ჩვენი ქვეყნის "ოქროყანა" - კვირის პალიტრა

ჩვენი ქვეყნის "ოქროყანა"

ჩვენი ქვეყნის უმშვენიერესი ბუნება უამრავ საიდუმლოს ინახავს. საქართველოში ბევრი ისეთი მცენარე გვხვდება, რომლებიც მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი და მათ განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება.

ამ უნიკალური სახეობების შესახებ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბაცაცაშვილი გვიამბობს.

- კავკასიის რეგიონში 1300-მდე სახეობაა ენდემური, ანუ ისეთი, რომელიც ამ რეგიონის ფარგლებს არ სცდება, აქედან 280-მდე სახეობა ენდემურია სწორედ საქართველოსთვის. ამ 280 სახეობიდან ყველა იშვიათი არ არის. ზოგი ფართოდაა გავრცელებული და დაცვა არ სჭირდება. ხშირად კი ეს სახეობები კარგად არ არის დაცული.

- ამ მცენარეებს შორის რომელს გამოჰყოფდით?

- საქართველოში შვიდი სახეობის მუხა გვაქვს, მათ შორის მხოლოდ იმერული მუხაა საქართველოსთვის ენდემური. იმერული მუხა ზღვის დონიდან 300-400 მეტრ სიმაღლეზე ხარობს, ძირითადად - მდინარის ტერასებზე. ადრე მისი გავრცელების არეალი უფრო ფართო იყო, მაგრამ დაბლობებში დასახლების გაფართოებამ და ინფრასტრუქტურის განვითარებამ მუხნარების გაკაფვა გამოიწვია. შედარებით ვრცელი მასივია შემორჩენილი აჯამეთში, სადაც ამ სახეობის შესანარჩუნებლად დაცული ტერიტორიაა შექმნილი. იმერული მუხა საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია, როგორც მოწყვლადი სახეობა.

არანაკლებ საინტერესო მცენარეა კოლხური წყლის კაკალი. კოლხეთმა მცენარეთა უძველესი სახეობები შემოგვინახა. ის უძველესი მცენარეების "თავშესაფარია". რას ნიშნავს ეს? - გამყინვარების პერიოდში დარჩა ტერიტორიები, რომლებიც ყინულმა ვერ დაფარა და იქ მცენარეები გადარჩა. სწორედ ამ მცენარეების ერთ-ერთი თავშესაფარია კოლხეთი, ამიტომ, ბევრი ენდემური მცენარე კოლხეთში რელიქტურია (უძველესი დროიდან შემორჩენილი სახეობა).

- კოლხური წყლის კაკალიც რელიქტური სახეობაა?

- კოლხური წყლის კაკალი მცირე ზომის წყლის მცენარეა და ცოტაა შემორჩენილი სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ადრე უფრო მეტი ხარობდა კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიებზე, ახლა კი რამდენიმე ადგილას შემორჩა, ამიტომ მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება და კავკასიის მცენარეთა წითელ ნუსხაშია შეტანილი. მისი რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ჭაობების დაშრობაა. XX საუკუნეში კოლხეთის დაბლობზე მასობრივად დააშრეს ჭაობები. ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო იყო, მაგრამ ჭაობების დაშრობამ იმ ადგილებში ბიომრავალფეროვნების შემცირება განაპირობა. კოლხური წყლის კაკალი კი, როგორც გითხარით, მარტო საქართველოში გავრცელებული ენდემური მცენარეა.

- ამ მცენარეებს შორის კოლხური ჯონჯოლიც ახსენეთ...

- კოლხური ჯონჯოლი არ არის მხოლოდ საქართველოში გავრცელებული - ის კავკასიის ენდემთა შორის გვხვდება და რუსეთის ტერიტორიაზეც ხარობს. ჯონჯოლს ყველა ვიცნობთ, ვიცით, რომ მასობრივად გამოიყენება და ამის გამო მას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. გარდა კოლხეთის დაბლობისა, ეს მცენარე გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, მაგალითად, ბანისხევში, ბორჯომის მიდამოებში. კოლხეთის დაბლობი საქართველოს ფარგლებსაც სცდება, ამიტომ ეს მცენარე რუსეთის ტერიტორიაზეც გადადის და თურქეთშიც, კერძოდ, ტრაპიზონის მხარეში.

კოლხეთი განსაკუთრებული ტერიტორიაა, სადაც ბევრია ენდემური სახეობა, თუმცა, ისინი აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება. ამ მხრივ გამორჩეულია მაღალი მთა, მაგრამ ენდემური მცენარეები დაბლობშიც გვხვდება და ამის კარგი მაგალითია ქართული ნუში, რომელიც ქართლსა და კახეთში იზრდება. ისიც შეტანილია წითელ ნუსხაში, მოწყვლად მცენარეთა კატეგორიაში და 2006 წლიდან სახელმწიფო იცავს.

- ალბათ ზოგიერთმა არ იცის, რომ საქართველოს ენდემია ულამაზესი მცენარე - მაჩიტა. მის შესახებ გვიამბეთ...

- საქართველოში მაჩიტების სამოცზე მეტი სახეობა გვხვდება; მათგან ბევრი ენდემურია. მხოლოდ რამდენიმე გამორჩეულ სახეობას შევეხები. კავკასია და საქართველო მაჩიტას სახეობებით მდიდარია, მეტიც, საქართველო შეიძლება მაჩიტასებრთა გვარის ერთ-ერთ ცენტრად მივიჩნიოთ. ამჟამად ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად მიმდინარეობს კვლევა, რათა დავადგინოთ ამ მშვენიერი მცენარის სახეობათა რაოდენობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაში და ამ მრავალფეროვნების მიზეზები უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ. მაჩიტას ზოგიერთი სახეობა გავრცელებულია ძალიან ვიწრო, ლოკალურ ადგილებში. ზოგიერთი დასახელების მაჩიტა შეფასებულია როგორც მოწყვლადი, ხოლო ზოგი - როგორც საფრთხეში მყოფი. მაჩიტას ისეთი სახეობებიც არსებობს, რომლებსაც განსაკუთრებით ემუქრება გადაშენების საფრთხე.

- ყველაზე საინტერესო მათ შორის რომელია?

- ალბათ, ჯერ საოცარი მაჩიტა უნდა ვახსენო, რადგან ის მხოლოდ აფხაზეთში, გაგრის მიდამოებში ხარობს. ამ მცენარეს გასაოცარი იერი აქვს, მისი ყვავილების ზომა 4,5 სანტიმეტრს აღწევს. აქვს ძალიან ლამაზი, მკრთალი ლილისფერი ყვავილები. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ ვიცით, რადგან აფხაზეთშია და მასზე ხელი არ მიგვიწვდება. ლოკალურად არის გავრცელებული კახეთის მაჩიტაც - ის მხოლოდ დედოფლისწყაროში, ერთადერთ წერტილშია შემორჩენილი და შეფასებულია, როგორც საფრთხეში მყოფი. მისი პოპულაციის ერთი ნაწილი არის დაცულ ტერიტორიაზე, ხოლო ნაწილი - დაცული ტერიტორიის მიღმა, სადაც წიაღისეულის მოსაპოვებელი კარიერებია და მისთვის სწორედ ეს არის მიჩნეული საფრთხედ. მაჩიტას კიდევ ერთი სახეობა - სვანეთის მაჩიტა - მხოლოდ სვანეთის ენდემია...

უკვე შეიქმნა ბალახოვანი მცენარეების სია საქართველოს წითელ ნუსხაში შესატანად, სადაც მაჩიტას სახეობებიც შევა. მათ შორის აუცილებლად იქნება არმაზის მაჩიტაც, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, მხოლოდ მცხეთის მიდამოებში გვხვდება. ეს არის იშვიათი მცენარეები, რომლებსაც განსაკუთრებით უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, რადგან ისინი ქართული ენდემური სახეობებია.

ხათუნა ჩიგოგიძე