ეგზოტიკა "უდანაკარგოდ"
08-02-2016
ეგზოტიკა "უდანაკარგოდ"
ვისაც მცენარე უყვარს, უცხო ხილის კურკისგან პალმას ბინაშიც ამოიყვანს

"ეგზოტიკური მცენარე ძირმწარა (არისტოლოქია) 7-8 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. ჩემთან მესამე წელს იყვავილა. ულამაზესი ყვავილი აქვს, გასულ ზაფხულს ძირმწარამ საოცრად "დაგვატკბო"...


ტროპიკულ და ეგზოტიკურ ხილს საქართველოში ბევრი მოყვარული ჰყავს. ამ ხილის შეძენა სუპერმარკეტებსა თუ აგრარულ ბაზრებში შეიძლება. ალბათ, ზოგიერთი თქვენგანი იმაზეც დაფიქრებულა, შეიძლება თუ არა, ვთქვათ, ფინიკის კურკისგან პალმის გამოზრდა, ან მანგოსგან ნერგის გახარება. გეტყვით, რომ გემრიელი ხილის მირთმევის შემდეგ დარჩენილი კურკისგან
ეგზოტიკური მცენარის გაზრდა შესაძლებელია. მაგალითად, ფინიკი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და ინტერიერსაც გაგილამაზებთ,­ თუმცა, სახლის პირობებში გახარებული პალმა­ ნაყოფს ვერ მოგცემთ. ფინიკი ნელა იზრდება, მაგრამ ტანი თუ აიყარა, შესაძლოა, ოთახშიც ვერ დაატიოთ... შევეცადე ისეთი ადამიანები მეპოვა, ვისაც სუპერმარკეტში ნაყიდი ეგზოტიკური ხილის კურკებით მშვენიერი მცენარეები გამოუზრდიათ.

ანა ჯუღელი, ჟურნალისტი:
- 12-13 წლის წინ სუპერმარკეტში ფინიკს წავა­წყდი. იმ დროს დახლზე ფინიკი უჩვეულო იყო, ამიტომ ვიყიდე და ბავშვებს წავუღე. კურკები არ გადავყარე და არაჟნის­ ქილაში ჩავრგე, მაინტერესებდა, გაიხარებდა თუ არა. ერთ თვეში პატარა ნერგი ამოვიდა.

- მიწაში ბევრი კურკა ჩაყარეთ?
- კი, მაგრამ მხოლოდ ერთი ამოვიდა...­ ჩემს პალმას დიდი ხანია ვუვლი, თუმცა განსაკუთრებულ მოვლას არც საჭიროებს. სამზარეულოში მედგა და პერიოდულად წყალს ვუსხამდი. ფინიკი პრეტენზიული მცენარე­ არ არის, თუმცა ბევრ წყალს ვერ იტანს. უყვარს მზე, რაც უნდა მზისგულზე იყოს, არ შეწუხდება, ჩრდილს ვერ ეგუება.

- წყალი რა სიხშირით სჭირდება?
- 3-4 დღეში ერთხელ. ზაფხულში აივ­ანზე გამაქვს, ზამთარში - შინ, მზიან ადგილზე ვდგამ. ჩემს პალმას ნაყოფი არ ჰქონია, ალბათ, ბუნებრივ პირობებში რომ არ ცხოვრობს, იმიტომ. წელიწადში ერთხელ მიწას ვუცვლი და უფრო დიდ ქოთანში ვრგავ. სასუქს არ ვიყენებ. მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაკელით ვამდიდრებ.

ყველა მცენარე მიყვარს, რომელიც ჩემთან "ცხოვრობს". ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. აი, მათი მტერი ჩემი ფისო ტომია, თუ დრო იხელთა, მცენარეს მიწას უთხრის. მიყვარს უცხო ყვავილები. ბამბის დარგვა მინდა, ვიცი, რომ ლამაზი ყვავილები აქვს, მაგრამ მისი თესლი ვერ ვიშოვე.
დალი ებრალიძე, ჟურნალისტი, მოყვარული მებაღე ფოთიდან: - ვფიქრობდი, რაკი ჩვენთან ავოკადო შემოაქვთ და მაცივრებში ხანგრძლივად ინახავენ, კურკა აღარ ივარგებს-მეთქი. თუმცა მაინც მოვსინჯე და მიწაში ჩავრგე. მისი დაფესვიანების სხვა წესიც არსებობს, შეიძლება პირდაპირ წყალში ჩადო.

- მიწაში ჩარგვისას რა წესი მოქმედებს?
- ჩარგვისას კურკა მიწიდან დაახლოებით 1/4-ით უნდა მოჩანდეს. ტენიანი­ მიწა სჭირდება, ქოთანი თბილ და განათებულ ადგილას უნდა დადგა. სანამ აღმოცენდება, პირდაპირი მზე არ უხდება.

ახალამოწვერილი ავოკადო

- წყალში როგორ გაღვივდება კურკა?

- ხის ჩხირებზე კურკა ისე უნდა დავამაგროთ და წყლიან ჭიქაში ჩავუშვათ, რომ წყლის ზედაპირს ოდნავ ეხებოდეს, რადგან ზედმეტი წყალი დაალპობს.
ასევე გავახარე მანგო - კურკა ჩავრგე და უკვე მესამე წელია, ვინარჩუნებ. მშვენივრად გრძნობს თავს. უკვე დაიტოტა. მგონი, ლამაზი ხე მექნება.

- მანგოს კურკაც სანახევროდ უნდა ჩავრგოთ მიწაში?
- მანგო შეგიძლიათ მიწაში­ 1,5- 2 სმ სიღრმეზე მთლიანად ჩაფლათ. ამერიკული ნიახური (კელერი) რომ არის, დიდი ძირებით, სუპერმარკეტში ვიყიდე და ერთი კვირა მაცივარში მედო, მერე ფოთში წავიღე. შევამჩნიე, რომ ფოთლები­ თითქმის გამოტანილი ჰქონდა, ავდექი და ღია გრუნტში ჩავრგე. ორ წელიწადს ულამაზესი ბუჩქი მქონდა. მისი ფოთლები არ არის არომატული, კერძებში ღეროები გამოიყენება.

- მანგო რთული მოსავლელია?
- საკმაოდ ადვილი. ხანდახან ვნამავ­ ხოლმე. დასავლეთში ისედაც მაღალი ტენიანობაა, ხშირად დანამვა არ სჭირდება. ქოთანი განათებულ ადგილას დგას, ზამთარში გაუთბობელ ოთახში მაქვს. ზაფხულში აივანზე გამაქვს, ორპირ ქარს კი ვარიდებ. სანამ ხე პატარაა, ქოთანში იქნება, რომ გაიზრდება, შეიძლება ღია გრუნტშიც გადავიტანო, ოღონდ ზამთარში დასათბურება დასჭირდება.

მქონდა ერთი ეგზოტიკური მცენარის, ძირმწარას (არისტოლოქია) თესლი, ინტერნეტით გამოვიწერე. 7-8 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. ჩემთან მესამე წელს იყვავილა. ულამაზესი ყვავილი აქვს, გასულ ზაფხულს ძირმწარამ საოცრად "დაგვატკბო". მრავალწლიანი კულტურაა და მსგავსი ეგზოტიკური და ლამაზი მცენარე ბევრი არც მეგულება.

- მანგო ნაყოფს დაისხამს?
- სახლის პირობებში დაისხამს თუ არა, არ ვიცი. ფოთლები კი ისეთი ლამაზი აქვს, როგორც დეკორატიული მცენარე, სავსებით მაკმაყოფილებს.

- ფინიკის პალმის გახარება არ გიცდიათ?
- ფინიკი ფოთში კარგად ხარობს. მისი გამხმარი ნაყოფი რომ იყიდო, ჩვეულებრივად ამოიყვან პალმას, ასეთი პრინციპით მარკეტში შეძენილი ჰიბისკუსის ჩაიც გავახარე. პაკეტს შეიძლება 2-3 თესლი მოჰყვებოდეს. მცენარეების გახარება ჩემი ჰობიც არის და საუკეთესო ანტიდეპრესანტიც. მეტი სიხარული წარმოუდგენელია, რაც პატარა­ მარცვლისგან შენი ხელით გახარებულ მცენარეს შეუძლია მოგანიჭოს. მთელი პროცესი შენ თვალწინ მიმდინარეობს, თან თითქოს შვილივით ზრდი.

ლალი ფაცია
ლია
22 თებერვალი 2016 11:57
მეც თქვენსავით ძალიან მოყვარული ვარ მცენარეების. უკუღმა რომ დავთესო, ან დავრგო წაღმა ამოდის. პატარა ბავშვივით ვეფერები და ვუვლი. ერთხელ, ჩემი ნაყიდი ნერგებით ავტობუსით მგზავრობისას ვიღაც მგზავრმა შეურაცხყოფა მომაყენა, რა არის ქალბატონო ჯოხებით რომ დადიხართო. ვერ გავიგე რას მერჩოდა. კიდევ კარგი, რომ ავტობუსშიც აღმოჩდნენ ჩემნაირი ადამიანები და საკადრისი პასუხი გასცეს.

რედაქტორის რჩევით