ჩანგი - სვანეთის "სადარდო" საჩუქარი - კვირის პალიტრა

ჩანგი - სვანეთის "სადარდო" საჩუქარი

"გაუსვი და გამოუსვი, ჭუნირია თუ ჭიანურია"

საქართველო უძველესი მუსიკალური ტრადიციების მქონე ქვეყანაა. მის ტერიტორიაზე არაერთი არქაული ინსტრუმენტი გვხვდება, რომელთა შენახვა და შთამომავლობისთვის გადაცემა დიდი საქმეა. ქართული ხალხური საკრავების ოსტატი, მუსიკოსი გივი კანდელაკი უკვე რამდენიმე ათეული წელია, ამ საქმეს ემსახურება...

ხალხური საკრავების ოსტატი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად სალამურის, ფანდურისა და ჩონგურის დამზადება უწევს, თუმცა, არცთუ ცნობილ ინსტრუმენტებზეც სიყვარულით ლაპარაკობს. დღეს გივი კანდელაკი უძველეს სვანურ საკრავებზე - ჩანგსა და ჭუნირზე მოგვითხრობს.

ჩანგი, ისევე, როგორც ჭუნირი, ძირითადად სვანეთში იყო გავრცელებული. მის შესახებ ასეთი ლეგენდა შემოგვრჩა:

მოხუცს ერთადერთი შვილი მოუკვდა. დასევდიანებულმა გამხმარ ხეზე გააბა სიმები და დაკვრა დაიწყო. ჩანგის ტარი მისი შვილის მკლავებია, ხოლო წკრიალა ხმა - მოხუცის ცრემლებიო, - მოგვითხრობს ძველი სვანური ლეგენდა.

ჩანგი სიმებიანი საკრავია და ფორმით ძალიან ჰგავს მშვილდს, რომელზეც სიმებია გაბმული. ამ ინსტრუმენტს წიწვოვანი ხეებისგან ამზადებენ. განსაკუთრებით ცნობილია ნაძვისგან დამზადებული ჩანგი, თუმცა, მის დასამზადებლად სხვა კეთილშობილი მასალის გამოყენებაც შეიძლება, მათ შორის - მსხლის, ცაცხვის.

ჩანგს სვანები მწუხარებისა და დარდის საკრავს უწოდებდნენ. ის შემორჩენილია ზედა და ქვედა სვანეთში. ფორმით ეს ინსტრუმენტი ასევე წააგავს ძველისძველ არფას, მაგრამ მას სუფთა ქართული მუსიკალური წყობა აქვს და ზუსტად შეეფერება სვანურ ფოლკლორს. მელოდიას მხოლოდ ერთ ჩანგზე ასრულებენ, ორი ან მეტი ჩანგის ანსამბლად გაერთიანება არ დასტურდება, ჩანგსა და ჭუნირს კი ყოველთვის ერთად უკრავდნენ. სიმღერის დროს ჭუნირი სამ ხმას უკრავდა, ხოლო ჩანგი ხშირად აკომპანემენტის როლს ასრულებდა.

ჩანგის სიგრძე 40-45 სანტიმეტრია, აქვს კორპუსისა და დამხმარე ნაწილები - ღილაკები და მოქლონები. კორპუსი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაწილებისგან შედგება. ჰორიზონტალურ ნაწილს გრძელი, ამოღრუებული ხისგან აკეთებენ. სიმების რაოდენობა უმეტესწილად ექვსი ან შვიდია. უკეთებენ ცხენის ძუის სიმებს, თუმცა, ადრე მათ ნაწლავებისგანაც გრეხდნენ. ყველაზე მოკლე სიმი ყველაზე მაღალ ბგერას გამოსცემს. ჩანგის გაფორმება ოსტატის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. სასურველია, საკრავი სვანური ტრადიციული ორნამენტებით შეიმკოს. ჩანგზე დაკვრისას შემსრულებელი ზის, ინსტრუმენტი მუხლებზე უდევს და ისე უკრავს, როგორც არფას.

ჩანგის "მეგობარი"

გარდა ჩანგისა, სვანეთმა შემოგვინახა კიდევ ერთი სიმებიანი საკრავი - ჭუნირი. ეს სამსიმიანი, ხემიანი საკრავი ძირითადად სვანეთშია გავრცელებული. ტანი მრგვალი აქვს, ხოლო ტარზე გადაჭიმულია სიმები, რომლებზეც ხემით უკრავენ. ჭუნირს სუფთა და წკრიალა ხმა აქვს. ჭუნირზე სვანები უმეტესად სევდიან სიმღერებს მღერიან და ჩანგის მსგავსად, მასაც მწუხარების საკრავად მიიჩნევენ. ცნობილია, რომ მასზე მიცვალებულის დაკრძალვის წინაღამეს უკრავდნენ. სვანები დღესაც ამბობენ - ჭიანური ჭირის არისო. სვანური ჭუნირი სამ ხმას ერთად უკრავს. დღეს ჭუნირისა და ჩანგის ოსტატი ჩვენში ძალიან ცოტაა, დამკვეთებიც იშვიათად ითხოვენ მათ დამზადებას, რადგან არც ქართლში იყენებენ, არც კახეთში, არც იმერეთში ან საქართველოს სხვა კუთხეებში. ჭუნირის სიმებიც ცხენის ძუისგან მზადდება და მჟღერ ხმას გამოსცემს. სხვათა შორის, ჭუნირს კარგად იყენებს ქართველი მომღერალი ნიაზ დიასამიძე.

ჭუნირი თუ ჭიანური?

შეიძლება ყველამ არ იცის, რომ ჭუნირი იგივე ჭიანურია, რომელიც სვანეთის გარდა, შემოინახა რაჭამ, თუშეთმა და ხევსურეთმაც. ამ ინსტრუმენტზე მამაკაცებიც უკრავენ და ქალებიც. საკრავის კორპუსი წრიულად შეკრული ყავრისგან მზადდება, რომელზეც ცალი მხრიდან ტყავია გადაჭიმული. ტყავი შეიძლება იყოს ცხვრის, ხბოსი ან თხისა, ხემისა და სიმებისთვის კი ცხენის ძუა გამოიყენება. ეს ერთ-ერთი ყველაზე არქაული საკრავია ქართულ ინსტრუმენტებს შორის და ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, ხოლო სვანური - სამსიმიანი. დაკვრის წინ ხემის ძუას ფისზე უსვამენ, რომელიც საკრავის კორპუსზე აქვთ წასმული, რათა ხემმა უსიამოვნო ბგერები არ გამოსცეს. ჟღერადობის გასაუმჯობესებლად საკრავს დაკვრის წინ მზეზე ან ცეცხლთანაც ათბობენ. შესრულების დროს დამკვრელს ჭუნირი მუხლებს შორის, ვერტიკალურად უჭირავს. სვანეთში ძველად ჭუნირს რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია - მისი ხმით მიცვალებულთა სულებს ეძებდნენ. დაიწყებდნენ დაკვრას და მანამ უკრავდნენ, ვიდრე სულის პოვნის რამე ნიშანს არ მიიღებდნენ. ამგვარი რიტუალი სრულდებოდა რაჭაშიც.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, საკრავის კავშირი მიცვალებულთა კულტთან მის სიძველეზე მიუთითებს. აშკარაა, რომ ჭუნირი, ისევე, როგორც ჩანგი, ძველთაძველი საკრავია.

ხათუნა ჩიგოგიძე