"ოჯახს თუ ხელი არ წავუკარი, რა კაცი ვიქნები?!" - კვირის პალიტრა

"ოჯახს თუ ხელი არ წავუკარი, რა კაცი ვიქნები?!"

"მუნჯი იხვები ვაჟმა მომიყვანა, - ბარემ ესეც დაამატე, ხმაურით არ შეგაწუხებენ და ხორციც გემრიელი აქვთო"

ჩვენს ქვეყანას დღეს რომ არ ულხინს, ვხედავთ, მაგრამ გულახდილად თუ ვიტყვით, სოფელში ადამიანი თუ მშიერია, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, - მიწას ისეთი მადლი აქვს, რასაც მიაბარებ, ყველაფერს გაორმაგებულსა და გაასმაგებულს დაგიბრუნებს, თუ მეტს არა. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ თვით დედაქალაქში, სადაც კერძო დასახლების სექტორშიც მიწის დიდი დეფიციტია, არიან ადამიანები, რომლებმაც სამსახურების დაკარგვის შემდეგ მცირე მიწაზე შრომით ოჯახები ფეხზე დააყენეს. ერთ დროს პოლიციელი ომარ ბროლაძე შინ უქმად ყოფნას ვერ შეეჩვია და ორთაჭალის არცთუ დიდ ეზოში ბარაქის მადლი დაატრიალა. ეს იმ დროს, როცა ინსულტგადატანილ მეუღლეს რამდენიმე წელიწადს ჩვილი ბავშვივით უვლიდა.

- სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ძალიან გამიჭირდა; ამას ჩემი მეუღლის ავადმყოფობაც დაერთო, ათეული წლებია ერთად ვართ, ერთმანეთის ნაწილად ვიქეცით და მის მოვლას ვის დავანებებდი! სამი შვილი მყავს, გოგონები გათხოვილი არიან, ჩემთან ვაჟი და რძალი, შვილიშვილები ცხოვრობენ და ისინიც შემომეშველებოდნენ ხოლმე; საბედნიეროდ, დასაქმებული არიან და შინ უმეტესად მხოლოდ მე და ჩემი ცოლი ვრჩებოდით. თავიდან ძალიან დამძიმებული ვიყავი და გამოსავლის ძებნაში ფანდური აღმოვაჩინე. მაღაზიებში დავდიოდი, ოსტატებს ვეძებდი და ვცდილობდი, გამეგო, როგორ თლიდნენ ფანდურებს. ცოტა ხანში ისე დავოსტატდი, ვყიდდი კიდეც.

მერე ერთ დღეს, ზაფხულში, ვაჟმა წყვილი ბაჭია მომიყვანა, დედალ-მამალი, - მოვლა ძნელი არ არის, ადვილად მრავლდებიან, დიეტური ხორცი აქვთ და ოჯახშიც შეღავათი გვექნებაო... რატომ არ მოვუვლიდი, კურდღლის ხორცი 1 კილოგრამი 15 ლარი ღირს და ისიც ვიცი, რომ კალორიული და სასარგებლოა. ასე შევუდექი შრომას, მაგრამ ზეპირად კი არა, კურდღლის მოვლის შესახებაც გავეცანი ლიტერატურას და ჩვენი ბაჭიები გასამრავლებელ კურდღლებად ვაქციე.

- ამბობენ, რომ კურდღლების გამრავლება არცთუ ადვილია, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არ იცი.

- უნდა ისწავლო და ყველაფერი გამოგივა. კურდღელი ძალიან მგრძნობიარეა როგორც საკვების, ასევე სათავსის მიმართ, თუმცა ყველაფერი ისე მოვაწყვე, რომ გაზრდილიყვნენ და არ დაავადებულიყვნენ. დაავადებულსა და დასუსტებულს ბევრს ვერაფერს უშველი. არადა, კურდღლის ბევრი დაავადება არსებობს. პირველ რიგში, კარგი საცხოვრებელია საჭირო, პატარა არ უნდა იყოს, კურდღლებს ჭამის, ძილის თუ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ადგილი საკმარისი ჰქონდეთ. საკვებიც ერთგვაროვანი არ უნდა იყოს, - როგორც ადამიანს აწყენს სულ მუდამ გოჭის ხორცის ჭამა, ისევე აწყენს კურდღელსაც. ამიტომ ზოგს კომბოსტოს ფოთლებს მივართმევ, ზოგს კიდევ წვნიანს ან მარცვლეულს. ვიტამინებიან სპეციალურ საკვებს ნავთლუღის ბაზარში ვყიდულობ. ახლა იმ 2 კურდღლიდან უკვე 20 მყავს. თუმცა არა მარტო კურდღელი, ვაჟმა მუნჯი იხვებიც მომიყვანა, - ბარემ ესეც დაამატე, ხმაურით არ შეგაწუხებენ და ხორციც გემრიელი აქვთო. ალბათ, ვინმე იტყვის, სად იხვი და სად თბილისიო, მაგათ ხომ წყალი სჭირდებათო. მეც ვიცი, რომ იხვი უწყლოდ არ იზრდება, ამიტომაც დიდი ჭურჭელი შევიძინეთ და ზაფხულში შიგ ჭყუმპალაობენ, ხოლო ზამთარში ცივ წყალში გაგრილება არც იხვს სჭირდება. ქათმებიც მყავს, ახლობელს სამტრედიიდან ქართული ჯიში ჩამოვაყვანინე. ჩვენს ჯიშს რა სჯობს, ხორციც გემრიელი აქვს და კვერცხიც. თანაც გარეთ თუ დარჩნენ, ღამეს ხეზეც მშვენივრად გაათენებენ. თანამედროვე ქათმის ჯიშებს ხეზე აფრენა მგონი სულაც არ შეუძლიათ. ამ ყველაფერს რომ ვყვები, არავინ იფიქროს, მეზობლებს ცხოველ-ფრინველების სუნში ვახრჩობ. სულაც არა, სად მაქვს იმდენი ნაკელი, რომ თბილისის ეზოში დავყარო?! ქალაქგარეთ ნაკვეთში მიმაქვს. ნაკელს ჩემთვის ლამის ოქროს ფასი აქვს.

- მადლობის სათქმელი კაცი ხართ, - სამსახური არ გაქვთ, მაგრამ ოჯახს შრომით ეხმარებით, ამით ქვეყანასაც ხომ საქმეს უკეთებთ.

- აბა, ტყუილად რა გამაჩერებდა! გაზაფხულიდან უკვე ნაკვეთში შრომას შევუდგები, ზამთარში კი შინ კურდღლებსა და ფრინველებს ვზრდი და ამით ჩემს დანიშნულებასაც ვამართლებ, - ოჯახს, შვილიშვილებს ცოტა თუ არ წავუკარი ხელი ამ რთულ ცხოვრებაში, რა კაცი ვიქნები...

- ორთაჭალის მაღლობზე ცხოვრობთ და ცხადია, ეზო ხელისგულივით გადასწორებული არ არის, მაგრამ მაინც გალამაზებული გაქვთ, ამ ზამთარშიც კი ჩანს, რომ ვარდები, ვაზი და ხეებიც მოვლილია...

- ჩემი ვაზი ჩემი სიამაყეა. რამდენიმე ჯიშის ვაზი მიდგას, მათ შორის ქიწნურა (სოფელ ქიწნისში გამოყვანილი ჯიში) და განჯურა, თითა ყურძენს რომ ეძახიან. დანარჩენი ცნობილი ქართული ჯიშებია. შემოდგომაზე შავსა და თეთრ ყურძენს ერთმანეთში ვურევ და ისეთ ღვინოს ვაყენებ, მთელ ორთაჭალას სურნელით ავსებს. მეუბნებიან, ამდენ ჯიშს ერთმანეთში რომ ურევ, ვის გაუგიაო. ვის და, მე გამიგია! მთავარია, ღვინო სუფთა დააყენო, თორემ შიგ რამდენსაც ბევრ მირონს შეადედებ, მით უკეთესია. თუმცა მაქვს ჯიში, რომელსაც არც ერთ ღვინოში არ ვურევ, იმიტომ, რომ ვიცი, როგორ მკურნალობდნენ ამ ჯიშით ჩვილ ბავშვებს, კუჭ-ნაწლავის პრობლემა რომ შეექმნებოდათ. ეს არის ევროპული ჯიში ალიკანტე. ხაშურის სოფლებში გაღიზიანებულ ბავშვს ერთ პატარა კოვზს შეასმევდნენ და მორჩა... სხვათა შორის, ველური ჯიშია, ბუჩქის სიმაღლის იზრდება, წვრილ შავ მარცვალს ისხამს, საიდანაც სქელი და არომატული ღვინო იწურება.

- ფანდურზეც ბრძანეთ, ამ მართლაც საპატიო ხელობას ადვილად ვერ ისწავლი.

- ეს ხელობა რომ ვისწავლე, მას შემდეგ გული დამიამდა. რა სჯობს, ეროვნულ საქმეს გვერდით რომ დაუდგები. ჩვენში ორი ტიპის ფანდური არსებობს, კლასიკური, რომელსაც 12 "ლადი" (თითის დასაწყობი) აქვს და ხალხური 6 "ლადით". მე ორივენაირი ფანდური ერთში მოვაქციე, კლასიკურიც და ხალხურიც. ამისთვის მას 5 სიმი გავუკეთე. სპეციალისტებს რომ ვაჩვენე, გაუკვირდათ, ასეთი რამ როგორ მოიფიქრეო. ჩემი ერის სიყვარულმა მომაფიქრებინა.

მე ფანდურებს სრული კუნძიდან ვთლი, დაუმუშავებელი, ბუნების ნაყოფი ხისგან და არა სახერხში გატარებული ფიცრებისგან. ამ ფანდურს რომ შეხედავ, ხვდები, რომ მასში ჩვენი მიწის მადლია ჩამწყვდეული.

- ჟღერადობა უკეთესი რომელ ხეს აქვს?

- მზე და სითბო, ისე როგორც ადამიანს, ფანდურის ხმასაც სილამაზესა და სიხარულს ანიჭებს, - ხის ჩრდილოეთით ან დასავლეთით გაზრდილი ტოტები არ ვარგა, ამ მხარეებისკენ მზე მიილევა, მაგრამ იმ ტოტებს, რომლებიც ხეს აღმოსავლეთის ან სამხრეთის მხრიდან ეზრდება, საოცარი ჟღერადობა აქვს, მზის სითბოსა და უკვდავებას ადამიანსაც უწილადებს.