ინგილოური ქსოვის ფორმულა - კვირის პალიტრა

ინგილოური ქსოვის ფორმულა

"ყველა ინგილო ქალს თითო წყვილი წინდა საკუთარ კუბოში ჩასაყოლებლად, იმ ქვეყნად წასაღებად, თვითონ უნდა მოექსოვა"

12 წლის გოგონა ვალდებული იყო, ქსოვა დაეწყო საქმროს ოჯახისთვის და ნელ-ნელა მოექსოვა 8-10 ჯეჯიმი, 6-8 აბგა-ხურჯინი, წინდები - საქმროს ოჯახის ყველა წევრისთვის, მამაკაცებისთვის წინდებთან ერთად ქალამნის ბაღები და ასე შემდეგ... იმდენი სამზითვო სამოსის დაქსოვის ვალდებულება, რამდენსაც ინგილო გასათხოვარი გოგონები ქსოვდნენ, მათ მეტისმეტად ნაადრევი გათხოვებისგან იცავდა. სანამ გოგონა ამ უზღვავ სამუშაოს გაუმკლავდებოდა, მეტი თუ არა, სამი წელიწადი გადიოდა

ღვინის არ იყოს, ალბათ არც ქსოვის ხელოვნებას აქვს ჩვენთვის დრო და ჟამი - ჭიათურის ძუძუანას მღვიმეში 34 ათასი წლის სელის ბოჭკოც არის აღმოჩენილი. საქართველოში ქსოვა ყველამ იცოდა; ძველ დროში მამაკაცებიც ქსოვდნენ, მერე კი ეს საქმე ქალებმა მიისაკუთრეს და განავითარეს. დღეს საოჯახო ქსოვამ თითქოს უკან გადაიწია, სამაგიეროდ, განვითარდა მცირე საქსოვი საწარმოები, რომელთაგან ბევრის პროდუქციამ გზა უცხოეთის ბაზარზე გაიკაფა. ასე რომ, ეს საქმე ცოცხალია, თუმცაღა საუკუნეების განმავლობაში შექმნილი უნიკალური ეროვნული ქსოვა, თავისი უნიკალური ეროვნული ორნამენტებით, მაინც გადასარჩენი გვაქვს, განსაკუთრებით კი ინგილოური ქსოვა, მისი ცოდნა ჯერ კიდევ 60-იან წლებში ყველა ქალისთვის სავალდებულო იყო.

ყველა ქალს ქსოვა არა მარტო ხელსაქმისთვის, არამედ იმ წესისთვისაც უნდა სცოდნოდა, რაც ინგილოებს გააჩნდათ - თითო წყვილი წინდა საკუთარ კუბოში ჩასაყოლებლად, იმ ქვეყნად წასაღებად, თვითონ უნდა მოექსოვათ. ამ წინდებით იმ ქვეყნად მათში ჩაქსოვილი ჯვრის ორნამენტებიც მიჰქონდათ.

დღეს უნიკალური ინგილოური ქსოვის ნიმუშებიდან, რომელიც ათეული წლების წინ საინგილოს ყველა ოჯახში ჰქონდათ, ერთეულებიღაა შემორჩენილი. ნაწილიც როგორც ადგილობრივ, ასევე თურქეთის მუზეუმებშია განთავსებული და მიჩნეულია ალბანური კულტურის ნიმუშად. ინგილოური კულტურის ალბანიზაცია არახალი მოვლენაა, თუმცა, საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ინგილოები, რომლებიც ინგილოური უნიკალური ქსოვის ნიმუშების შესაგროვებლად იღვწიან, რომ ინგილოური ქსოვის ხელოვნება ქართული კულტურის ძეგლად დამკვიდრდეს. ამას წინათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ინგილოური ქსოვის ნიმუშების გამოფენაც გაიმართა. რახან ინგილოურ ქსოვაზე, როგორც ქართული კულტურის ნიმუშზე, საუბარი ინგილოებისთვის საფრთხილოდ ითვლება, რესპონდენტს შეცვლილი ინიაციალებით მოვიხსენიებთ.

ვ.ს.: - ეს არის წმინდა ქართული ხელოვნება, სადაც ქრისტიანული რწმენა ჯვრის ორნამენტებით არის შემონახული. ამ ორნამენტების ფერებიც "დამჯდარი" ქართული ფერებია და არა მყვირალა კაშკაშა.

ბუნებრივი, გაუხუნარი საღებავების დამზადება საინგილოშიც იცოდნენ. ძაფს კი, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, ცხვრის ბეწვისგან ართავდნენ. წარსულში საინგილოში არ არსებობდა ოჯახი, სადაც ქსოვა არ სცოდნოდათ - ყოველ ოჯახში ბებია 6-7 წლის ასაკიდან შვილიშვილს დაისვამდა და ყაისნაღზე თუ საქსოვ ჩხირზე თვლების გამოყვანას მოთმინებით ასწავლიდა. პატარები იზრდებოდნენ და ულამაზეს ჯეჯიმებს, ხურჯინებს, წინდებს, ქალამნისა და ტანისამოსის სხვადასხვა შესაწყობ-შესაკრავებს ქსოვდნენ. უპირველესად, სამზითვოდ, 12 წლის გოგონა უკვე ვალდებული იყო, ქსოვა დაეწყო საქმროს ოჯახისთვის და ნელ-ნელა მოექსოვა 8-10 ჯეჯიმი, 6-8 აბგა-ხურჯინი, წინდები - საქმროს ოჯახის ყველა წევრისთვის, მამაკაცებისთვის წინდებთან ერთად ქალამნის ბაღები (შესაკრავი) და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, იმდენი სამზითვო სამოსის დაქსოვის ვალდებულება, რამდენსაც ინგილო გასათხოვარი გოგონები ქსოვდნენ, მათ მეტისმეტად ნაადრევი გათხოვებისგან იცავდა. სანამ გოგონა ამ უზღვავ სამუშაოს გაუმკლავდებოდა, მეტი თუ არა, სამი წელიწადი გადიოდა. ისე, ამ ტრადიციის გამოც იყო, რომ საინგილოში ქსოვის უცოდინარი ქალი არ მოიძებნებოდა. წინდის ჩხირსა და ყაისნაღს აქ ყველა ოსტატურად ხმარობდა, დიდიცა და პატარაც.

- ხურჯინებსა თუ წინდებს მთელ საქართველოში ქსოვდნენ, მაგრამ ჯეჯიმებს ალბათ ისე მასობრივად არსად ქსოვდნენ, როგორც საინგილოში...

- ჯეჯიმი ზოლიანი ფარდაგია. საინგილოში ჯეჯიმს მუთაქებისთვისაც ქსოვდნენ და "ჟიჟმებს" ეძახდნენ. საინგილოში დაქსოვილი ზოგიერთი ჯეჯიმი მართლაც ხელოვნების ნიმუშია. სამწუხაროდ, იმ უამრავ ჯეჯიმთაგან, რომლებიც ოჯახებში იყო შემორჩენილი, ბევრი დაიკარგა...

- როგორც ცნობილია, ინგილოური ჯეჯიმ-წინდები თურქეთის მუზეუმებში ინახება და მათ აწერია, რომ გამქრალი ალბანური სახელმწიფოს კულტურას ეკუთვნის.

- ასე ამბობენ ის მეცნიერები, რომელთაც ეს ნაქსოვები თურქეთის მუზეუმებში აქვთ ნანახი. და არა მარტო ეს: ყველაფერი ძველი და ინგილოური დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხშირად "ინათლება" ალბანურ კულტურად. ამას პატრონი სჭირდება, რომელსაც ქართული სახელმწიფოს მხრიდან ვერ ვგრძნობთ.

- არადა, ინგილოურ ნაქსოვებში ჯვრებია ჩაწნული.

- ალბანური ტომებიც ქრისტიანები იყვნენ და ჯვარი მათი კულტურისთვის გასაკვირი არ იქნებოდა. რაც შეეხება ინგილოებს, თითქმის ყველა ნაქსოვში ჯვრის ორნამენტის გამოყენება, ცხადია, ქართულ ეკლესიას მოწყვეტილ საინგილოში ერთგვარ ქრისტიანულ რიტუალსაც წარმოადგენდა. წინდებსა თუ ჯეჯიმებში ქრისტიანული ორნამენტების ჩაწვნით ინგილოები თავის ქრისტიანობას ადასტურებდნენ.

საინგილოში ქსოვას "შაქნას" ვეძახით, ესე იგი, "შექმნას". ამით ჩვენი ქალები ამბობდნენ, - ჩვენ მხოლოდ კი არ ვქსოვთ, ვქმნითო. წინდების ორნამენტებსაც ლამაზი სახელები ჰქვია: "მასკულაი" (ვარსკვლავი); "პეპელაი", "სავარცხლაი"... ამ გამოთქმებში ქართული ენა ფარდაგივით იშლება.

მხოლოდ ამ ხალხის შრომით არ დაეკარგება საქართველოს ინგილოური ნაქსოვის ხელოვნება. ახლა მიმდინარეობს კვლევები, რათა ის ქართული კულტურის ძეგლად აღიარონ და ამის შესახებ მეცნიერული შრომები დაიდოს. ეს ძნელი საქმეა, თუნდაც იმიტომ, რომ საინგილოში, ისე როგორც ყველგან, ხელით მქსოველები ქრებიან. მე თუ მკითხავთ, ამ ქსოვის შესასწავლად საგანგებო სკოლები უნდა გაიხსნას და სახელმწიფომაც დააფინანსოს, რათა ხელობა აღორძინდეს.

- სულის შემძვრელი წესია, რომ ინგილო ქალს საიქიოში თავისთვის წასაღები წინდაც უნდა მოექსოვა...

- საინგილოში ამაზე ლექსიც არსებობს:

"პატარა ქალას ცრემლი სდის,/ თითებ დაჩხვლიტეს ჩხირებმა,/ საქმრომ უგზავნა ბაწარი,/ ბოხჩა აავსეს წინდებმა/, შაქნა თორმეტი ხურჯინი,/ ათი ჯეჯიმიც ამატა,/ სადედამთილოს - ტოლაღი:/ ,,თვალი არ დამდვას ავადა!/ ეს კი, საქმროსა ვაჟკაცსა,/ ქორს რომ მიუგავს თვალები,/ ნაზი ხელებით შაქნილი/ ჭრელი ქალამნის ბაღები/ეს ბოლო წყვილი წინდაი/, ლურჯი და იისფერია,/ შიდ ჩაატანა სახეი/, ჯვარი ოქროსა ფერია!* ,,ვისია, ქალავ, ეგ წინდა? ნაქარგი, ნაფერებია?"/ ,,ჩემია, ჩემთვის შავქენი/, იმ ქვეყნას წასაღებია!"