არბოშიკელი ოსტატი
08-02-2016
არბოშიკელი ოსტატი
"ოსტატობა შევარდნაძემ და იმდროინდელმა გაჭირვებამ მასწავლა - ახლა ხმლით ვარჩენ ოჯახს!"

"მხოლოდ ჯაჭვის პერანგი თვე-ნახევარი იქსოვება. თუ მეტი არა, პერანგს 15-20 ათასი რგოლი სჭირდება, ფარ-მუზარად-სამკლავურების დამზადებასაც დიდი დრო მიაქვს. მთლიანი კომპლექტის მომზადებას ერთი წელი მაინც უნდა"


საქართველოში ბრინჯაოს ხანიდან არაერთი სახეობის საომარი იარაღი მზადდებოდა (გორდა, სატევარი, დავითფერული, გველისპირული, ცხემლაიში, ხალიბური, ორლესული, სათუმახვილა, ჭოლაური, აფთი, ორპირი...), ბევრიც უცხოეთიდან შემოჰქონდათ (ხორასნული, ლეკური, ფრანგული, ბაზალა, ყამა, თილიყამყამი, ხანჯალი, ჯავარდენი...). დღეს ხმალ-ხანჯალი სცენურ სამშვენისადღა
დარჩა, თითზე ჩამოსათვლელი გვყავს­ ხმლის ოსტატიც - თხუთმეტიოდე კაცი თუ იქნება. მათ შორის არის არბოშიკელი ზაზა ალადაშვილი, რომელიც მეხმლეც არის, ჯაჭვის პერანგებსაც ქსოვს
და ფარებსაც აკეთებს.

ზაზა ალადაშვილის სახლში შესვლისთანავე თვალს ხვდება ოსტატის ხელით ნაშენი ბუხარი, ხის ცერაკიბე და დიდ კოჭებზე გაფიცრული ჭერი. კედლებს ხმალ-ხანჯლები და ჯაჭვის პერანგები ამშვენებს­. კოლექცია მართლაც შთამბეჭდავია - მის ხელს 500-მდე ხმალი და ამდენივე ხანჯალი გამოუჭედავს.

- ეს საქმე როგორ დაიწყეთ?
- ხელობით შემდუღებელი ვარ. 90-იან წლებში დაწყებულმა გაჭირვებამ მიბიძგა ამ საქმისკენ. თბილისის ბაზრობაზე­ ხმალი იყიდებოდა. ხელში დიდხანს ვატ­რიალე, ყიდვა მინდოდა, მაგრამ ფული არ მქონდა. შინ დავბრუნდი და... ხმლის გამოჭედვა გადავწყვიტე. მას მერე სათქმელად მაქვს - ოსტატობა შევარდნაძემ და იმდროინდელმა გაჭირვებამ მასწავლა-მეთქი - ახლა ხმლით ვარჩენ ოჯახს!

- არ ველოდი ასეთ დიდ კოლექციას...
- ეს რუსული კაზაკური ხმალია, ეს არაბული პირები - შამირი, კახური პირებიც აგერ არის, თურქულიც ინებეთ...გამიკეთებია მონღოლური სატევარი, ქართული ხმლების შეკვეთებიც არაერთი მქონია, აი, ერეკლე მეფის ხმალი დაახლოებით ამგვარი იყო. ამბობენ, ერეკლეს ხმალი 16 კილოგრამს იწონიდაო, ეს ლეგენდაა, ხმალი 7 კილოგრამზე მეტი არ შეიძლება იყოს - სტანდარტს ვერ გადახვალ. მრავალგვარი შეკვეთა მაქვს. ვის სატევარი­ უნდა, ვის - კავკასიური ან ქართლური­ ხმალი. მომიტანენ ნახატს ან ფოტოსურათს - ასეთი გამიკეთეო. გერმანული სატევარიც შეუკვეთიათ. მე და ჩემი მეუღლე­ ჯერ ნახაზს ვადგენთ, ჩემი ვაჟიც მეხმარება. ამის შემდეგ ვიწყებ პირის გამოწრთობას.

- აქ ბევრი განსხვავებული ორნამენტია, რომლებიც კარგად ახასიათებს იმ ქვეყანასა და ხალხს, ვისი საკუთრებაც არის.
- ყველა ორნამენტი განსხვავებული, ძალიან ლამაზი და გამორჩეულია, მაგრამ ქართულს ვერც ერთი ვერ შეედრება.­ ქართულში არის წარწერებიც, გვხვდება ყურძენიც, ყაყაჩოებიც, რაღა თქმა უნდა, ჯვრები. ხმლის პირის გაკეთებაზე არანაკლები დრო სჭირდება ორნამენტებს, დიდ შრომასა და გათვლას მოითხოვს.

- როგორ იწყება ხმლის გაკეთება და რა მასალისგან მზადდება?
- თუ დააკვირდებით ახალგამოწრთობილ ხმლის პირს, ნახავთ, რომ მასში­ უამრავი ფენა ლითონია შეწრთობილი. დაახლოებით 20 ლითონის ფირფიტა იჭრება­ 20-20 სანტიმეტრზე, მერე ჩაქუჩით მუშავდება, შემდეგ ცეცხლში იწრთობა, მერე ისევ ჩაქუჩით იჭედება და გავარვარებული ფოლადი წყალში ივლება.

- გამოფენებში თუ მონაწილეობთ ან სამუზეუმო ექსპონატად თუ წაუღიათ თქვენი ნამუშევარი?

- უფრო კერძო კოლექციონერები მიკვეთენ - არაბები, თურქები, გერმანელები. გამოფენაზე ერთხელ ვიყავი, ბაქ­ოში, კულტურის სამინისტრომ გამგზავნა.­ 2008 წელს იტალიელებმა მიმიწვიეს, მაგრამ აგვისტოს ომი დაიწყო და სამინისტრომ ჩვენი ჯგუფის ვიზიტი ვეღარ დააფინანსა.

- რას იხდიან კერძო კოლექციონერები­ ხმალში, ჯაჭვის პერანგში და ყველაზე ძვირად რა გაგიყიდიათ?
- 90-იან წლებში 50-60 ლარად დავიწყე ხმლის პირების გაყიდვა, მაგრამ ახლა 700-800 დოლარად ვყიდი ხმლის პირებსა და დამასკურებს.­ ჯაჭვის პერანგები 1.500-5.000 ლარად იყიდება. ჯაჭვის პერანგი მხოლოდ ერთი ნაჭერი არ არის, მასში სხვადასხვა ნაწილი შედის: მუზარადი, ფარი, სამკლავურები, რომლებსაც სათითაოდ ვაკეთებ. მხოლოდ ჯაჭვის პერანგი თვე-ნახევარი იქსოვება. თუ მეტი არა, პერანგს 15-20 ათასი რგოლი სჭირდება, ფარ-მუზარად-სამკლავურების დამზადებასაც დიდი დრო მიაქვს. მთლიანი კომპლექტის მომზადებას ერთი წელი მაინც უნდა.

- ახალგაზრდები თუ ინტერესდებიან?
- ჩემს შვილს შევასწავლე ეს საქმე. სხვებ­საც მინდა ვასწავლო, თითქოს აინტერესებთ, მაგრამ მოვლენ, ერთი-ორი დღე მიყურებენ და მიდიან, ეძნელებათ.
ძალიან მინდა დიდი კოლექციის შექმნა, მიფიქრია იმაზეც, რომ ცივი იარაღის მუზეუმი გავაკეთო. გაჭირვება რომ არ იყოს, არ გავყიდდი არც ერთ ჩემს ნამუშევარს, ერთ ხმალსაც არავის დავუთმობდი. თითოეულზე დიდი შრომა მაქვს დახარჯული, ყველა მათგანი მენანება, რაც კი გამიყიდია. 500 ხმალი და 500 სატევარი ცოტა არ არის. მინდა ჩემი ნამუშევარი ქვეყნის გარეთ გავიდეს.

ხევსური სამურაების წინააღმდეგ

ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ გადარჩენისთვის იბრძოდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იარაღსა და მის წარმოებას, აგრეთვე, ხმლის ფლობის ხელოვნებას. ხალიბთა­ შთამომავალი ქართველები ამ საქმეში ტოლს არავის უდებდნენ. ცნობილია ხევსურული ფარიკაობა, ანუ ქნევა-ფარება, რომელიც იაპონურ კენ-დოს ფილოსოფიით, რაინდულობით, ტექნიკითა და სილამაზით არ ჩამოუვარდება.

XIX საუკუნის მიწურულს ბოქაულის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსური ლიქოკელი, შესანიშნავი მოფარიკავე. იმხანად რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გაუშვია. ბოლოს და ბოლოს, იაპონელებმა კარი შეანგრიეს და თვალწინ შემდეგი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, იქვე ათზე მეტი იაპონელი მეომრის გვამი ეგდო. თანამემამულეთა პრესტიჟის"ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა - მათ კი ფარიკაობას ბავშვობიდან ასწავლიდნენ. ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ლიქოკელისკენ. იარაღის მოქნევა ვერ მოასწრო, რომ ხევსურის მახვილმა გაკვეთა. ლიქოკელი ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი სიკვდილით დაუსჯიათ, მაგრამ ერთი უბრალო ხევსური გლეხის ფარიკაობაში ამგვარი გაწაფულობა საყურადღებო ფაქტია...

ლალი მეხრიშვილი
18 თებერვალი 2017 20:19
გაიხარე და გამრავლდი
...
16 თებერვალი 2017 15:39
GაიხარOს ჰენმა მარჯვენამ.
Dodo,Telia,
05 მაისი 2016 00:51
Gaumarjos shens madlian da nitchier marjvenas!Imravlos da ikharos shenma gvarma da monagarma!!!!!

რედაქტორის რჩევით