ესპანური მარწყვი ლაგოდეხში ლაღობს
29-02-2016
ესპანური მარწყვი ლაგოდეხში ლაღობს
"სათბურში მარწყვი პირდაპირ მიწაზე კი არა, შიგ ჩამოკიდებულ სპეციალურ მოგრძო ქოთნებში დავრგეთ. ჩვენ ესპანური ჯიშის მარწყვი გვაქვს და მისი
ფოთლები და ნაყოფი ქოთნებიდან უნდა გადმოეკიდოს"

"მარწყვს ფოთოლზეც ვატყობთ, რა უჭირს, რა აკლია და როგორ უნდა მივეშველოთ"


ლაგოდეხში, სოფელ ნინიგორში, დარ­ე­ჯანაშვილების მარწყვის მოყვანის ამბავი იმას ჰგავს, თითებმა­ ერთმანეთს რომ ჰკითხეს, რა ვქნათ, თავი რითი ვირჩინოთო! დაახლოებით ასე ბჭობდნენ­ დარეჯანაშვილები, რომელი კულტურა­ დაეთესათ, რომ მის განაშენიანებას შეს­წვდომოდნენ და მოგებაც ჰქონოდათ. ერთხელაც ოჯახის
უფროსი ვაჟი, 29 წლის გიორგი, ინტერნეტში მარწყვის სათბურს წააწყდა და ოჯახს განუცხადა, მარწყვის სათბური გავაკეთოთო.

გიორგი დარეჯანაშვილი: - როცა­ მარწყვის მოყვანა გადავწყვიტე,­ მოვიძიე მარწყვსა და სათბურთან დაკავშირებული ინფორმაცია და მარნეულში­ წავედი. შარშან მხოლოდ იქ იყო ისეთი მარწყვის სათბური, როგორიც ჩვენ გვინდოდა­ გაგვეკეთებინა. მარნეულის სათბურის აშენება
უცხოური პროგრამით დაფინანსდა და ყველაფერი გამართულად მუშაობს... ოჯახში სათბურის აგებისა და მარწყვის გაშენების ხარჯები რომ დავიანგარიშეთ, არც ისე ცოტა გამოვიდა - 40 ათას ლარამდე. გარისკვა­ რთულია, მაგრამ თუ არ გარისკე, ვერც ვერაფერს გააკეთებ. ასე რომ, ეს თანხა ნაწილ-ნაწილ შევაგროვეთ. ისიც დაგვეხმარა, რომ შინ სათბურის აგებისთვის საჭირო რკინის ბოძები გვქონდა.
გამართულ სათბურში ფოთის ტორფიანი მიწა შევიტანეთ და ქოთნებში ჩავ­ყარეთ. ფოთის ჭაობების ტორფი ძალიან მდიდარი ბუნებრივი სასუქია და ნებისმიერ სასოფლო კულტურას ეხმარება ზრდა­სა და განვითარებაში. განსაკუთრებით, კენკროვანებსა და სოკოს. 4 ათასი მარწყვის ჩითილის დასარგავად ერთი სატვირთო მანქანა მიწა დაგვჭირდა. გარდა ამისა, როცა მარწყვი გასაყიდად მოგყავს, წვეთოვანი სისტემის გარეშე ფონს ვერ გახვალ. ამ მცენარეს წყალი ხშირად თუ არ დაუსხი, გახმება.

- ჩითილები უცხოეთიდან გამოიწერეთ?
- ახალი ჯიშის კულტურების გამოყვანის გამოცდილება უკვე ქართველებსაც­ გვაქვს. ასე რომ, ჩითილები გურჯაანში­ ვიყიდე ისეთი ადამიანისგან, რომელიც­ სოფელში საგანგებოდ მოდის, რომ მარ­წყვს დახედოს და თუ რამე უჭირს, რჩევა მოგვცეს. ამ ჯიშის მარწყვის ჩითილები 3 წელიწადს გაძლებს, მერე კი იმედია, ახალი ჩითილების შეძენა არ გაგვიჭირდება. მარწყვის მოვლა-გაშენებისთვის საჭირო ლიტერატურა ჩვენც შევიძინეთ და უკვე იმდენი ვისწავლეთ, რომ მარწყვს ფოთოლზეც ვატყობთ,­ რა უჭირს, რა აკლია და როგორ უნდა მივეშველოთ. მარწყვი ტენის მოყვარული მცენარეა, მაგრამ ჩვენთან ნიადაგის ტენიანობა ძალიან მაღალია, ამიტომ სათბურის ტენიანობა ზომაზე მეტად რომ არ გაიზარდოს, ნიადაგს მულჩი გადავაფარეთ.

- ალბათ, დიდი შრომა გასწიეთ...
- ოჯახში 3 კაცი ვართ და ყველა ვშრ­ომობდით - 3 კვირა ვამონტაჟებდით­ სათბურს. ბოლოს, ცელოფანის სახურავიც­ გადავჭიმეთ. სათბურში მარწყვი პირდაპირ მიწაზე კი არა, შიგ ჩამოკიდებულ სპეციალურ მოგრძო ქოთნებში დავრგეთ. ჩვენ ესპანური ჯიშის მარწყვი გვაქვს და მისი ფოთლები მიწაზე კი არ უნდა გაერთხას, ქოთნებიდან უნდა გადმოეკიდოს.

- დღეს მომხმარებელი დიდ ყურადღებას­ აქცევს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და უცხოეთიდან შემოტანილ ჯიშებს ბევრი ეჭვის­ თვალით უყურებს...

- ვითომ რატომ? უცხოეთში ყველაფ­ერთან ერთად სელექციაც ვითარდება და ახალ-ახალი და საინტერესო ჯიშები გამ­ოჰყავთ, რომლებიც ჩვენთვის უკვე ნაცნობ­ ჯიშებს მოსავლით აღემატება. ეჭვის თვალით რატომ შევხედოთ?! ამასთან, კულტურის მოვლის ცოდნაც ხომ დიდ როლს თამაშობს?! რომ ვაკვირდები, ჩვენ სოფ­ლის მეურნეობის საკითხებში მწირი ცოდნა­ გვაქვს, ხშირად ისიც კი არ ვიცით, რამ გაგვიფუჭა მოსავალი... ჩვენ სპეციალურ ლიტერატურას გავეცანით და ახლა ოჯახში­ ყველამ ვიცით მარწყვის მოვლა. ეკოლოგიურად სუფთა მარწყვი რომ არ მოგვყავდეს, ბავშვს ხომ არ ვაჭმევდით?! მარწყვს დამუშავებული ნაკელით ვანოყიე­რებთ, რომელსაც ყოველ 3-4 დღეში, წვეთოვან სისტემაში გაყვანილ წყალთან ერთად­ ნარგავებს ვაწვდით.

- ამ ჯიშის მარწყვს 3-4 დღეში­ ერთხელ სჭირდება განოყიერება? ჩვენში ნაკელს მიწას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აყრიან.
- ეს ახალი ტექნოლოგიაა, თუმცა, ნუ­რავინ წარმოიდგენს, რომ ნაკელი­ მარწყვს პირდაპირ ძირებში ეყრება, ის წვეთოვან სისტემაში წყალთან ერთად ძალიან ცოტა, თხევადი სახით გადის, რაც მოსავლიანობას აორმაგებს. რადგან ამ ჯიშის მოვლის წესები თავიდან არ ვიცოდით, მოსავალი ერთი თვით დაგვიანდა, ანუ პირველი მოსავალი თებერვალში მივიღეთ. ამჟამად ნაწილი უკვე დავკრიფეთ და გავყიდეთ, ნაწილი მწიფდება, ნაწილი კი ყვავილობს და დასხმას აპირებს. დამწიფებულ ნაყოფს ყოველ მესამე დღეს, დილის საათებში­ ვკრეფთ, ყუნწში უნდა მოჭრა ფრთხილად.

- ერთი ჩვენებური ანდაზა­ გამახსენდა: "დედაბერმა მარწყვი იანვარში მოინატრაო"...
- ახლა იანვარში მხოლოდ მარწყვი კი არ მწიფდება, უფრო უცნაური ამბებიც ხდება. იმედია, მომდევნო იანვარს მაინც, ზუსტად ახალი წლის დღეებში, მეც მექნება მარწყვის მოსავალი.

- იმას გულისხმობთ, რომ მარწყვის ამ დროს გაყიდვა მომგებიანია? თუ საიდუმლო არ არის, პირველი მოსავალი სად და რა ფასად გაყიდეთ?
- თბილისში გავყიდეთ, 1 კილოგრამი 15 ლარად. დღეს ბაზარი მარწყვის კლიენტის სიმცირეს არ უჩივის.

- ანუ დანახარჯს აინაზღაურებთ?

- იმედია, თუმცა მარწყვის ფასი შესაძლოა დაეცეს, რადგან როცა სათბურის მშენებლობა დავიწყე, რაიონში პირველი ვიყავი, ახლა უკვე 6 ოჯახს აქვს ლაგოდეხში სათბური.

- ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი სეზ­ო­ნზეა გემრიელი, მათ შორის, მარწყვიც, ანუ გამოდის, იანვარში მოყვანილს გემო არ აქვს.

- არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, როცა ჩემს მარწყვს გეახლებით, მე ამას ვერ ვგრძნობ - არომატიც კარგი აქვს, სუნიც და გემოც. სხვათა შორის, 4 დღეს მაინც სიდამპლე არ მიეკარება. ასე რომ, ტრანსპორტირებისთვისაც მოხერხებულია. თუმცაღა, რაღა თქმა უნდა, ის ნაზი ნაყოფია და გაფუჭებას არ უნდა დაელოდო!
მერი
04 მარტი 2016 14:01
იქნებ გვითხრათ ამ ოჯახის რომელიმე წევრის საკონტაქტო ტელეფონი ,კონსულტაცია რომ გავიაროთ. მადლობა.

რედაქტორის რჩევით