გადავარჩინოთ უნიკალური კოლხური ბზა
07-03-2016
გადავარჩინოთ უნიკალური კოლხური ბზა
"სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამი შეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად"

ექსპერტების ცნობით, საქართველოში, ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა - აჭარაში, ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში ბზის უნიკალური, 100-200-წლიანი კორომები გახმა. მხოლოდ შარშან გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში მავნებელმა პეპელამ - ალურამ, 3 დღეში ასწლოვანი ხეები გაანადგურა, მათ შორის - დადიანების სასახლის ხეივანი. ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად
დაიწყეს ზრუნვა.

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი: - ჩვენი ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის ნაწილი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კვლევაც. მძიმე დასკვნა დაიდო. პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სოკოვანი დაავ­ადება ე.წ. ბზის სიდამ­წვრეა. თელავსა და სიღნაღში პირველად აღირიცხა "ბზის
სიდამწვრის" ნიშნები.

ქობულეთის ციტოპათოლოგიის ცენტრმა ეს დაავადება შეისწავლა და მისი გადაჭრის გზებიც დასახა, ქიმიური პრეპარატებით შეწამვლის გზით, თუმცა, გაირკვა, რომ დაცულ ტერიტორიებზე და ტყეებში ამგვარი მეთოდი არასასურველია.

პრევენციასთან ერთად, აუცილებელია ჯანსაღი კორომების გამოვლენა, ბზის გენეტიკური რესურსის შესანარჩუნებლად ჯანსაღი თესლის შეგროვება და კონსერვაცია, დედა-სანერგის მოწყობა. აფხაზეთის მთავრობა და ჩვენ ინიციატორები ვართ, ასეთი სანერგე აფხაზეთის სიახლოვეს,­ სოფელ რუხში გავაკეთოთ. ამის თაობაზე შესაძლოა დაიწყოს მოლაპარაკება აუღიარებელი აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან, რადგან ეს პრობლემა აფხაზებსაც აწუხებთ.
ერთიანი გეგმის მიხედვით, წლეულს ბზა მთელ საქართველოში შეიწამლება. გვსურს, ბზის გამრავლება, თუნდაც საშინაო პირობებში და ამაში ყველას დავეხმარებით. სანერგეების შექმნას მუნიციპალიტეტებშიც ვაპირებთ, ანუ გვექნება ე.წ. შვილობილი სანერგეებიც.
კოლხური ბზა საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, ეს სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმაც შეიყვანა საერთაშორისო წითელ ნუსხაში. მომხრე ვარ, ბზა საკარანტინო ნუსხაში შევიდეს და მისი ტრანსპორტირება აიკრძალოს, ამისთვის ჯარიმაც უნდა დაწესდეს.

თეკლე სიხარულიძე, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორის მოადგილე: - უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2001 წლიდან საპატრიარქოს სათბურებში ბზის ნერგების გამოყვანა დაიწყო. ყოველწლიურად 15-20 ათასი ერთწლიანი­ ნერგი მზადდებოდა. სასურველი იყო, რომ ყველას, უპირველესად კი - მრევლს, სახლში ერთი წლის განმავლობაში გახარებული ბზის ნერგი ჰქონოდა. შემდეგ ამ ნერგებს, მათი სურვილის მიხედვით, ტაძრის ან საკუთარ ეზოში გადარგავდნენ; შეიძლებოდა თუნდაც აივანზე გაეზარდათ. ამან შედეგიც გამოიღო - ხალხს ბზის გამრავლების კულტურა გამოუმუშავდა, ბევრი მიხვდა, რომ არ არის საჭირო უზარმაზარი თაიგულები, ბზობის აღსანიშნავად ერთი ტოტიც საკმარისია. თუმცა, ბოლო დროს სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე­ მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამი შეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად. საპატრიარქო ჩართულია ბზის გადარჩენის გეგმაში, ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან. ვუხსნით მოსახლეობას, რომ ბზა უზომოდ და უანგარიშოდ არ უნდა მოიჭრას. დაინტერესებულთ აგროტექნიკურ რჩევებსაც მივცემთ, მცენარეთა დაცვის საშუალებებს შევურჩევთ, საგანმანათლებლო დისკუსიებს გავმართავთ საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულ სკოლებში. თუმცა, უმთავრესი პრობლემა სადედე მასალის არქონაა, რადგან ბზა კვლავ ხმება.

მარიკა ქავთარიშვილი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სატყეო პროგრამის კოორდინატორი: - საქართველო ჩვენი სატყეო პროგრამის (FLEG) მონაწილე ქვეყანაა, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასა და რუსეთთან ერთად. ბზის პრობლემებზე მუშაობაში ჩვენი პროგრამა აქტიურად ჩაერთო და უკრაინიდან, ლვოვის სატყეო უნივერსიტეტიდან, ორი ექსპერტი მოვიწვიეთ - მეტყევე-ფიტოპათოლოგი და მეტყევე-ენტომოლოგი. 2014 წელს მტირალას ეროვნული პარკი და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამოვიკვლიეთ, 2015-2016 წლებში კი - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიები (ხუთი რეგიონი) და აჭარა.
შედეგები ასეთია: დასავლეთ საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის - მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, ძველი კორომები, ფაქტობრივად, აღარ არის. ამის მიზეზი ბზის სოკოვანი დაავადება და პეპელა ბზის ალურაა. აღმოსავლეთ საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა, დაავადების ნიშნები მაინც არის. ექსპერტებმა აიღეს ნიადაგის ნიმუშები, დაავადებული ხეების ფოთლები და ტოტები. ისინი უკრაინის, იტალიისა და პოლონეთის ლაბორატორიებში, აგრეთვე თურქეთის სულეიმან დემირელის ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. გამოირკვა, სად რა სახის პრობლემებია და ეს მონაცემები ანგარიშში დაწვრილებით აისახა.

ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი: - დაავადების გამომწვევი მიზეზის - პათოგენური სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მეცნიერებმა, სამწუხაროდ, დღემდე ვერ იპოვეს. 3 წელია, ამას მავნე მწერი - ბზის ალურაც დაემატა და ვითარება უფრო დამძიმდა.
მომზადდა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმა და მისი შესრულებაც დავიწყეთ. მაგალითად, დავადგინეთ საღი კორომები, საიდანაც ბზის გამრავლებისთვის თესლი და კალამი აიღება.

შარშან ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის დახმარებით კვლევები სატყეო სააგენტოს ტერიტორიებზე მოვაწყვეთ. ბუნებრივად გავრცელებული ბზის ფართობმა 2000 ჰექტარს მიაღწია. აქედან დაახლოებით 500 ჰა-ზე კრიტიკული მდგომარეობაა. ზოგან წინა წელს შელახული მცენარე უკეთეს მდგომარეობაში დახვდათ, ანუ რეგენერაციის უნარი გამოიჩინა. ენტომოლოგების რეკომენდაციით, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გადააჭარბებს, მავნებლის პირველი ფრენა იწყება და პირველი შეწამვლა სწორედ მაშინ არის საჭირო. მავნებლის ბიოლოგიური ფაზებიდან გამომდინარე, შეიძლება მეორე შეწამვლაც დაგვჭირდეს. რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შემოგვრჩა უნიკალური კოლხური ბზის ულამაზესი კორომები. ისინი უნდა შევინარჩუნოთ. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ მცენარის გადასარჩენად.

ნანული ზოტიკიშვილი
ნიკა
21 ნოემბერი 2017 22:18
მაქ ხეხილის სანერგე. დაინტერესებული ვარ კოლხური ბზის ნერგების გამოყვანით, რომელსაც უსასყიდლოდ გავავრცელებ. ხომ ვერ მეტყვით სად ვიშოვო თესლი ან კალმები?
მარი
01 ივლისი 2017 10:26
შევდივარ კოლხურ ბზასთან დაკავშირებულ ყველა საიტზე,სადაც ერთი და იგივე წერია, რომ სახელმწიფომ შექმნა პროგრამები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრისთვის უნდა მუშაობდეს, მაგრავ ვერ ვნახულობ ვერცერთ ორგანიზაციას რომელიც ამ პრობლემას ფიზიკურად ასრულებს. გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ, მე რაიონში ვცხოვრობ, კერძოთ ზესტაფონში. ეზოში მაქვს დაახლოებით 50 წლიანი კოლხური ბზა რამოდენიმე ათეული ძირი. შევნიშნე, რომ ჭია შეესია და ანადგურებს. იქნებ დამეხმაროთ ისეთი ორგანიზაციის მოძიებაში, რომელიც ბზას გადამირჩენს. ორი წელია ვებრძვი ამ ჭიას მაგრამ ვერაფერს ვაწყობ. დამეხმარეთ
ირინა
12 სექტემბერი 2016 21:33
მოვასწარი ბზის თესლის აღება მაგრამ არ ვიცი როდის დაროგორ დავთესო]

რედაქტორის რჩევით