"ჯვარისულას ყველა მტევანს ჯვრის ფორმა აქვს"
15-02-2016
"ჯვარისულას ყველა მტევანს ჯვრის ფორმა აქვს"
"ჯვარისულას ღვინოს ყოველ წელიწადს ვაყენებთ და წამლადაც ვინახავთ. ვჩუქნით ნათესავებსაც და გვიხარია - ჯანმრთელობაზე უკეთესი საჩუქარი რა შეიძლება იყოს?"

ვუყურებდი, კრეფისას მამაჩემი როგორ ეფერებოდა მტევნებს,­ რა ფრთხილად ჭრიდა და აწყობდა კალათაში... ჯვარისულას კრეფა ჩვილის მოფერებას ჰგავს. ჩვენი სოფელი მთიანია და პირველი შემოსვლით ჯვარისულა გვახარებს, სხვა ჯიშის ვაზი შედარებით გვიან მწიფდება, ჯვარისულა კი ყველას ასწრებს - ოქტომბრის დასაწყისში მწიფდება და იწურება…


ტყიბულის რაიონის სოფელ ჯვარისადან ახალგაზრდა ქალბატონი მირანდა გიორგაძე გამოგვეხმაურა -
თქვენს გაზეთში ერთგან ვაზზე, ჯვარისაზე წერდით, ეგ ვაზი ჩვენთან ხარობს, მას ჩვენს სოფელში საუკუნოვანი ისტორია აქვსო. ჩვენს გაზეთში ნახსენები ვაზი ორთაჭალაში, ერთ ოჯახში ვიპოვეთ, სადაც საგანგებოდ უვლიდნენ, მაგრამ მისი წარმომავლობა არ იცოდნენ... სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ ოჯახმაც ვაზის კალმები უშურველად გაუნაწილა მსურველებს. ვიფიქრეთ,
ეს ამბავი ამით დამთავრდებოდა, მაგრამ მას სასიამოვნო გაგრძელება მოჰყვა...

მირანდა გიორგაძე: - ისე მიყვარს ჩემი სოფელი ჯვარისა, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მას დავუბრუნდი და სოფლის სკოლაში დავიწყე მუშაობა. სხვა მთიანი სოფლების მსგავსად, ჯვარისაც ნახევრად დაცლილია, სოფლის გზა ისეთია, მგზავრობისას ადამიანი ნეკნებს ჩაიმტვრევს,­ სკოლაშიც მხოლოდ 17 ბავშვია, მაგრამ ალბათ, ოდესმე ეს ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ხომ უძველესი სოფელი ვართ, რომლის არა მარტო სახელი, არამედ ვაზის ჯიშიც რწმენას უკავშირდება.

ჩვენი სოფელი ძველ წყაროებში პირველად XIII საუკუნეშია ნახსენები. როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I-მა დასავლეთი საქართველო თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა, მის დასახმარებლად წამოსულმა გურულებისა თუ ლეჩხუმელების ლაშქარმა ჩვენს სოფელზე გამოიარა და თურქები ხრესილის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. ამ მიწაზე იზრდება ჩვენი ვაზი ჯვარისულა. ეს ჯიში დასავლეთ საქართველოს სხვა სოფლებშიც გაიტანეს. ჩვენს სოფელში ხარობს როგორც დაბლარი, ასევე მაღლარი ჯვარისულა. დაბლარი სხვა ჯიშის ვაზთან შედარებით დაბლა, მხოლოდ 2-3 კვირტზე ისხვლება და არც ახვევა სჭირდება.

ჩვენთან სხვა ქართული ჯიშის ვაზიც ხარობს, უმთავრესად, ციცქა და ცოლიკაური, მაგრამ ჯვარისულა სოფლის სიმბოლოა. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ უვლიდა ვენახს მამაჩემი და მთელი სოფელი, მე კი დაკრეფაში ვმონაწილეობდი. რთველი ძალიან მიყვარდა. ვუყურებდი, კრეფისას მამაჩემი როგორ ეფერებოდა მტევნებს, ფრთხილად ჭრიდა და კალათაში აწყობდა, მეც ვბაძავდი. ჯვარისულას კრეფა ჩვილის მოფერებას ჰგავს. ჩვენი სოფელი მთიანია და პირველი შემოსვლით ჯვარისულა გვახარებს, სხვა ჯიშის ვაზი შედარებით გვიან მწიფდება, ჯვარისულა კი ყველას ასწრებს - ოქტომბრის დასაწყისში მწიფდება და იწურება.…

- ყველა ჯიშის ყურძენს ფრთხილი კრეფა­ სჭირდება, ჯვარისულა განსაკუთრებულია?

- არა მგონია, კრეფისას რომელიმე­ ჯიშს ისეთი სიფრთხილე სჭირდებოდეს, როგორიც ჯვარისულას. თუ მწიფე მტევანი ფრთხილად არ მოაცილე ვაზს, მარცვლები სცვივა, შეიძლება კალათამდეც ვერ მიიტანო. სამაგიეროდ, სხვა რამეშია ძლიერი და საიმედო - სიცივესაც უძლებს და სიც­ხესაც. თუ ჩვენი სოფლის ვენახებში ციცქასა და ცოლიკაურის ჯიშის ვაზი გაუხმათ, ჯვარისულას ჩაურგავენ ხოლმე, რომ ადგ­ილი არ გაცდეს, ის კი უსათუოდ გაიხარებს. ჯვარისულას ყველა მტევანს ჯვრის ფორმა აქვს. გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. ჩვენი სოფლის მღვდლები გიორგაძეები კი მის ღვინოს ოდითგან საზიარებლად იყენებდნენ სოფლის ეკლესიაში. ამბობენ, ცოტათი საფერავსაც ჰგავს და ოჯალეშსაცო. რომ ჩაასხამ, ჭურჭელი ისე შეიფერება, თითქოს შინდისფერი საღებავით შეღებესო. ღვინო­ არ მიყვარს, მაგრამ მიყ­ვარს ჯვარისულა. რასთანაც ბავშვობიდან ხარ შეზრდილი, ის შენთვის საუკეთესოა, თუმცა, შეიძლება ჩვენი ჯვარისულა მართლაც მიეკუთვნებოდეს ისეთ აღიარებულ ღვინოთა რიგს, როგორიც უს­ა­ხე­ლოური ან ოჯალეშია, ოღონდ მის შესასწავლად და თვისებების დასადგენად ვერავინ მოიცალა. მარტო ის რად ღირს, რომ ჯვარისულას ქიმიური შეწამვლა არ სჭირდება - ისე ისხამს და მწიფდება. ჩვენი გლეხები მას მხოლოდ შაბიამნით წამლავენ.

- თქვენს ოჯახში ჯვარისულას დიდი მოსავალი მოდის?
- სამწუხაროდ, არც ისე. ჯვარისულას ღვინოს ყოველ წელიწადს ვაყენებთ და წამლადაც ვინახავთ. ვჩუქნით ნათესავებსაც და გვიხარია - ჯანმრთელობაზე უკეთესი საჩუქარი რა შეიძლება იყოს?

- ჯვარისულას ზვრების გაშენებასა და მისი ღვინის ჩამოსხმას ხომ არ აპირებთ...
- თუ შევძლებ, უკეთესს ვერაფერს გავაკეთებ, მაგრამ დღეს ისიც მიხარია, რომ ვცხოვრობ უძველეს სოფელში, სადაც უძველესი ვაზის ჯიში ხარობს...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა