მწვანე ეკონომიკა თიანეთის "ხალხური ბრენდებისთვის"
07-03-2016
მწვანე ეკონომიკა თიანეთის "ხალხური ბრენდებისთვის"
თიანეთის რეგიონი ადგილობრივმა თვითმმართველ­ობამ მწვანე მუნიციპალიტეტად გამოაცხადა.

რას ნიშნავს ეს და რას ითვალისწინებს?­ ამის შესახებ გვესაუბრება შალვა გივიშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს.

- შარშან სექტემბერში­ გაერომ მიიღო "მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისთვის", სადაც გაწერილია 17 მიზანი, ანუ რას უნდა მიაღწიოს მსოფ­ლიომ, რომ კაცობრიობა გადარჩეს. სამ­წუხაროდ, ჩვენთან ეს მიმართულებები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არ ასულა.

- თიანეთის რეგიონის მწვანე მუნიციპალიტეტად
გამოცხადება ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას არ ნიშნავს?

- ეს კარგი ნაბიჯი შარშან გადაიდგა, რათა თუნდაც ერთ რეგიონში შეიქმნას მოდელი, რომელიც მთელ ქვეყანაში გავრცელდება. დღეს თიანეთში არც ერთი საწარმო არ მუშაობს, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული. არადა, აქ ხელსაყრელი კლიმატია. ტერიტორიის 60% ტყეს უჭირავს,
რომელიც განადგურების პირასაა, სწორედ ამან გამოიწვია ღვარცოფი და სხვა პრობლემები.

- ესე იგი, ტყის მისახედად კარგი გეგმა­ უნდა მომზადდეს.
- მწვანე განვითარების ძირითადი საკითხი მწვანე ეკონომიკაა, რომელიც ქვეპუნქტებად იშლება. პირველი - ორგანული სოფლის მეურნეობაა, მოსავლის მოყვანა შხამქიმიკატების, ქიმიური სასუქების გარეშე. ამისთვის მოსახლეობას შესაბამისი ცოდნა სჭირდება, სახელმწიფოს კი - შესაფერისი პოლიტიკა. ორგანულ მეურნეობაზე გადასვლა ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელია.

პარადოქსულია თუნდაც ის, რომ სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის საჩუქრად შხამქიმიკატებს დარიგება პრობლემას უფრო აღრმავებს. ადამიანთა დაავადებების უმეტესობა სწორედ შხამქიმიკატებით მოწეული პროდუქტების მიღებით არის გამოწვეული. ამიტომაც გამოუცხადა ევროპამ ომი პესტიციდებს. თუ ევროპისკენ მივდივართ, პესტიციდებს ომს რატომ არ ვუცხადებთ?!

- გამოსავალი სად არის?
- აქამდე რაც გაკეთდა, თეორიული­ ღონისძიებები იყო. თიანეთი ერთადერთი­ მუნიციპალიტეტია, რომელიც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამას შესაბამისი საკონსულტაციო თუ მეთოდური მხარდაჭერა უნდა მოჰყვეს.

- მოკლედ, პირველი ამოცანა ცოდნის გაღრმავებაა, მას მოსდევს სერტიფიცირების საკითხი და პროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანის პერსპექტივა...
- დიახ, შემდეგი კი მერების შეთანხმებაა (ევროკავშირის ამ ინიციატ+­­ივას საქართველოს 13 მუნიციპალიტეტი და ქალაქი მიუერთდა), რაც ენერგოეფექტურობის მიმართულებით გარემოს დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არ ავა, წარმატების შანსი მცირეა. ჯერჯერობით ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითავისა, რომ აქაურობა ვითარდება, როგორც მწვანე რეგიონი და ზონა. ამის ნიშნად შარშან შემოდგომით მოეწყო "მწვანე თიანეთის ოქროსფერი შემოდგომა", სადაც თიანეთური პროდუქტები იყო წარმოდგენილი. გაიმართა არაერთი პრეზენტაცია, რა მიმართულებით შეიძლება გაჩნდეს საინვესტიციო ინტერესები. თიანური პროდუქტი ბრენდივით არის, მაგალითად, ლობიო, კარტოფილი, ქათამი, ჩალისფერი ინდაური. ორიოდე წლის წინ დიდი ყურადღება მიექცა დამბალხაჭოს, არადა, ეს პროდუქტი კაცს არ ახსოვდა, ახლა კი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლადაც გამოცხადდა. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოხდეს ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ბრენდირება. ჩალისფერმა ინდაურმა და ჩვენმა კიდევ სხვა პროდუქტმა, შესაძლოა, დამბალხაჭოს წარმატება გაიმეოროს.

- დახმარების გარეშე, ალბათ, გაჭირდება...
- სოფლის მეურნეობისთვის სახელმ­წიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერას ვხედავთ, მაგრამ ეს იმ შედეგების­ მომტანი არ არის, რაზეც ჩვენი რეგიონი­ ფსონს ჩამოვიდა. ეს, ცოტა არ იყოს, სახელმწიფო რესურსების უყაირათო ხარჯ­ვაც კი არის, რადგან ეს თანხა შეიძ­ლება გრძელვადიან პროექტებში ჩაიდოს­ და მოსახლეობა ერთ­ჯერადად არ დავაკმა­ყოფილოთ, რომ მომდევნო წელს კვლავ ხელგაწვდილი არ გვყავდეს. ამით ზოგიე­რთს გაზარმაცებისკენაც კი ვუბიძგებთ. მაგალითად, ვიღაცას ერთი ძროხა ჰყავდა­ და გაყიდა, რომ სოციალური დახმარება­ მიეღო.

მოკლედ, ორგანული სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა გახდეს, მისთვის შეიქმნას პროგრამა და კონკრეტული პროექტები, აგრეთვე ორგანული სოფლის მეურნეობის სააგენტო, რომელიც სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. მერწმუნეთ, სწორად მუშაობის პირობებში შედეგებს სწრაფად ვნახავთ.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა