თუთის აბრეშუმხვევიას საიდუმლო - კვირის პალიტრა

თუთის აბრეშუმხვევიას საიდუმლო

როგორ "გავახაროთ" აბრეშუმის ჭია

აბრეშუმის ჭია მხოლოდ თუთის ფოთოლს ჭამს. უმცროს ასაკში სასურველია, ნედლი ფოთლები დავკრიფოთ და დავუჭრათ, რადგან ასე ჭამა მათთვის უფრო ადვილია. მეოთხე-მეხუთე ასაკში უკვე ტოტების ჩაწყობაც შეიძლება. უმცროს ასაკში ჭია კანს იცვლის, რჩება ნარჩენები და ექსკრემენტები, რომლებიც უნდა გაიწმინდოს. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია, თორემ აბრეშუმის ჭია შეიძლება ისე დაიღუპოს, პარკი ვერც აახვიოს

აბრეშუმი ძალიან მტკიცე და ლამაზი ქსოვილია, რომლითაც ადამიანები უძველესი დროიდან იმოსებიან. ცნობილია, რომ აბრეშუმის ძაფი სიმტკიცით იმავე ზომის ფოლადს აღემატება. აბრეშუმს მხოლოდ ჩინეთში აწარმოებდნენ და ვინც დამზადების საიდუმლოს გასცემდა, სიკვდილით სჯიდნენ. ეს საიდუმლო პირველად ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ შეიტყო, რომელმაც ჩინეთში ფარული მისიით ორი ბერი გაგზავნა. ისინი ორი წლის შემდეგ დაბრუნდნენ და მოიტანეს ბამბუკის ხელჯოხში დამალული განძი - თუთის აბრეშუმხვევიას ანუ აბრეშუმის ჭიის კვერცხები. შემდეგ ქსოვილი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მათ შორის - საქართველოშიც.

მეაბრეშუმეობა საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული დარგი იყო, თუმცა, ბოლო დროს ეს ტრადიცია მოიშალა, აბრეშუმის წარმოება კი შეჩერდა. ბუნებრივია, მთავრობა, ბიზნესთან ერთად, მეაბრეშუმეობის აღდგენას ცდილობს. რა პრობლემებია ამჟამად მეაბრეშუმეობაში და როგორ მოვუაროთ თუთის აბრეშუმხვევიას? გვესაუბრება აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, მეაბრეშუმე ირინე ჩარგეიშვილი.

- მეაბრეშუმეობა ქართველებისთვის საარსებო წყარო გახლდათ. ჩვენში ეს საქმიანობა ფართოდ იყო გავრცელებული, რასაც კლიმატიც უწყობდა ხელს. მაგრამ 50 წლის წინ გაჩნდა საშიში დაავადება - ფოთლის სიხუჭუჭე. ეს მიკოპლაზმური დაავადება 1964 წელს დასავლეთ საქართველოში გამოვლინდა, მერე კი მთელი ქვეყანა მოიცვა და თუთის პლანტაციები მოსპო. ამან დარგიც გაანადგურა. 2002 წლიდან საქართველოში აბრეშუმის პარკის წარმოება შეწყდა. ახლა მცირე ფერმერებმა დაიწყეს ამ საქმის აღდგენა. მართალია, ქვეყანაში თუთის პლანტაციები არის, მაგრამ მათ განახლება სჭირდება.

- თქვენ როგორ გადაწყვიტეთ აბრეშუმის მოყვანა?

- ყოველთვის მიყვარდა ეს საქმე. აბრეშუმის ჭია ადრეც მყოლია, ახლა კი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში გვაქვს მცირე ფერმერული მეურნეობა, რომელსაც ლამარა ბეჟაშვილი უძღვება. მას შემორჩენილი ჰქონდა რამდენიმე აბრეშუმის ჭია, მეც დავეხმარე და ნელ-ნელა საქმიანობას შევუდექით. მე კონსულტაციას ვუწევ და თანამედროვე ტექნოლოგიებით ვეხმარები, ისიც შრომობს და ასე ერთობლივად ვუვლით აბრეშუმის ჭიას. ხალხურ რეწვასაც მივდევთ, ვქსოვთ, ტურისტები მოდიან, ეცნობიან ჩვენს ნახელავს და ყიდულობენ კიდეც. ყველაფერს ხელით ვაწარმოებთ, აბრეშუმის ძაფიც ხელით ამოგვყავს და მერე ვქსოვთ.

- სად შეიძლება აბრეშუმის ჭიის შოვნა?

- როგორც ვიცი, აგრარულ უნივერსიტეტს აქვს გენოფონდი შემორჩენილი, იქ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობაც მიმდინარეობს და ვინც მათთან ხელშეკრულებას დადებს, შეუძლია ამ საქმეს ხელი მოჰკიდოს.

- რა პირობებში უნდა გაიზარდოს აბრეშუმის ჭია?

- იქ, სადაც აბრეშუმის ჭია ბინადრობს, ტემპერატურა 25-26 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ტენიანობა - 70-75%, ოღონდ თავდაპირველად დეზინფექციაა საჭირო. დეზინფექციის შემდეგ იგება საგანგებო ჩელტები, რომლებიც იარუსებად უნდა განლაგდეს. ჩელტები ბადისებრი უნდა იყოს, კარგი აერაციისთვის. ჭიას კონკრეტული ფართობი სჭირდება. მას ხუთი ასაკი აქვს. სანამ პატარაა, ანუ პირველ, მეორე და მესამე ასაკში, რასაც უმცროს ასაკს ვეძახით, დიდი ადგილი არ სჭირდება, მაგრამ როცა იზრდება, მეტ ადგილს იკავებს.

აბრეშუმის ჭია მხოლოდ თუთის ფოთოლს ჭამს. უმცროს ასაკში სასურველია, ნედლი ფოთლები დავკრიფოთ და დავუჭრათ, რადგან ასე ჭამა მათთვის უფრო ადვილია. მეოთხე-მეხუთე ასაკში უკვე ტოტების ჩაწყობაც შეიძლება. უმცროს ასაკში ჭია კანს იცვლის, რჩება ნარჩენები და ექსკრემენტები, რომლებიც უნდა გაიწმინდოს. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია, თორემ აბრეშუმის ჭიამ შეიძლება პარკი ვერც აახვიოს.

- რა ეტაპებს გადის აბრეშუმის ჭია, ვიდრე პარკს აახვევს?

- თავდაპირველად ის ძალიან პატარაა და მურს ვეძახით. მური შავი ფერისაა, ნელ-ნელა იზრდება, მსხვილდება და საბოლოოდ თეთრ ფერს იღებს. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისიდან იწყებს ზრდას, რაც 28-29 დღეში სრულდება. ზრდასრული აბრეშუმის ჭია გარშემო იხვევს ქსელს, რომელიც აბრეშუმის პარკის სახეს მიიღებს.

აბრეშუმის ჭია ჭუპრად გადაიქცევა, ჭუპრი კი - პეპლად. აბრეშუმის პარკიდან გამოფრენილი პეპელა დებს კვერცხს, რომელსაც ვინახავთ, გამოვაზამთრებთ, რომ მომავალი წლისთვის გამოვაცოცხლოთ ახალი თაობის მისაღებად. ერთ წელიწადში, შესაძლოა, აბრეშუმის ჭიის მეორე თაობაც გავზარდოთ, თუმცა, ეს უფრო მეცნიერების პრეროგატივაა - ფერმერულ მეურნეობებში მარტო ერთ გამოკვებას ახერხებენ.

- პეპლის პარკიდან გამოფრენა მას არ აფუჭებს?

- თუ ძაფის დამზადება გვინდა, პეპელა არ უნდა გამოფრინდეს, რადგან ძაფის სტრუქტურა ირღვევა და ამოსახვევად აღარ ვარგა. როცა პარკი ძაფის ამოსახვევად გვჭირდება, უნდა მოესწროს ჭუპრის პარკშივე გახმობა და მისი გამოშრობა. ჭუპრი მხოლოდ მაშინ უნდა შევინარჩუნოთ, თუ ის სელექციისთვის და მომდევნო თაობის მისაღებად გვჭირდება.

პეპელას, რომლის ჭუპრი საუკეთესო ხარისხის აბრეშუმს გვაძლევს, თუთის აბრეშუმხვევია ეწოდება. ერთი პეპელა 500 ცალამდე კვერცხს დებს, დაახლოებით 20 დღეში კვერცხიდან ჭია იჩეკება.პატარა ჭიას კარგი მადა აქვს, დღედაღამ მხოლოდ თუთის ფოთლებს ჭამს. გამოჩეკის მერე წონაში 70-ჯერ იმატებს და კანს ოთხჯერ იცვლის. ზრდის დასრულების შემდეგ ჭიის სხეული გამჭვირვალე ხდება, რაც ნიშნავს, რომ დროა, რთვას შეუდგეს - აბრეშუმის ჭია მზად არის პარკის ასახვევად. ამ დროს ის ადგილს ეძებს პარკის გასაკეთებლად, ამიტომ ე.წ. ცახები უნდა მოვუმზადოთ, რომელიც ტოტების ან პლასტმასისგან მზადდება. აბრეშუმის ჭიები ცახებზე ადიან და შესანიშნავ თეთრ ძაფს გამოყოფენ, რომელსაც სხეულის გარშემო იხვევენ. ძაფის ამოხვევამდე გაშავებულ ან დეფექტიან პარკებს გადაარჩევენ, ხოლო კარგებს ამუშავებენ.

* * *

შეიძლება ყველამ არ იცის, რომ აბრეშუმის პარკი შეიძლება იყოს ყვითელი, თეთრი, მომწვანო და ვარდისფერიც კი. ფორმის მიხედვით - მრგვალი, ოვალური, თავწვეტიანი... ფორმაცა და ფერიც აბრეშუმის ჭიის ჯიშზეა დამოკიდებული. დღეს მსოფლიოში აბრეშუმის მომწოდებელი ქვეყნები ჩინეთი და ინდოეთია. მართალია, არსებობს ხელოვნური აბრეშუმი თუ ნეილონი, მაგრამ ნატურალურ აბრეშუმს ვერაფერი შეედრება. აბრეშუმს აქვს სინოტივის შეწოვის უნარი და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, შედეგად, ცხელ ამინდშიც კანი მშრალი და გრილი რჩება. ამავე დროს, აბრეშუმი ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს და კანს ამგვარადაც იცავს. უმჯობესია, აბრეშუმის ტანსაცმელი ქიმწმენდაში გააწმენდინოთ. თუ მას შინ რეცხავთ, ნეიტრალური სარეცხი საშუალება და 30 გრადუსამდე თბილი წყალი გამოიყენეთ. ფრთხილად გარეცხეთ და ნუ გაწურავთ. აბრეშუმის ტანსაცმელი ნესტის, ჩრჩილისა და მზის პირდაპირი სხივებისგან უნდა დავიცვათ.

თუთის ნერგები მეაბრეშუმეებისთვის

საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ "ასკანელი ძმები" და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას 100 ათასი თუთის ნერგი გადასცეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობით ქართული მეაბრეშუმეობა გადარჩება და განვითარდება. "ერთი წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, სადაც მოვიწვიეთ უცხოეთში მოღვაწე ქართველები, შეიქმნა მეაბრეშუმეობის აღორძინების კონცეფცია. ჩვენ ქართველ ბიზნესმენებს დახმარებისკენ მოვუწოდეთ და სასიხარულოა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - უზბეკეთიდან, 100 ათასი თუთის ნერგი შემოიტანეს და სახელმწიფოს აჩუქეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მოუწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ნერგები მცირე მეწარმეებს დაურიგონ და ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ.

ხათუნა ჩიგოგიძე