ბარაქიანი გურჯაანი საგაზაფხულო თადარიგს იჭერს
25-01-2016
ბარაქიანი გურჯაანი საგაზაფხულო თადარიგს იჭერს
"ახლა ჩვენში თითქმის მთელი ზვრები და ხეხილი გასხლულია, ვენახებში კი დახნულია რიგთაშორისი ადგილები"


მალე ზამთარი მიილევა და ხვნა-თესვის დრო დადგება,­ თუმცა, გლეხმა იცის, რომ ყველ­აფერს საყრდენი და სა­ფუ­ძველი სჭირდება და საქ­მეს მხოლოდ გაზაფხულზე­ ხელის გამოღება არ უშველის.­ თუ მიწა ზამთარშივე არ მოამ­­ზადე, ბევრს ვერაფერს დაგიბრუნებს. გარდა ამისა, ზოგიერთი კულტურა გაზაფ­ხულზე უკვე ამოსული და გახარებულიც უნდა იყოს. გურჯაანის მუნიციპალიტეტი­ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მოსავლით­ ყველაზე­ ბარაქიანად ითვლება და ზამთრის სამუშაოების შესახებაც­ მათ
ვკითხეთ. სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცე­ნტრის უფროსი ივანე ბასილაშვილი ზამთრის სამ­უშაოების აუცილებლობაზე­ გვესაუბრება და სოფლის მეურნეობაში სიახლეების დანერგვის შესახებაც მოგვითხრობს:

საუბარი შარშანდელ შემოდგომაზე ყურძნის დაბალი ფასით გულაცრუებული გლეხებით დავიწყეთ...

- იყო გულაცრუებაც, გაბრაზებაც, მაგრამ დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ვაზი კახელი გლეხისთვის გასულ წელსაც რენტაბელური იყო. ასე რომ
არ ყოფილიყო, წლეულს, უკვე ზამთარში, გურჯაანის ვენახები დამუშავებულ-დახნული არ იქნებოდა­. კახელი გლეხი ვაზზე ხელს არასოდეს აიღებს.

- რენტაბელობაში რას გულისხმობთ?
- იმას, რომ 1 კილოგრამ ყურძენზე­ გაწეული შრომა დაახლოებით 35 თეთრი ჯდება, გლეხმა კი წლეულს 70 თეთრი მიიღო. ეს უკვე მოგებაა, რასაკვირველია, ასეთი მოგება გამდიდრებას არ ნიშნავს, მაგრამ გლეხს შრომა წყალში არ ჩაჰყრია და ამიტომაც შეუდგა ვაზის მოვლას ზამთრიდანვე. წლეულს მუნიციპალიტეტში­ მხოლოდ ყურძნის ფასად 40 მილიონი­ ლარი შემოვიდა. ეს ჩვენს პირობებში ცოტა არ არის და სამომავლოდ იმედიც გახლავთ. ამ იმედით გურჯაანში უკვე 5 მილიონი ნამყენია ჩაყრილი. ბევრი გვაქვს­ ატმის ახალშენებიც. იყო დრო, მოუვლელ-მიუხედავი ატამი თავისით დაისხამდა და გლეხი აღარც კი კრეფდა, ახლა კი, რაც ჩვენი ატამი საზღვრებს გარეთ გავიდა და მისი საშუალო ფასი 80 თეთრი იყო, ატმისკენ ბევრმა მიიხედა. გურჯაანში წლეულს დაახლოებით 23 000 ტონა ატამი დაიკრიფა და ზამთრის სამუშაოებიც თითქმის დასრულდა. ახლა ჩვენში თითქმის მთელი ზვრები და ხეხილი გასხლულია. ამას ხელი თბილმა დეკემბერმაც შეუწყო.

- ბრძანეთ, რომ მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი მოხნულია...

- დიახ. თითქმის ყველა ახალშენი თუ ძველი ნაკვეთი. ვენახში დახნულია რიგთაშორისი ადგილები. ამ დროს ეს სამუშაო აუცილებლად შესრულებული უნდა იყოს. მოხნული მიწიდან მცენარე უფრო კარგად იღებს იმ ნივთიერებებს, რომლებიც გალაღებისთვის სჭირდება. გარდა ამისა, ფესვთა სისტემა მოხნული მიწიდან ჟანგბადსაც კარგად იღებს... მოდი, ბაღჩეულისთვის ნიადაგის მოსამზადებელ ზამთრის სამუშაოებსაც გადავხედოთ... შარშან ჩვენთვის ძალზე მომგებიან კულტურად იქცა პომიდორი. დაახლოებით 500 ტონა გავიდა და გაიყიდა მუნიციპალიტეტიდან. ამიტომ მოსახლეობა საპომიდვრე მიწის ნაკვეთების დამუშავებას მიეტანა. წლეულს, ალბათ, 700 ტონა პომიდორს მოვიყვანთ. ეს ნაკვეთებიც ზამთრისთვის დახნულ-დამუშავებულია. აქამდე დაბალი ჯიშის პომიდორი მოგვყავდა, რომელიც მიწაზე დაწოლილიც კი იკრიფებოდა, ახლა კი მოსახლეობას შპალებზე აკრული პომიდორი მოჰყავს და შპალთაშორის მიწა უკვე მოხნული აქვთ.

- მახსოვს, ზაფხულში პომიდვრის დაავადებაზე წუხდით - თუ ყოველდღე არ შეწამლე, განადგურდებაო.

- ახალ-ახალმა დაავადებებმა იმატა­ და მოსავალს გვინადგურებს. გლეხს არ უნდოდა, შრომა წყალში ჩაჰყროდა და ამიტომ მოსავ­ალს ყოველდღე წამლავდა, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ეს იმდენად გვაწუხებს, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრს პომიდვრის ნიმუშები გავუგზავნეთ და პრობლემის შესასწავლად ჩვენთან საექსპერიმენტო ნაკვეთების მოწყობას აპირებენ.

დღეს, ვინც გურჯაანის მხარეს ჩამ­ო­ი­ვლის, დაინახავს, რომ მარცვლეული კულტურების­ ნაკვეთებიც დახნულ-დამუშავებულია. შარშან ხორბლისა თუ ქერის­ მოსავალიც ძალიან კარგი მოვიდა - დაახლოებით 7 000 ტონა. ერთწლიანი კულტურები ისეთ შრომასა და იმ ხარჯს არ მოითხოვს, როგორიც მრავალწლიანს სჭი­რდება, ამიტომ მარცვლეულის შემოსავალი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყო. ბედნიერება იქნებოდა, თუკი ამუშავდებოდა ჩვენი, ადგილობრივი წისქვილები და ჩვენივე მოყვანილი ხორბლის ჯანსაღ პურს შევჭამდით. ხორბლისა და ქერის ყანები ნოემბრის დასაწყისში უკვე დათესილი იყო. ახლა უკვე აღმოცენებულია და გაზაფხულზე აჯეჯილდება. ღმერთმა ინებოს, რომ კარგი წელიწადი დაესწროს. ასე ვთქვათ, ზამთარმა უკვე გაგვიმართლა - დეკემბრის სითბომ თაგვი გაამრავლა, იანვრის ყინვებმა და თოვლმა­ კი მათი დიდი ნაწილი ამოხოცა. თაგვი სასარგებლოა, რადგან ხოჭოებსა და სხვა მავნებლებს ანადგურებს, მაგრამ თუ მეტისმეტად გამრავლდა, ნათესებს ზიანს მიაყენებს, ამიტომ თაგვის საწინააღმდეგო პრეპარატიც შემოტანილი გვაქვს.

მინდა ადრეულ საგაზაფხულო სამუშა­ოებზეც ვთქვა, რომელთანაც ჩვენი სია­ხლეა დაკავშირებული - ჩვენში პირუტყვის საკვები ბალახის თესვა შეწყვეტილი იყო, გაზაფხულზე კი ივრის ზეგანზე, სადაც შედარებით მშრალი პირობებია, დავთესავთ პირუტყვის საკვებ ბალახ სუდანურასა და სორგოს. ისინი კარგად ეგუებიან ცხელ და გვალვიან პირობებს; შედარებით ზომიერ პირობებში კი იონჯა­ და ესპარცეტი უკეთესია... ჩვენთან პირუტყვის გამრავლება არაერთმა ფერმერმა დაიწყო და ეს კულტურები გამოადგებათ როგორც სათივედ, ისე - სასილოსედ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით