ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი - კვირის პალიტრა

ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი

ბაზიერთუხუცესობა საქართველოში დაფასებული თანამდებობა იყო და საერთოდ, ნადირობა და ბაზიერობა პოპულარული საქმიანობა გახლდათ.

ბაზიერი ანუ ბაზიარი სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ქორ-შევარდენთა დამგეშავს, მწვრთნელს ნიშნავს. ბაზიერთუხუცესობა საქართველოში დაფასებული თანამდებობა იყო და საერთოდ, ნადირობა და ბაზიერობა პოპულარული საქმიანობა გახლდათ. რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში? - ამ საკითხზე ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი გვესაუბრება:

- მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნადირობა დიდგვაროვანთა გასართობს წარმოადგენდა. ნადირობისას ხშირად იყენებდნენ მტაცებელ ფრინველებს და ძაღლებსაც. მცირე ზომის ფრინველებზე მიმინოთი ან შევარდნით ნადირობდნენ, უფრო დიდ ფრინველებზე სანადიროდ კი ქორის, გავაზის ან არწივის გამოყენება უწევდათ. შუა აზიაში არწივებით ნადირობა დღესაც გავრცელებულია, თუმცა რადგან არწივების რაოდენობა შემცირდა, მათი სანადიროდ გამოყენებაც შეზღუდულია.

- შევარდნებით, ქორებითა და გავაზებით თითქმის მთელი მსოფლიო ნადირობს და ამაში გამორჩეული არაფერია. დასავლეთ საქართველოში კი, კერძოდ, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ლაზეთში, ნადირობა არ იყო მხოლოდ დიდგვაროვანთა პრივილეგია, რადგან სანადიროდ მიმინოებს იყენებდნენ. ამ კუთხეეში ადგილობრივი მოსახლეობაც ადვილად იჭერდა მიმინოს და წვრთნიდა. ამ ტერიტორიაზე ორი დიდი ბუნებრივი მოვლენა - ჯერ მტაცებელი ფრინველების და მერე, მწყრების გადაფრენა განაპირობებდა იმას, რომ ნადირობაში ყველა ჩართულიყო.

მიმინო შედარებით ადვილი გასაწვრთნელია და მისი შენახვაც იოლია. ეს უნიკალური ტრადიცია არ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში ან დასავლეთში - იმერეთსა თუ რაჭაში.

- როგორ იგეშება მიმინო?

- მიჩნეულია, რომ ახალგაზრდა დედალი მიმინოს შეჩვევა და დაგეშვა უფრო ადვილია, უკვე ზრდასრული ფრინველისა კი საკმაოდ რთული, ამიტომ არჩევენ ერთ წლამდე დედალ მიმინოს. მამალი მიმინო დედალზე გაცილებით პატარაა, ზოგჯერ ორჯერ ნაკლებიც კი. ამიტომ, მისთვის ძნელია, მაგალითად, მწყრის დაჭერა.

- "დაწუნებულ" მიმინოს უშვებენ?

- წესით, უნდა გაუშვან, მაგრამ ასე არ ხდება - "დაწუნებულ" მიმინოს კლავენ და იმას აჭმევენ, რომლის დაგეშვასაც გადაწყვეტენ. მიმინოს გაწვრთნას ცოდნა უნდა. ხელზე, რომელზეც მიმინო უნდა დაისვან, სპეციალურ ტყავის ხელთათმანს იკეთებენ, ასევე ზონრებით აბამენ ფეხებზე, წელზეც უკეთებენ მოსაბმელს. ბაზიერებს მიმინო თოკით ჰყავთ მიბმული და ტყავის ხელთათმანზე უზით. პირველ-ორ დღეს მიმინოსთან მაქსიმალურად დიდ დროს ატარებენ. მიმინო თავიდან ყოველთვის გაფრენას ცდილობს, მაგრამ ეფერებიან და უსტვენენ, რომ მიიჩვიონ. ბაზიერები ცდილობენ, მიმინო თანდათან შეეჩვიოს ადამიანსა და შინაურ ცხოველებს, განსაკუთრებით, ძაღლს, რადგან ნადირობისას მიმინოს ძაღლისა არ უნდა ეშინოდეს. ამიტომ ეზოში მიმინოს ისეთ ადგილას სვამენ, სადაც ადამიანები მიდი-მოდიან, რათა ნაკლებად მფრთხალი გახდეს. შემდეგ ბაზიერი მას ცოტა მოშორებით დასვამს და ეძახის, რომ ის შეეჩვიოს და დაძახებისას მიფრინდეს.

დაგეშვას სპეციალური ცოდნა სჭირდება. ამაში შედის მიწოდებულ საკვებზე მიჩვევა, ბავლის გაგდება, ჩაპურება და სხვ. როცა მიმინო დაიგეშება, მერე მისი სანადიროდ გაყვანაც შეიძლება. მწყერს ის ისედაც გაეკიდება, რადგან მტაცებელია და ეს მისი ინსტინქტია. არ შეიძლება მიმინოთი ნადირობა მზიან, ცხელ ამინდში, ქარსა და წვიმაში. უნდა ინადიროთ საღამოთი, დაახლოებით 4 საათის შემდეგ, და წყნარ, ღრუბლიან დღეს.

- რა დროს იწყებენ ბაზიერები მიმინოს დაგეშვას?

- მიმინოს დაგეშვას აგვისტოში იწყებენ, ხოლო მწყრის მიგრაცია დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ბაზიერმა მწყერზე სანადიროდ წასვლა რომ შეძლოს, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის მიმინო უკვე გაწვრთნილი უნდა ჰყავდეს. მწყერზე ნადირობა შთამბეჭდავი სანახაობაა: როგორც წესი, სანადიროდ ძაღლებით მიდიან, ბაზიერი მწყერს მიმინოს დაადევნებს, ის იჭერს მწყერს და მასთან ერთად მიწაზე ჯდება. ამ დროს მონადირეები მიდიან, მწყერს ართმევენ და მიმინოს ცოტას აჭმევენ. ოქტომბრის ბოლოს, როცა მწყრის სეზონი მორჩება, დაგეშილი მიმინო ბუნებაში უნდა გაუშვან, თუმცა ამ პირობას ყველა როდი ასრულებს - მხოლოდ კეთილსინდისიერი ბაზიერები.

- ბაზიერების რაოდენობა თუ არის ცნობილი?

- არა, რადგან დღეს ძნელი დასადგენია, ვინ არის ბაზიერი და ვის უბრალოდ მოსწონს, ხელზე რომ დაგეშილი ფრინველი უზის.

მტაცებელი ფრინველების დაჭერა და ტყვეობაში ყოლა აკრძალულია, თუმცა მიმინოს დაჭერას არ უშლიან, რადგან ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, თორემ, კანონმდებლობის მიხედვით, დაჭერის უფლება არ აქვთ. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა დაუხვეწავია და მასზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ეს ფრინველები შეიძლება ბაზიერებს ტყვეობაში ჰყავდეთ, ოღონდ საგანგებო საშენებში. ჩვენთან ეს წესი არ სრულდება, უცხოეთში კი, სადაც ასეთი საშენები არსებობს, ფრინველებს სპეციალურ ჩიპებს უდგამენ და პასპორტსაც უმზადებენ იმის ნიშნად, რომ ფრინველი ნამდვილად ტყვეობაშია გამრავლებული. ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ მოუწესრიგებელია. ტრადიციული ფორმა იმდენად საზიანო არ იქნებოდა, მაგრამ დღეს ამან გართობის სახე მიიღო, ხშირად ბევრ მიმინოს იჭერენ და მერე სხვა მიმინოებს აჭმევენ.

ტრადიციული ბაზიერობის ეთიკური ნორმები აღსადგენი და დასახვეწია, მაგრამ ბაზიერს თვითონაც უნდა ესმოდეს, რომ ფრინველები არ უნდა გაანადგუროს. არის გაყიდვის ფაქტებიც: შემოდგომის ბოლოს ზოგიერთები ამ ფრინველებს ყიდიან. მართალია, მიმინო არ არის გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველი, მაგრამ თუ განუკითხავად დახოცავენ, შემცირდება და თუ სახეობას კრიტიკული საფრთხე შეექმნება, ეს ბაზიერობის ტრადიციასაც შეუშლის ხელს.

- სხვა მონადირე ფრინველებზეც გვიამბეთ.

- შევარდენი და ქორი უმეტესწილად ბუდიდან ამოჰყავთ, რადგან ბარტყი უფრო ადვილი დასაგეშია, თვითონვე ზრდიან და ასე უკეთესად წვრთნიან. თუმცა, როგორც წესი, მათი დაგეშვა უფრო რთულია და ბევრი ბაზიერი ამ საქმეს ვერც შეეჭიდება. ამასთან, დიდი ფრინველების შენახვაც უფრო ძნელია. არიან ბაზიერები, რომლებსაც მიმინოც ჰყავთ და შევარდენიც, მაგრამ უმეტესად მაინც მიმინოს გეშავენ. ქორს, გავაზსა თუ შევარდენს ყოველწლიურად ვერ დაიჭერ, ამიტომ მათ დიდი ხნით იტოვებენ. მიმინოს კი უშვებენ, რადგან მისი დაჭერა უფრო ადვილია.

- ამ ფრინველებს შორის ყველაზე ცოტა საქართველოში რომელი ბუდობს?

- ყველაზე იშვიათად გავაზი გვხვდება. გავაზი - დიდი ზომის შევარდენია და ძალიან ფასობს, განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში. იქ გავაზებში დიდ ფულს იხდიან. საქართველოში გავაზის სამად სამი ბუდე გვაქვს. სახეობა გადაშენების პირას არის, მისი დაჭერა მთელ მსოფლიოში სასტიკად იკრძალება, დაშვებულია მხოლოდ ტყვეობაში გამრავლებული გავაზის ყოლა.

ზოგიერთი ცდილობს, გავაზის ბარტყი ბუდიდან ამოიყვანოს და გაყიდოს, რაც ასევე დიდ პრობლემებს ქმნის. ქორი ჩვენში მიმინოზე ნაკლებია - მიმინო რამდენიმე ათასია, შევარდენი რამდენიმე ასეული შეიძლება იყოს, ხოლო ქორი - მხოლოდ რამდენიმე ათეული. სხვათა შორის, სანადიროდ ძალიან საინტერესო ფრინველია სონღული, რომელიც საქართველოში არ გვხვდება - ის ძირითადად ჩრდილოეთში, ტუნდრაში ბუდობს.

ხათუნა ჩიგოგიძე