქალაქებში ფილების გამოყენება რომ შევძლოთ.

- შეგვიძლია, ახალშექმნილ ლანდშაფტში სამშენებლო ნარჩენები გამოვიყენოთ?
- ნარჩენებით ელეგანტური ნამუშევრები გამოდის. ბაღი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: წყალი, მცენარეები, ქვაფენილი, ღობე, პატიო (შიდა ეზო - ადგილი, სადაც ოჯახი სტუმრებს მასპინძლობს), ცეცხლის ადგილი. თითოეული კომპონენტი შეიძლება შეიქმნას თუნდაც იმ ნარჩენებისგან, სახლის მშენებლობისას რომ მოგვრჩება.

- ბლოკით რისი გაკეთება შეგვიძლია?
- ბევრი საინტერესო რამის! ბლოკს, მოგეხსენებათ, ღრმულები აქვს, ჰოდა, საუკეთესო საშუალებაა ყვავილნარის მოსაწყობად. ბავშვის სათამაშო კუბების მსგავ­სად, ბლოკითაც შეგვიძლია კონსტრუქციის აწყობა. იმ ღრმულებში შეიძლება მიწის ჩაყრა და შიგ მცენარეების ჩარგვა. მცენარეები რომ გაიზრდება, მთლიანად დაფარავს ბლოკს და არაჩვეულებრივი სანახავი იქნება. ბლოკითვე შეგვიძლია გავაკეთოთ მოსასვენებელი ცეცხლის დასანთებ ადგილთან - წრეზე ისე უნდა განვალაგოთ ბლოკი, რომ კოცონი თავისუფლად დაინთოს. ასევე შეგვიძლია ავაშენოთ საზაფხულო "სამზარეულო" - გავაკეთოთ ზედაპირი, პატარა თაროები, მერე ეს ყველაფერი მოვაპირკეთოთ და შესანიშნავი ბარის მაგიდა გამოგვივა. ბლოკით მშვენიერი ღუმლისა და ეზოს ბუხრის გაკეთებაც შეიძლება... ხშირად იყენებენ მშენებლობიდან მორჩენილ ხრეშსაც. ნაცრისფერი სამშენებლო ხრეში ბაღში ზედაპირების დასაფარავად გამოიყენება. შეიძლება იაპონური სტილის პატარა ბაღიც გავაკეთოთ, სადაც ეს ნაცრისფერი ხრეში წყალსაც შეგვიცვლის. ასევე შეგვიძლია რამდენიმე ფერის ხრეში გამოვიყენოთ, პატარა ტიხრებით და რამე ნახატიც გამოგვივიდეს.

- ცნობილია, რომ ხრეში დრენაჟის როლსაც ასრულებს...
- დიახ, როცა მცენარეებს ვრგავთ, მას ორმოს ფსკერზე ვყრით - მცენარის დრენაჟისთვის. გარდა ამისა, შეგვიძლია ხრეში ბილიკებზეც დავყაროთ.

- თეთრი ხრეში მგონი უფრო დეკორატიულია.

- კი, მაგრამ მე ნაცრისფერიც მომწონს. ამ ორი ფერის შეხამება კარგად შეიძლება. თეთრი ხრეში მოზაიკური იატაკების გაკეთების შემდეგ რჩებათ ხოლმე, როდესაც რამდენიმე ფერს ურევენ, ასხამენ და ზემოდან ხვეწენ. დეკორატიული თვალსაზრისით, თეთრ ხრეშს ლანდშაფტში აქტიურად ვიყე­ნებთ. მორჩენილი ხრეშით შეგვიძლია, ბილიკები გავაკეთოთ, ბლოკის პირებით კი ბორდიურები მოვაწყოთ. ისე, ბორდიუ­რებად ყველანაირი მყარი მასალა გამოდგება, მაგალითად, ხრეშის ბილიკს ძველი კრამიტიც იოლად დაიჭერს. ახლა ამ ძველ თიხის კრამიტებზე დიდი მოთხოვნილებაა. ბილიკის შუაში კი ნებისმიერი (კაფელი, ლითონის ფირფიტა) არაერთგვაროვანი მასალის მოზაიკურად არევა შეგვიძლია... ასეთი ორიგინალური ბილიკი, დამიჯერეთ, არავის ექნება, ლამაზიც არის და პრაქტიკულიც - წვიმაში ისე გაივლი, ფეხს არ დაისვრი... თუმცა, თუ ეზოს არქიტექტურა თანამედროვე და მინიმალისტურია, რა თქმა უნდა, ბაღს ასეთი მიდგომა არ მოუხდება, მაგრამ თუ სახლი არ არის მინიმალისტური, ბაღში საინტერესო ნამუშევრების შექმნა შეიძლება...
პატარა ჩანჩქერისთვის ფერადი კრამიტის ნაჭრებით წყლის გადმოსასვლელებიც შეგვიძლია გავაკეთოთ. არა მარტო ნარჩენი მასალით, არამედ უკვე გამოყენებული კომპაქტდისკებითაც წყაროს ზედაპირი მშვენიერი და ბრჭყვიალა გამოდის.

- როგორ?
- რამე სიბრტყეზე ბევრი დისკი ავკინძოთ - მივიღებთ სარკისებურ ზედაპირს; შეგვიძლია, კონსტრუქცია მათი ერთმანეთზე დადებითაც შევქმნათ, მერე კი წყალთან დავკიდოთ, როგორც ლამაზი ელემენტი, რომელზეც მზის სხივი ითამაშებს. სხვათა შორის, დისკები ბოსტანში საფრთხობელის როლსაც ასრულებს - ბრჭყვიალა კონსტრუქციის შიშით ჩიტები ბოსტნეულს არ ეკარებიან.

- რას გვეტყვით შეკიდული ჭერის მასალის ნარჩენებზე?
- ჭერზე ასაკრავ მასალას კარგად ვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს ბორდიური და მის გასაკეთებლად საჭირო მასალა. გრძელი პლასტმასის"ლენტები ხრეშისა და ბალახის გასამიჯნად, ან ერთი ფერის ხრეშის მეორე ფერის ხრეშისგან გამოსაყოფად შესანიშნავია. ასევე, შეიძლება ბაღში ბეტონით რაღაც კონსტრუქცია შევქმნათ და ის ყალიბად გამოვიყენოთ. კიდევ ერთ ხერხს გეტყვით: როდესაც ვრგავთ ბამბუკს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას ინვაზიური ფესვი აქვს, ანუ სარეველასავით მრავლდება. ფესვი მთელ ეზოში რომ არ გავრცელდეს, ბამბუკის გარშემო 50-60 სანტიმეტრზე ორმოს ვთხრით და ორ ფენად ამ პლასტმასის ლენტებით ტიხრებს ვაკეთებთ. ის მიწაში ჩადის და ბამბუკის ფესვს გარშემო ბარიერს უკეთებს.

- კაფელ-მეტლახის მონაჭრებით რისი გაკეთება შეიძლება?
- თუ მას სხვადასხვა ფორმად დავჭრით, საუცხოო მოზაიკა გამოვა. ეზოში წყარო თუ გვაქვს, მის მოსაპირკეთებლადაც გამოდგება. სივრცის გარდატეხით საინტერესო ილუზიებს ქმნის ეზოს რომელიმე კედელზე დამაგრებული სარკეც. კარგი იქნება, თუ სარკეს ჩარჩოს გავუკეთებთ, თუნდაც მოზაიკურს, სხვადასხვა ფერის კაფელ-მეტლახით.

- ძველი აბაზანა რისთვის გამოვიყენოთ?
- შევღებოთ ან მოვაპირკეთოთ, მიწით ამოვავსოთ და თუ ეზოში პატარა ბაღი მოვაწყვეთ, იმ აბაზანაში ალპინარიუმი­ გავაკეთოთ, ან მიწით დავფაროთ და ზედ ბალახი გავუშვათ. ასევე შეგვიძლია, აბაზანა ხელოვნურ გუბურად ვაქციოთ და წყლის მცენარეები მოვაშენოთ. შეგვიძლია, ბაღს ორიგინალური ღობეებიც გავუკეთოთ. კეთდება გამჭვირვალე ღობეები, რომლებსაც ტიხრებად იყენებენ. ამ შემთხვევაში სხვადასხვაფრად შეღებილი ძველი, გადაყრილი ველოსიპედების ჩარჩოების გამოყენება შეიძლება. ასევე კარგია მათი თვლებიც, რომლებიც სხვადასხვა ფერის უცნაურ და ორიგინალურ ტიხრებად იქცევა. ასეთი კონსტრუქცია შეგვიძლია რამდენიმე ველოსიპედით შევქმნათ. დეკორაციებად ბაღის ძველ იარაღებსაც იყენებენ - კედელზე მივაკრათ და კომპოზიცია შევქმნათ. ძალიან საინტერესოა ისეთი ბაღის გამართვა, რომელიც მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია. კარგია, მაგალითად, სხვადასხვაფრად შეღებილი საბურავების ყვავილნარად გამოყენებაც. დატეხილი ბაზალტი ეზოში მოსასვენებელი ადგილის მოსაპირკეთებლად გამოდგება. პრაქტიკულია წყლის მილებიც, რომლებიც შუაზე იჭრება და მშვენიერი საყვავილეები კეთდება. ასე რომ, მთავარია მონდომება და ყველაფრისადმი შემოქმედებითი მიდგომა.

ჟურნალი "შინ"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით