მესხური ტერასების საიდუმლო - კვირის პალიტრა

მესხური ტერასების საიდუმლო

ვაზის უძველეს ჯიშებს ქომაგი გამოუჩნდა

მესხეთში, საქართველოს უძველეს და ულამაზეს მხარეში, ადრე ვაზის მოშენებასა და ღვინის დაყენებას დიდ ყურადღებას უთმობდნენ, რასაც აღმოჩენილი ძველისძველი ქვევრები და მარნებიც ადასტურებს. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, ამ ადგილების "მთაგორიანობა და მიწის სიმცირე ჩვენს წინაპარს აიძულებდა, ვენახები უმთავრესად ხელოვნურად დაბაქნებულ, მოვაკებულ ნიადაგებზე გაეშენებინა". სასიხარულოა, რომ ასპინძაში უძველეს მესხურ ტერასებს აღადგენენ. ამ კარგი საქმის თაოსანი გიორგი ნათენაძეა, რომელსაც მსხვილი ბიზნესმენები ამოუდგნენ მხარში. გიორგი ნათენაძე ჩვენი სტუმარია.

- ერთი წლის წინ მესხეთში ისტორიული ტერასების აღდგენა დავიწყეთ. 23 ჰექტარია აღსადგენი, 8 უკვე აღდგენილია. მესხური ტერასები თურქობის დროს განადგურდა და მოსახლეობამ ვაზი დაივიწყა. არადა, მესხეთში ტერასული მევენახეობა განვითარებული იყო. არაერთი ისტორიკოსის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ამ მხარეში უზარმაზარი ვენახები იყო გაშენებული. ოსმალოთა ბატონობის დროს თუ ისლამს არ მიიღებდი, აქ ვერ იცხოვრებდი. ამიტომ ბევრი აიყარა და მთელ საქართველოში გაიფანტა. მესხური გვარებიც სწორედ ამიტომ არის ყველგან გავრცელებული, ბევრი ოჯახი გადასახლდა კახეთში, გურიაში, იმერეთში, აჭარაში. წავიდნენ, ვაზის ჯიშებიც თან წაიღეს და ასე გადაარჩინეს გადაშენებას. ადრე მესხეთში სხვადასხვა სახეობისა და ფერის ღვინოს წურავდნენ და უცხოეთშიც გაჰქონდათ.

- ტერასებს ხომ მცირემიწიანობის გამო აკეთებდნენ?

- დიახ, ჩვენს მხარეში ვაზის გასაშენებლად შესაფერისი მიწა ცოტა იყო და მოსახლეობას კლდოვანი ადგილების დატერასება უხდებოდა. მესხეთში ასე იყო გაშენებული არა მარტო ვენახები, არამედ ხეხილის ბაღებიც. მოსახლეობის ნაწილი ამ ტერასებზე ცხოვრობდა და მეურნეობას მისდევდა. ძველისძველი ტერასების შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ იგი საუკეთესოა ვენახების გასაშენებლად. მესხეთში არ იყო ცნობილი დაბლარი ვენახი, ძირითადად, მაღლარს აშენებდნენ. ვაზი ხეხილის ბაღებშიც კი ხარობდა და ხეებზე ადიოდა. ერთი ასეთი ძირიდან 150-200 კგ ყურძენს კრეფდნენ.

ჩემს სოფელში - ჭაჭკარში შემორჩენილია ძველისძველი ვაზი, რომელიც დღესაც მსხმოიარეა და 150 კილოგრამ ყურძენს ვკრეფთ. ვარძიასაც ზურგს ეს ძლიერი სოფელი უმაგრებდა - საიდუმლო გვირაბით სწორედ ჩემი სოფლიდან მარაგდებოდა.

- ამბობთ, რომ მესხებს შვიდი ფერის ღვინო მოჰყავდათ, ამას როგორ ახერხებდნენ?

- ძველ მესხებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი ღვინის ჭაჭაზე და უჭაჭოდ დაყენების ხერხები. ეს საშუალებას იძლევა, სხვადასხვა ფერისა და სიმაგრის ღვინო მიიღო. მე, მაგალითად, წლეულს 24 ცდა ჩავატარე და სულ სხვადასხვა ფერის მესხური ღვინოც დავაყენე.

ცნობილია, რომ მე-16 საუკუნეში 300 სახეობის მესხური ვაზის ჯიში არსებობდა. უკვე 10 წელიწადია, მე და ჯიღაურას სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე ამ ჯიშებს მოვიძიებთ, კოლექციაში უკვე 24 მესხური ჯიშია. დღესაც ვმუშაობთ ახალი ჯიშების აღმოჩენაზე.

- პროფესიით მეღვინე ხართ?

- პროფესიით ეკონომისტი ვარ, ჩემი სპეციალობა ბიზნესის მართვაა, მაგრამ მთლიანად მეღვინეობაზე ვარ გადართული. ჩემი პროფესია ამ საქმეში ძალიან მშველის, ამხელა პროექტის გაძღოლაში მეხმარება. უკვე 10 წელიწადია, მესხური მევენახეობა-მეღვინეობით ვარ დაინტერესებული. მესხური ვაზის ჯიშების აღმოჩენა, იდენტიფიკაცია და გამრავლება უკვე გატაცება აღარ არის, ეს ჩემი პროფესია და ცხოვრების ნაწილია.

- როგორ დაიწყეთ?

- მამაჩემს უნდოდა მესხური მევენახეობის აღდგენა და, როგორც ჩანს, სურვილი მემკვიდრეობით გადმოვიდა. საქმე თითქმის ნულიდან დავიწყე. საბედნიეროდ, ძალიან კარგი პარტნიორები მყავს რასაც ვახერხებ, სწორედ მათი მხარდაჭერით. ჩვენ ვიწყებთ მესხური ჯიშების აღორძინებას და მესხური ღვინის საქვეყნოდ გამოტანა გვაქვს გადაწყვეტილი. საფრანგეთში ყოველ წელიწადს იმართება ნატურალური ღვინის გამოფენა და ქართველმა მეღვინეებმა გადავწყვიტეთ, მესხური ღვინო იქაც წარმოვაჩინოთ. მეორე წელიწადია, ჩემი ღვინო საფრანგეთში გამაქვს. მოთხოვნა არის.

- როგორც ვიცი, რამდენიმე ვაზის ჯიში ტაო-კლარჯეთიდანაც ჩამოიტანეთ.

- ტაო-კლარჯეთში შარშან ვიყავი, წლეულსაც ვაპირებ გადასვლას და გაისადაც. იქ გავიცანი ძველი მესხები, რომლებიც უკვე ტელეფონითაც მიკავშირდებიან. იქაურებიც ძალიან დაინტერესებული არიან ამ ჯიშების მოძიებით. დაპირებული ვარ - ჩვენებური ჯიშებიც უნდა ჩავუტანო. მიკვლეული 24 ჯიშიდან უმეტესობა საგურამოში, ჯიღაურას სანერგეშია დაცული. ჩვენს მხარეში ბევრი ჰიბრიდული ჯიშია გავრცელებული და თუ პროფესიონალი არ ხარ, განსხვავება ძნელია. ამიტომ მორიგი ჯიშის ვაზს ვჭრი თავისი კალმითა და ფოთლით და გამოსაკვლევად ვგზავნი ჯიღაურაში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. მათი შესწავლის სეზონი შემოდგომაა. ამიტომ შემოდგომაზე ვიწყებ სოფლებში სიარულს და მოსახლეობას, გლეხებს, ფერმერებს ვეკითხები, სად შეიძლება იყოს რომელიმე ჯიში. თუმცა ინფორმაციას მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებ. შემოდგომაზე კი იმ ადგილების მონახულებას ვიწყებ.

შარშან 600-მდე სანახავი ადგილი მქონდა მონიშნული. ღამის 2-3 საათამდე დავდივართ ფარნით და "ჯიპიესით", ძველისძველი ვაზის ჯიშების მოსაგროვებლად. ხშირად ისინი მთაში, ან ტყეში ხარობს და გაველურებულია.

- მესხური ტერასების აღდგენა ალბათ რთული საქმეა.

- ძალიან ძნელია ამ ტერასების ადრინდელი სახით აღდგენა. ამ მეტად ძვირად ღირებული საქმის ბოლომდე მიყვანა ნამდვილად ღირს, საოცრად ლამაზიც არის - ვისაც მესხური ტერასები არ უნახავს, ვერც წარმოიდგენს. ჩვენი ტერასები ცენტრალურ გზასთან ახლოს არის, ამიტომ ტურისტული თვალსაზრისითაც მიმზიდველი იქნება, ირგვლივ თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. ეს ტერიტორია ასპინძის მუნიციპალიტეტს, სოფელ ხიზაბავრას ეკუთვნის.

მთელ სოფელს უხარია ამ საქმის დაწყება და სულითა და გულით შრომობენ. ტერასებზე დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ ამ სოფლის მკვიდრია. ისინი ტრადიციულად კარგი მშენებლები არიან და ხშირად ოჯახიან-სანათესავოთი მუშაობენ.

აქ ახლომახლო არსებული ტერასები ვარძიას ემსახურებოდა, ყურძენი იკრიფებოდა, ვარძიაში მიდიოდა, რომ იქაურ ქვევრებში ღვინო დაეყენებინათ.

- მესხური ტერასების მოსავალს როდის მიიღებთ?

- ისტორიული ვაზის ჯიშების პირველ მოსავალს 3-4 წელიწადში ველოდებით. დიდი გეგმები გვაქვს და მიზანს მივაღწევთ.

სტუდენტური "დარაჯები"

გაჩანაგების პირას მისული ეკლესია-მონასტრებისა და დაქცეული მესხური ტერასების აღდგენა ერთ-ერთი დიდი ეროვნული საქმე იყო, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში წამოიწყეს ქართველმა ახალგაზრდებმა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მესამე შრომით სემესტრს შუა აზიის სტეპების მაგივრად სამცხეში ატარებდნენ. გაწმინდეს და ადგილი მიუჩინეს სავანეთა და "დარაჯების" (ასე ეძახდნენ მესხეთში ტერასებს, რადგან ფერდობებზე ქვით ნაგები კედლები ნიადაგსაც ამაგრებდა) ლოდებს, თვალი გაახილეს მიწაში ღრმად ჩამარხულმა ვაზის ფესვებმა... უნივერსიტეტელთა ხელით ნაწილობრივ აღდგენილ ტერასებზე ვაზიც გაშენდა და ხეხილის ბაღიც.

ხათუნა ჩიგოგიძე