"ხიზაბავრული ბატისტა" - ქალი, რომელიც საქართველოში იტალიურ პარმეზანს ამზადებს - კვირის პალიტრა

"ხიზაბავრული ბატისტა" - ქალი, რომელიც საქართველოში იტალიურ პარმეზანს ამზადებს

"ჩვენს ყველს "ხიზაბავრული ბატისტა" დავარქვით. ხიზაბავრა ჩემი სოფელია, ბატისტა კი იმ ტექნოლოგის სახელი, რომელმაც ეს ყველაფერი შემასწავლა. ბატისტა ყოველწლიურად ჩამოდის, რათა საქმიანობის განვითარებაში დაგვეხმაროს"

"ჩვენი ყველი რაც უფრო ძველია, მით ძვირფასია. კი არ ფუჭდება, პირიქით, უფრო გემრიელი ხდება"

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ხიზაბავრაში გავიცანი ფერმერი ნანი დათაშვილი, რომელსაც შარშან "წლის ფერმერის" წოდება მიენიჭა. ქალბატონი ნანი სეზონზე პარმეზანის ტიპის 5 ტონა ყველს აწარმოებს ნიალას ველზე.

- კათოლიკე მესხები ვართ. ჩვენს სოფელში უფასო საბავშვო ბაღი მოქმედებდა, რომელიც იტალიიდან ფინანსდებოდა. მე და ჩემი მეუღლე იქ ვმუშაობდით. გამოხდა ხანი და გადავწყვიტეთ, ისეთი ბიზნესი დაგვეწყო, რომლის გაგრძელებას სპონსორის გარეშე შევძლებდით. აქ, ძირითადად, მესაქონლეობაა განვითარებული და 2008 წელს ინდმეწარმედ დავრეგისტრირდით, შემდეგ შპს-დ გადავაკეთეთ. შევიძინეთ საქონელი, ფერმის შენობები, ზოგიც ავაშენეთ, დანადგარები იტალიიდან ჩამოვიტანეთ (იტალიური დონორი ორგანიზაციის შუამდგომლობით გრანტი მოვიპოვეთ). მოგვიანებით გადავწყვიტე, იტალიაში წავსულიყავი და პარმეზანის ტიპის ყველის წარმოება მესწავლა.

თავიდან ქართულ ყველს ვაწარმოებდით, მაგრამ მისი ფასი ვერ ფარავდა ყველა ხარჯს, თან ბაზარზე ამ ყველს ბევრი აწარმოებს. მოკლედ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, ისეთი პროდუქცია შეგვექმნა, რომელიც ინოვაციური იქნებოდა და პარმეზანის წარმოებაზე შევთანხმდით.

- რას გვეტყვით ამ ყველზე?

- ეს არის იტალიური ყველი, რამდენიმე სახის. ჩვენი პარმეზანის ტიპის ყველი, სულ ცოტა, სამ თვეს ხის თაროებზე ძველდება. ისე, ასეთი ტიპის ყველი ბევრია, მაგალითად, გრანა პადანო და სხვ. მათი სახელწოდება, ძირითადად, იმ ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს, სადაც ამზადებენ.

ჩვენს ყველს "ხიზაბავრული ბატისტა" დავარქვით. ხიზაბავრა ჩემი სოფელია, ბატისტა კი იმ ტექნოლოგის სახელი, რომელმაც ეს ყველაფერი შემასწავლა. ბატისტა ყოველწლიურად ჩამოდის, რათა საქმიანობის განვითარებაში დაგვეხმაროს.

- დამზადების საიდუმლოებას, ალბათ არ გათქვამთ, მაგრამ იქნებ ორიოდე სიტყვით აგვიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?

- რძის პასტერიზაციის შემდეგ, ვიყენებთ ქართულ დედოზე გაკეთებულ ფერმენტს, რომელიც თვითონ დავამზადეთ. ცდები დავდგით ჩვენს ტექნოლოგთან ერთად და მივიღეთ ფერმენტი, რომელიც ქართულ გარემო პირობებს შეეფარდა... მიღებული მასა იჭრება, ხელახლა ცხელდება და ფორმებში ისხმება. შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ყველის თავებს მარილწყალში ვათავსებთ. გააჩნია წონას, ზოგი 5-კილოგრამიანია, ზოგი - ნაკლები. მერე ყველს ხის თაროებზე ვაწყობთ და ყოველდღე ვატრიალებთ, გარშემო ობიც იწმინდება და როცაკარგ, მყარ ქერქს გაიკეთებს, გასაყიდად თითქმის მზად არის.

- სეზონზე რამდენს ამზადებთ?

- 5 ტონას და ეს მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. ჩვენი ყველი რაც უფრო ძველია, მით ძვირფასია. კი არ ფუჭდება, პირიქით, უფრო გემრიელი ხდება. თუ ვთქვათ, ზაფხულში 20 ტონას გააკეთებ, 10 ტონას გაყიდი და 10-ს მომდევნო წლისთვის შეინახავ, ყველს არაფერი დაუშავდება.

- ამ თვისებით კონიაკს ჰგავს...

- კი, მეც ამ პრინციპით ვადარებ კონიაკსა და ღვინოს. რაც ძველია, უკეთესია.

- რამდენი კაცი გყავთ წარმოებაში დაკავებული?

- 3 თავისუფლად აუდის საქმეს, რა თქმა უნდა, თვითონაც ვმუშაობ.

- შედეგით კმაყოფილი ხართ?

- გაყიდვით კმაყოფილი ვართ, ბაზრის მოთხოვნილებას ვერ ავუდივართ. ცნობილ ჰიპერმარკეტებშიც შეგვქონდა, მაგრამ რადგან იმდენს ვერ ვამზადებთ, რამდენიც მათ სჭირდებათ, უფრო მცირე მასშტაბის მაღაზიებს, ყველის კუთხეებს, ყველის სახლებს, რესტორნებს, კაფეებს ვამარაგებთ. დიდი ხანია ჩვენი კლიენტურა გვყავს. ზოგი აქაც ჩამოდის და ადგილზე ყიდულობს.

- რატომ არ ამზადებთ მეტს, მუშახელის პრობლემაა?

- აქ 20-40 ტონის დამზადებაც არის შესაძლებელი, უბრალოდ, ფინანსური პრობლემების გამო საქონლის სულადობას ვერ ვზრდით.

- დამატებით რძის შესყიდვასაც ვერ ახერხებთ?

- ჩვენ საკუთარი პირუტყვის რძით ვმუშაობთ. ისინი აცრილი არიან, სრულ ვეტერინარულ შემოწმებას გადიან. სხვისგან შეძენილი რძე შესაძლოა ბრუცელოზით, თურქულით, ტუბერკულოზით დაავადებული პირუტყვისა იყოს. დაცული რომ ვიყო, უნდა ვიცოდე, ვისგან ვყიდულობ რძეს.

- ფერმაში 50 მეწველი ფური გყავთ და რძის სხვა პროდუქტსაც ამზადებთ.

- კი, კარაქს, ხაჭოს, ერბოს, ნაღებს, მაგრამ ხშირად არა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა გვექნება. ბარს მოწყვეტილი ვართ, ეს პროდუქტები კი მალფუჭებადებია და გასაყიდადაც რთული, თან, არც ისე მომგებიანია, როგორც ყველი.

- გაქვთ 500 ჰექტარი მიწაც, სადაც კარტოფილი მოგყავთ.

- ჩვენი მიწა სათიბსა და საძოვარს მოიცავს, კარტოფილს კი 2 ჰექტარზე ვთესავთ. აქ ისეთი საძოვრებია, რომლის მსგავსი სხვაგან იშვიათია. იმიტომაც დავიწყეთ აქ მეურნეობა, მაგრამ პრობლემებიც გვაქვს: ამ მთებში არც გაზია, არც სინათლე და ყინვამ წყალიც შეგვიწყვიტა. აი, ასეთ ამ პირობებში ვახერხებთ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ყველის წარმოებას, თანაც ერთ-ერთ საუკეთესოს. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ბევრ ფესტივალზე არაერთი ჯილდო, სიგელი და ოქროს მედალი აგვიღია. ამ პირობებში, როგორშიც ვცხოვრობთ, რთულია ამ ყველაფრის კეთება, ალბათ, ძალიან ჯიუტი უნდა იყო, რომ ამ საქმეს თავი არ დაანებო. ჯერჯერობით, ვუძლებთ და ველოდებით, იქნებ მოიხედონ ჩვენკენ.

მთავრობამ "კანონი მთის შესახებ" კი მიიღო, მაგრამ რას მოგვიტანს ის კანონი, არ ვიცი. იქნებ ინფრასტრუქტურა მოგვიწესრიგონ, ან დენი გამოგვიყვანონ. ოდესღაც აქ ყოფილა დენი, მაგრამ რომ აირია ქვეყანა, ყველაფერი მოიშალა.

ერთი სერიოზული პრობლემაც არის, - სესხის ასაღებად ბანკში იაფი კრედიტისთვის მიდიხარ და გეუბნებიან, მყარი გარანტია გვინდა, მაგალითად, თბილისში ბინაო. სად მაქვს თბილისში ბინა?! საწარმო რომ ჩავდოთ, ან ეს მიწა, არ არის მოთხოვნა და არ იყიდება, შემდეგ ლიკვიდაცია როგორ მოვახდინოთ?

- შარშან "წლის ფერმერის" წოდება მოგანიჭეს.

- დიდი მადლობა დაფასებისთვის, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ფინანსური დახმარება და სტიმული სახელმწიფოსგან არაფერია. დახმარება ის იქნება, წლიდან წლამდე, დამზადებული პროდუქციის გაყიდვა შევძლო.

ლალი ფაცია