ვინ თქვა, რომ ბატი უჭკუო ფრინველია?! - კვირის პალიტრა

ვინ თქვა, რომ ბატი უჭკუო ფრინველია?!

"საქართველოში სამი სახეობის გედი გვხვდება: სისინა, მყივანი და ტუნდრის გედი. გედების ბუდობა საქართველოში აღრიცხული არ არის. ისინი აქ ძირითადად გამოსაზამთრებლად მოდიან, კერძოდ, კოლხეთის დაბლობსა და მტკვრის, ივრისა და ალაზნის დაბლობებზე"

თეთრთავა იხვი, მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა, საქართველოში გვხვდება ხოლმე. ბოლო წლებში ის შენიშნეს ჯანდარის ტბაზე, ასევე, პალიასტომის ტბაზეც. იშვიათი სახეობაა თეთრთვალა ყვინთია. ასე იმიტომ უწოდებენ, რომ თეთრი თვალები აქვს. მარმარილოსებრი იხვი ჩვენთან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება - ძირითადად, აზერბაიჯანთან ახლოს, სასაზღვრო ტერიტორიაზე. იშვიათი ფრინველია წითელი იხვი, რომელიც ჯავახეთის ზეგანზე ბუდობს, ზამთარში კი პალიასტომის ტბაზეც ვხვდებით

ჩვენს ქვეყანას ულამაზესი ტბები და წყალსატევები ამშვენებს, რომლებიც ფრინველებისთვის ნამდვილი სამოთხეა. როგორც ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი სახეობის ფრინველი გვხვდება და მათ შორის წყლის ფრინველებს გამორჩეული ადგილი უკავია.

- ჭაობის ანუ წყლის ფრინველებში რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა - ცხოვრების ნირისა და წარმოშობის მიხედვით. მეცნიერები მათ წყალმცურავ და წყალთანა ფრინველებს უწოდებენ. რადგან წყალთანა ფრინველების რაოდენობა დიდია, დღეს მხოლოდ წყალმცურავ ფრინველებზე ვისაუბროთ. მათი უმრავლესობა ბატისნაირთა რიგს მიეკუთვნება. ამ რიგში 160-მდე სახეობის ფრინველია, მათგან საქართველოში 30 სახეობა გვხვდება.

- რა თავისებურებებით გამოირჩევიან ეს ფრინველები?

- წყალმცურავი ფრინველების უმეტესობა გადამფრენია. ისინი ძალიან ლამაზი არიან, მამლებს უფრო ჭრელი შეფერილობა აქვთ, დედლებს კი მოყავისფრო. რადგან ბალახებში ბუდობენ, ამ შეფერილობის წყალობით მათ ვერც მტაცებლები ხედავენ და ვერც მონადირეები.

შეწყვილების შემდეგ, როცა დედალი უკვე კვერცხზე ჯდება, მამლები ცალკე ჯგუფებად იკრიბებიან და ბუმბულს იცვლიან. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა სახეობაში ბუმბულის გამოცვლა ერთდროულად ხდება, რის შემდეგაც ისინი ფრენის უნარს კარგავენ და ბალახებში ცხოვრობენ. მამლები ამ დროს დედლებს ემსგავსებიან და ყავისფერ შეფერილობას იღებენ.

- ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად სად გვხვდებიან?

- საქართველოში არის რამდენიმე ადგილი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალმცურავი ფრინველებისთვის. მათ შორის, პირველ რიგში, ჯავახეთის ზეგანი უნდა დასახელდეს, სადაც მრავალი ტბა და ჭაობია. ყველაზე დიდი ტბები სწორედ ჯავახეთის ზეგანზე გვხვდება. ეს ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მობუდარი, ასევე გადამფრენი ფრინველებისთვის, რომლებიც აქ გადაფრენისას, შემოდგომით იკრიბებიან. ჯავახეთში ზამთარი ძალიან მკაცრია. ტბები იყინება და ხშირად ეს ფრინველები უფრო თბილ ადგილებში მიფრინავენ, მათ შორის, საქართველოს დაბლობზე და უფრო სამხრეთითაც. ჯავახეთის ზეგნის გარდა, მნიშვნელოვანი ადგილია კოლხეთის დაბლობი, სადაც ასევე მრავალი ტბა და ჭაობია, აგრეთვე, პალიასტომის ტბა და შავი ზღვის სანაპირო.

- ესე იგი, ამ მხრივ ჯავახეთის ზეგანია გამორჩეული?

- დიახ, ჯავახეთის ზეგანზე ბევრი წყალმცურავი ფრინველი ბუდობს. იქ ასევე თავს იყრიან გადამფრენი ფრინველებიც. კიდევ ერთი ადგილი უნდა ვახსენო: ანაკლიასთან არის მდინარე ჭურიის შესართავი, სადაც უამრავი ფრინველი მოდის გამოსაზამთრებლად. გადაფრენის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მდინარე ჭოროხის შესართავი და შავი ზღვის სანაპიროც. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია კი გადამფრენი ფრინველებისთვის მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია. თბილისთან ახლოსაც არის წყალმცურავი ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი ადგილები - ჯანდარისა და კუმისის ტბები. წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ყოველთვის იყო გავრცელებული საქართველოში და დღესაც ასეა.

- ჩვენში ყველაზე მეტად რომელი ტბის ფრინველია გავრცელებული?

- საქართველოში ყველაზე მეტი გარეული იხვი გვხვდება, რომელიც ყველა შინაური იხვის წინაპარია. ეს სახეობა თითქმის ყველგან ბინადრობს.

იხვებს შორის სხვადასხვა სახეობებს გამოყოფენ, მაგალითად, სტვენია იხვსა და ყვინთია იხვს. გავრცელებულია წითელთავა ყვინთია და ქოჩორა ყვინთია.

მონადირეები ამ სახეობებზეც ნადირობენ, თუმცა გარეულ იხვთან შედარებით, ნაკლებად. გავრცელებული ფრინველია ბატიც. ჩვენთან რამდენიმე სახეობის ბატი მოფრინავს, მათ შორის ყველაზე მეტი რუხი ბატია, ასევე - დიდი თეთრშუბლა ბატი. ბატები იხვებთან შედარებით წყალზე ნაკლებად არიან დამოკიდებული, რადგან მათი ძირითადი საკვები ტერიტორია მინდვრებია.

ჩვენთან სიტყვა "ბატს" ხშირად უჭკუობის აღსანიშნავად იყენებენ, არადა, ეს ძალიან ფრთხილი ფრინველია, ჩანს, სწორედ ამ თვისების წყალობით დაუკავშირეს ბატები რომის გადარჩენას. ყველაზე გავრცელებულ ფრინველებს შორის უნდა დასახელდეს გედი, რომელიც ასევე წყალმცურავია. ის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრინველია. ჩვენთან სამი სახეობის გედი გვხვდება: სისინა, მყივანი და ტუნდრის გედი. გედების ბუდობა საქართველოში აღრიცხული არ არის. ისინი აქ ძირითადად გამოსაზამთრებლად მოდიან, კერძოდ, კოლხეთის დაბლობსა და მტკვრის, ივრისა და ალაზნის დაბლობებზე. ახლახან ვნახე "ფეისბუკში", რომ რამდენიმე გედი დედოფლისწყაროსთან მდებარე ტბაშიც გამოჩენილა, რაც იშვიათი მოვლენაა. სისინა გედი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა და რიცხვითაც ბევრია. მყივანი და ტუნდრის გედები საქართველოში ჩრდილოეთიდან მოფრინავენ.

- გედების ერთგულებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. მართლაც აქვთ ეს თვისება?

- დიახ, ეს მონოგამიური არსებაა. გედების წყვილი ერთად არის, სანამ ერთ-ერთი მათგანი არ დაიღუპება. ხოლო იხვებსა და ბატებს სეზონური მონოგამია ახასიათებთ - ისინი მხოლოდ შეწყვილების პერიოდში, ანუ ერთ სეზონზე რჩებიან ერთად.

- რას გვეტყოდით საქართველოს წყალსატევებში მობინადრე იშვიათ ფრინველებზე?

- ჩვენთან ასეთი ფრინველები მართლაც არიან და ბერდვოჩერებიც ხშირად ჩამოდიან საქართველოში მათ სანახავად. იშვიათი ფრინველია, მაგალითად, თეთრთავა იხვი, რომელიც მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა, საქართველოში გვხვდება ხოლმე. ბოლო წლებში ის შენიშნეს ჯანდარის ტბაზე, ასევე, პალიასტომის ტბაზეც. იშვიათი სახეობაა თეთრთვალა ყვინთია. ასე იმიტომ უწოდებენ, რომ თეთრი თვალები აქვს. მარმარილოსებრი იხვი ჩვენთან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება - ძირითადად, აზერბაიჯანთან ახლოს, სასაზღვრო ტერიტორიაზე. იშვიათი ფრინველია წითელი იხვი, რომელიც ჯავახეთის ზეგანზე ბუდობს, ზამთარში კი პალიასტომის ტბაზეც ვხვდებით. ეს ძალიან ლამაზი ფრინველია და ბერდვოჩერები საქართველოში მის სანახავადაც ჩამოდიან.

მთელ მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს ორი სახეობის ბატი - მცირე თეთრშუბლა და წითელგულა ბატი. ეს უკანასკნელი ადრე ჩვენთან უფრო მეტი მოფრინავდა, მაგრამ ბოლო წლებში გადაფრენის მიმართულება შეიცვალა და საქართველოში შედარებით იშვიათად გვხვდება. ამ ფრინველებზე არ ნადირობენ, სამაგიეროდ, ბერდვოჩერებისა და ფრინველების მოყვარულთათვის ძალიან საინტერესო სახეობებია.

ხათუნა ჩიგოგიძე