ზამთარში დალაშქრული პირადი მწვერვალი
11-01-2016
ზამთარში დალაშქრული პირადი მწვერვალი
"ნიორს ყინვაც ვერაფერს აკლებს და მისი ცელოფანით დახურვა აუცილებელი არ არის, თუმცა, ჩვენს ქათმებს ვერაფერი უძლებს..."

ზამთარი გლეხისთვის ისეთივე სამუშაო პერიოდია, როგორიც წელიწადის სხვა დროები. ეგ არის, რომ დათოვლილი მიწის დამუშავებას დასვენება სჯობს, მაგრამ თოვლი მალე დნება და ვერც გამრჯე გლეხი ისვენებს. იქ კი, სადაც არ მოუთოვია, გლეხი ყინვაშიც მუშაობს. ახმეტაში ვაჟა ბიჩინაშვილის ეზო და კარ-მიდამო ისეთი ლამაზი და დაკრიალებულია, თვალი ვერ მოვწყვიტე. ბატონი ვაჟას ხელით ნაგები მშვენიერი სახლის წინ
კი ამ მკაცრ იანვარში აყვავებული სისხლისფერი ვარდი იწონებდა თავს.

ბატონი ვაჟა ამ ვარდთან გაჩერდა, საკუთარი ხელით ნაგებ სახლს შეხედა და სევდაგარეული სიამაყით მითხრა:
- ძალიან მინდოდა, ცხოვრების მწვერვალები დამელაშქრა, მაგრამ არ გამომივიდა, ამიტომ მწვერვალების დალაშქვრა ჩემს შვილებს მივანდვე და მე სახლ-კარის აგებასა და მოვლას შევუდექი.
საკუთარი ხელით კიდეც ვაშენე, კიდეც გადავხურე, კიდეც შევღებე და როგორც დღეს იტყვიან, დიზაინიც გავაკეთე. ამაში ჩემი ვაჟიც დამეხმარა. მას ხელოვნების ნიჭიც დაჰყვა - სახლში გატეხილ თუ გაფუჭებულ ნივთს არ გაუშვებს, ყველაფრისგან რაღაც ახალი უნდა გააკეთოს და სახლი გაალამაზოს. სახლზე ხვიარა მცენარე მივუშვი. ბევრს ეშინია, ამ ყველაფრის შემამკობელ მცენარეს სახლთან ახლოსაც არ გააჭაჭანებს - ფესვები კედლების ცემენტს შლისო, მაგრამ მცენარემ განა იმდენი რა უნდა ჩამოშალოს, რომ ამ სილამაზეზე უარი გათქმევინოს! ზაფხულში ხომ ყვავის და მწვანედ სრიალებს და ამით გიხარებს გულს, ზამთარში კი მისი შიშვლად დარჩენილი ფესვები კედლებზე ისეთი ლამაზია, ავანგარდისტული ნახატი გეგონება... ბოლოს და ბოლოს, თუ რამე ჩამოიფშვნა, გალესე და ეგ იქნება!

- ამ ყინვიან იანვარში თქვენს ეზოში სისხლისფერი ვარდის ბრიალმა თვალი მომტაცა. როგორ მოახერხეთ, რომ ასეთ ყინვაში თქვენს ეზოში ვარდი ყვავის?
- თუ ყვავილები გვიყვარს, ზამთარშიც არ მოგაკლდება ეზოებში ვარდის ბრიალი. მაინცდამაინც განსაკუთრებული მოვლა არც სჭირდება: ნაკელიანი მიწის მიყრა, გასხვლა და აყვავებული ვარდი რომ შეჭკნება, იმის გვირგვინიდან მოცლა - ეს არის და ეს. თუ ასე მოიქცევი, შემჭკნარი ვარდის ადგილას აუცილებლად ახალი ვარდი ამოვა და სულ იყვავილებს.

- ყინვაშიც?
- აჯობებს, თუ ყინვაში ცელოფანით შეფუთავ, მერე კი ახსნი და ვარდიც აბდღვრიალდება.

- ძალიან მოვლილი ეზო-კარი გაქვთ... ნარგავებსაც ნაკელიან მიწას აყრით?
- ნაკელსაც და ნეშომპალასაც. ნეშომპალა ძალიან კარგი სასუქია. ხმელი ფოთლები იანვარში უნდა მოფოცხო და ერთად შეაგროვო, რომ კარგად ჩახურდეს და ნარგავებისთვის სასუქად იქცეს.

- არადა, კახეთში ამ დროს შეგროვილ ფოთლებს წვავენ. ნეშომპალას, ჩემი აზრით, უფრო დასავლეთ საქართველოში იყენებენ სასუქად.
- რატომ? კახელი გლეხებიც ჭკვიანები ვართ და ხმელ ფოთლებს სასუქად ჩვენც ვიყენებთ. სხვათა შორის, ნეშომპალიანი მიწა ძალიან კარგია ოთახის ყვავილებისთვისაც. ვინც იანვრის ნეშომპალიანი მიწით აპრილში თავის ოთახის ყვავილებს მიწას შეუცვლის, ნამდვილად არ წააგებს.

ჩვენს ბაღებში, ძირითადად, ხეებიდან ჩამოცვენილი ფიჩხი, ან ის ნაგავი იწვება, რომელიც სასუქად არ გამოდგება. სამაგიეროდ, ნაცარსაც მიწას ვაყრით და მოსავლისთვის ესეც კარგია. რაც შეეხება ნარგავებს, კარგია, ორმოს ახლავე თუ ამოვიღებთ, შიგ ამ ნეშომპალასა და ნაცარს ჩავყრით და ხანდახან ბარით ავურევთ. მარტში, დარგვის წინ, ამ ნარევს ერთხელაც ავურევთ, ჩავბარავთ და ახალ ნერგს ნოყიერ მიწას დავახვედრებთ. მცენარე ასე უფრო ლაღი გაიზრდება.
თუმცა, დარგვაზე უფრო მე ხეხილის მყნობა მომწონს - ერთი მცენარე მეორეს ეზრდება და ისეთ მოსავალს გვაძლევს, რომელიც ორივე თავის "წინაპარს" ჯობს. ხეხილს ხმელი ტოტებიც იანვარში უნდა შევაცალოთ. ახლა კარგია ვაზის გასხვლაც - რაც უფრო წინ წავიგდებთ საქმეს, მით უკეთესი, თუმცა, სხვლა არ შეიძლება ყინვებისას. ყინვა ვაზს აზიანებს და ახალგასხლულს მით უფრო ცუდ დღეს დააყრის. ხშირად ყინვისგან დაზიანებულ ვაზს გადასარჩენადაც ვსხლავთ - ღმერთმა ნუ ქნას და თუ ყინვამ დააზიანა, დამზრალ ტოტებს გავუსხლავთ და ავაღორძინებთ.

- ჭიგოებსაც ახლა ამზადებთ?
- ჭიგოებსაც და სარებსაც. ჭკვიანი გლეხი სარს მაშინ არ დაუწყებს ძებნას, როცა პომიდორს დასჭირდება.

- ვხედავ, ბოსტანში ნიორი უკვე დათესილი გაქვთ... ცელოფანიც წაგიფარებიათ...
- ვისაც ბოსტანი უყვარს, ოჯახისთვის სამყოფი ქინძი, ოხრახუში თუ სხვა მწვანილი ზამთარშიც აქვს. ბოსტნისთვის მიწის დაბარვა სწორედ ამ დროს არის კარგი. დაბარულ მიწას ზამთრის ყინვა და ნალექი აფხვიერებს. თებერვლისთვის კი კვლები მზადდება და ვისაც ადრიანი კიტრის, გოგრისა თუ სხვა ბაღჩეულის ან მწვანილის მოყვანა უნდა, კვლებში ამ კულტურებსაც თესავს. რაღა თქმა უნდა, ნათესზე ცელოფანის გადაფარებაა საჭირო, რომ სითბოც შენარჩუნდეს და ნალექებმაც თესლი არ დათხაროს.

რაც შეეხება ნიორს, ის ისეთი ძვირფასი და სასარგებლო ბოსტნეულია, რომ ყველამ უნდა დარგოს. მე შემოდგომაზე დავრგე - ყველა გლეხმა იცის, რომ შემოდგომაზე დარგული ნიორი უფრო კარგ მოსავალს იძლევა, ვიდრე - გაზაფხულზე დარგული. ეგეც არ იყოს, ჩვენთან დიდი ხანია, ზამთარში შენახული ნივრის დიდი ნაწილი გაზაფხულამდე ქრება. ამბობენ, რომ ამის მიზეზი რაღაც ტკიპაა, რომელიც ჩვენთან საუკუნის წინ გავრცელდა. ჰოდა, მეც ნიორს შემოდგომაზე ვთესავ. ჯერ ვანოყიერებ მიწას კარგად გამომწვარი ნაკელით (ცუდად გამომწვარი ნივრის კბილებს მიწაში ალპობს) და მერე ვრგავ მწკრივებში, ერთმანეთისაგან ასე, 6-8 სმ-ის მოშორებით. ივნის-ივლისში უკვე ახალი ნიორი მაქვს. ნიორს ყინვაც ვერაფერს აკლებს და მისი ცელოფანით დახურვა აუცილებელი არ არის, თუმცა, ჩვენს ქათმებს ვერაფერი უძლებს და ამიტომ ნიორს მეც ცელოფანი გადავაფარე.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით