როგორ უნდა ავამღეროთ თიხა ქართულად - კვირის პალიტრა

როგორ უნდა ავამღეროთ თიხა ქართულად

ჩვენს ნამუშევრებს დაფასება ადრე უფრო ჰქონდა. გამოფენებშიც ვმონაწილეობდი, გალერეებიც ყიდულობდნენ. სადაც ჩვენს ნამუშევრებს გავიტანდით, ქართული კერამიკული ნაწარმი ყველგან მოწონებით სარგებლობდა

ქართული კერამიკის ისტორია საუკუნეებს ითვლის. დასტურდება, რომ ქართველები ამზადებდნენ ცეცხლზე გამომწვარ წითელი თიხის ჭურჭელს. ამაზე მეტყველებს ოდიშისა და ანასეულის, თრიალეთისა და ურბნისის გათხრებისას აღმოჩენილი ნაკეთობები, რთული ფორმის ჭურჭელი მშვენიერი ორნამენტებით, დოქები ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებით... თრიალეთისა და მცხეთის არქეოლოგიურ კომპლექსებში აღმოჩენილი მოჭიქული ჭურჭელიც ადასტურებს, რომ ჩვენში კერამიკის წარმოება მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული. თანამედროვე ქართველი კერამიკოსები ცდილობენ, არ დაკარგონ წინაპართა ტრადიცია, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან მოდის. მათ შორის არის მხატვარ-კერამიკოსი რობინზონ იმერლიშვილი.

- ქართულ კერამიკას 1970 წლიდან ვემსახურები. ამ საქმემ ერთხელ თუ ჩაგითრია, ვეღარ მოშორდები. ალბათ, ამის წყალობითაც ითვლის კერამიკის წარმოება მრავალ საუკუნეს. მიუხედავად იმისა, რომ კერამიკა თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, ქართული მაინც სხვაგვარია, ქართული ორნამენტებით დამშვენებულ კერამიკულ ნამუშევრებს სულ სხვა ხიბლი და სილამაზე აქვს.

- პირველად როდის დაინტერესდით კერამიკით?

- ბავშვობიდანვე, 16 წლისა კი უკვე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი დიდი პაპა თონეებს აკეთებდა. მცხეთაში ვიზრდებოდი, სკოლაც იქ დავამთავრე და მცხეთისავე კერამიკულ სასწავლებელში ჩავაბარე. მისი დამთავრებისთანავე სამხატვრო აკადემიაში შევედი და სპეციალობად იქაც კერამიკა ავირჩიე. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობა აღარ შემიწყვეტია, დღემდე ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე - ნანა ალადაშვილიც კერამიკოსია.

- როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები?

- მე ხელით ვმუშაობ, ჩარხზე ამოყვანის მეთოდით. ყველაზე ხშირად ვიყენებ ქსნისა და ნორიოს თიხას. მართალია, საქართველოში შროშის თიხაც განთქმულია, მაგრამ შროშის დოქები, ფიალები თუ ჩანახები შედარებით დაბალ ტემპერატურაზე იწვება და თან ჭიქურის გარეშეა, მე კი, ჭიქურს ვიყენებ. შროშის კერამიკა სადაა, ძირითადად, ღვინისა და წყლის დასალევად იყენებენ და მის გამოსაწვავად 800-900 გრადუსი ტემპერატურაც საკმარისია. თავდაპირველად თიხის დამუშავებას ვიწყებ: თიხა ჯერ იწურება, იფილტრება და ხელით მუშავდება. ამის შემდეგ ვიწყებ ჩარხზე ამოყვანას, ფორმასაც ამ დროს ვაძლევ. შემდეგ ფორმამიღებულ დოქს, ფიალას თუ სხვა ჭურჭელს დაახლოებით 850 გრადუსზე ვწვავ, პირველი გამოწვის შემდეგ კი ჭიქურით ვხატავ. მოჭიქული კერამიკა 1000-1020 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გამოიწვას, რომ ჭიქურმა ფერი და ფორმა შეინარჩუნოს.

- რა დატვირთვა აქვს თქვენს ნამუშევრებში ჭიქურს?

- ჭიქური ეწოდება თხელ, მინისმაგვარ შრეს, რომელიც კერამიკული ნაკეთობის ზედაპირზე წარმოიქმნება სპეციალური ნივთიერებების დაფენისა და მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის შედეგად. ჭიქური ნაკეთობას ალამაზებს და, იმავდროულად, სიმტკიცესაც ანიჭებს. ჭიქურით შემკული კერამიკა უფრო ლამაზია და წყალგაუმტარი, მას კრიალა, მბრწყინავი ზედაპირი აქვს და ვიზუალურად უფრო მიმზიდველია, ვიდრე უბრალო, სადა კერამიკა. ჭიქურის გამოყენება დეკორატიული მიზნებითაც შეიძლება, ჭიქურით შემკული კერამიკური ნაწარმი უფრო ფერადი, გამძლე და კრისტალურია.

- ნამუშევრების ფორმასა და ორნამენტებს როგორ არჩევთ?

- ამ ყველაფერს შთაგონება აუცილებლად სჭირდება. ჩემი შთაგონების წყარო ქართული ორნამენტებია. თუმცა ვცდილობ ეს ყველაფერი ინდივიდუალური და ორიგინალური იყოს. ყველაზე მეტად მიყვარს თბილისის ხედები და ამ სილამაზით ჩემს ნამუშევრებს ხშირად ვამკობ. ფორმა, ნახატი, ძერწვა - ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ. ზოგჯერ ორნამენტები თავისით მოდის, ზოგჯერ მათ შექმნას ფიქრიც სჭირდება: უბრალოდ, ვფიქრობ და ვხატავ, მაგრამ თუ განწყობა მაქვს, ესკიზიც არ მჭირდება, ისე ვხატავ ხოლმე. თქვენ აქ ხედავთ თითქოსდა ჩვეულებრივ დოქებს, თასებს, ფიალებს, ლარნაკებს, მაგრამ მათში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ყველა ჩემი ნამუშევარი ინდივიდუალურია, რადგან ბევრი ფიქრისა და შრომის შედეგად იქმნება. ორ ერთნაირ ნამუშევარს არასოდეს ვაკეთებ, მათი შექმნისას ყოველთვის განსხვავებულ სახეებს და ორნამენტებს ვიყენებ.

- ძირითადად, ვინ ყიდულობს ამ ნაკეთობებს?

- ქართველ კერამიკოსებს შეკვეთები იშვიათად გვაქვს. ჩემი ნამუშევრებიდანაც, იშვიათად რომ რაიმე გაიყიდოს. უფრო მეტად ტურისტებზე ვართ დამოკიდებული. ქართველებიც კი ყიდულობენ, მაგრამ ვინც უნდა იყიდოს, ვისაც კერამიკა უყვარს, იმას ფული არა აქვს. ამგვარ ჭურჭელს უფრო საშუალო ფენა ყიდულობდა, ჩვენს ქვეყანაში კი საშუალო ფენა აღარ არის. ამიტომ დღეს ჩვენი შემოქმედება თითქმის აღარავის აინტერესებს.

ჩვენს ნამუშევრებს დაფასება ადრე უფრო ჰქონდა. გამოფენებშიც ვმონაწილეობდი, გალერეებიც ყიდულობდნენ. სადაც ჩვენს ნამუშევრებს გავიტანდით, ქართული კერამიკული ნაწარმი ყველგან მოწონებით სარგებლობდა.

- გამოფენები ბევრ ქვეყანაში გქონიათ?

- თითქმის მთელ მსოფლიოში: 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართველ კერამიკოსთა ნამუშევრები ბევრ ქვეყანაში გამოუფენიათ: უნგრეთში, გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, იორდანიაში, პორტუგალიაში, სირიაში...

- ბატონო რობინზონ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს თუ აინტერესებთ ეს საქმე?

- როგორ არა. უფროსი ვაჟი ფერმწერ-რესტავრატორია, ხატებსაც წერს, მეორე მოქანდაკეა და კერამიკით ის უფროა დაინტერესებული. ჩემი შვილიშვილიც სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და ეს საქმე იმასაც აინტერესებს, ჩარხზე მუშაობაც უყვარს. სულ 9 შვილიშვილი მყავს და მათ შორის სულ პატარებიც კი ცდილობენ თიხისგან პატარ-პატარა სათამაშოების გამოძერწვას. იმედია, კერამიკაზე მუშაობას რომელიმე მაინც გადაწყვეტს და ჩვენი ხელობა მომავალში უფრო დაფასდება.

ხათუნა ჩიგოგიძე