ჩირი იყოს და კლიენტი ბაღდათშიც ჩაფრინდება - კვირის პალიტრა

ჩირი იყოს და კლიენტი ბაღდათშიც ჩაფრინდება

"მთავარი საშრობი დავდგით, ერთდროულად დიდი რაოდენობით ხილი შრება, მათ შორის ძაფზე ჩამოკიდებული, 1 ტონამდე. დანარჩენი ხილი - ვაშლი იქნება, ქლიავი თუ სხვა რამ, 600 კილოგრამამდე"

2010-11 წლებში ჩვენში სოფლის დასახმარებლად შემოსული უცხოური კომპანიების თანადგომით, ქართული ხმელი ხილის უცხოეთში გატანას ჩაეყარა საფუძველი. საქმე ბაღდათში შესული ერთ-ერთი ჩეხური კომპანიისა და იმ ბაღდათელების ინიციატივით დაიწყო, რომლებიც კარგად იცნობდნენ ბაღდათის შესაძლებლობებს ჩირის დამზადების საქმეში. მათ შორის იყო ტექნოლოგი გიორგი არწივაძეც, რომელმაც ჩეხურ კომპანიას ჩირის დამზადებაში თანამონაწილეობა შესთავაზა. 5 წლის შემდეგ ბაღდათი არა მხოლოდ ევროკავშირში გასატან ჩირს ამზადებს, არამედ შოკოლადისა და ჩირის ნარევსაც. სავარაუდოდ, ბაზარი მომავალი წლიდან საკმაოდ გაფართოვდება. ქართული ჩირის დამზადებაზე ბაღდათელი გიორგი არწივაძე გვესაუბრა.

- როცა გვიკვირს, რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ამა თუ იმ საქმეში მაშინ, როცა ამის დიდი პოტენციალი გვაქვს, უსათუოდ უნდა გავიხსენოთ ორი ძირითადი რამ: პირველი - ჩვენმა გლეხს არ აქვს გამოცდილება და განათლება, როგორ რა აწარმოოს, და მეორე - რამის მაღალ დონეზე საწარმოებლად ხალისიც დაკარგული აქვს. ქართული ხილის მზეზე დაჩირება აქამდე მხოლოდ ჩვენს ბებიებს თუ ახსოვდათ, რომლებმაც იცოდნენ, ჩირს ჯანმრთელობისთვის რა დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ბებიების დამზადებული ხილი შემდგომ გადამყიდველებს შიშველ დახლებზე ეყარათ, სადაც ანტისანიტარია სუფევდა, კლიენტი ნაკლებად იყო და დიდი ვერაფერი პერსპექტივა ჰქონდა. ამიტომაც ის თანდათან ჩაანაცვლა უცხოეთიდან შემოტანილმა უხარისხო, იაფმა ჩირმა. ამან ლოგიკურად წარმოშვა შეკითხვა: რატომ უნდა ეწარმოებინა გლეხს ჩირი ან სხვა რამ, როცა უცხოეთიდან შემოსული გაცილებით იაფია? შესაბამისად, ხალხიც მას ყიდულობს და ის კი არ იცის, რა საფრთხის შემცველია. გული არ მომითმენს, ერთი რამ არ ვთქვა: რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის შემდეგ, რაც რუსეთმა თურქული პროდუქციის იმპორტი აკრძალა, ეს პროდუქცია ჩვენ მოგვაწყდა და ამიტომაც იყიდება თბილისის ზოგიერთ მაღაზიაში ნახევარ ფასად ის პროდუქცია, რომელსაც აქამდე ვყიდულობდით. ამის გარდა, ზოგიერთ ჩვენს ექსპორტიორს ხურმის ჩირი აზერბაიჯანიდან შემოაქვს, გაიძახის, საქართველოს ხურმა არ გვყოფნისო და უცხოეთში ქართულად ასაღებს. ეს ტყუილია.

რაც შეეხება ჩვენს ჩირს, საბედნიეროდ, გამოცდილება მქონდა, რა შემოსავალი შეიძლება მოიტანოს ჩირმა, თუ საქმის წამოწყებისას დასაყრდენი კომპანიონი გეყოლება და გასაღების ბაზარიც მოიძებნება. ბაღდათში ჩეხები რომ ჩამოვიდნენ და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს შეხვდნენ, სწორედ ეს საქმე შევთავაზე. დაიარეს სოფლები და გადაწყვიტეს, ამ პროექტს დავაფინანსებთო. თუმცაღა იმხანად ჩვენ "ჩირკოლადის", ანუ შოკოლადში ამოსავლები ჩირის წარმოება დავიწყეთ და ადგილობრივ ბაზარზეც გავიტანეთ. დღეს უკვე უცხოეთში ჩირის გატანაზე ვზრუნავთ.

- მით უმეტეს, ხილი აქ უხვად მოდის.

- დღეს ბაღდათში დაახლოებით 300 ტონა ქლიავი და 500 ტონა ხურმა მოდის. სხვათა შორის, როცა უცხოელები ხილით დახუნძლულ ხეებს ნახულობენ, უკვირთ, ტყუილად გაიძახით, გვიჭირს, გვიჭირს, ამ მოსავლის პატრონებს რა უნდა გიჭირდეთო!

- მოსახლეობას რა პირობებით შესთავაზეთ ჩირის წარმოებაში თანამონაწილეობა?

- მას შემდეგ, რაც მთავარი საშრობი დავდგით, ერთდროულად დიდი რაოდენობით ხილი შრება, მათ შორის ძაფზე ჩამოკიდებული, 1 ტონამდე. დანარჩენი ხილი - ვაშლი იქნება, ქლიავი თუ სხვა რამ, 600 კილოგრამამდე.

- საშრობში ისეთი ტემპერატურაა, რომ ძაფი არ იწვება?

- 55 გრადუსი ცელსიუსით. საშრობში ხილი მზის ენერგიითაც შრება, როცა მზიანი დარია, ელექტრობას მზეს ვუნაცვლებთ, მზის ენერგიის სიტკბო სულ სხვაა. გლეხებსაც დავურიგეთ მზის ენერგიაზე მომუშავე მცირე საშრობები.

- სხვათა შორის, ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც ხურმის ჩირი უცხოეთში გააქვს, გულისტკივილი გამოთქვა, რომ მომწოდებლებმა მისი მოთხოვნები უგულებელყვეს და რეგიონებიდან უხარისხო ჩირი გაუგზავნეს.

- არ მიკვირს. ყოველგვარი მოგების გარეშე, ხალისდაკარგული გლეხი უკვე იმდენად არის ხელჩაქნეული, რომ საქმისადმი ჰაირარა დამოკიდებულება ლამის ხასიათში გაუჯდა. მასობრივი უპასუხისმგებლობისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ამის მაგალითები კიდევ დიდხანს გვექნება. საშრობები რომ დავურიგეთ, ზოგიერთმა გლეხმა საქათმედ გადააკეთა, ზოგმა საერთოდაც მიაგდო. რაღა უნდა გვექნა, ჩამოვართვით და 15 ოჯახი შევარჩიეთ, რომლებიც სიამოვნებით გააკეთებენ ამ საქმეს.

ახლა რაც შეეხება შემოსავალს. გასულ შემოდგომაზე ოჯახმა ხილის შრობით 600 ლარი აიღო. ცხადია, ეს დიდი შემოსავალი არ არის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ 600 ლარს არავინ ტყუილად არ გაჩუქებს. ეს ოჯახები ხილს თავიანთ ეზოში აშრობენ. ასე, ეზოდან გაუსვლელად ნაშოვნი ფული ხომ დამატებითი შემოსავალია!

ეჭვიც არ მეპარება, რომ უცხოეთში უფრო და უფრო მეტ ჩირს გავიტანთ, ამ ბიზნესით მიღებული შემოსავალი გაიზრდება. ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორი ჰოლანდიასა და საერთოდ, ევროკავშირის ბაზარზე ჩირის გატანაში გვეხმარება. კიდევ კარგი, ასეთი პარტნიორები ნელ-ნელა ჩნდებიან.

- ხურმის ჩირის გარდა, კიდევ რის გატანას აპირებთ?

- უცხოელები ძალიან დააინტერესა მაჟალომ, ვაშრობთ ბიომცენარეებს: ასკილს, მოცვს, მაყვალს... ახლა მწვანილის გამოშრობაც დავიწყეთ. რამდენიმე ქვეყანაში მშრალი ცერეცოს ნიმუშები უკვე გავგზავნეთ. ვაწარმოებთ პომიდვრის ჩირსაც, ის ძვირად ღირებულ ჩირად ითვლება - უცხოეთის ბაზარზე 50 დოლარამდე ღირს, ხურმის ჩირი კი 8 ევრომდე...

- რომელი ქვეყანა ითვლება ევროკაშირში ჩირის ყველაზე დიდ მომხმარებლად?

- ინგლისი ევროკავშირში ჩირის იმპორტის 25%, ხოლო მსოფლიოს ჩირის იმპორტის 10% მოდის, რაც ამ ხალხის გონიერებაზე მიუთითებს. ხმელი ხილი ახალი ხილის კვებით ღირებულებას თითქმის უცვლელად ინარჩუნებს, რაც ვიტამინების, მინერალების, ცილებისა და საერთოდ, ჯანმრთელობის წყაროა.

იმედია, ეს საქმე თანდათან განვითარდება ჩვენში და მოსახლეობის ნაწილი ამოისუნთქებს.